შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ?! - დაიწყება თუ არა ირან-ამერიკის ომი და პუტინის ფარული თამაშები - კვირის პალიტრა

შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ?! - დაიწყება თუ არა ირან-ამერიკის ომი და პუტინის ფარული თამაშები

მსოფლიოს დიდი ნაწილი სულგანაბული ელოდება, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს დღეებში ან სულაც - რამდენიმე საათის შემდეგ - როგორი იქნება აშშ-ის პასუხი 28 იანვარს იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი სამხედროს დაღუპვისა და 40-მდე მათი თანამებრძოლის დაჭრის გამო...

გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა უკვე აირჩია შურისძიების მეთოდი, რითაც ირანს დასჯიან ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლება ირწმუნება - ის არაფერს შუაშია.

2-tan-1706692209.png
საჰაერო ტანკერებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების გადასროლა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით პენტაგონმა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო...

თუმცა ფაქტია, რომ სირია-ერაყი-იორდანიის სამი საზღვრის კვეთასთან, უშუალოდ იორდანიის ტერიტორიაზე განთავსებულ პატარა ამერიკულ სამხედრო ბაზას - Tower 22-ს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონმა - „შაჰიდმა“ შეუტია, რომლის სტარტი, დიდი ალბათობით, სირიის (შეიძლება ერაყისაც) ტერიტორიიდან პროირანულმა დაჯგუფებამ განახორციელა...

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია დღეს რთული არჩევნის წინაშე დგას - ერთი მხრივ, ამერიკელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი დაჟინებით მოითხოვს თეთრი სახლისგან, რომ პროირანული დაჯგუფების მიერ ამერიკელი სამხედროების დახოცვა თეირანს არ შერჩეს, მეორე მხრივ, ბაიდენის მომხრეები ხვდებიან, რომ ეხლა უშუალოდ ირანთან ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა უდიდეს პრობლემებს წარმოქმნის, რადგან ამ შეიარაღებულ დაპირისპირებაში სწრაფი გამარჯვება (ან საერთოდ გამარჯვება) წარმოუდგენელია, რაც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპისტებს კიდევ უფრო გაუზრდის შანსს, თეთრ სახლში მათი კუმირი -არაპროგნოზირებადი ტრამპი დააბრუნონ...

აქედან გამომდინარე, უფრო მოსალოდნელია, რომ ამერიკელების საპასუხო სარაკეტო დარტყმები უახლოეს პერიოდში განხორციელდება სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი პროირანული სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი ჩათვლის სრულ შურისმაძიებელ ნაბიჯად...

3-tan-1706692335.png
„ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე განთავსებული პროირანული დაჯგუფებების გასანადგურებლად, ხმელთაშუა ზღვასა და სპარსეთის ყურეში მოდრეიფე ამერიკული სარაკეტო საესკადრო ნაღმოსნები მუდამ მზად არიან...

ამას ხვდებიან თეირანშიც და ამიტომაც გასცეს ბრძანება, რომ სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე საავიაციო ბაზა T-4-ი სასწრაფოდ დაეტოვებინა მსხვილ პროირანულ შეიარაღებულ დაჯგუფებას და მისი დანაყოფების გადანაწილება განხორციელებულიყო, რათა ამერიკული ფრთოსანი რაკეტების ადვილი სამიზნე არ გახდნენ.

ამასთან, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან გადასულნი, როგორც უშუალოდ ირანის საჰაერო სივრცის დასაცავად, ასევე, სირიის დედაქალაქ დამასკოს მიმდებარედ, სადაც ირანმა შორსმოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემები ფარულად გადაისროლა.

ამერიკელების შურისმაძიებელი სარაკეტო დარტყმების პარალელურად, მოსალოდნელია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებიც განახორციელებენ წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს სირიის იმ ობიექტებზე, სადაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლები ეგულებათ - ყველა შემთხვევაში, დაიბომბება დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომ გამოირიცხოს ირანიდან მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობა.

4-tan-1706692268.png
სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე საავიაციო ბაზა T-4-ი, რომელიც აქამდეც გამხდარა ამერიკული „ტომაჰავკების“ სამიზნე, ახლა პროირანული შეირაღებული დაჯგუფებების ერთ-ერთ მთავარ დისლოკაციის ადგილს წარმოადგენს, თუმცა იქ, ასევე, იყვნენ განთავსებულნი სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შვეულმფრენებიც...

აი, ამ ყველაფრის შემდეგ კი მთელი მსოფლიო ახალი მოლოდინის წინაშე დადგება - თეირანი ამერიკული პასუხის საპასუხოდ ისევ რაკეტებს ხომ არ ესვრის ამერიკულ სამხედრო ბაზებს სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე ან უშუალოდ სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში ხომ დაარტყამს იქ მოდრეიფე ამერიკულ სამხედრო ხომალდებს?

დღეს ომების ესკალაცია არანაირად არ შედის დასავლეთის, პირველ რიგში კი, ამერიკელების ინტერესში, სამაგიეროდ, იდეალურად ჯდება პუტინის რუსეთის გათვლებში, რათა დასავლეთის რაც შეიძლება მეტი ყურადღება და რესურსები გადავიდეს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე და, შესაბამისად, დააკლდეს იმ უკრაინას, რომლის დაპყრობასაც ასე ცდილობს კრემლი.

ირანის აითოლების სტრატეგიული გეგმებიც ითვალისწინებენ სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას ახლო აღმოსავლეთში, ოღონდ პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებით, უშუალოდ სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან ისრაელისა და ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, ასევე, იემენელი ჰუსიტების საშუალებით, ევროპა-აზიის მთავარი საზღვაო სავაჭრო გზის ბლოკირებასაც, ისე, რომ თავად ირანი ამ ყველაფერში ოფიციალურად მონაწილედ არ დაფიქსირდეს.

თეირანს, ისევე, როგორც მოსკოვს, სურს, რომ ასეთი ტაქტიკით -ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სისტემატური საჰაერო დარტყმებით აიძულოს თეთრი სახლი, რომ მან დაიწყოს სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან მათი გაყვანის პროცესი, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვება ამერიკული სამხედრო ხომალდების ადენის ყურესა და ორმუზის სრუტეში ცურვის შეზღუდვაც, რათა საბოლოო ჯამში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან სრულად გააძევონ...