"ბევრია ისეთი ქალი, რომელსაც შინ საყვარელი ჰყავს და გარეთ - ქმარი... 23 წელი რესტორანში ვმუშაობდი და იმდენი რამ ვიცი, ყველაფერი რომ ვთქვა, შეიძლება ხალხმა ერთმანეთი დახოცოს"
"ასეთ დროს, შეიძლება ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ხელიც გიბიძგონ, რომ უფსკრულში გადაიჩეხო"
როგორ პასუხობს დაუმსახურებელ ცილისწამებას მზია გეწაძე?
"ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ადამიანში მხოლოდ ცუდს ეძებს, რომ უკეთესად დასცინოს და დაამციროს!", - გულისტკივილით ამბობს მომღერალი მზია გეწაძე. ის თავის ცხოვრებასა და უიღბლო ქორწინებაზე დაუფარავად საუბრობს, რის გამოც, სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდა:
- ჩემი ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ ხმამაღლა ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შემიძლია, პირდაპირ ვთქვა შიშველი სიმართლე და არ დავმალო ის, რასაც სხვები გულში იმარხავენ. სწორედ ამიტომ სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გავხდი. რატომ? - ტელეკამერების წინაშე, ხმამაღლა ვთქვი ის, რაც გამოვიარე და საქართველოში უამრავ ქალს გამოუვლია: ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი, რაც 20-30 წლის წინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახი შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გვქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მძიმედ მიიღო: წარმოიდგინეთ, რა ძნელია, როცა ტრადიციულ ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც - ბავშვთან ერთად... ამ დროს შეიძლება, დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ხელიც გიბიძგონ, რომ უფსკრულში გადაიჩეხო.
- თუმცა ოჯახის დანგრევა დღეს აღარავის უკვირს.
- დღეს - კი, მაგრამ წლების წინ სულ სხვა სიტუაცია იყო. მართალია, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ეს კავკასიაა, სადაც მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს, როცა მის ცოლს დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და წინააღმდეგობას უწევს. ზოგიერთები ახლაც ვერ ხვდებიან, რომ მამაკაცმა ქალის სიტყვას პატივი უნდა სცეს, ისევე, როგორც ქალმა - კაცის სიტყვას - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება კარგი ოჯახის შექმნა და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. პატივისცემა სიყვარულზე მაღლა დგას და როცა ეს გრძნობა ქრება, ჩემი აზრით, ყველაფერი მთავრდება! სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციებიც ხელს უწყობს, რომ მამაკაცი ყოველთვის დომინანტი იყოს. ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა: ოჯახში გოგო რომ გაჩნდება, უკვე დაჩაგრულია, რატომ? - იგულისხმება, რომ ის წავა, გათხოვდება, ოჯახი კი ბიჭს დარჩება. არადა, კანონი ამბობს, რომ მშობლების ქონებაზე ორივეს თანაბარი უფლება აქვს. ადრე, ოჯახი რომ შეიქმნებოდა, ქმართან განშორება გამორიცხული იყო. ქალს ბოლომდე უნდა მოეთმინა, თუნდაც, მისი ქმარი პათოლოგი ყოფილიყო და ცემა-ტყეპაში ეცხოვრა. მშობლები ვერც კი უშვებდნენ, რომ მათი შვილი თუ გათხოვდებოდა და თუ ქმარს ვერ შეეგუებოდა, უკან დაბრუნებულიყო. ამიტომ ყველაფერი იღბალზე იყო დამოკიდებული: ან გაგიმართლებდა, ან - არა...
- თუმცა, საკმაოდ მტკიცე და კარგი ოჯახებიც იქმნებოდა...
- როგორც გითხარით, ზოგს უმართლებდა - ქმარს ეჩვეოდა და ეგუებოდა, ზოგი კი - ბოლომდე ითმენდა ადამიანს, რომელიც არ უყვარდა. მეც სულ ვფიქრობდი, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, მაგრამ პათოლოგ და მოღალატე ქმარს თავის დროზე უნდა მოშორდეს. მგონი, ასეთ დროს ჯობია, წერტილი დროულად დასვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მაინც ქალი რჩება: გულში ყველა საყვედურობს, რომ შვილებს მამა დაუკარგა, ვიღაც ეჭვის თვალით უყურებს, ვიღაც ჭორაობს... სამწუხაროდ, მეც არ გამიმართლა და ამ საშინელი წნეხის გავლა მომიხდა; მეც ბევრჯერ გავხდი იმ ადამიანების სამიზნე, რომლებიც ყოველთვის ყველაფერში ქალს ამტყუნებენ და არ უფიქრდებიან, ყოველთვის ქალი როგორ არის დამნაშავე?!
