"არ მეგულება პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცხვირის მიდამოში ფილერის გაკეთებას ემხრობა" - კვირის პალიტრა

"არ მეგულება პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცხვირის მიდამოში ფილერის გაკეთებას ემხრობა"

პლასტიკური ქირურგია თანამედროვე­ მედიცინის პროგრესირებადი მიმართულებაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სახისა თუ სხეულის ამა თუ იმ ნაწილის კორექტირება, შელამაზება, აღდგენა. ის, რაც მანამდე აკომპლექსებდა ადამიანს, სწორად ჩატარებული­ ესთეტიკური რეკონსტრუქციის შემდეგ თავდაჯერებულობას მატებს და შესაძლოა მისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცეს... დღეს ძალიან პოპულარულია ბოტოქსისა თუ ფილერის ინიექციები, თუმცა დაუშვებელია გაურკვეველი წარმომავლობის სალონებსა და არაკვალიფიციურ სპეციალისტებთან მსგავსი პროცედურების ჩატარება, რადგან მათ მიერ დაშვებული შეცდომა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს.

რა სახის პლასტიკური ოპერაციებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი და როგორია მათი ღირებულება, ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის პლასტიკურ ქირურგს, თამარ ზამთარაძეს გავესაუბრეთ.

- ჩვენს ქვეყანაში პლასტიკურ ოპერაციებში ცხვირის ოპერაცია - რინოპლასტიკა ლიდერობს. კავკასიის რეგიონია და, მოგეხსენებათ, აქ ყოველთვის ასე იყო. ბოლო დროს ქალებში უფრო აქტუალური გახდა მუცლის პლასტიკა - ე.წ. დაკიდებული კანის ცხიმოვანი შრის კორექცია, რაც ნამშობიარები ქალების უმრავლესობას აწუხებს, ასევე მათ, ვინც წონაში მკვეთრად დაიკლო ბარიატრიული ოპერაციის შედეგად ან სხვა აქტივობით.

- სახის ნაკვთებისა და სხეულის ნაწილების კორექცია ძვირი ფუფუნებაა. დაახლოებით რა თანხაა საჭირო, მაგალითად, ცხვირის საოპერაციოდ?

- თუ ცხვირის ოპერაცია მხოლოდ ესთეტიკისთვის კეთდება და ძგიდესთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ არის, მაგალითად, სუნთქვის მკვეთრი შეზღუდვა, უხეში გამრუდება და ა.შ. 4 ათასი ლარიდან იწყება. თუ ძალიან პრობლემურია და პაციენტი მეორედ ან მესამედ იკეთებს (ასეც ხდება ხოლმე), საფასური იზრდება და ინდივიდუალურად დაადგენენ კონსულტაციის დროს.

- მეორადი ოპერაცია რთულია?

- ამ შემთხვევაში სირთულე ქირურგისთვის იზრდება, მნიშვნელობა არა აქვს, რა სახის ოპერაცია ჩატარდა მანამდე, როცა ცხვირზე ერთხელ მაინც მოხდება ჩარევა, ხრტილის ნაწილი რეზერცირებული ანუ ამოკვეთილია და ხშირად მეორე ოპერაციის დროს სამუშაო მასალა აღარ გვხვდება - ის, რაზეც უნდა ააწყო ცხვირის­ მყარი კონსტრუქცია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ხრტილი სადონორო ადგილიდან აიღო - ნეკნის მიდამოდან, რადგან უფრო მყარია, ან ყურიდან, თუ დეფიციტი მცირეა. ამ დროს ოპერაცია ხანგრძლივდება, ქირურგისთვის უფრო შრომატევადია და ფასიც იზრდება. ამ ოპერაციის საფასური 5-6 ათასი ლარიდან იწყება.

plastikuri-kuzanov-clinic-1-1706771252.jpg

- ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ცხვირის ფორმის შეცვლა ფილერით. თქვენ როგორც ქირურგი, რას ურჩევთ იმ პაციენტებს, რომელთაც მისი გაკეთება აქვთ გადაწყვეტილი?

