ბომბრაკეტა პუტინის არმიის "დასაუთოებლად" - უკრაინამ მიიღო უნიკალური იარაღი, რომელიც მსოფლიოში ჯერ არავის გამოუყენებია - კვირის პალიტრა

ბომბრაკეტა პუტინის არმიის "დასაუთოებლად" - უკრაინამ მიიღო უნიკალური იარაღი, რომელიც მსოფლიოში ჯერ არავის გამოუყენებია

ტრამპის მომხრე ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების მხრიდან მესამე თვეა, იბლოკება სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინის არმიისთვის, რამაც უკრაინის დამცველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა ფრონტის ხაზზე, თუნდაც 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების კატასტროფული დეფიციტის შექმნის გამო - თუკი დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ძალები სხვადასხვა კალიბრის 20 ათასზე მეტ საარტილერიო ჭურვს ესვრიან უკრაინელების პოზიციებს, უკრაინელ არტილერისტებს მხოლოდ 2 ათასი ჭურვით პასუხის გაცემა თუ შეუძლიათ ანუ - ათჯერ ნაკლების...

ასეთ რთულ მომენტში ნებისმიერ სამხედრო დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და უკრაინელებს გუშინ სულზე ჩაუსწრო ახალი სახის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამერიკულმა შეიარაღებამ, რომელმაც შეიძლება დიდი საფრთხე გაუჩინოს რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვან ობიექტებს და თანაც ფრონტის ხაზის ღრმა ზურგში...

მაგრამ, როგორ შეძლო აშშ-ის ხელისუფლებამ სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინაში, თუკი ეს კვლავ დაბლოკილი აქვთ ტრამპისტ ამერიკელ კონგრესმენებს?

საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს პროგრამა USAI-ში (უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივა) ჩაიდო უკრაინისთვის ერთი კონკრეტული ტიპის შეიარაღების პარტიის მიწოდება, რისთვისაც თანხები მაშინვე გამოიყო (შესაბამისად, აღარ არის აუცილებელი დღეს ამ დაფინანსების დამტკიცება კონგრესიდან), მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო, ეს გუშინდლამდე, 2024 წლის 31 იანვრამდე ვერ განხორციელდა...

untitled-3-1706781483.jpg
„ჰაიმარსიდან“ სტარტაღებული GLSDB-ი, სარაკეტო ძრავისა და საავიაციო ბომბის განცალკევებამდე...

ეს ტექნიკური პრობლემები კი, ეტყობა, გარდაუვალი გახლდათ, რადგან უკრაინის არმიამ გუშინ ოფიციალურად შეიარაღებაში მიიღო ის, რაც თავად პენტაგონის არსენალშიც კი არ არის, უფრო სწორად კი, ეს იარაღი მსოფლიოში ომების დროს, დღემდე, არავის გამოუყენებია, რადგან ის... უბრალოდ, არ არსებობდა...

დღე-დღეზე რუსი ოკუპანტები თავის თავზე გამოცდიან შეიარაღების ახალი სახეობის -მართვადი ბომბრაკეტების - GLSDB-ის მთელ სიძლიერეს!

GLSDB-სი ანუ Ground Launched Small Diameter Bomb იშიფრება, როგორც „სახმელეთო ბაზირების მცირე დიამეტრის ბომბი“- ეს არის ამერიკული "ბოინგისა" და შვედური "სააბის" ერთობლივი არაორდინარული შეიარაღების სახეობა, რომლის ანალოგები მსოფლიოში არ არსებობს.

წარმოიდგინეთ საავიაციო ბომბი, რომელსაც ბომბდამშენი თვითმფრინავი კი არ აგდებს, არამედ... "ჰაიმარსის" რაკეტა მიწიდან უშვებს, 130 კგ-იანი ეს ბომბი 150 კმ-მდე მიფრინავს (პლანირებს) და უძრავ მიზანს ერთი-ორი მეტრის სიზუსტით ხვდება!

საქმე ის არის, რომ "ჰაიმარსიდან" 45, 84, 150 და 300 კმ-ზე მფრენი სხვადასხვა კალიბრის უმართავი და მართვადი რაკეტების გაშვება შეიძლება, მაგრამ თითოეული ასეთი რაკეტა ძალიან ძვირად ფასობს, ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა კი საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის, M26-ის სამარშო-სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ასეთ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი.

რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის "ნაჯვარი" სტარტს იღებს "ჰაიმარსის" დანადგარიდან, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითაც გზას GPS-ის დახმარებით მიიკვლევს. არსებობს ამ ბომბის გაუმჯობესებული ვარიანტებიც, რომლებიც აღჭურვილნი არიან ინფრაწითელი და აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებითაც, რაც მოძრავი სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებასაც იძლევა.

ამ პლანირებადი საავიაციო ბომბის ჩვეულებრივი ვარიანტი კი, რომელიც დიდი რაოდენობით დამზადდა, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია 150 კმ-ზე მფრენ "ჰაიმარსის" ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე, რომლის ფასი 168 ათას დოლარს აღწევს, ხოლო 300 კმ-ის ფრენის რადიუსის მქონე ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი აერობალისტიკური რაკეტის - ATACMS-ის ფასი კი ერთ მილიონ დოლარს აჭარბებს.

