"მატვიენკომ მითხრა, ვორონეჟს დავთმობთ, მაგრამ არა კავკასიასო!..საქართველოს 40-კილომეტრიანი მონაკვეთი პუტინისთვის თავდაცვის ზღუდედ მოიაზრება"
გთავაზობთ ეპიზოდს მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 29 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა
- მედიაში უმთავრესად იმას განიხილავენ, თუ რამდენ ხანს გაუძლებს ომს უკრაინა, თუმცა, ალბათ, ისიც საკითხავია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი რუსეთი რამდენ ხანს გაძლებს.
- თუ დასავლეთში ორმაგ თამაშებს თავს არ დაანებებენ, რუსეთი კიდევ დიდხანს გაუძლებს. გასაგებია, რომ რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესდა, მაგრამ იმ სანქციებში ძალიან ბევრი შავი ხვრელია, რომლითაც თავად დასავლეთის წარმომადგენლები, ხშირად ხელისუფლებებიც კი სარგებლობენ. ვითომ არ იცის ჰოლანდიის მთავრობამ, როგორ იტვირთება რუსული ნავთობის ტანკერები და სხვა ქვეყნის პროდუქტად საღდება? ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობებმა არ იციან, მათი ქვეყნები რუსეთთან რომ ვაჭრობენ? ისიც ხომ გაირკვა, რომ ირანული უპილოტო დრონები 80%-ით ამერიკული წარმოების ნაწილებისგან არის აწყობილი. არადა, ამერიკას ირანიც დასანქცირებული ჰყავს და რუსეთიც. ამერიკელებმა ორჯერ დაარღვიეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსულ ნავთობში 60 დოლარზე მეტის გადახდა არ შეიძლებოდა - ერთხელ 74 დოლარი გადაიხადეს, მეორედ კი 76. ორივეჯერ უზარმაზარი პარტია იყო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ნავთობის გაყიდვით ომის მერე უფრო მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე ომამდე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში ორი ქარხნის ხელმძღვანელობა დააპატიმრეს იმის გამო, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაციას მარაგნაწილებს აწვდიდნენ.
- შესაძლებელია თუ არა ამ ომის პარალელურად პუტინმა კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში დესტრუქციულ ქმედებებს მიმართოს?
- ომის პარალელურად განსაკუთრებულს არაფერს ველი. პუტინი კავკასიაში მაინც იმას აკეთებს, რაც სურს. თუ ვინმეს ჰგონია, ყარაბაღის საკითხი რუსეთისგან დამოუკიდებლად გადაწყდა, ძალიან ცდება. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მაინც ახერხებს გავლენის შენარჩუნებას - ეს კარგად ჩანს თუნდაც აფხაზეთში. ერთი მხრივ, კრემლი თითქოს საქართველოსთან ურთიერთობაში ცდილობს განსხვავებული ფორმატის შექმნას, მეორე მხრივ კი აფხაზეთის გამალებულ ანექსიას ეწევა. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს და იკითხოს, აქამდე არ იყო აფხაზეთი ანექსირებულიო? საქმე ის არის, ახლა ქართველების კი არა, აფხაზების ანექსიაა დაწყებული. პრაქტიკულად რუსეთი აფხაზებს სხვადასხვა ფორმით ყიდულობს და თან სჯის კიდეც. ახლა კი მიხვდნენ აფხაზები ყველაფერს, მაგრამ რუსეთს უკვე ისე აქვს ეკონომიკური მარყუჟი მოჭერილი, გამოსავალს ვეღარ ხედავენ. ჩვენი პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება. დღეს არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ომი სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს, თუნდაც ისე, როგორც რუსეთს სჭირდება. გასაგებია, ამ ომს უამრავი უკრაინელი ეწირება, მათ შორის ქართველებიც - ეს კატასტროფაა, მაგრამ რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს! კატასტროფა მერე იქნება, თუ იქნება!
- კავკასია და განსაკუთრებით საქართველო, ალბათ, ვერც უკრაინაში დამარცხებულ რუსეთს დააღწევს საბოლოოდ თავს.
- ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც ომი დასრულდება, ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და გაირკვევა, რისი თავი დარჩება რუსეთს. აი, მეც მაშინ შევძლებ პასუხის გაცემას, მანამდე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ის კი ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად. რუსები კავკასიას იმპერიის გვირგვინად მიიჩნევენ.
არასოდეს დამავიწყდება რუსეთის ფედერაციის დღევანდელი საბჭოს თავმჯდომარის, ქალბატონ მატვიენკოს 90-იანი წლების ბოლოს ერთ შეკრებაზე ნათქვამი, ვორონეჟს დავთმობთ, მაგრამ არა კავკასიასო! საბჭოთა კავშირის 1982 წლის გენშტაბის გეგმაში ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა კავკასიას ენიჭებოდა. ზუსტად იყო გაწერილი, ნატოსთან ომის შემთხვევაში როგორ უნდა აგებულიყო თავდაცვის ზღუდეები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე კავკასიის ქედზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა სიმაღლე დაეკავებინა საქართველოსა და რუსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, კავკასიის ქედის გასწვრივ საქართველოს ტერიტორიის 40-კილომეტრიანი მონაკვეთი მათთვის თავდაცვის ზღუდედ მოიაზრება.