- არ მეგულება პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცხვირის მიდამოში ფილერის გაკეთებას ემხრობა. ფილერის ინიექცია ხშირად ქსოვილების გადაგვარებას, გაუხეშებას იწვევს და მერე ამასთან გამკლავება ქირურგს უწევს. ხარისხიანი ფილერი დროთა განმავლობაში გაიწოვება, მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც სხვა მინარევებსაც შეიცავს და ბოლომდე გაიწოვება თუ არა, ვეღარ გაიგებ. ყოფილა შემთხვევა, ფილერი დაშლილი უნდა იყოს, მაგრამ გავხსნით და ჟელატინისებრი მასა გვხვდება. ქირურგებს არ უყვართ ფილერი, რადგან ქსოვილების შეშუპებას და გადაგვარებას იწვევს და მისი ოპერაცია პრობლემურია.

- ანუ თუკი ადამიანს ცხვირთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მაინც ჯობია რინოპლასტიკა გაიკეთოს...

- ოპერაციის გაკეთებას ვერავის ურჩევ,­­ მაგრამ თუ ადამიანს თავისი ცხვირი აკომპლექსებს და გარეგნობის გაუმჯობესება სურს, რა თქმა უნდა, ჯობია ქირურგს მიმართოს.

- ზოგს ნარკოზის შიში აქვს, თუმცა ბოლო წლებში საანესთეზიო საშუალებებიც გაუმჯობესდა. ადრე იყო შემთხვევები, როცა ცხვირის პლასტიკას ადგილობრივი ანესთეზიითაც აკეთებდნენ, ნარკოზის გარეშე. როგორია თანამედროვე პრეპარატები?

- ცხადია, ახლა ბევრად დაიხვეწა მედიკამენტები. მედიცინა, ტექნოლოგიები წინ მიდის. თუ ნარკოზი რომელიმე პაციენტისთვის რისკია, წინასწარ უამრავი გამოკვლევით ვაფასებთ და მერე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ცხადია, ჩვენი მიზანია ოპერაციას ნაკლები გართულება ჰქონდეს. 100%-ით უსაფრთხო არც ერთი სამედიცინო პროცედურა არ არის, მათ შორის, კბილის ექსტრაქციაც. ახლა ადგილობრივ ანესთეზიას ნაკლებად მიმართავენ, რადგან ეს მაინც სტრესულია ადამიანისთვის და ქირურგიც ვერ იმუშავებს ისე თავისუფლად, რადგან პაციენტი იძაბება, მოძრაობს, ნერვიულობს და ხელს გიშლის. ამიტომ არ არის რეკომენდებული. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვურჩევთ, თუ ცხვირის წვერის აწევა და მსგავსი ცვლილება სურთ და არა, მაგალითად, კეხის გასწორება.

- ტუჩის პლასტიკას თუ იკეთებენ? ფილერს არ ვგულისხმობ.

- ცხადია, ფილერი უფრო ხშირია, მაგრამ ქირურგიულად "ბულ ჰორნის" ტიპის ოპერაციასაც მიმართავენ, ე.წ. ხარის რქის ფორმა აქვს იმ ამოჭრილ კანს. თუკი ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის მანძილი დიდია, ამ შემთხვევაში ტარდება ასეთი განაკვეთი, კანი მოიკვეთება და ზედა ტუჩი ოდნავ ზემოთ აიწევა, ამ დროს არ ხდება უცხო სხეულის, სხვადასხვა ნივთიერების შეყვანა, თავად ტუჩი ამობრუნდება. ეს მუდმივია, მერე რაიმეს დამატებას და კორექციას არ საჭიროებს. უბრალოდ, დროთა განმავლობაში თვითონ ეს განაკვეთი შეიძლება დაეტყოს ხაზად და პაციენტებს წინასწარ ფოტოებსაც ვაჩვენებთ, რათა ინფორმირებული იყვნენ. ეს პროცედურა დაახლოებით 2.000 ლარი ჯდება.

plastikuri-kuzanov-clinic-1706771297.jpg

- მამაკაცები რას ილამაზებენ ყველაზე ხშირად?