ორიოდე მაგალითს მოვიშველიებ: მე მყავს ნაცნობი, რომლის ქმარს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ცოლს სცემდა. როგორც იქნა, გამოექცა, მაგრამ ახლაც დასდევს, აკითხავს და სიცოცხლეს უმწარებს, სამწუხაროდ, არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კარგი ცოლი ასეთ კაცსაც მოარჯულებსო (!)
ისეთი შემთხვევაც მახსოვს, როცა ახალგაზრდა გოგო სამჯერ გამოექცა მოძალადე ქმარს და მშობლებმა სამივეჯერ უკან დააბრუნეს, იმ მოტივით, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ბევრი რამ უნდა მოითმინოს. ამასობაში, სამი შვილი გაუჩნდათ და სანამ ქმარმა შუბლზე იარაღი არ დაადო, მანამ არ გამოაშორეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად, მშობლებიც სცოდავენ! დისჰარმონიულ ოჯახში ქალიც წვალობს, შვილებიც, ერთ შეცდომას მეორე ემატება, მეორეს - მესამე და ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ბავშვები ითრგუნებიან.
- არანაკლებ მტკივნეულია საზოგადოებრივი წნეხი და ჭორები - ამაზე როგორ რეაგირებთ?
- ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე! უნდა ნახოთ, როგორ კომენტარებს წერდნენ ჩემზე, როცა ტელევიზიით გამოვედი და ამ საკითხზე ხმამაღლა ვილაპარაკე. ძირითადად, ქალები მიწერდნენ ცილისმწამებლურ, ბოღმიან კომენტარებს, რასაც ბევრი ვერ გაუძლებდა. ამ ჭორიკანა ადამიანებს ვინ მისცა უფლება, რომ სხვები გაკიცხონ და განსაჯონ? ასე ხომ შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანონ?! როცა ვინმეს საშინელებებს დაუწერ, არ უნდა იფიქრო, რომ მას ოჯახში დედ-მამა, შვილები და ახლობელი ადამიანები ჰყავს? რა იცი, მათ როგორი რეაქცია ექნებათ?! კიდევ კარგი, რომ გულშემატკივარი უფრო მეტი მყავს, სწორედ ისინი მამხნევებენ და მაძლევენ ცხოვრების ხალისს.
- თქვენი აზრით, რატომ გახდით ბულინგის მსხვერპლი?
- ალბათ, იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ და არ ვმალავ, თორემ, რამდენი ქალი იცით, რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც, მაგრამ ჩუმადაა და არავინ ერჩის? 23 წლის განმავლობაში რესტორანში ვმუშაობდი, იქ ყველაფერი ხელისგულზე ჩანს და იმდენი რამ ვიცი, ყველაფერი რომ ვთქვა, შეიძლება ხალხმა ერთმანეთი დახოცოს. ასეთი ქალი, სახლში რომ საყვარელი ჰყავს და გარეთ - ქმარი, ძალიან ბევრია, მაგრამ აბა, ერთი მიდი და რაიმე აკადრე...
- "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონში ისეთი ქალის როლს ასრულებთ, რომელიც ასე არ მოგწონთ. ამ როლის თამაში არ გიჭირთ?
- ეს როლი ჩემთვის ნამდვილი საჩუქარი იყო, რადგან ამჟამად უმუშევარი ვარ, სტაბილური სამსახური არ მაქვს. ქალი, რომლის როლსაც სერიალში ვასრულებ, ჩემი ანტიგმირია. არ ვიცი, როგორ მოვერგე, მაგრამ მოვერგე. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისა, ვინც ხელი შემიწყო, რომ ამ სერიალში მეთამაშა.
- გარდა გულშემატკივრებისა, რა განიჭებთ მომავლის ინტერესს და ცხოვრების ხალისს?
- ის, რომ სირთულეების მიუხედავად, არ გავბოროტდი. ძალიან მომწონს, რომ შემიძლია ვიმღერო, ვიცინო და ადამიანებს ჩემი სიყვარული ვაჩუქო - ეს არის ჩემი პასუხი დაუმსახურებელ ბულინგსა და ცილისწამებაზე! როგორიც ვარ, ისეთი ვარ და ვინც მიმიღებს, ჩემი თავი შემოევლოს. გული იმაზე მტკივა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანში კარგი ეძებოს, ცუდს ეძებს, რომ მერე "უკეთესად" დასცინოს და დააკნინოს! კიდევ კარგი, რომ ჩვენი შვილების თაობა ასეთი არ არის. მაგალითად: ჩემს მშობლიურ ქუთაისში საუკეთესო ახალგაზრდობა მოდის... ეს ბავშვები სულ სხვაგვარად აზროვნებენ, ისინი ბევრად უფრო ლაღები და დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით და დარწმუნებული ვარ, გაცილებით ჯანსაღ და კარგ საზოგადოებას შექმნიან.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)