"ვიბრძვი დედაჩემის სიცოცხლისთვის... გევედრებით, დედა გადამირჩინეთ!" - ახალგაზრდა მწერალს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
არცთუ დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში მწერლისა და მთარგმნელის, ჩემთვის ძვირფასი და პატივსაცემი ადამიანის, ნიკა ბაძაღუას სტატუსს გადავაწყდი, დედის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო წუხდა და საზოგადოებას გვთხოვდა დახმარებას:
"ჭირს ვინც სახლში მალავდა, დედაც მას მოუკვდაო", - ამბობენ ჩვენში (სააფხაზოში), ჰოდა, დედა რომ დიდხანს მყავდეს, ვერ დავმალავ ამ ჭირს სახლში!სამწუხაროდ, დედაჩემს - თეა ბაძაღუას აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე - გლიობლასტომა და 2024 წლის 9 იანვარს ნეიროქირურგმა ირაკლი თოიძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაუკეთა ურთულესი მიკროოპერაცია, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთულია. პაციენტს სჭირდება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, მასაჟები, ახლო მომავალში ქიმიოთერაპიის კურსიც დასჭირდება.ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, თუნდაც მცირედით, ამ ურთულესს ბრძოლაში იქნებ გვერდში ამოგვიდგეთ"...
ნიკა ბაძაღუას დედის ჯანმრთელობის ამბის დაწვრილებით მოყოლა ვთხოვეთ:
- დედაჩემი თეა ბაძაღუა 49 წლის არის. 2023 წლის ნოემბრის პირველ დღეებში აფხაზეთიდან მესტუმრა თბილისში. სიმართლე გითხრა, მაშინ არც მეტყველება უჭირდა და არც ხელ-ფეხს უჩიოდა, ჩვეულებრივ დადიოდა, თავისით. 16 ნოემბერს შევიტყვეთ, რომ ჩემი ბებია, დედის დედა გარდაიცვალა და დედა აფხაზეთში გაემგზავრა, მაგრამ ამ ამბავმა იმდენად ძლიერ იმოქმედა მასზე, რომ ბებიაჩემის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, ჯანმთელობის მდგომარეობა მკვეთრად რომ შეერყა. ამიტომ დედა კვლავ თბილისში ჩამოვიყვანე და გამოკვლევებისთვის "ავერსის" კლინიკაში მივიყვანე.
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ „ავერსიდან“ „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაგვამისამართეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და საბოლოოდ დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე - გლიობლასტომა. რეაბილიტაციას 17 იანვრიდან სახლში გავდიოდით, თუმცა 1 კვირის თავზე ისევ ცუდად გამიხდა, სუნთქვა გაუჭირდა და 4 დღის წინ სასწრაფოთი კვლავ კლინიკაში გადავიყვანეთ.
ამჟამად კვლავ კლინიკაში წევს, კარდიოთერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობა მეტად რთულია: დედას მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს წართმეული და მეტყველებაც უჭირს. კომპიუტერულმა კვლევებმა კი გულის გარსში შეპარული სითხე აღმოაჩინა...