- ცხვირის პლასტიკა მამაკაცებშიც­ პირველ ადგილზეა, მეორეზე კი ყურის კორექცია, ოტოპლასტიკა - წინ წამოწეული ყურების თავთან ახლოს მიტანა­. ამის საფასური ადგილობრივი ანესთეზიით 2.500 ლარია, ნარკოზით კი ფასი იზრდება.­ დღეს მამაკაცები აბდომინოპლასტიკასაც იკეთებენ და ლიპოსაქციასაც. ასევე იცილებენ მკერდზე ჭარბ ცხიმს. მუცლის პლასტიკას ის მამაკაცები მიმართავენ, ვინც წონაში მკვეთრად დაიკლო და კანი მოეშვა.

- რა გვერდითი ეფექტები აქვს ლიპოსაქციას?

- ყველაფერს აქვს თავისი გართულება­ და გვერდითი ეფექტი, მაგალითად, დაინფიცირება, თრომბოემბოლია, ცხიმოვანი­ ემბოლიის რისკი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთდროულად რამდენიმე ადგილი მუშავდება. ხშირად, როცა ემიგრანტები ჩამოდიან, ერთ ჯერზე, ერთი ნარკოზით უნდათ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ვურჩევთ, რომ ეს არაგონივრული რისკია და გვიჯერებენ. აბდომინოპლასტიკის ღირებულება 6.500 ლარიდან იწყება, გააჩნია, როგორია მუცლის ზომა, კანის დაკიდების ხარისხი და ა.შ.

- ლიპოსაქციის შედეგი რამდენხნიანია და რეაბილიტაციის პერიოდში რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა? ამ ყველაფერს ხომ მოვლა და შენარჩუნება სჭირდება შემდეგ და რა რჩევებს აძლევთ ხოლმე?

- თუ პაციენტი წონას მეტ-ნაკლებად შეინარჩუნებს და მკვეთრი მატება არ ექნება, შედეგი სამუდამოა. რაც შეეხება რჩევებს­, ინდივიდუალურია, გააჩნია ოპერაციას. თავდაპირველად ვთხოვთ ჭარბი სითხე სითხე არ მიიღონ, რათა შებერილობა არ გამოიწვიოს, თუმცა არც მინიმალური რაოდენობაა კარგი, ბალანსი უნდა დავიცვათ, რაც აღადგენს დაკარგული სითხის მოცულობას და თან ძალიან არ შეგვაშუპებს. პაციენტებს ყველა რეკომენდაციას ვუმეორებთ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. რეაბილიტაციის პერიოდში თავის დაზოგვა მნიშვნელოვანია, წოლითი რეჟიმი არავის ენიშნება, რა თქმა უნდა. მუცლის ოპერაციის შემდეგ მეორე დღესვე ფეხზე ვაყენებთ და პაციენტი აქტიური ხდება. მერე ერთხანს უნდა შევზღუდოთ კილომეტრაჟი, მძიმე წონის აწევა, ფიზიკური აქტივობა - ვარჯიში, ალკოჰოლი და ა.შ.

რინოპლასტიკა არის ოპერაცია, რომლის შედეგის ნახევარიც, ალბათ, შემდგ­ომ მის მოვლაზეა დამოკიდებული, ტრავმებს უნდა მოვარიდოთ, არ შეიძლება 3-4 თვე სათვალის გაკეთება, ალკოჰოლი, სტრესი, ღამის თევა, ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. რეაბილიტაციის პროცესს მათთან ერთად ვაკონტროლებთ.

სტატია, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში "კვირის პალიტრა" (N5) იხილეთ სრულად - პლასტიკური ოპერაცია თუ ფილერი?!