"ჩემმა რაკეტამ ხარკოვში ბებიაჩემი მოკლა, მე აღარ შემეძლო ამით ცხოვრება" - რა დაწერა გამოსამშვიდობებელ წერილში რუსმა ინჟინერმა - კვირის პალიტრა

"ჩემმა რაკეტამ ხარკოვში ბებიაჩემი მოკლა, მე აღარ შემეძლო ამით ცხოვრება" - რა დაწერა გამოსამშვიდობებელ წერილში რუსმა ინჟინერმა

ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო - ეს ქართული ანდაზა ბევრს სმენია, თუმცა სასტიკი რეალობა, თურმე, პირიქითაც აწყობს -შვილიშვილის აწყობილმა რაკეტამ ბებია იმსხვერპლა, რისი გაგების შემდეგ... შვილიშვილმა თავი მოიკლა... ეს საოცარი ისტორია რამდენიმე დღის წინ მოხდა...

...რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს მამაკაცის ცხედარი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით და გამოსამშვიდობებელი წერილით, რომელშიც ეწერა - „მე, გორობეცი ანტონ იგორის ძე, ვმუშაობდი აკადემიკოს რასპლეტინის სახელობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კონცერნის - „ალმაზ-ანტეის“ მთავარ სისტემურ საკონსტრუქტორო ბიუროში. რამდენიმე დღის წინ რაკეტა, რომლის შექმნაშიც მქონდა მონაწილეობა მიღებული, აფეთქდა ხარკოვში, იმ სახლში, რომელშიც ცხოვრობდა ბებიაჩემი, დედის მხრიდან, ის დაიღუპა. მე აღარ შემეძლო ამით ცხოვრება. ეხლა რაც ხდება, ეს საშინელება და კოშმარია. ამაში მონაწილეობას აღარ მივიღებ, მაგრამ ბებიასაც ვეღარ დავაბრუნებ. მაპატიეთ, გეთაყვა, მაგრამ მე ასე აღარ შემიძლია“...

რუსული საიარაღო კონცერნი „ალმაზ-ანტეი“ მართლაც აწარმოებს С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, რომლის მოძველებულ საზენიტო რაკეტებს (მათ უკვე გასდით შენახვის ვადა) რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ სახმელეთო ობიექტების, კერძოდ კი - უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბად.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მართლაც დაიბომბა ხარკოვი, რასაც ათი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება მოჰყვა, მათ შორის - ხანდაზმული ქალების.

იყო თუ არა მათ შორის ანტონ გორობეცის ბებია, დედის მხრიდან, ამის გარკვევა უკრაინელ პოლიციელებს, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა რუსეთის მთავარ საგამოძიებო კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ეს იყო მკვლელობა და არა - თვითმკვლელობა, ხოლო ეს გამოსამშვიდობებელი წერილი „ალმაზ-ანტეის“ თანამშრომელ ანტონ გორობეცს სიკვდილის წინ, თითქოს, ძალით დააწერინეს...

რა თქმა უნდა, რუსეთში არანაირად არ აწყობთ, რომ ყოველივე ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს და რომ რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის თანამშრომელს სინდისის ქენჯნა გაუჩნდა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში რუსულივე რაკეტებით უდანაშაულო ადამიანების დახოცვის გამო...

1-rak-1706522589.png
ბებიის სიკვდილში ბრალეულობის გამო სინდისის ქენჯნით გარდაცვლილი რუსი ინჟინერი, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი С-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის 5В55У ტიპის მოძველებული საზენიტო რაკეტის წარმოებაში მონაწილეობდა - 7 მ სიგრძისა და 1 470 კგ მასის ეს რაკეტა 133 კგ-იანი საბრძოლო ქობინითაა აღჭურვილი, რომლის დეტონაციის შედეგად 22 ათასამდე კუბიკის ფორმის გამზადებული დამაზიანებელი ელემენტი 100 მეტრის რადიუსში დიდი სისწრაფით გაიტყორცნება და გადარჩენის შანსს არავის უტოვებს...

ისე კი, იარაღმა „შემობრუნება“ მართლაც იცის - საბჭოთა პერიოდში უკრაინისა თუ რუსეთის ტერიტორიაზე დამზადებული და ათწლეულობით საწყობებში შენახული რაკეტები და ბომბები, ხშირ შემთხვევაში, მათი დამამზადებლების პირდაპირ შთამომავლებსაც კი კლავენ და ასახიჩრებენ.

საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ წარმოებული საბრძოლო მასალების სატრანსპორტო ყუთებში, როგორც წესი, იდებოდა ბარათი, თუ რა გვარის თანამშრომელმა ჩააწყო ისინი, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისთვის პასუხი მოეთხოვათ...

