The Telegraph-ის სკანდალური სტატია - "ევროპის დასასრული: ბრიუსელი პუტინს, დიდი ალბათობით, ვერ შეაჩერებს და ვერც ტრამპს დაამუხრუჭებს" - კვირის პალიტრა

The Telegraph-ის სკანდალური სტატია - "ევროპის დასასრული: ბრიუსელი პუტინს, დიდი ალბათობით, ვერ შეაჩერებს და ვერც ტრამპს დაამუხრუჭებს"

ბრიტანული გაზეთის - „ტელეგრაფის“ (The Telegraph) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია-კომენტარი სათაურით - „ევროპის დასასრული: კონტინენტს ეკონომიკური, სამხედრო და დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლის უნარი აღარ აქვს“ (ავტორი - ალისტერ ჰიტი, გაზეთ The Sunday Telegraph-ის მთავარი რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მოვიდა დრო, რომ ძველი ევროპის გარდაცვალება დავიტიროთ. მისი დაცემის პროცესი იმდენად შორს არის წასული, რომ კონტინენტი საკუთარ უბედურებას - „საბედისწერო თოკის ყულფს“ ვეღარ ამჩნევს, რომელშიც მალე თავის გაყოფა მოუწევს. პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელია. დედამიწის ოდესღაც ყველაზე მდიდარი და განვითარებული კონტინენტის დასასრული ახლოვდება... და მის დამამცირებელ კრიზისს მთელი დანარჩენი მსოფლიო უყურებს. ევროპის „პათოლოგია“, რომელშიც განსაკუთრებით გამორჩეულად ჩანს კატასტროფული ეკონომიკური ვარდნა, თითქმის სრული გეოპოლიტიკური არარელევანტობა, მიგრაციული კრიზისი და დემოკრატიის დეფიციტი, თვითონ მათივე [ევროპელების] მიერ არის გამოწვეული. ნეგატიურ პროცესებს უკვე მრავალრიცხოვანი მეტასტაზები აქვთ.

დაგროვებული პრობლემები იმდენად რთული და შიშისმომგვრელია, რომ ევროპულ პოლიტიკურ ელიტას მათი მოგვარება უკვე აღარ შეუძლია. საქმე ეხება იმ დემაგოგ პოლიტიკოსებს, რომლებიც უზრუნველი სახით მართავდნენ ევროპის სოციალური დეზინტეგრაციის პროცესებს და სიტუაცია საბოლოოდ უარყოფით ეკონომიკურ ზრდამდე, სამხედრო უძლურებამდე და საშინელ დემოგრაფიამდე მიიყვანეს. გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და სხვა ქვეყნები სოციალური აფეთქების ზღვარზე არიან მისულნი, თვით ფერმერებიც კი ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი რადიკალიზებას იშვიათად თუ ავლენენ, მაგრამ ახლა მათაც „მოთმინების ფიალა აევსოთ“.

ევროპელი ამბიციური ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი მიზნის მიღწევა აქვთ დასახული, თავს ამერიკაში უფრო კარგად იგრძნობენ, ვიდრე - ევროპაში, განსაკუთრებით - ფლორიდისა და ტეხასის შტატებში, სადაც მცირე გადასახადების გადახდა მოუწევთ, ცხოვრებით კი - უკეთესად იცხოვრებენ, უფრო თავისუფლად, ევროპისაგან განსხვავებით. მათ ნაკლები რისკები ექნებათ „ტოტალური ომის“ წინაშე დგომასთან მიმართებით.

ევროპასა და აშშ-ის შორის 248-წლიან შიდადასავლურ მეტოქეობაში მუდამ მხოლოდ ერთი გამარჯვებული იყო - ამერიკა. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ამერიკაც „ავადმყოფია“, რაზედაც მისი საკუთარი სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი მეტყველებს, რომელიც ე.წ. „გამოღვიძების იდეოლოგიითა“ და „გერიატრიული რევანშით“ არის გამოხატული, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის. და მაინც, ამერიკის შეერთებულ შტატებს - პარიზისაგან, ბერლინისაგან, რომისაგან ან ბრიუსელისაგან განსხვავებით, ჯერ კიდევ საკმარისად აქვს შემორჩენილი კაპიტალიზმისა და მეწარმეობის დინამიკური სული, სიყვარული მეცნიერების, მერიტოკრატიისა და ტექნოლოგიებისადმი, რათა ამჟამინდელი პრობლემები გადალახოს.

ევროპის უდიდესი მემკვიდრეობა - კაპიტალიზმის, პიროვნების თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სხვა ფასეულობების სახით - სამომავლოდაც იარსებებს, მაგრამ ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროპის კონტინენტს უკან დასახევი გზა აღარ აქვს, ის სულ უფრო მეტად ეფლობა ჭაობში - მძლავრობს ნიჰილიზმი, ანტილიბერალიზმი და შურიანი პოლიტიკა. ევროპას არ შეუძლია წინ აღუდგეს ისლამურ ექსტრემიზმს და ანტისემიტიზმს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის („ბრეკსიტის“) შემდეგაც კი, რომელიც ბრიუსელისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, ევროპაში მაინც არაფერი შეცვლილა. ევროპის მმართველმა კლასმა ლონდონის წასვლა „ნორმიდან გადახრად“ შეაფასა და ამით საკუთარი დაცემის პროცესი გააძლიერა. ევროპამ ყურად არ იღო გაფრთხილება თავისივე ამომრჩევლებისაგან, რომ მათთვის მოესმინა.

ევროსტატის პროგნოზით, ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობის პიკი - 453,3 მილიონი მცხოვრები - ორი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი, შემდეგ კი, 2100 წლისათვის, 419,5 მილიონამდე დაეცემა, აზიიდან და აფრიკიდან მასობრივი მიგრაციის მიუხედავად. შობადობის დონის მკვეთრი შემცირების გამო, დაჩქარდება მოსახლეობის დაბერების პროცესი. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების საყოველთაო კეთილდღეობა გაუარესდება, გადასახადები გაიზრდება, ახალგაზრდა თაობა იძულებული იქნება, მეტი ფული გადაიხადოს მოხუცების ჯანმრთელობის დაცვისა და პენსიებისათვის. ევროელიტის ერთადერთი რეცეპტი გამოხატული იქნება იმაში, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება მიგრაციის პროცესი, რომელსაც, თავის მხრივ, ექსტრემიზმის სახიფათო დონემდე ზრდა მოჰყვება. საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში მიგრანტების ინტეგრირება შეუძლებელი გახდება, ამ ფონზე კი მმართველი ელიტები გააგრძელებენ ტყუილებს, რომ ყველაფერი კარგად არის. ევროპა გარდაუვალ კატაკლიზმს მიუახლოვდება.

დღეისათვის აშშ-სა და ევროკავშირს შორის, ცხოვრების დონის მიხედვით, განსხვავება იზრდება. 2023 წლის ბოლო კვარტალში აშშ-ის მთლიანმა შიდაპროდუქტმა (მშპ) 3,3%-ით მოიმატა, ამ დროს კი ევროპამ „ნულოვანი ზრდა“ აჩვენა. ევროკავშირის ლოკომოტივის - გერმანიის ეკონომიკა ისევ შემცირდა.

ევროპულმა ეკონომიკურმა მოდელმა, თავისი მაღალი გადასახადებით და მკაცრი რეგულირებით, სიტუაცია ათწლიან დაბალ მწარმოებლობამდე (შრომის დაბალ ნაყოფიერებამდე) მიიყვანა და ახლა ევროპელი ლიდერები თვითონვე [უგუნურად] ხურავენ თავიანთ სოფლის მეურნეობას, რათა მავნე გაზების გამოფრქვევის ნულოვან დონემდე მიაღწიონ. გერმანია ანადგურებს საკუთარ ავტომრეწველობას, ევროპა იძულებული გახდება ჩინური ავტომობილების იმპორტი გააფართოვოს. სამწუხაროდ, „სამრეწველო სტრატეგიისა და სუბსიდიების ათწლეულის“ განმავლობაში ევროპაში მსოფლიო დონის ტექნოლოგიური ინდუსტრიის შექმნა ვერ მოხერხდა. ეკონომიკური თვითმკვლელობა უკვე იწვევს ენერგიული და უჭკვიანესი ადამიანების გაქცევას ოკეანის იქით.

არანაკლებ საოცარია ევროპის გეოპოლიტიკური არარელევანტობაც, რომლის თავდაცვას ამერიკელი გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფს: ჰუსიტებთან ბრძოლაში რატომღაც არსად ჩანან ფრანგები, ხოლო საფრანგეთის არმიის ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ აჩრდილიღაა ოდინდელი „ჩვენ თვითონ“-ისაგან, ამიტომაც, ნამდვილ ბრძოლაში რომ ჩაებას, ფრანგული ჯარი დატვირთვას ვერ გაუძლებს. გერმანიის არმია ხომ საერთოდ არაფერს აღარ წარმოადგენს, [ბუნდესვერისგან მხოლოდ სახელწოდებაა დარჩენილი]. 2022 წელს გაცხადებული დაპირება, რომ ევროპული არმია შეიქმნებაო, დაპირებად დარჩა. კონტინენტი თითქმის მთლიანად დემილიტარიზებულია, სამხედრო მრეწველობა - ჩამკვდარი, არ არის საკმარისი პერსონალი და მოწყობილობები, არ არსებობს მეტი საბრძოლო მასალის წარმოების არც რესურსი და არც შესაძლებლობა. ევროპა ვერაფრით პასუხობს რუსეთის სამხედრო მრეწველობის ტემპების ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელი ვლადიმერ პუტინს, დიდი ალბათობით, ვერ შეაჩერებს. ევროპა არაფერს აკეთებს დონალდ ტრამპის წინსვლის დასამუხრუჭებლადაც. სამაგიეროდ, ძლიერდებიან ევროპელი ულტრამემარჯვენეები - გერმანელი „ალტერნატივის“ მოყვარულები და ფრანგი „ექსეროვნულფრონტელები“.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ის საოცარი მოვლენებიც, რაც დიდ ბრიტანეთში ხდება. მიმდინარე წელს შესაძლებელია ლეიბორისტების გამარჯვება, რომლებიც აშკარად ვერ აცნობიერებენ ევროპაში შექმნილი სიტუაციის სიმძიმეს. მათ გულწრფელად სწამთ, რომ ბრიტანული ეკონომიკის გამოსწორება ევროპის საერთო ბაზართან ან საბაჟო კავშირთან მიერთებით იქნება შესაძლებელი - მიუხედავად იმისა, რომ ევროპა თვითონაც კრიზისშია.

მოკლედ, ევროპის დასასრული ახლოვდება, ამიტომ დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი მთავრობისათვის აბსურდული გადაწყვეტილება იქნება, თუ ქვეყნის გარდაქმნის დროს ევროპის მდგომარეობას არ გაითვალისწინებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო