ფარული ომი და კოდუას „კოდი“ - სააკაშვილის მახე პატარკაციშვილისთვის და კიწმარიშვილის სკანდალური მემუარები - კვირის პალიტრა

ფარული ომი და კოდუას „კოდი“ - სააკაშვილის მახე პატარკაციშვილისთვის და კიწმარიშვილის სკანდალური მემუარები

საინფორმაციო სიახლეები და მშრალი ფაქტები რეალობის მხოლოდ უმცირესი ნაწილია, პოლიტიკა კი „კულუარებში იხარშება“. კულისებიდან გამოტანილი ინფორმაცია კი ძალზე არასანდოა და რამდენიმე წყაროს საშუალებით უნდა დაზუსტდეს. ეს წყაროები კი პროცესების უშუალო მონაწილეთაგან „წამოსული“ ინტერვიუები, მოგონებები და მემუარებია. სიმართლის დადგენის პრობლემები სწორედ აქედან იწყება, რადგანაც ყველა მოგონება და მემუარული ხასიათის წიგნი ძალზე სუბიექტურია. აბა დაფიქრდით : ისტორიას ისე ყვები, როგორც შენ გაწყობს და თან ალამაზებ „პლეხანოვის ფასადებივით“ – იმის მიღმა კი რაა, ამაზე სხვამ უნდა იმტვრიოს თავი.

განსაკუთრებით მონადირე–მეთევზეებსა და პოლიტიკოსებს უყვართ ძველი „საგმირო საქმეებით“ ბაქი–ბუქი და ბუხარში ნაცრის „ქარბორბალით“ მსმენელ–მკითხველზე შთაბეჭდილების მოხდენა. ამიტომაცაა, რომ მემუარული ხასიათის ლიტერატურა კრიტიკული ყურადღებით, გამადიდებელი შუშით და „ბასრი სკალპელითაა“ წასაკითხი. ამ „ქირურგიულ პროცესს“ მით უფრო მაშინ ვერ გავექცევით, როდესაც ახლო წარსულის მოვლენების ანალიზი გვინდა. ამიტომ ბევრი ბაქი–ბუქიდან, ბევრი ტყუილი „ქირურგიული სკალპელითაა“ ამოსაკვეთი, რათა მცირე სიმართლე მაინც დარჩეს. ამ დროს ტყუილ–მართალი ბროწეულივით უნდა გაირჩეს: დამღლელია, თუმცა საბოლოოდ შედეგი მომცემი.

ოდის და როგორ საუბრობენ პოლიტიკოსები საკუთარ თავზე? პასუხი ამგვარია: როცა სჭირდებათ და სუბიექტურად!

უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მოკვდავს გვაქვს ეს ნაკლი: საკუთარი პერსონის წარმოჩინების (ხანდახან ტრაბახისაც) სურვილი, თუმცა ზოგიერთს ეს სურვილი განდიდების მანიად ექცევა და მაშინ „დაფრინავს ღრუბელ–ღრუბელ“.

საკუთარ თავზე საუბრისას სიმართლის დადგენა ისევე ძნელია, როგორც თივაში ნემსის პოვნა. თუმცა ჭეშმარიტებასთან ოდნავ მიახლოების იმედით ღირს ამდენი შრომა. არ მინდა ზემოთქმული „ფილოსოფიურ წიაღსვლებად“ ჩათვალოთ, რადგანაც ეს ეხება ხელისუფლებისთვის ბრძოლას, დაუნდობელ ბრძოლას წესების გარეშე.

ჩვენ შემთხვევაშიც ასეა: ზურაბ ჟვანიას საეჭვო გარდაცვალების დეტალებში გასარკვევად იმ პერიოდის ქართული პოლიტიკის ორი „მძიმეწონიანი მოთამაშის“ ბადრი პატარკაციშვილისა და ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებისა და საუბარ–ინტერვიუების ანალიზია აუცილებელი. მერწმუნეთ, არ მოიწყენთ.

ქართული „პოლიტიკური კროსვორდებიდან“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და დღემდე გაურკვეველი საკითხია პატარკაციშვილის საქართველოში დაბრუნების და აქაურ, რუსეთთან შედარებით „პროვინციულ“, პოლიტიკაში ჩართვის რეალური მოტივაცია. ასევე მისი კავშირი, თუ ურთიერთობა რუსეთის სპეცსამსახურებთან. ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2006 წლის 23 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა პუტინის პირადი მტერი ალექსანდრე ლიტვინენკო, ხოლო მისი მკვლელი (მაშინ მთავარი ეჭვმიტანილი, დღეს კი უკვე დადასტურებული) ბადრი პატარკაციშვილის პირადი დაცვის უფროსი ანდრეი ლუგოვოი აღმოჩნდა. ამ პიროვნებას ძალზე ახლო კავშირი ჰქონდა, როგორც ლიტვინენკოსთან, ასევე ბერეზოვსკისთან და პატარკაციშვილთან. ბერეზოვსკის ლონდონში გაქცევის შემდეგ, ლუგოვოი ბადრის პირადი დაცვის უფროსი გახდა და საქართველოშიც მრავალჯერაა ნამყოფი.