შორს რომ არ წავიდეთ, „იარაღის უკან შემობრუნების“ ყველაზე ნათელი მაგალითი საქართველომ ხომ თავის თავზეც გამოსცადა, როდესაც 1980-იან წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი და თბილისის თავზე „დაფრთიანებული“ Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გვბომბავდა ცხინვალთან თუ გორში (მანამდე, 1992-93 წლებში - აფხაზეთის ომში) და უფრო მეტიც - სწორედ ასეთმა რუსულმა მოიერიშემ საავიაციო ქარხნის „ველის“ იმ აეროდრომზე ჩამოგვიყარა ბომბები, საიდანაც ის ათწლეულების წინ პირველად აფრინდა...

„იარაღის უკან შემობრუნების“ ბევრად უფრო ტრაგიკული შედეგები აქვთ ამ ომში უკრაინელებს, იმიტომ, რომ თავის დროზე მშობლების გათბობის სანაცვლოდ, რუსულ გაზში გადაცვლილი რაკეტები... დღეს მათ შვილებს „უბრუნდებათ“...

საქმე ასე იყო - 1995 წელს რუსეთმა აღიარებინა უკრაინას, რომ მას რუსული გაზის მიწოდების ანაზღაურებაში 1,5 მლრდ-დოლარიანი ვალი დაუგროვდა.

უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ამ მნიშვნელოვანი თანხის ოდენობის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და მისი მომსახურებისთვის ყოველწლიურად 200 მლნ დოლარს ხარჯავდა, მაგრამ 1999 წელს შეაჩერა გადახდა, ფინანსების არქონის გამო.

მაშინ მოსკოვმა კიევს ასეთი გარიგება შესთავაზა - რუსეთი უკრაინას გაზის ვალიდან 285 მლნ დოლარს ჩამოაჭრიდა, სამაგიეროდ კი, კიევს რუსეთისთვის უნდა გადაეცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სამხედრო აეროდრომებზე დარჩენილი 11 სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი -ბომბდამშენი თვითმფრინავი, მათ შორის იმ დროისთვის უახლესი - 8 ერთეული Ту-160 და 3 ცალი Ту-95МС.

2-rak-1706522543.png
ანტონ გორობეცის ცხედარი მისსავე სახლის აბაზანის ოთახში აღმოაჩინეს, ამ სიკვდილისწინა წერილით...

თუმცა გარიგებაში, ასევე, შედიოდა ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის საჭირო სააეროდრომო მოწყობილობებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სტრატეგიული ბომბდამშენების მთავარი შეიარაღების - Х-55 და Х-55СМ ტიპის 575 ფრთოსანი რაკეტის გადაცემაც.

გარიგება შედგა და უკვე 2000 წლისთვის მთელი ეს სტრატეგიული დანიშნულების შეიარაღება, რომელიც ბირთვული იარაღის გადამტანი იყო, რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე,1994 წლის 5 დეკემბერს, ბუდაპეშტში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, უკრაინა უარს ამბობდა მის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილ ბირთვულ ქობინებზე, მათ გადასცემდა რუსეთის ფედერაციას, სამაგიეროდ კი, სამი ბირთვული ქვეყანა - აშშ, დიდი ბრიტანეთი და თავად რუსეთი გარანტიას აძლევდნენ კიევს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არაფერი დაემუქრებოდა...

ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთმა გარანტორმა - რუსეთმა ზუსტად 20 წლის შემდეგ - 2014 წელს, თავად განახორციელა უკრაინის ყირიმისა და დონბასის სამხედრო ოკუპაცია, ხოლო დანარჩენი ორი გარანტორის - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა უმოქმედობამ მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირებულა, რომელზეც ხელი მოეწერა...

3-rak-1706522430.png
რუსული С-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის რაკეტის მოხვედრისა და აფეთქების შედეგად ნახევრადდანგრეული უკრაინული ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი...

და ახლა დღე არ გავა, რომ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსთან განთავსებული სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა, რუსულ გაზში გადაცვლილმა Ту-160 და Ту-95МС სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის ზღვის აკვატორიის საჰაერო ზონიდან Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები (რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 2 500 კმ-მდეა) უკრაინას უკან არ „დაუბრუნონ“, ამჯერად - სასიკვდილო „საჩუქრის“ სახით...

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ დღეისათვის უკვე მოძველებული, Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით და მიზნიდან აცილებამ შეიძლება 100 მ-იც კი შეადგინოს.

ეს საბჭოთა სტრატეგებისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ამ ფრთოსანი რაკეტის აღჭურვა ბირთვული ქობინით იყო გათვალისწინებული, ხოლო 200 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინის ასი მეტრით იქით თუ აქეთ აფეთქება არაფერს ცვლიდა, არ დაგავიწყდეთ, ჰიროსიმაში ჩამოგდებული ამერიკული ატომური ბომბის სიმძლავრე მხოლოდ 16 კილოტონა თუ გახლდათ...

სამაგიეროდ, ასმეტრიანი ცთომილება მიზანში მოხვედრისას, ტრაგიკულად აისახება უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაზე, როდესაც კასპიის ზღვის თავზე სტარტაღებული რუსული ფრთოსანი რაკეტა 1 300 კმ-მდე ფრენის შემდეგ უკრაინული სამხედრო ობიექტის ნაცვლად საცხოვრებელ კორპუსს ხვდება…