სტალინი - მითი და რეალობა
ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ჩათვალეს, რომ გერმანია იყო უფრო დიდი საფრთხე ცივილიზებული ევროპისთვის, ამიტომაც დაიჭირეს სსრკ-ის მხარე და დიდი დახმარებაც აღმოუჩინეს...
თსუ-ს პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი თეიმურაზ პაპასქირი სტალინის შესახებ ჩამოყალიბებულ მითებსა და რეალობაზე გვესაუბრება.
სტალინის უძლეველობის მითი თუ ლენდ-ლიზი?
- ინგლისისთვის სსრკ-ზე გაცილებით დიდი საფრთხე იყო გერმანია და გერმანული ნაციზმი. ჩერჩილის ფრაზაა, 25 წლის განმავლობაში ევროპაში ჩემზე მეტად ანტიკომუნისტი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ჰიტლერი რომ ჯოჯოხეთში შეჭრილიყო, როგორც მინიმუმ, თანაგრძნობით ვილაპარაკებდი ეშმაკზე თემთა პალატაშიო.
1940 წლიდან ჩერჩილი ცდილობდა სტალინსა და ჰიტლერს შორის როგორმე განხეთქილების ვაშლი ჩაეგდო და გადმოებირებინა სტალინი, რადგან ეს ინგლისს ომში წარმატების საშუალებას მისცემდა. საბოლოოდ ჩერჩილის ცდებს ნაყოფი არ გამოუღია. სტალინს არ ეშინოდა ჰიტლერის, ინგლისელებს კი ეგონათ, რომ თუ სტალინს ჰიტლერით დააშინებდნენ, მოლაპარაკებებსა და მოკავშირეობაზე წამოვიდოდა. ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი ამბობდა, თუ დავინახავთ, რომ გერმანია იგებს, დავეხმარებით სსრკ-ს, თუ პირიქით, მაშინ გერმანიას და დაე, მათ ჟუჟონ ერთმანეთიო (ეს სენატორ ჰარი ტრუმენის სიტყვები იყო, რომელიც ამ ომის მიწურულს ამერიკის პრეზიდენტი გახდა). რუზველტმა გაითვალისწინა, რომ გერმანია იგებდა, მაგრამ პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ის გერმანელებს ვერ იტანდა (იყო შემთხვევა, როცა გერმანიაში ყოფნისას ერთ დღეში 4-ჯერ დააპატიმრეს). ამ შემთხვევაში ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ჩათვალეს, რომ იმ მომენტში გერმანია იყო უფრო დიდი საფრთხე ცივილიზებული ევროპისთვის, ამიტომაც დაიჭირეს მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ის მხარე და მას დიდი დახმარებაც აღმოუჩინეს.
ახლა რაც შეეხება სტალინის უძლეველობას და მითს "მეორე მსოფლიო ომი სსრკ-ის წყალობით იქნა მოგებული". დიახ, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო სსრკ-მა (რამდენი გაიღო, დღემდე არც აქვთ ნორმალურად დათვლილი, ამის შესახებ სხვადასხვა მონაცემი არსებობს), რაშიც მთავარი დამნაშავე სტალინია, რომელიც ომში ჰიტლერის მოკავშირედ ჩაება. შემდეგ სტალინმა ჭკვიანური დიპლომატიის წყალობით მოახერხა, რომ ინგლისი და აშშ მისი მოკავშირეები გამხდარიყვნენ. რომ არა ლენდ-ლიზი, სსრკ 1942 წელს ყველა ვარიანტში წააგებდა ომს იმის გამო, რომ არ ექნებოდა 1. იარაღი და 2. საკვები. ლენდ-ლიზი მარტო იარაღი არ იყო, ამერიკა-დიდმა ბრიტანეთმა სსრკ-ის დიდი რაოდენობით, დღევანდელი ფასებით, თითქმის 200 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. აქედან დაახლოებით მეათედი იყო საკვები პროდუქტები, მარცვლეული და სხვა. 1944 წლამდე სსრკ-ში საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტი იყო, ხალხი შიმშილობდა. ამერიკული დახმარება რომ არ ყოფილიყო, ჯარსაც კი არ ექნებოდა საკმარისი საკვები. ლენდ-ლიზი 1941 წლიდან დაიწყო და სსრკ-მა ამერიკისგან განსაკუთრებით დიდი დახმარება 1942-43 წლებში მიიღო. ამ პერიოდში სსრკ შეიარაღებითა და საკვები პროდუქტებითაც დიდწილად ამერიკაზე იყო დამოკიდებული. ბაბუა ომის მონაწილე იყო და ის იხსენებდა ხოლმე, რომ ხორცის კონსერვები სულ ამერიკული იყო. სკოლაში არავინ გასწავლიდათ იმას, რომ საბჭოთა მოტომექანიზებული ნაწილების 90% დაკომპლექტებული იყო ამერიკული მანქანებით, რომ სსრკ-მა ომის განმავლობაში მიიღო ტანკების 25%-მდე რაოდენობა. აქედან დიდი ნაწილი 1942 წელზე მოდის, როცა საბჭოთა წარმოება თითქმის არ მუშაობდა. აშშ სსრკ-ს დაეხმარა თვითმფრინავების დიდი რაოდენობით, პლუს ნედლეულით, რომლის პრობლემაც იდგა - სტალინი ნედლეულით ძალიან იყო დაინტერესებული, იმიტომ, რომ იმხანად საბჭოთა ტანკები ამერიკულს სჯობდა, ამიტომ ერჩივნა, თვითონ გამოეშვა. რომ არა ლენდ-ლიზი, სსრკ-ისთვის ომი 1942-ში უკვე წაგებული იქნებოდა, თუმცა ამას არც საბჭოთა და არც დღევანდელი რუსი ისტორიკოსები არ აღიარებენ. დღეს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს სწამს, რომ არა სტალინი, ომი წაგებული იქნებოდა.
"კეთილი მეფის" სინდრომის სტალინის კულტით ჩანაცვლება
- სტალინმა ჯერ ლენინის კულტის შექმნა დაიწყო - მავზოლეუმი, ძეგლები, მისი სახელობის ქალაქები... მერე ისინი ჩანაცვლდა სტალინის ძეგლებით, ბიუსტებით, სტალინის სახელობის ქალაქებით... დაინერგა აზრი, რომ ის ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე იყო. ადამიანს ყოველთვის აქვს ვიღაცის იმედი, რაც აძლიერებს მას - მანამდე თუ ხალხს ღმერთის იმედი ჰქონდა, რუსეთის მეფის იმპერიაში გავრცელებული იყო "კეთილი მეფის" სინდრომი და ზუსტად ეს კეთილი მეფე ჩაანაცვლა სტალინმა. იმპერიაში თუ რამე ცუდი ხდებოდა, ამბობდნენ, ალბათ, სტალინმა არ იცის, თორემ ასე ხომ არ მოხდებოდაო. ამ დროს ადამიანმა მოაწყო ჰHოლოდომორი - ხელოვნური შიმშილობა უკრაინაში, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა (ამის სრული სტატისტიკა არ ვიცით). თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტალინს კაცობრიობის წინააღმდეგ აქვს ჩადენილი დანაშაულები. ის მართლაც იყო და არის გასასამართლებელი და ამისთვის მარტო ჰოლოდომორიც საკმარისია. ამას დავუმატოთ რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება, ომისდროინდელი დანაშაულები დაპყრობილ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე... წარმოიდგინეთ, ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთში 125 ათასამდე კაცი ან სიკვდილით დასაჯეს, ან გადაასახლეს. ან არჩევნებს როგორ ატარებდა? ერთ კონფერენციაზე პირდაპირ თქვა, არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლისო. ის თვითონ ითვლიდა არჩევნებს, პოლონეთშიც დაითვალა და როცა 80% მოწინააღმდეგე იყო, უცებ ის 80% კომუნისტების მომხრე აღმოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტალინი, როგორც მინიმუმ, არანაკლები ბოროტება იყო, ვიდრე ჰიტლერი, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერ შერაცხილია დიდ ბოროტებად. სინამდვილეში, სტალინს მასზე ბევრად მეტი ხალხი ჰყავს დახოცილი, მონაწილეობდა იმ დანაშაულებში, რაც ჰიტლერმა ჩაიდინა, ერთი, ჰოლოკოსტში არ მიუღია მონაწილეობა, თორემ სხვა ყველა დანარჩენი მისი ბრალია. უბრალოდ, ძალიან ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ გამორჩეულად არ დაეხოცა რომელიმე ერი. სტალინმა ებრაელებიც დახოცა და ჰიტლერზე ნაკლებად არ სძულდა ისინი, მაგრამ გამორჩევით არა, ყველასთან ერთად ხოცავდა.
