„ჯერჯერობით შემოთავაზებების მოლოდინში ვარ“ - კვირის პალიტრა

„ჯერჯერობით შემოთავაზებების მოლოდინში ვარ“

ერთხელ, წლების წინ, დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მითხრა, როგორც სინდის-ნამუსი მკარნახობს, ისე ვიქცევიო. კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ასეთია - გულწრფელი და მართალი, პრინციპული, ოჯახის დამფასებელი და თავისი საქმის პროფესიონალი.­ მის ოჯახში მეტისმეტად დიდი დოზით არის ფეხბურთი - თავად მწვრთნელს უფროსი ვაჟიც მწვრთნელი ჰყავს, მომდევნო ორი ვაჟი კი - ფეხბურთელი.მწვრთნელობა ასისტენტის რანგში ლეგენდარულ დავით ყიფიანთან ერთად თბილისის "დინამოში" დაიწყო და წარმატებულადაც. მწვრთნელის ასისტენტი იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც და მუშაობდა ჰოლანდიელ მწვრთნელ იოჰან ბოსკამპთან ერთად. თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობისას გუნდი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა, თანაც­ პირველად ქართული კლუბების ისტორიაში. ბევრ გამარჯვებას არაერთხელ დიდი სიხარულიც მოჰყვა - მისი გაწვრთნილი გუნდების მოგებული საქართველოს თასი, სუპერთასი და ბედნიერი გულშემატკივარი... ბოლო 6 წელიწადი­ კი ბათუმში გაატარა, ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო, დიდი წარმატება და სიხარული მოუტანა გუნდს თუ აჭარელ გულშემატკივარს - ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში გადაყვანით დაწყებული და მისი ჩემპიონობით დამთავრებული. ცუდია, რომ სეზონის დასრულებამდე მოუხდა კლუბის დატოვება, თუმცა უკვე ნათელი იყო, რომ მისი გაწვრთნილი "დინამო" კვლავ საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა. ასეც მოხდა. გია გეგუჩაძეს, დღეისთვის ყველაზე წარმატებულ ქართველ მწვრთნელს, შინ, თბილისში ვესტუმრე. ოჯახი ტრადიციულად შეკრებილიყო და მეც შევუერთდი. გიამ შეასრულა წინასაახალწლო დანაპირები, რომ ახალი წლის დადგომიდან მალევე ინტერვიუს ჩავწერდით. ვისაუბრეთ ყველაფერზე - ფეხბურთზეც, მწვრთნელის პროფესიაზეც, ოჯახზეც, ურთიერთობებზეც და... გეგმებზეც. უპირველესად დავინტერესდი, რა გეგმები ჰქონდა უახლოესი პერიოდისთვის ან რომელიმე კლუბიდან თუ მიიღო შეთავაზება?

- ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ კარგი იყო დასვენება, ცოტა ხნით ჩამოცილება მუშაობას, თუნდაც ტელეეკრანის ცქერით, რადგან იყო პერიოდი, როცა თამაშების ყურების სურვილიც არ მქონდა. ნელ-ნელა მიბრუნდება სამწვრთნელო საქმის გაგრძელების განწყობა, თამაშების ნახვისა და გარჩევის სურვილი, თანაც შვილებთან ერთად. ვისიამოვნე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობით, თუმცა სრულად მაინც ვერ დავტკბი. ამას თავისი ხიბლიც აქვს. სიმართლე გითხრა, არც მიფიქრია, რა შეიძლება მოხდეს ჩემს ცხოვრებაში წმინდა პროფესიული კუთხით, ჯერჯერობით შემოთავაზებების მოლოდინში ვარ და, ალბათ, მეც გავაქტიურდები.

- ბათუმის "დინამო" თქვენი მთავარი მწვრთნელობისას პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი და ამ ბოლოსაც, ფაქტობრივად, თქვენი დამსახურება იყო, რომ კვლავ მოიპოვა ჩემპიონობა, რადგან თქვენ სამწვრთნელო გუნდთან ერთად მხოლოდ სეზონის მიწურულს დატოვეთ კლუბი. რატომ ვერ შეძლო ბათუმმა ევროლიგაზე გასვლა?

