"იავნანა" ბელადებისთვის და პრეზიდენტებისთვის - რამდენ ხანს სძინავთ და ეძინათ ლიდერებს, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს - კვირის პალიტრა

"იავნანა" ბელადებისთვის და პრეზიდენტებისთვის - რამდენ ხანს სძინავთ და ეძინათ ლიდერებს, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს

არაბთა გაერთიანებული საემიროების გამოცემა Al-Ain-მა (العين) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რამდენ ხანს სძინავთ პრეზიდენტებს? ორი მათგანი წამლებით მკურნალობდა...“, რომელშიც განხილულია საკმაოდ დელიკატური საკითხი - მსოფლიოს რიგი ქვეყნების მეთაურების (პოლიტიკოსების) ძილის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მომენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს, ზოგიერთი დამატებით:

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების და სახელმწიფოების ხელმძღვანელები მრავალი რთული პრობლემით არიან დაკავებულნი, მათგან ზოგიერთები კარგად გამოძინებას ახერხებენ, ზოგიერთები კი ხშირად გამოუძინებლები აგრძელებენ მუშაობას.

რამდენ საათს ეძინათ აშშ-ის პრეზიდენტებს?

ალბათ, ბევრს აინტერესებს, რამდენ საათს ეძინათ (სძინავთ) „ძლიერთა ამა სოფლისა“ - პრეზიდენტებს და, ზოგადად, აქტიურ პოლიტიკოსებს? ეს კითხვა დროდადრო წამოიჭრება ხოლმე, მაგრამ პასუხი შემთხვევიდან შემთხვევამდე იცვლება, ქვეყნიდან ქვეყნამდე, დამოკიდებულია პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსების წინაშე მდგარი ამოცანების ხასიათზე და იმ ქვეყნების გეოგრაფიაზე, რომლებშიც ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან პრეზიდენტს აქვს დაკავებული პოსტი.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა ერთ მესამედს უძილობა აწუხებს (ანუ დღე-ღამეში ნორმალურ 7 საათზე ნაკლები სძინავთ). ამას ადასტურებს გამოკვლევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და მასში 440 ათასი ამერიკელი მონაწილებდა.

ეს მონაცემი, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტებსაც ეხებათ: ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის ძილის საშუალო ხანგრძლივობა, დაახლოებით, 4 საათს შეადგენდა, როგორც პრეზიდენტობამდე (ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებდა იგი 2004 წელს გამოცემულ წიგნში - „იფიქრე როგორც მილიარდერმა“), ასევე - პრეზიდენტობის პერიოდში (2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე). რაც შეეხება დონალდ ტრამპის ძილის ამჟამინდელ ხანგრძლივობას, ექსპრეზიდენტმა ახლახან ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მისი მუშაობის სადღეღამისო რეჟიმი არ შეცვლილა.

დონალ ტრამპის წინამორბედის - ბარაკ ობამას (რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი 2009-2017 წლებში იყო) ძილის დროის მაჩვენებლები დღეს, ადრინდელთან შედარებით, არცთუ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. როგორც ამერიკული მასმედია იუწყება, ყოფილ პრეზიდენტს სძინავს ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში. იგი ფხიზლობს ღამის პირველ, ზოგჯერ კი - ორ საათამდე, შემდეგ იძინებს და დილის 7 საათზე უკვე ფეხზეა. როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, იგი 10 საათს ატარებდა და კიდევ სამ საათს - მის გარეთ.

აშშ-ის 36-ე პრეზიდენტის - ლინდონ ჯონსონის თქმით, მას, ქვეყნის უმაღლეს პოსტზე ყოფნისას, 1963-1969 წლებში, დღის ორი საათიდან ოთხ საათამდე ეძინა ხოლმე, სამაგიეროდ, ღამით ორ-სამ საათამდე მუშაობდა, შემდეგ იძინებდა და ექვს საათზე იღვიძებდა.

ძილის რეჟიმი არც პრეზიდენტ ჯონ კენედის (1961-1963 წლებში) და არც ჯორჯ ბუშ-უფროსს (1989-1993 წლებში) ჰქონდათ უკეთესი - ძილის ნორმალიზაციის მიზნით ორივე მედიკამენტოზურად მკურნალობდა.