დეპრესიიდან გამოყვანილი ამერიკა
- სტალინი უზადო პროპაგანდისტი იყო. ის პროპაგანდას იყენებდა 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც თავის სახელმწიფოს დადებითი კუთხით წარმოაჩენდა ევროპისა და მსოფლიოს თვალში. ამისთვის დაქირავებული ჰყავდა პირები, ჩამოჰყავდა უცხოელი ცნობილი მწერლები, რომელთაც სსრკ-ზე კარგი უნდა დაეწერათ, დაჰყავდათ ისინი სსრკ-ში, მათ საჩვენებელ ბანაკებს უწყობდნენ - ბანაკები მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ როდესაც ვიღაც ჩამოდიოდა, პატიმრებს ახალ ტანსაცმელს უკერავდნენ, საკვებს უუმჯობესებდნენ და, რასაკვირველია, აფრთხილებდნენ, ხმა არ ამოეღოთ, რა ხდებოდა სინამდვილეში. სტუმრები კი წერდნენ, აი, როგორი სანაქებოა სტალინის მუშათა ბანაკებიო. ეს იმდენად გავრცელდა, რომ დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში აშშ-ში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რუზველტმა დროებით სტალინისეული ბანაკები გადაიღო, ოღონდ ისე, როგორც პროპაგანდაში იყო - იმ ხალხს მართლაც ჰქონდა ჭერი, სამუშაო, საკვები, ხელფასიც...
ყველაფერი, რაც სტალინმა გააკეთა, მხოლოდ სისხლის ხარჯზე - მან გუთნის რუსეთი ჩაიბარა და ატომური იარაღით შეიარაღებული ქვეყანა დატოვა. სტალინი იყო ძალიან დიდი მასშტაბის მასობრივი მკვლელი და მისი დადებითად შეფასება არ შეიძლება! დადებითი? სტალინი ძალიან დიდი ორგანიზატორი და დიპლომატიც იყო, რომელიც ყველა საშუალებას იყენებდა, მაგრამ იყენებდა თავისი მიზნისთვის, კარგი საქმისთვის - არა. ის მიზნის მიღწევას დიპლომატიური შესაძლებლობითაც ახერხებდა. მის დიპლომატიურ წარმატებებს და მოლაპარაკებებს ჩერჩილსა და რუზველტთანაც განაპირობებდა ის, რომ იმ შემთხვევაში სსრკ-ის სამხედრო ძლიერება მართლაც დიდი იყო და მათ გერმანიის წინააღმდეგ მისი გამოყენება ნამდვილად სჭირდებოდათ, მაგრამ სხვადასხვა მეთოდიც კარგად უნდა ათვისებულიყო. ცნობილია სტალინის ფრაზა: "რომის პაპს რამდენი დივიზიის გამოყვანა შეუძლია?" 1940-იან წლებში, რასაკვირველია, რომის პაპს დიდი არაფრის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ მერე, როცა რომის პაპი პოლონელი იოანე-პავლე II გახდა, აღმოჩნდა, რომ მას შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს კათოლიკურ სამყაროზე, განსაკუთრებით სტალინის საბჭოთა ბლოკში შემავალ სახელმწიფოებზე. ეს ფრაზაც მაჩვენებელია რელიგიისადმი მის დამოკიდებულებაზე - ანუ ქვეტექსტი ასეთია: რისი მაქნისია რომის პაპი, მთავარი ძალაა და ყველაფერი ძალაზე უნდა იყოს დაფუძნებული.