დიდი ბრიტანეთის სასამართლო ხელისუფლება დღემდე ამაოდ ითხოვს ლიტვინენკოს მკვლელობის მთავარი „შემოქმედების“ ანდრეი ლუგოვოისა და დიმიტრი კოვტუნის გადაცემას. რუსეთის ხელისუფლებამ აშკარა თვითლუსტრაცია უკვე მაშინ მოახდინა, როდესაც “უდანაშაულო” ლუგოვოი 2007 წელს სასწრაფოდ რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შეაფარა. ანდრეი ლუგოვო დღესაც რუსეთის სათათბიროს წევრია. პარალელურად პუტინის „სამხედრო პროპაგანდისტიცაა“. აქვე ვიტყვი, რომ ის სანქცირებულია აშშ-ს, ევროკავშირის, იაპონიის და კიდევ სხვა ქვეყნების მიერ.

photo-1706856518.jpg

ანდრეი ლუგოვოი

საინტერესოა ერთი გარემოებაც: ლუგოვოის გადეპუტატებას ხელი არ შეუშალა იმ ფაქტმა, რომ ის ბრალდებული იყო პუტინის პირადი მტრების: ბერეზოვსკისა და გლუშკოვის დახმარებისთვის.

2001 წლის 11 აპრილს რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის („ო–ერ–ტე“) უშიშროების სამსახურის უფროსმა, ანდრეი ლუგოვოიმ (რომელიც მაშინ უკვე პატარკაციშვილის „მარჯვენა ხელი“ იყო) და „აეროფლოტის“ ორმა თანამშრომელმა სცადეს ბორისის და ბადრის მეგობრის, ნ. გლუშკოვის საავადმყოფოდან ფარული გაპარება, თუმცა ეფ–ეს–ბემ ისინი დააკავა. ამის შემდეგ „შავი ღრუბლები“ პატარკაციშვილის, როგორც „გაქცევის მთავარი ორგანიზატორის“, „ცაზეც“ ჩამოწვა, ამიტომაც მან სასწრაფოდ დატოვა რუსეთი. 2001 წლის 29 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვის სასამართლომ ბადრის დაუსწრებლად წაუყენა ბრალი განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის „ავტოვაზის“ საქმეზე. რუსულმა მხარემ რამდენჯერმე მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას მისი ექსტრადირება. 2001 წლის 22 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გლუშკოვის გაქცევის მცდელობის ორგანიზებაში ბრალდებულის, პატარკაციშვილის რუსეთში ექსტრადირებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა, რადგანაც ადგილობრივი კანონმდებლობა კრძალავს მისი მოქალაქეების ექსტრადიციას უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებშიო. შევარდნაძე და მოგვიანებით სააკაშვილი (სანამ პატარკაციშვილი, . ჟვანიასთან ერთად, დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებდა), ბადრის ვერ ელეოდნენ, რადგანაც „აქაური საქმეებისთვის“ მისი ფინანსები სჭირდებოდათ.

photo-1706856580.jpg

ბადრი ჰიპერაქტიურად ჩაერთო „ქართულ პოლიტ–ეკონომიკურ ორომტრიალში“: 2002 წელს შექმნა პირველი ქართული მედიაჰოლდინგი „იმედი“; იყიდა ცირკის ისტორიული შენობა, თბილისის საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები "დინამო"; ურეკში დაიწყო „იმედის „ქალაქის“ მშენებლობა და ა.შ . კარგად მახსოვს იმ წლებში რა მოწიწებით საუბრობდნენ ურეკში ბადრიზე, განსაკუთრებით პოლიციის ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები და პოლიკლინიკის პერსონალი.

პარალელურად, ბადრი საზოგადოებრივ ორგანიზაციებშიც იკიდებდა ფეხს: 2003 წელს ის საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა; 2004 წლის დეკემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად; დასახელდა 2004 წლის ყველაზე პოპულარულ ბიზნესმენად საქართველოში და ა.შ.

ამ დროს „საწყალი“ ლუგოვოი კი მოსკოვის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც წელიწადი და ორი თვე აყურყუტეს. 2004 წელს სასამართლომ ლუგოვოის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, რადგანაც იზოლატორში მოიხადა სასჯელი. ეს გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილის ჩარევის გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა მიღებული. ამის შემდეგ ა. ლუგოვოი „ძველ ხელობას“ დაუბრუნდა (წლების მანძილზე ის ხომ დაცვის ფედერალური სამსახურის ოფიცერი იყო) და დაცვის კერძო სტრუქტურები შექმნა. გათავისუფლების შემდეგ ლუგოვოის მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბერზოვსკისთან და პატარკაციშვილთან: ჩადიოდა მათთან ლონდონში და თბილისშიც.

პატარკაციშვილის გაძლიერება ბევრს ძილს უფრთხობდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რუსთავი–2 გენერალური დირექტორი ე. კიწმარიშვილი ხელისუფლებისთვის მთავარ საფრთხედ სწორედ პატარკაციშვილს თვლიდა. „სააკაშვილს ვურჩევდი, რომ ბადრი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდა და ვითხოვდი, რომ მას თავისი ტელევიზია “იმედი” თავის შენობიან-აპარატურიანად საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის ეჩუქებინა .. . სანაცვლოდ, ჩვენ ბადრის კომპენსაციას გადავუხდიდით და შემდეგ რაც უნდოდა ის ეკეთებინა, უნდა ბიზნესში დარჩეს, უნდა პოლიტიკაშიო “ – წერს მოგონებებში ეროსი კიწმარიშვილი, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი For.ge-მ გამოაქვეყნა. „ამას ვითხოვდი, არა როგორც ბიზნესმენი ან ტელევიზიის მფლობელი, არამედ როგორც რევოლუციით მოსული ერთ-ერთი ხელისუფალი, რომლისთვისაც მთავარი რევოლუციის შედეგის შენარჩუნება იყოო“, – ასე „თავმდაბლურად“ აფასებდა საკუთარ ღვაწლს ე. კიწმარიშვილი.

2004 წლის ბოლოს სააკაშვილისა და მის „გუნდის“ მთავარი „თავის ტკივილი“ ჟვანია–პატარკაციშვილის შესაძლო პოლიტიკური ალიანსი გახდა. მათ ალბათ აკანკალებდათ, როდესაც ზ. ჟვანიას პოლიტიკურ ალღოსა და გამოცდილებას ბ. პატარკაციშვილის უზარმაზარ ფინანსურ რესურსებთან გაერთიანებულს წარმოიდგენდნენ. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საპოლიციო და უშიშროების აგენტურული და ოპერატიულ–ტექნიკური შესაძლებლობები არა გარეშე მტრების, არამედ არსებული და შესაძლო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნა მობილიზებული. ერთ ფაქტს გეტყვით და თავად განსაჯეთ: საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2006 წელს ჩატარდა შსს ცენტრალური აპარატის მიერ 2005–2006 წლებში გაწეული საფინანსო ხარჯების შემოწმება. დადგინდა, რომ მხოლოდ 2005 წელს შსს–მ ე.წ. „მე–9 მუხლით“, სადაც აგენტურულ და ოპერატიულ–ტექნიკურ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები (ე.წ. „ფარული ხარჯები“) აისახება, ორ მილიონ ხუთასი ათასი ლარი (ეს თანხა ზუსტად ათჯერ მეტია 2003 წელს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის გამოყოფილ ერთობლივ „ფარულ ხარჯებზე“) გახარჯა. აქედან თითქმის 800 ათასი ლარის ხარჯვის დამადასტურებელი ოპერატიული (ფარულ თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების „ცნობები“ და ოპერატიულ–ტექნიკურ ოპერაციებზე დახარჯული თანხების ამსახველი „პატაკები“) და ფინანსური დოკუმენტები ( თანხების ჩამოწერა ბუღალტრული „მე–9 მუხლით“) არ არსებობდა. რატომ? იმიტომ რომ ისინი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ „მეშვიდეს“ (ფარული თვალთვალი) და „ოტო“–ს (ფარული მიყურადება და ვიდეოკონტროლი) უკანონო ოპერაციებზე გაიცა! ვფიქრობ კარგად ჩანს, რომ 2005 წელს „პოლიციური სახელმწიფოს“ აშენება იწყებოდა!

მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და 2007 წლის 23 დეკემბერს ცივ ლონდონში, თუმცა აგიზგიზებულ ბუხართან მოსაუბრე ორი „უცნაური“ ადამიანის შეხვედრას გაგახსენებთ. 2007 წლის 23 დეკემბერს პატარკაციშვილი-კოდუას „ლონდონური საუბრის“ ფარული აუდიო ჩანაწერის ანალიზის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ემოციები და მოწინააღმდეგის დაუფასებლობა დამღუპველია. თან სერიოზული ეჭვი შეგეპარებათ: ეს ნამდვილად ის არკადი–ბადრია, რომელიც თავისი „ბექგრაუნდით“ ტრაბახობდა? ეს ის პატარკაციშვილია, რომელიც ბერეზოვსკისთან ერთად, რუსეთში პრემიერ–მინისტრებს („უბრალო“ მინისტრები რა მოსატანია) ნიშნავდა და ხსნიდა? მაშინ ბადრი შეცდომას, შეცდომაზე უშვებდა: ის ღიად და დაუფარავად საუბრობდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე, ხოლო სააკაშვილის და მერაბიშვილის წასვლა-მოსვლის საკითხებს ისე დაწყნარებული წყვეტდა , თითქოს პრეფერანსის მორიგ პარტიას თამაშობსო.

რა დონის თვითდაჯერების „ტრანსში“ უნდა ყოფილიყო პატარკაციშვილი, როცა ქვეყნის ძირითადი სპეცსამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფის – სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი კოდუას გადაბირებას ცდილობდა? ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერების მტკიცება, კოდუა თვითონ დაგვიკავშირდა და მოლაპარაკებების დაწყება მისი ინიციატივა იყოო, განა უფრო დასაეჭვებელი არ უნდა ყოფილიყო? გასაოცარია, თქვე კაი ხალხო, თუ ასე დაჟინებით მოდიოდა კოდუა კონტაქტზე, თუ პროვოკაციაზე, მით უფრო არ უნდა გაფრთხილებულიყავით? ვინმე გაიძულებდათ ყველა დეტალზე საუბარს?

ძალზე გასაკვირი იყო ბადრის ამგვარი გულახდილობა სპეცსამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან. უფრო მეტიც: მაშინ პატარკაციშვილმა ვერ იგრძნო, ვერ აუღო ალღო კოდუას დამატებით დამაზუსტებელ კითხვებს, რომლებზეც პასუხით ბადრი იძულებული გახდა უფრო და უფრო მკაფიოდ გადმოეცა და დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. გავიხსენოთ, კოდუა რამდენჯერმე აზუსტებს: მერაბიშვილს რა ვუყოთ? მიშა სად წავა? შეხლა-შემოხლა, რომ მოხდეს მერე? უცხოელი დამკვირვებლები რას იტყვიან? და ა. შ. ამ ფარული აუდიო ჩანაწერიდან კარგად ისმის, რომ პატარკაციშვილი ისე გაერთო თვითრეკლამითა და ტრაბახით, რომ უფრო მეტი წამოსცდა ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი აიტანს. ოლიგარქი შემდეგ ამტკიცებდა: „კოდუა ლონდონში შეხვედრას დაჟინებით მთხოვდა, ვიცოდი პროვოკაციას, რომ მიმზადებდნენ მაგრამ მაინც შევხვდიო“, – ეს ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია. პატარკაციშვილი თავს კი იზღვევდა, როდესაც საუბარს ფარულად იწერდა (ჩემი აზრით უნდა არსებობდეს ამ შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერიც), თუმცა ყველაფერი ვერ გათვალა. ღალატი ვერ გათვალა.

პატარკაციშვილს და მის მომხრეებს უნდა სცოდნოდათ, რომ კოდუა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, დამოუკიდებელ თამაშს ვერცერთ შემთხვევაში ითამაშებდა, რადგანაც მისი სატელეფონო კონტაქტები და “ფარული” შეხვედრები თბილისში, მით უფრო ლონდონში პატარკაციშვილთან, უმალვე გახდებოდა ცნობილი ხელისუფლებისთვის. ასე გაება სააკაშვილის (და მის ზურგს უკან მდგომი უცნობ–ნაცნობების) მიერ დაგებულ მახეში, ამგვარ საქმეებში ძალზე გამოცდილი პატარკაციშვილი. ბუნებრივია კოდუას ბადრისთან შეხვედრის ნებართვა საქართველოს პრეზიდენტისგან ექნებოდა მიღებული. თავად მას კი ვინ ურჩია ამ „ოპერატიული კომბინაციის“ ჩატარება – აი ესაა საინტერესო.

(მეთხუთმეტე ნაწილის დასასრული)