უნიკალური კადრები: რუსულ-უკრაინული საზღვაო ბრძოლა - როგორ წაიყვანა "საიქიოში" კრეისერმა "მოსკვამ" გემი "ივანოვეცი" - კვირის პალიტრა

უნიკალური კადრები: რუსულ-უკრაინული საზღვაო ბრძოლა - როგორ წაიყვანა "საიქიოში" კრეისერმა "მოსკვამ" გემი "ივანოვეცი"

1-ლი თებერვლის გამთენიისას, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დონუზლავთან ნამდვილი საზღვაო ორთაბრძოლა გაიმართა, რომლის პერიპეტიები უცნობი დარჩებოდა, რომ არა უკრაინულ კამიკაძე-კატარღებზე დამონტაჟებული სითბური ხედვის კამერების მიერ გადაღებული, მართლაც რომ უნიკალური კადრები...

მიუხედავად იმისა, რომ ეს საზღვაო ორთაბრძოლა სიბნელეში მიმდინარეობდა, თბოვიზორები კარგად აფიქსირებდნენ რუსული სარაკეტო კატარღის სითბურ კონტურს და განსაკუთრებით კი - მისი ძრავების მუშაობისას გამოყოფილ მაღალ ტემპერატურას.

სითბური კონტურით განისაზღვრა და შემდეგ დადასტურდა კიდეც, რომ უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმის მთავარი სამიზნე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილი 1241.1 პროექტის სარაკეტო კატარღა „ივანოვეცი“ აღმოჩნდა.

მართალია, ეს მცურავი საშუალება დიდ სარაკეტო კატარღად იწოდება ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, კლასიფიკაციით (რადგან იმ დროს საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში ასევე იმყოფებოდნენ მცირე სარაკეტო ხომალდები და მცირე სარაკეტო კატარღები, მაგალითად, 206მრ პროექტის სარაკეტო კატარღა - „თბილისი“, რომელსაც ჩვენთან დიდი სიამაყით სარაკეტო ხომალდსაც კი ვეძახდით), მაგრამ მისი სრული წყალწყვა 469 ტონას აღწევდა და, დასავლეთის საზღვაო კლასიფიკაციით, ის კორვეტის კლასს შეესაბამება (ნატოში ამ ტიპის კატარღებს „ტარანტულ-3“ ტიპის კორვეტებად მოიხსენიებენ, თუმცა მისი საბჭოთა შიფრი „მოლნია“ გახლდათ), ამიტომაც არცთუ ხელწამოსაკრავი რუსული სამხედრო მცურავი საშუალება წამოაგეს „ანკესზე“ უკრაინელებმა.

1-kat-1706862054.png
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატარღა „ივანოვეცი“, რომელიც უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა იმსხვერპლეს - ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით -„მოსკიტით“ შეიარაღებული ეს რუსული სარაკეტო კატარღა, სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოში იმ რუსულ საზღვაო არმადის შემადგენლობაში იმყოფებოდა, რომელმაც მაშინ საქართველოს ტერიტორიული წყლების ბლოკირება განახორციელა და აფხაზეთში საზღვაო დესანტი გადმოსხა...

დავუბრუნდეთ საზღვაო ორთაბრძოლის პერიპეტიებს, რომელთა ვიდეოკადრები უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ოპერატიულად გაავრცელა - პირველი უკრაინული კამიკაძე-კატარღა კიჩოს (მცურავი საშუალების უკანა ნაწილი) მხრიდან უტევს რუსულ „ივანოვეცს“, მარჯვენა ბორტთან ეჯახება და ფეთქდება, მეორე კამიკაძე ანალოგიურ საზღვაო მანევრს იმეორებს, ოღონდ ამჯერად შეტევას „ივანოვეცის“ კიჩოს მარცხენა ბორტთან ახდენს...

