"მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამერიკას ამას ვერ გაუბედავდნენ!" - რატომ დაიმალა ოთხი წლის წინ „ჩირგვებში“ ტრამპი?!
28 იანვრის ღამეს იორდანია-სირიის საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას Tower 22-ს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონმა „შაჰიდმა“ შეუტია, რის შედეგადაც ამ ბაზაზე დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-მდე კი დაიჭრა...
ამ საჰაერო თავდასხმას განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ მიენიჭა, რომ გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, როდესაც ისრაელ-„ჰამასის“ შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტებს მსახვერპლი არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მინი სამხედრო ბაზებზე ერაყსა და სირიაში, ორ ათეულზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა განვლილ პერიოდში...
ამჯერად, უკვე იორდანიის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა კი მსხვერპლით დასრულდა, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებამ მაშინვე პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებები დაადანაშაულა და საკადრისი პასუხის გაცემით თვით თეირანსაც დაემუქრა...
თუ რას უნდა მოასწავებდეს აშშ-სა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება და შემდგომ მისი გლობალიზაცია, ჯობს არც კი წარმოვიდგინოთ, მაგრამ მეორე მხრივ თავად ამერიკელები მოითხოვენ თავისი ხელისუფლებისგან ირანელების დასჯას მათი თანამემამულეების დახოცვის გამო...
და მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი-აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ამ თავდასხმის შემდეგ ამაყად განაცხადა-„მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“.

წინასაპარეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რომ ტრამპი და ბაიდენი ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ „დაჭამენ“, ისედაც არაა ძნელად გამოსაცნობი, მაგრამ რამდენად გულწრფელი გახლდათ ექსპრეზიდენტი ტრამპი, როდესაც ბაიდენს იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმისთვის საპასუხო რეაქცია დაუწუნა, განა თავად რა მოიმოქმედა ზუსტად 4 წლის წინ, როდესაც ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებს ბევრად მეტი „გაუბედა“?
2020 წლის 3 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირდაპირი ბრძანებით ლიკვიდირებული ცნობილი ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანისთვის შურის საძიებლად, 8 იანვრის გამთენიისას 30 წთ-ის განმავლობაში ირანის ტერიტორიიდან სტარტი აიღო არანაკლებ 22-მა ბალისტიკურმა რაკეტამ, რომელთაგანაც 17 დაეცა ერაყის დასავლეთ რეგიონში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე (ორი მათგანი არ აფეთქდა), ხუთი კი ქალაქ ერბილის აეროპორტთან (ერთი არ აფეთქდა).
ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არავინ დაშავებულა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა, რომ 11 ამერიკელ სამხედროს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და ერაყიდან გერმანიაში სასწრაფოდ ჩაყვანა.
პრეზიდენტმა ტრამპმა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულების შესახებ მანაც სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო...
ანუ ოთხი წლის წინ, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა საერთოდ სცადა დაემალა ირანული რაკეტების ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ზუსტად მოხვედრისას დაჭრილი ამერიკელი სამხედროების ამბავი, შეიძლება იმიტომაც, რომ მისი ხელისუფლების მაშინდელ ოპოზიციას უფრო მკაცრი შურისძიების განხორციელება არ მოეთხოვა თეთრი სახლისგან ირანის მიმართ...

შედეგად, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად „ჩაყლაპა“ ირანის ტერიტორიიდან ირანული ბალისტიკური რაკეტებით ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზის დაბომბვა, 11 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაჭრა, მნიშვნელოვანი სამხედრო ზარალის ნახვა და „პასუხის პასუხი“ არ გაუცია თეირანისთვის...
ეხლა თეირანს უფრო მეტი „ალიბი“ აქვს - მისი ტერიტორიიდან არ აფრენილა კამიკაძე-დრონი „შაჰიდი“, რომელმაც იორდანიის საზღვარზე ამერიკულ სამხედრო ბაზაში სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა და ორმოცამდე დაჭრა - ამის გაკეთება ნებისმიერ შეიარაღებულ დაჯგუფებას შეეძლო სირიის ტერიტორიიდანო - თავს იმართლებენ ირანელები...
ბაიდენის ადმინისტრაცია რაღაც პასუხს ნამდვილად ამზადებს ამ თავდასხმის საპასუხოდ, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს გახდეს უშუალოდ ირანის რომელიმე სამხედრო ობიექტზე საჰაერო თავდასხმა, უფრო რომელიმე პროირანული შეიარაღელ დაჯგუფებას სირიაში ან ერაყში ამერიკელები რამდენიმე წერტილოვან საჰაერო დარტყმას მიაყენებენ და ამით დაამშვიდებენ ამერიკელ ამომრჩეველს-საკადრისი პასუხი გავეცითო...
თუმცა, ექსპრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც ოვალურ კაბინეტში დაბრუნება ასე ძალიან სურს,კვლავ არაერთხელ ჯიუტად განაცხადებს - მე,რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი ამას ამერიკას ვერავინ გაუბედავდაო...მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის წინ,სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ირანმა ამერიკას ბევრად მეტი გაუბედა ცნობილი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შურისძიების მიზნით...