- უპირველესად ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, ბათუმის "დინამოში"­ მუშაობის საშუალება რომ მომეცა. ეს ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდი იყო. ბათუმში ჩასულს, უამრავი მეგობარი დამხვდა და უამრავი მეგობარიც შევიძინე. იქ გატარებული 6 წელიწადი ჩემი ცხოვრების ლამაზი, კარგი პერიოდი იყო, საფეხბურთოც და ადამიანურიც. აღმოვაჩინე სულ სხვა ბათუმი, სულ სხვა აჭარა, სულ სხვა ურთიერთობები, განსაკუთრებულად თბილი და კარგი ადამიანები გავიცანი, მათ შორის სასულიერო პირები, ფეხბურთის გულშემატკივრები და ა.შ. ბათუმში ვიგრძენი ძალიან დიდი სითბო ჩემი ოჯახის მიმართაც. ამ ურთიერთობებს­ ჩვენ არასდროს გავწყვეტთ. რაც შეეხება ჩემს საქმეს, შეუცდომელი არავინ არის, მათ შორის მეც, მაგრამ ვფიქრობ, ბათუმში გატარებული პერიოდი თვითონ ბათუმისთვისაც ძალიან წარმატებული და სასარგებლო იყო, გარკვეულ ტრადიციებსაც კი ჩავუყარეთ საფუძველი, ისეთსაც, რაც მივი­წყებული იყო. მიღწევად მიმაჩნია, რომ გუნდშიც, კლუბშიც და მის მიღმაც დიდი ერთსულოვნება იყო. გული მწყდება, რომ ვერ შევძელი "დინამოს" მომავალი თაობის­ აღზრდისთვის გადაგვედგა ნაბიჯები. გვინდოდა აგვეწყო­ ბათუმის "დინამოს" აკადემია, სადაც თაობებს­ გავზრდი­დით, მაგრამ ვერ შევძელით, უპირველესად­ ფინანსური ფაქტორის გამო. არადა, თუ გვსურს ფეხბურთის განვითარება, საფეხბურთო აკადემია უმნიშვნელოვანესი რგოლია, საიდანაც პირველ გუნდში საუკეთესონი მოხვდებიან.

მწვრთნელი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი

გია გეგუჩაძეს ვკითხე, რა არის თანამედროვე ქართველი მწვრთნელისთვის წარმატება-მეთქი, რადგან წარმატებას, რომელსაც სხვადასხვა დროს მისი გაწვრთნილი გუნდები აღწევდნენ, გულშემატკივრებს უდიდეს სიხარულს ანიჭებდა, თუმცა იგივე გულშემატკივრები მალევე ითხოვდნენ გაცილებით მეტს.

- გააჩნია, ჩვენ რა მიგვაჩნია წარმატებად. თუ შიდაასპარეზი გვაქვს მხედველობაში, ალბათ, შეიძლება ეს გამარჯვებები ჩაითვალოს წარმატებად. თუ ევროპულ ასპარეზზე გვსურს წარმატების მიღწევა, მაშინ ამ გამოსვლას ვერ დავარქმევ წარმატებას, შესაბამისად, აქედან გამომდინარეა გულშემატკივრების რეაქციაც. რამდენად არის ამაში დამნაშავე მწვრთნელი, გინდ ქართველი და გინდ უცხოელი, ეს სხვა საკითხია, მით უფრო ევროპაში სათამაშოდ, რადგან ამისთვის კიდევ სხვა რესურსია საჭირო. თავად მე მწვრთნელობა ადრიანად დავიწყე, ბავშვთა ფეხბურთში. იმხანად 24 წლის ვიყავი. ამას გზადაგზა დიდი გამოცდილება და ბევრი წარმატება მოჰყვა. სხვათა შორის, ჩემი უფროსი ვაჟიც მწვრთნელობის გზას დაადგა.

ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიტყვი: კლასიკური გაგებით, მწვრთნელი­ არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ფეხბურთს განაგებს. უმნიშვნელოვანესია, შეიძლება გადამწყვეტიც, მწვრთნელის პედაგოგიური მიდგომა. მწვრთნელსა და ფეხბურთელს არა აქვთ იდენტური პროფესიები, რადგან სხვადასხვაგვარად უყურებენ ფეხბურთს - ფეხბურთელი უფრო ეგოისტური თვალით უყურებს თამაშს, მეტ ყურადღებას საკუთარ თამაშს უთმობს, მწვრთნელი კი ვალდებულია ყველაფერს გუნდურად შეხედოს, რამდენად მიუჩენს ფეხბურთელებს მოედანზე შესაფერის ადგილს, ამის გაერთიანება აუცილებლად ითხოვს თითოეულთან თავისებურ მიდგომას, ყველაფრის სწორად ახსნას. მიხარია, რომ გიორგის ზუსტად ეს თვისებები აქვს.

