"თითქმის ყველა კონცერტის შემდეგ სასაფლაოზე ავდივარ და ვეუბნები: "მამა, მგონი, არ შეგარცხვინეთ-მეთქი!" - კვირის პალიტრა

"თითქმის ყველა კონცერტის შემდეგ სასაფლაოზე ავდივარ და ვეუბნები: "მამა, მგონი, არ შეგარცხვინეთ-მეთქი!"

„თითქმის ყველა კონცერტის შემდეგ მამას საფლავზე ავდივართ“...

„ერისიონის“ დღევანდელობა და ახალი შენობა, რომლის გახსნაც სექტემბერში იგეგმება

„ერისიონს“ მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ანსამბლს არაერთი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, ღვაწლმოსილი ლოტბარი და ქორეოგრაფი ხელმძღვანელობდა. დღესდღეობით 138-წლიანი ანსამბლის სათავეში და-ძმა ეკა და შერმანდი ჭკუასელები არიან. 2015 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი შერმანდია, ხოლო 2016 წლიდან ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი ქალბატონი ეკაა. სწორედ მათთან დიალოგში მიმოვიხილეთ „ერისიონის“ დღევანდელობა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

შერმანდი:"მოგეხსენებათ, ჩვენი ანსამბლი ორიოდ წელიწადში 140 წლის შესრულდება და დღემდე საკუთარი ჭერი არ გააჩნდა. „ერისიონს“ შესანიშნავი ხელმძღვანელები ჰყავდა. მას საქართველოს ნომერ პირველ ანსამბლს, „ანსამბლ მუზეუმსაც“ კი უწოდებენ და ყოველთვის იყო მცდელობა საკუთარი შენობა გვქონოდა, მაგრამ რატომღაც, ეს სურვილი და მიზანი მიუღწეველი რჩებოდა. საამისოდ მამაჩემმა, ჯემალ ჭკუასელმაც ბევრი იწვალა და იშრომა. ბოლოს გვეღირსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე ლამაზი შენობა, ე.წ. მედიკოსთა სახლი გადმოგვეცა, მაგრამ იქ კოლოსალური სამუშაოები იყო ჩასატარებელი. სამწუხაროდ, მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა, რომ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის თანხა გამოეყოთ..."

ეკა:

"სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს სპეციფიკური შენობა სჭირდება. თითოეული დეტალი ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც ანსამბლის შემოქმედებითი პროცესი მოითხოვს. ვანო 35 წლის განმავლობაში ანსამბლში მღეროდა. მან ყველა წვრილმანი იცის და სწორედ ამ გამოცდილების გამოა ასე აქტიურად ჩართული შენობის შიდა სივრცის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში..."

"როცა ახალ პროგრამებზე ვმუშაობთ, ვცდილობთ მათ ხელწერასა და სტილს არ გადავუხვიოთ. შესანიშნავია, რაც გაუკეთებიათ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი წმინდად ქართულია. ანსამბლი დღითი დღე ვითარდება, ვცდილობთ ფესვებს არ მოვწყდეთ და ზღვარს არ გადავიდეთ, ვინარჩუნებთ ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას. ვფიქრობ, ამას წარმატებით ვახერხებთ და დანარჩენი უკვე მაყურებლის შესაფასებელია..."

შერმანდი:

"ვიცი, მამა ჩვენს საქმიანობას და ახალ პროგრამებს ნამდვილად მოიწონებდა. თითქმის ყველა კონცერტის შემდეგ სასაფლაოზე ავდივარ და ვეუბნები: „მამა, მგონი, არ შეგარცხვინეთ!“

სტატიას წაიკითხავთ ჟურნალში "გზა", 1-ლი თებერვლის ნომერში.

ანა კალანდაძე