დიდი როქი: პრემიერ ირაკლი კობახიძის მთავრობა - სავარაუდოდ, რომელი მინისტრი შეიცვლება და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას?!
დღეს ხელისუფლებაში დიდი როქი განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.
არსებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 1-ელ თებერვალს გასაჯაროვდება.
1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის გამართვა იგეგმება.
„ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე, ასევე, დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, - აცხადებს ტელეკომპანია „იმედი“.
ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მასთან დაკავშირებით არც თუ უმნიშვნელო პოლიტიკური გეგმები აქვს. დიდი ალბათობით, ღარიბაშვილი ახალი მოწვევის პარლამენტში აქტიურ როლს შეასრულებს. ერთ-ერთი ვერსიით, მან შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პრემიერობას, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, მთავრობაში ვინ დარჩება და ვინ გააგრძელებს მუშაობას. დიდი ალბათობით, თანამდებობებს შეინარჩუნებენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. არ არის გამორიცხული, თანამდებობას გამოემშვიდობოს თეა წულუკიანი. ასევე, არსებული ვერსიით, ცვლილებები ეკონომიკურ ბლოკშიც (ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი) არის მოსალოდნელი. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც ირაკლი ღარიბაშვილის კადრია და შესაძლოა, მასაც შეეხოს ცვლილებები.