დიდი საფეხბურთო ოჯახი

- კარგად იცი, რომ ძალიან ვაფასებ ტრადიციებს და მახარებს, რომ ჩემი ოჯახიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას. მყავს მეუღლე - ლელა ყამარაული, რომელიც არის შესანიშნავი მეგობარიც, მეუღლეც და დედაც. ოთხი შვილი მყავს და ერთი შვილიშვილი. და-ძმას შორის უფროსია თამუნა, რომელსაც უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს - მეუღლე ტატო და პატარა ქალიშვილი, ლილე. დანარჩენები ვაჟები არიან - 30 წლის გიორგი, როგორც აღვნიშნე, ჩემს გზას დაადგა, მწვრთნელია და, სხვათა შორის, ბოლო ერთი წელიწადის განმავლობაში ბათუმის "დინამოში" ერთადაც ვიმუშავეთ. მასაც ჰყავს მეუღლე - ნინი, უმცროსები კი, 20 წლის გეგი და 17 წლის საბა, ფეხბურთელები არიან და კარგადაც თამაშობენ. გეგი, ასაკის მიხედვით, საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. რამდენჯერმე გამოძახებული იყო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, 21-წლამდელებში და, ალბათ, მომავალშიც მოუწევს თამაში. ახლა კი საბაც, ასაკიდან გამომდინარე, გამოიძახეს საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში, იმედია, შემდეგ შეკრებებზეც გამოიძახებენ.

მე არასდროს ჩავრეულვარ შვილების ცხოვრებაში. ერთადერთხელ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიორგიც ფეხბურთს თამაშობდა და ძალიან უნდოდა ფეხბურთელობა, მასთან ცოტათი უხერხული, მაგრამ გულახდილი საუბარი მომიხდა. პატარაობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა (სხვათა შორის, მისი პირველი სიტყვები "მამა" და "გოლ" იყო - ი.ხ.), ამიტომ ვცადე, ფრთხილად ამეხსნა, რომ მასში ფეხბურთელის პერსპექტივას ვერ ვხედავდი, საბოლოოდ, გიორგი ჩამოშორდა ფეხბურთელობას, მაგრამ... ფეხბურთის გზიდან მაინც არ გადაუხვია - მწვრთნელი გახდა და ეს ერთპიროვნულად მისი გადაწყვეტილება იყო. არც გეგის და საბას ფეხბურთელობაში ჩავრეულვარ. ეს მათი გზა არის და მირჩევნია, საკუთარი თამაშიდან გამომდინარე, თვითონვე გამოიტანონ ხოლმე დასკვნები.

გიორგი: - გია რჩევებს ყოველთვის გვაძლევს, მაგრამ ჩვენს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა. ჩემი არჩევანი, მწვრთნელი გავმხდარიყავი, ცხელ გულზე არ მიმიღია. საერთოდ, გადაწყვეტილების მიღებას არასდროს ვჩქარობ, მოთმინების უნარიც მაქვს. ესეც, ალბათ, გენეტიკურია. უბრალოდ, ვხვდებოდი, რომ ფეხბურთის გარეშე არც მინდოდა და არც შემეძლო ცხოვრება, ამიტომაც დავადექი ამ გზას. კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთის აკადემიაში სტაჟიორობა დავიწყე, შემდეგ პატარებთან ვიყავი დამოუკიდებელ მწვრთნელად, ასაკობრივ ნაკრებებშიც ვიყავი, "საბურთალოს" სათადარიგო გუნდებშიც, ბოლოს გიასთან, ბათუმში. 30 წლის ვარ და სრულიად დარწმუნებული, რომ მწვრთნელობა მართლაც ჩემი საქმეა. ვცდილობ, ეტაპობრივად ყველაფერი გავიარო, რაც საჭიროა, ვისწავლო, ვიკითხო, გამოვცადო, თუმცა პროფესიულად რამდენად შევძლებ რაღაცების გაკეთებას, ამას დრო გვიჩვენებს.

გეგი: - ვფიქრობ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად კარგად უნდა იცოდე და შეაფასო. სხვადასხვა პერიოდში გიას გუნდებთან შეკრებებს ხშირად დავსწრებივართ მეც, საბაც და გიორგიც და მგონი, ეს დიდი ფუფუნებაა, ამას ყველა ვერ შეძლებდა, ჩვენ გაგვიმართლა, რომ მამა ასეთი გამოცდილი მწვრთნელია.

რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა საფეხბურთო ოჯახის დიასახლისობა? - ეს კითხვა უპირველესად გია გეგუჩაძის საოცრად ხალისიან, სტუმართმოყვარე მეუღლეს, საფეხბურთო სტადიონის ყველაზე ხმაურიან გულშემატკივარს - ლელა ყამარაულს დავუსვი:

- რთული არაფერია, მთავარია, მათი სამყარო გიყვარდეს, არადა, ადრე შეხებაც არ მქონდა ფეხბურთთან, ახლა კი მიყვარს და აქტიური გულშემატკივარიც ვარ. სიმართლე გითხრა, ერთი სისუსტე აღმომაჩნდა: დღემდე ვერ გავერკვიე, როდის არის ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში და ბიჭები დამცინიან კიდეც. გია ბათუმში "დინამოს" მთავარ მწვრთნელად რომ წავიდა, მეც დიდ დროს ვატარებდი იქ. შვილები თბილისში იყვნენ და დედაჩემის, მარიტას იმედად ვტოვებდი. ზოგჯერ ისე უცებ წავსულვარ ბათუმში, მარიტასთვის ავტოსადგურიდან მობილურით შემიტყობინებია. გიასაც ძალიან უხაროდა ჩემი ამგვარი სიურპრიზები, უნდა გენახა, რა ბედნიერი იყო. მარტო არ უნდა იყოს ადამიანი, ცოდოა, თანაც ძალიან რომ გიყვარს, მარტო არ უნდა დატოვო. გია სადაც იქნება, მეც ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. ყველა ახლობელმა იცის, რომ ჯერ გია მიყვარს და მერე ჩემი შვილები. ფეხბურთიც უკვე ისეთი მშობლიური გახდა, ამ სამყაროს რომ მომწყვიტო, ალბათ, ვერ ვიცოცხლებ.

ნინი ნიორაძე წელიწადზე მეტია, რაც უმცროსი გიორგი გეგუჩაძის მეუღლეა და ბათუმში ისიც თან ახლდა მეუღლეს.

ნინი: - რა თქმა უნდა, გიორგის გავყევი ბათუმში. მანამდე ფეხბურთთან არც მე მქონია შეხება და ისეთ კითხვებს ვსვამდი, ყველას ეცინებოდა. ახლა რა შედარებაა, საფეხბურთო ოჯახში შევედი, ბევრ თამაშსაც დავესწარი და ბევრ საკითხშიც გავერკვიე. ბუნებით მშვიდი ვარ და სტადიონზე დიდად ვერ გამოვხატავ ემოციებს, თუმცა იშვიათად, მაგრამ სტადიონზე ფეხზე წამომდგარსაც კი მიყურებია თამაშისთვის. ადამიანი რომ გიყვარს, მის საქმესაც შეიყვარებ და უგულშემატკივრებ. გიორგის ცოლად სიყვარულით გავყევი და გააზრებული მქონდა ცხოვრება, რომელიც ავირჩიე. ასე რომ, მეც მიმაჩნია, რომ მეუღლეები ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ.

გია: - იცი, კიდევ რა მახარებს? - ჩემი შვილები დღემდე ძალიან მეგობრობენ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებთან და მათი გულშემატკივრებიც არიან. ასევე მეგობრობენ ყველა იმ ქალაქისა თუ კლუბის ფეხბურთელებთან, კონკრეტულ ადამიანებთან, ვისაც ჩემი მწვრთნელობისას დაუმეგობრდნენ, სულ აქვთ მიმოწერა, შეხედულებებსაც უზიარებენ ერთმანეთს. ძალიან ლაღია ეს ურთიერთობა და ასეთი იყო ბათუმში მწვრთნელობისასაც. ვგულისხმობ, რომ მიუხედავად ჩემდამი ფეხბურთელების რიდისა, ჩემს შვილებთან ურთიერთობაში მათ არაფერი აფერხებდათ. ეს სილაღე, ისევე როგორც სინდისისა და ნამუსის ქონა, ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია და მახარებს, რომ ჩემს შვილებს ეს კარგად ესმით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები და ოჯახის ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ქრისტიანულად ვიცხოვროთ, სწორად, და იმედია, ამის ძალაც მოგვეცემა.