ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დოპინგტესტზე ჩავარდა - კვირის პალიტრა

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დოპინგტესტზე ჩავარდა

ქართულ სუფრებზე ხშირად გაიგონებთ სადღეგრძელოს მოგონებებზე, მწარე ტკბილად რომ გაგახსენდებაო. 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ირაკლი ცირეკიძის შემთხვევაში პირიქით მოხდა - ტკბილი მწარედ გაახსენდა: მან დეკემბერში ჰოლანდიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ამსტერდამში ნამცხვარი გასინჯა, რომელსაც სპორტსმენთათვის აკრძალული მცენარის თესლი ჰქონია შერეული (საქართველოსგან განსხვავებით ჰოლანდიურ კულინარიაში ყაყაჩოსა და მსგავსი ყვავილების თესლის გამოყენება დაშვებულია).

ამსტერდამიდან ცირეკიძე იაპონიაში გაემგზავრა, სადაც ძიგორო კანოს დიდ მუზარადზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი, როგორც ყველა პრიზიორი, დოპინგზე შეამოწმეს და სისხლში კანაბოიდების ჯგუფის "აკრძალული ხილის" კვალი აღმოუჩინეს. დავაკონკრეტებთ: მარიხუანისა.

ამ ფაქტს ირაკლი ცირეკიძე წერილობითაც გამოეხმაურა, მოხსენებაში ჰოლანდიური ნამცხვრის ამბავი ჩაწერა: ალბათ, სწორედ ის შეიცავდა მარიხუანას, მე კი ინგლისური არ ვიცი და ვერ გავიგეო.

***

მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციამ ირაკლის სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული სერიოზულ სასჯელს ერთი გარემოების გამო გადაურჩა, - პრეპარატი, რომელიც მის ორგანიზმში აღმოაჩინეს, სტიმულატორი არ არის და მისი მიღების შემდეგ სპორტული შედეგები არ უმჯობესდება, პირიქით, მოდუნებას იწვევს. ასე რომ, ცხადია, ცირეკიძე აკრძალულ პრეპარატს განზრახ, მედლის მოგების მიზნით ვერ მიიღებდა.

***

ასეა თუ ისე, დოპინგზე ჩავარდნას ძიუდოისტისთვის შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. იგი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის იბრძოდა და ქულას ქულაზე "აწებებდა". ტოკიოში მესამე ადგილის დაკავების შედეგად მოპოვებული ქულები მის აქტივს უკვე ჩამოაკლდა. დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ კი რჩება ერთადერთი შეჯიბრება - ევროპის ჩემპიონატი. მისი მოგების შემთხვევაში ირაკლი ცირეკიძის რეიტინგს 180 ქულა შეემატება, თუმცა მაინც ვერ დაეწევა 100 კილოგრამამდე წონაში უშუალო კონკურენტ ლომერ ჟორჟოლიანს, რომელიც საერთო ჩათვლაში ოლიმპიადის ლიცენზიანტთა შორისაა.

თუ გუნდურ სპორტში მოთამაშეებს მთელი სეზონის განმავლობაში მოედანზე კვირაში ორჯერ უწევთ გამოსვლა და მინიმუმ 10 თვის განმავლობაში სათანადო ფორმაში ყოფნა მოეთხოვებათ, ძიუდოში გაცილებით ნაკლები დროა საჭირო ერთი კონკრეტული შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, ცირეკიძეს შეუძლია ოლიმპიადისთვის თუნდაც ინდივიდუალურად მოემზადოს და თუ ოპტიმალურ კონდიციებს მიაღწევს, კარგი შედეგიც უჩვენოს. მაგრამ ჩნდება კითხვა: რამდენად სამართლიანია ლონდონის ოლიმპიადის წინ ცირეკიძის ჟორჟოლიანზე წინ დაყენება? სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოპინგსკანდალის გამო ლომერთან შედარებით ირაკლის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი საგრძნობლად შემცირდა.

***

ჭიდაობაში დოპინგის ტესტებზე დადებითი პასუხი იშვიათობაა, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც არის. ქართველი ძიუდოისტებიდან არავინ გვახსენდება, რამდენიმე წლის წინათ კი დოპინგზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი ჩავარდა.

ძიუდოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ამბავი ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონის (2008) ვენ ტუნის დისკვალიფიკაციაა, რომელსაც ორწლიანი იძულებითი დასვენება გამოუწერეს. ასეთივე ვადით დასაჯეს ძიუდოში ამერიკის 2009 წლის ჩემპიონი ჯოშ ო’ნილი. სასჯელი ჯერ არ გამოუტანიათ უზბეკი მოჭიდავისთვის, რომელმაც აზიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აკრძალული პრეპარატის მიღების შემდეგ მოიპოვა.

***

დავუბრუნდეთ ირაკლი ცირეკიძეს. იგი 29 წლისაა და შესაძლოა, მის კარიერაში ლონდონში გამოსვლა ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსი ყოფილიყო (ან იყოს). 2016 წლის ოლიმპიადისთვის როგორ კონდიციაში იქნება, არავინ იცის. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მას 2008 წელს პეკინში ოქროს მოპოვების შემდეგ თითქმის ორი წელი არ უჭიდავია, კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ძიუდოს დაუბრუნდა და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ირაკლი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ძიუდოისტია, რომელსაც მოგებული აქვს როგორც ოლიმპიადა, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი. სპორტის ამ სახეობაში ცირეკიძის გარდა კიდევ სამი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს: შოთა ჩოჩიშვილი (1972), შოთა ხაბარელი (1980) და ზვიად ზვიადაური (2004).

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)