ეს ტაქტიკა ეტყობა, შემთხვევით არ იქნა შერჩეული - საქმე ის არის, რომ „მოლნიას“ ტიპის ეს საბჭოთა/რუსული სარაკეტო კატარღები („ივანოვეცი“ წყალში 1989 წელს იქნა ჩაშვებული) გამოირჩევიან მაღალი სიჩქარით და მაქსიმალური, 42 კვანძის(77,7 კმ/სთ) განვითარება შეუძლიათ, რის შემთხვევაშიც, უკრაინული კამიკაძე-კატარღები შეიძლება, ვეღარ დასწეოდნენ მას (რუსული კატარღიდან შეამჩნიეს უკრინული კამიკაძეები და მათ ინტენსიური სროლა დაუწყეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რაზეც მეტყველებს ზღვის ზედაპირზე ტყვიების მოხვედრისას წარმოქმნილი წყლის შხეფები). ამიტომაც, უკრაინელმა ოპერატორებმა, რომლებიც 200 კმ-ზე შორი მანძილიდან დისტანციურად მართავდნენ ამ კამიკაძე-კატარღებს (სწორედ ეს მანძილი აშორებს ყირიმის დონუზლავს ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროდან, საიდანაც ძირითადად ხორციელდება უკრაინელების საზღვაო ოპერაციების მართვა), პირველი დარტყმები რუსულ „ივანოვეცს" სწორედ კიჩოს ნაწილში მიაყენეს, ძრავებისა და საზღვაო ხრახნების დასაზიანებლად, რათა რუსული კატარღა უმოძრაოდ დაეტოვებინათ.

ამის შემდეგ კი იწყება „ივანოვეცის“ „დახვრეტა“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ორი კამიკაძე ერთმანეთის მიყოლებით ეჯახება რუსული კატარღის მარცხენა ბორტს სწორედ იმ ადგილის ქვეშ, სადაც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების „მოსკიტების“ ორი გასაშვები კონტეინერია დამონტაჟებული, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დეტონირდებიან ორი, თითოეული 4 ტონა მასის „მოსკიტები“(„მოსკიტის“ 300 კგ-იან საბრძოლო ქობინში 150 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებაა განთავსებული) და...

...რუსული სარაკეტო კატარღის - „ივანოვეცის“ ბედი გადაწყვეტილია - ის კიჩოთი ეშვება შავი ზღვის ფსკერისკენ, ცხვირი ტალღებს ზემოთ მოჩანს - ამას იღებს კიდევ ერთი უკრაინული კამიკაძე-კატარღის სითბური კამერა და მის ოპერატორს ეტყობა გული სწყდება - შეტევის ობიექტი თვალსა და ხელს შუაში უქრება-ეძირება...

2-kat-1706865581.png
უკრაინული კამიკაძე-კატარღა შეტევისას, როდესაც მას რუსული ხომალდიდან ესვრიან და წყლის ზედაპირზე ტყვიების მოხვედრისას შხეფები წარმოიქმნება...

ჯერჯერობით უცნობი რჩება ჩაძირული რუსული სარაკეტო კატარღის ეკიპაჟის - 40 ოფიცრის, მიჩმანისა და მატროსის ბედი, რამდენი მათგანი გადარჩა, რადგან ბორტზე აფეთქებების გარდა, მათ სიცოცხლეს შავი ზღვის წყლის დაბალი ტემპერატურაც დაემუქრებოდა, სანამ მაშველები მივიდოდნენ...

რომ არა უკრაინული კამიკაძე-კატარღების ბორტებიდან გადაღებული ეს ვიდეოკადრები, ამ შთამბეჭდავი საზღვაო ორთაბრძოლის შესახებ ბევრი ვერავინ გაიგებდა, ისევე, როგორც ჯერჯერობით უცნობი რჩება რუსეთის იმავე შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული ხომალდსაწინაარმდეგო რაკეტებით დაზიანების შემდეგ ჩაძირვის მთელი პერიპეტიები, რომლებიც, რა თქმა უნდა, გადაღებული აქვთ მის საშველად მისულ რუს სამხედრო მეზღვაურებს, მაგრამ ციხეში ჩაჯდომის შიშით მათ ჯერ ვერ აქვეყნებენ, მხოლოდ რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრი გავრცელდა, მარცხენა ბორტზე დაფერდებული და კვამლში გახვეული „მოსკვასი“, რისი გადამღებ-გამავრცელებლის კვალი იკარგება...

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მალე ორი წელი შესრულდება და ამ პერიოდში უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 21 სხვადასხვა კლასისა და ტიპის მცურავი საშუალება გამოიყვანეს მწყობრიდან, მათ შორის - 14 გაანადგურეს/ჩაძირეს, ხოლო 7 კი მძიმედ დააზიანეს და ეს მაშინ, როდესაც თავად უკრაინას სამხედრო ფლოტი, ფაქტობრივად, არც ჰყავს და მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონებისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების იმედზეა...