"ჯადოსი ყველას ეშინია. ასეთი აწყობილი ცხოვრება მქონდა და ეს რა ხდება-მეთქი?" - რას ურჩევს მოძღვარი მათ, ვისი სურათებიც საფლავში დამარხული იპოვეს
რას ურჩევს მოძღვარი მათ, ვისი სურათებიც საფლავში დამარხული იპოვეს
უჩვეულო ფაქტი, რომელმაც ქობულეთის მცხოვრებნი შეაშფოთა, სოფელ ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაკაიძეების სასაფლაოზე მოხდა. იმ დღეს ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე ოჯახის წევრები ავიდნენ და ჭირისუფალს საფლავთან მიწა უჩვეულოდ დატკეპნილი დახვდათ. იქვე იპოვეს მიწით დასვრილი დანა და ამის შემდეგ გადაწყვიტეს, ის ადგილი ამოეთხარათ. ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ბიჭის დედას შვილი რამდენიმე ღამე ესიზმრებოდა და საფლავთან მისვლას ითხოვდაო. გაოგნებულები დარჩნენ, როცა საფლავში ჩამარხული 120 ფოტო აღმოაჩინეს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ფოტოები ცოცხალი ადამიანებისაა და ბევრმა ამ ფოტოებში ოჯახის წევრები და საკუთარი თავი აღმოაჩინა. არის ვარაუდი, რომ ფოტოები იმ ადგილას ახალი ჩაფლული იყო. ადგილობრივების თქმით, მომხდარი სამართალდამცავებს აცნობეს. ისინი ითხოვენ გაირკვეს, ვინ და რა მიზნით ჩამარხა ცოცხალი ადამიანების ფოტოები მიწაში.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ამ ამბის შემდეგ ძალიან შეშინებულები ვართ. აჭარაში ასეთი რამეები რომ ხდებოდა, გამიგია, მაგრამ ამდენი ჩამარხული ფოტო გამაოგნებელია. მისტიკას ჰგავს ეს ყველაფერი. იმ ადგილას, სადაც ფოტოები იპოვეს, ახალგაზრდა ბიჭია დაკრძალული. 23 წლისა ავარიით გარდაიცვალა ამ ზაფხულს და ბუნებრივია, საფლავზე ხშირად ადიოდა ჭირისუფალი. მე არ ვიცნობ ამ ოჯახს, არანაირი შეხება არ მქონია. სულ სამჯერ ვარ იმ სოფელში ნამყოფი, მაგრამ იმ სურათებს შორის ჩემი ერთადერთი შვილის ფოტოც აღმოჩნდა..."
"არ ვიცი, რა ვიფიქრო. სავარაუდოდ, რაღაც რიტუალია ჩატარებული. მე ვერ ვერკვევი მსგავს რამეში, მაგრამ ფაქტი შემზარავი და არასასიამოვნოა. ძალიან მაინტერესებს, ვინ და რა მიზნით ჩაიდინა ეს. შიში მაქვს, რამე კიდევ უარესი არ გააკეთოს ამის ჩამდენმა. ერთადერთი შვილი მყავს და ძალიან მეშინია..."
"ჯადოსი ყველას ეშინია. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს რაღაც ცუდად აეწყო ჩვენთან საქმეები, სერიოზული პრობლემები გაჩნდა მოწმენდილ ცაზე და სულ ვამბობდი, ასეთი აწყობილი ცხოვრება მქონდა და ეს რა ხდება-მეთქი? ახლა ეს ამბავი რომ გავიგე, შემეშინდა. ჩვენმა საახლობლომ და მათ, ვისი ფოტოებიც იპოვეს, ლოცვების და კანონების კითხვა დავიწყეთ. ყველას შვილზე ვღელავ, რატომ უნდა იყოს ვიღაცის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?.."
მამა შალვა კეკელია:
"ხშირად ადამიანები რომ იგებენ, მათ ვიღაცამ ჯადო გაუკეთა, ეს ადამიანებიც მიდიან მკითხავთან, მჩხიბავთან იმ იმედით, რომ ჯადო მოუხსნას. ეს წარმოუდგენელია. ყველა მკითხავი ეშმაკის მსახურია, არ აქვს მნიშვნელობა, გინდ ხატები ედოს სახლში, გინდ მასთან მისულ ადამიანს დაავალოს, - 7 ეკლესია მოილოცე და იქიდან აღებული ნაკურთხი წყალი ერთმანეთში შეურიე და დალიეო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.
თეა ხურცილავა