2-b1-1706775656.png
GLSDB-ის ბომბრაკეტის „ნაჯვარს“ მოცილებული და ფრთებგაშლილი მართვადი საავიაციო ბომბი GBU-39-ი პლანირებისას…

GLSDB-ის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რასაც "ჰაიმარსის" ყველაზე "ჭკვიანი" რაკეტაც ვერ შეძლებს - თუკი მოწინააღმდეგის პოზიცია მთის უკანა კალთაზეა, მისი დაზიანება რაკეტით ურთულესია, რადგან რაკეტის ფრენის ტრაექტორია ასე მკვეთრად ვერ შეიცვლება, მთის წვერის გადაფრენის შემდეგ, GLSDB-ისთვის კი ეს პრობლემა არ არის, რადგან სარაკეტო ძრავას მოცილებული საავიაციო ბომბი პლანირებას იწყებს, შეუძლია მკვეთრი მანევრის შემდეგ გამობრუნდეს და მთის კალთაზე შეფარებულ მოწინააღმდეგეს ზურგის მხრიდან (საიდანაც არავინ ელოდება) დაეცეს.

გასული წლის შემოდგომიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აქტიურად დაიწყეს პლანირებადი საავიაციო ბომბების გამოყენება, რისთვისაც შედარებით ადვილ ხერხს მიაგნეს -საბჭოთადროინდელ 250, 500 და 1 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს დაუყენეს პლანირებისა და კორექციის მოდული (გასაშლელი ფრთები ГЛОНАСС-ის ან GPS-ის ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მართვით), რამაც მათ საბრძოლო თვითმფრინავებს საშუალება მისცა, ფრონტის ხაზამდე მიუსვლელად, არანაკლებ 50 კმ-ის სიშორიდან ჩამოეყარათ ეს პლანირებადი საავიაციო ბომბები, სამიზნეების დიდი სიზუსტით დაზიანების გარანტიით.

მართალია, რუსულ ბომბდამშენებს ასეთი გადაკეთებული ბომბები ხშირად რუსულ ქალაქებსა და სოფლებშიც უვარდებათ, სანამ უკრაინის ცამდე მიაღწევენ (გაიხსენეთ რუსული ბელგოროდის „დაბომბვა“ ორი ამგვარი ბომბით) და ვერც ფრონტის ხაზიდან 50 კმ-ში უკან გაქცევა შველით (ხერსონის ოლქში სამი რუსული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენის ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგდება უკრაინელების ამერიკული „პეტრიოტებიდან“ გაშვებული საზენიტო რაკეტებით, 120-150 კმ-ის სიშორიდან), მაგრამ საერთო ჯამში, ასეთი პლანირებადი ბომბებით მაინც დიდ ზიანს აყენებენ უკრაინის დამცველების საფორტიფიკაციო ნაგებობებს ფრონტის ხაზზე და მის ზურგში.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს არ გააჩნიათ იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ საკადრისი პასუხი გასცენ რუს ოკუპანტებს -თითეული საბრძოლო თვითმფრინავი ოქროს ფასად უღირთ და ამიტომაც მათ შეირაღებაში ისეთი პლანირებადი საავიაციო ბომბების გამოჩენა, რომლებსაც მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების 150 კმ-ზე დაზიანება შეეძლებათ და, ამასთან, მათ გასაშვებად ჩვეულებრივი „ჰაიმარსები“ გამოდგებიან (რომლებსაც არც აეროდრომები სჭირდებათ და მათი გადამალვაც ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე - თვითმფრინავების), დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს...

3-b1-1706781516.png
GBU-39-მა მიაგნო სამიზნეს - რუსული საზენიტო-სარაკეტო С-400-ის საცეცხლე პოზიციას და მასზე ზუსტ პიკირებას იწყებს...

...ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკული მხარე GLSDB-ების მნიშვნელოვან რაოდენობას გაუგზავნის უკრაინის არმიას - დღეს უკრაინელი არტილერისტების შეიარაღებაში 40 ერთეულზე მეტი М270 MLRS-სი (12 რაკეტის გამშვებით) და M142 HIMARS-სი (6 რაკეტის გამშვებით) უნდა იყოს ანუ თეორიულად მათ ერთდროულად 400 GLSDB-ის ზალპის მიცემაც კი შეუძლიათ, რასაც რუსეთის ასე ნაქები ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემაც კი ვერ მოიგერიებს...

სინამდვილეში კი ასეთ ტაქტიკას უკრაინის გენშტაბი, რა თქმა უნდა, არ აირჩევს - ის დაელოდება დაზვერვის მიერ გამოვლენილი და დადასტურებული მნიშვნელოვანი რუსული სტაციონალური ობიექტების ზუსტი კოორდინატების მიღებას, რის შემდეგაც ფრონტის ხაზიდან 120 კმ-ის სიღრმეში („ჰაიმარსების“ ფრონტის ხაზთან 30 კმ-ზე ახლოს მიყვანა სახიფათოა, რომ რუსული კამიკაძე-დრონების „ლანცეტების“ სამიზნე არ გახდნენ) GLSDB-ს გაუშვებს...

GLSDB-ის ინტენსიურად და მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოყენებამ, წესით, უნდა შეამციროს უკრაინის არმიის მოთხოვნა დეფიციტურ საარტილერიო ჭურვებზეც, რადგან ერთი უძრავი სამიზნის დასაზიანებლად ხშირად 20-30 ან უფრო მეტი (დამოკიდებულია ჭურვების ტექნიკურ მდგომარეობაზე, ამინდზე, ჰაუბიცების ლულების ტექნიკურ მდგომარეობაზე და ბოლოსდაბოლოს - თავად არტილერისტების პროფესიონალიზმზე) 155 მმ კალიბრის უმართავი საარტილერიო ჭურვი იხარჯება მაშინ, როდესაც ეს „პრობლემა“ მხოლოდ ერთი მართვადი GLSDB-ის გაშვებამ შეიძლება „მოხსნას“, რაც ასევე ბევრად იაფი დაჯდება, რადგან დეფიციტური 155 მმ-კალიბრიანი ერთი საარტილერიო ჭურვის გასაყიდი ფასი „უსინდისო კაპიტალისტებმა“ 5 ათას ევროზე მეტად გააძვირეს...