"ჩიპს ტვინის იმ ნაწილში სვამენ, რომელიც მოქმედების სურვილს აკონტროლებს" - მასკის “ტელეპათია” და “უხილავი” ხელი - კვირის პალიტრა

"ჩიპს ტვინის იმ ნაწილში სვამენ, რომელიც მოქმედების სურვილს აკონტროლებს" - მასკის “ტელეპათია” და “უხილავი” ხელი

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერ ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ადამიანის თავის ტვინში უსადენო ნეიროჩიპი წარმატებით ჩანერგა. ახალი ინფორმაცია გამომწერებს ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში (ტვიტერი) თავადაც გაუზიარა. როგორც მასკი აღნიშნავს, ჩიპი კარგად აღიქვამს ნეირო იმპულსებს.

როგორც აღნიშნავენ, ჩიპს ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. Neuralink-ი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ჩიპი ადამიანებს ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

Neuralink-ი არ არის მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელიც ადამიანის ტვინში ჩიპის ჩანერგვას ცდილობს. ამაზე კომპანიები წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

ამერიკის ხელისუფლებამ მასკის კომპანიას გასული წლის მაისში მისცა ნებართვა, რათა მათ ცდები ჩაეტარებინათ და ადამიანის ტვინში ჩიპი ჩაენერგათ. გეგმის მიხედვით, ეს ცდები 6 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

როგორ ჩაუნერგავენ ადამიანს ჩიპს?

Neuralink-ის ცნობით, ადამიანის ტვინზე ოპერაციას რობოტი ატარებს. ის ადამიანის ტვინში 1024 გადამცემითა და ელექტროდების უწვრილესი ძაფებით აღჭურვილ ჩიპს ადამიანის ტვინში ნერგავს, რომელთაც შემდეგ ნეირონების იმპულსები უნდა დაიჭირონ.

კომპანიის ცნობით, ჩიპს ტვინის იმ ნაწილში სვამენ, რომელიც მოქმედების სურვილს აკონტროლებს. ჩიპი ტვინის სიგნალს იჭერს და გადასცემს სხვა მოწყობილობებს, რომლებიც ამ სიგნალს შიფრავენ და „ხვდებიან“, რა მოქმედების განხორციელება სურს ადამიანს.

როგორც ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამ ქმნილების სახელწოდება „ტელეპათია“ იქნება. ჩიპებს კი, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ჩაუნერგავენ, ვისაც კიდურები პარალიზებული აქვთ.

„ფიქრის ძალით შესაძლებელი იქნება ტელეფონის, კომპიუტერისა და სხვა მოწყობილობის მართვა. წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოკინგს პროფესიონალ მრბოლელზე სწრაფად რომ შეეძლოს კომუნიკაცია“, - დაწერა ილონ მასკმა.

ახალ ინფორმაციას მეცნიერებიც გამოეხმაურნენ, როგორც უცხოელი მეცნიერები აღნიშნავენ, ილონ მასკის კომპანიის ჩატარებული ოპერაცია დიდი მიღწევაა მსოფლიოსთვის და Neuralink-ი იმ რამდენიმე კომპანიის სიაში მოხვდა, რომლებიც ადამიანის დასახმარებლად ჩიპს აწარმოებენ. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, ამ ყველაფერს დრო გამოცდის და საზოგადოება იხილავს ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა თუ ილონ მასკის მორიგი მცდელობა, რეკლამა გაუკეთოს თავის კომპანიებს.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანია მსოფლიოში არ არის პირველი, რომელმაც ადამიანის ტვინში ჩიპი ჩანერგა, ეს ჯერ კიდევ 2004 წელს ამერიკულმა კომპანია Blackrock Neurotech-მა მოახერხა. მათ კომპიუტერზე ზემოქმედებისთვის ადამიანის ტვინში ჩიპი ჩანერგეს.

მოგვიანებით Neuralink-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სხვა კომპანია შექმნა. Precision Neuroscience-მა პარალიზებული ადამიანებისთვის თხელი ფირის მსგავსი ჩიპი შექმნა, ის ტვინის ზედაპირზე მაგრდება და ოპერაციის ჩატარება უფრო ადვილია, ვიდრე ახალ პატარა ჩიპზე.

ილონ მასკმა Neuralink-ი რამდენიმე წლის წინ შეისყიდა და კომპანიაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

Blackrock Neurotech - გაამართლა თუ არა კომპანიის ცდამ?

შეგახსენებთ, რომ იუტას შტატში დაფუძნებულმა კომპანია Blackrock-მა ჯერ კიდევ 2004 წელს მოახერხა ადამიანის ტვინში ჩიპი ჩაენერგა. საინტერესოა წლების დაკვირვების შემდეგ რა შედეგი მოუტანა ჩიპმა ადამიანს და გაამართლა თუ არა ამ ძალიან სარისკო ცდამ?

როგორც კომპანიის წარმომადგენელი 2023 წელს Daily Mail-თან ინტერვიუში აღნიშნავდა, ჩიპები პარალიზებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად შეიქმნა:

"ეს სამედიცინო მოწყობილობა მიზნად ისახავს პარალიზებული ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესოს, გახადოს ის უფრო დამოუკიდებელი და მობილიზებული", - აღნიშნავდა მარკუს გერჰარდი.

screenshot-2024-02-02-105357-1706856870.png

"ჩვენი მიზანია მომავალში ეს ჩიპები ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს პარალიზებული ადამიანებისთვის, როგორს კარდიო მოწყობილობები გულის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის - თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნელები აღნიშნავდა, ჩიპი მხოლოდ ფიზიკური პრობლემების გადაჭრისთვის არ შექმნილა - ტექნოლოგია დროთა განმავლობაში ვითარდება და ჩვენ მას გამოვიყენებთ მეხსიერების პრობლემის, ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობისა და დეპრესიის სამკურნალოდ" - აღნიშნა გერჰარდმა.

screenshot-2024-02-02-104845-1706856546.png
ნათან კოუპლენდი

როგორც ცნობილია, კომპანია Blackrock-მა უკვე 50-ზე მეტი ჩიპი ჩაუნერგა ადამიანს. ერთ-ერთი მათგანი ნათან კოუპლენდია. ის ჩიპს ხელოვნების ნიმუშების შექმნასა და ვიდეოთამაშებისთვის იყენებს. მისი ნამუშევრები ვაშინგტონში სხვადასხმა მუზეუმში გამოიფინა. 2016 წელს კი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა ნათანი და ტვინის ჩიპით მართვად რობოტს ხელიც ჩამოართვა.