რაც შეეხება აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, უცნობია, თუ ზუსტად რამდენ ხანს სძინავს, თუმცა „სი-ენ-ენის“ ერთ-ერთ ადრინდელ რეპორტაჟში ითქვა, რომ დემოკრატი პრეზიდენტი დასაძინებლად ლოგინში საკმაოდ ადრე წვება ხოლმე.

სხვა ლიდერები - ჩერჩილი, თეტჩერი, ბერლუსკონი...

დასავლური მასმედიის მონაცემებით, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ღამით მხოლოდ ორი საათი ეძინა, თუმცა დღისით დანაკლისს მეტ-ნაკლებად ინაზღაურებდა. გერმანიის ყოფილ კანცლერი ანგელა მერკელი ამბობდა, რომ რაც შეიძლება გვიან დაძინებას ცდილობდა ხოლმე.

მარგარეტ თეტჩერს - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს 1979-1990 წლებში, „რკინის ლედის“ სახელით ცნობილ ქალბატონს, ქვეყნის მთავრობის ლიდერის პოსტზე ყოფნისას, დღე-ღამეში მხოლოდ ოთხ საათს ეძინა. რაც შეეხება უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო - 1940-45 და 1951-55 წლებში, ღამით 4 საათს ეძინა, დღისით - საათ-ნახევარს.

და ლენინი, ჰიტლერი, სტალინი...

ვლადიმერ ლენინს ანუ როგორც მას ზოგიერთი უწოდებს - „მსოფლიო პროლეტარიატისა და კომუნისტების ბელადს“ (საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა კავშირის პირველი მთავრობის ლიდერს - სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს 1917-1924 წლებში) - ახალგაზრდობისას ჩვეულებრივად ეძინა ხოლმე, თუმცა მოგვიანებით, რიგი ავადმყოფობის გამო, ძილის რეჟიმი დაერღვა. მის ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა რუსეთში 1917 წელს მომხდარმა რევოლუციამ, რომელმაც დიდი ძალისა და ენერგიის ხარჯვა მოითხოვა (განსაკუთრებით თავდასხმა/დაჭრის შემდეგ), თუმცა ცდილობდა, მხნედ ყოფილიყო. ლენინის თანამედროვეთა თქმით, მას მხოლოდ სამ-ოთხ საათს თუ ეძინა, დღისით კი არასოდეს წვებოდა. საბოლოო ჯამში, უძილობამაც დიდი როლი შეასრულა მის ნაადრევ სიკვდილში - იგი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ადოლფ ჰიტლერი, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი 1934-1945 წლებში, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტირანი, როგორც ამბობენ, მთელ ღამეს მუშაობდა ხოლმე, შემდეგ კი, დილის 6 საათიდან 10 საათამდე ეძინა. მან თავი მოიკლა 56 წლის ასაკში.

იოსებ სტალინი - საბჭოთა კავშირის ბოლშევიკური პარტიის (კომპარტიის) ლიდერი 1934-1953 წლებში) და საბჭოთა მთავრობის (სახკომსაბჭოს და მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარე 1941-1953 წლებში, რომელსაც ასევე ხშირად ტირანად მოიხსენიებენ ხოლმე, 1941 წლამდე ღამის სამ საათამდე ფხიზლობდა (ფილმების ყურება და წიგნების კითხვა უყვარდა), შემდეგ იძინებდა და დილის 11 საათზე იღვიძებდა (ანუ 6-7 საათს ეძინა). ომის დროს მისი ძილის ხანგრძლივობა 5 საათამდე შემცირდა.

ვლადიმერ პუტინმა - რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა, რომელსაც ბევრი ეკითხება ფიზიკური მდგომარეობის საიდუმლოს, რომელიც, მისი საკმაოდ ხანშიშესულობის მიუხედავად (72 წლისაა), კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, თვითონ გაამჟღავნა, თუ რამდენ ხანს სძინავს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგი ცდილობს, გარკვეული დრო სპორტსაც დაუთმოს (მსოფლიოს სხვა ლიდერებისაგან განსხვავებით), რაც მუშაობაში ეხმარება: „მე დღე-ღამეში 6-დან 7 საათამდე მძინავს, ძირითადად კი - 6 საათის განმავლობაში“, - თქვა რუსეთის მეთაურმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები