ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ვადაგასულ საკუთარ ბელადს გვთავაზობს, ვერ ხედავს რეალობას!
ჰაიდეგერის მსჯელობაში - "განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის", ერთ მნიშვნელოვან პასაჟს მივაგენი. ადამიანი მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გაგრძელებაზე არ ფიქრობს. იგი მას ხშირად ავითარებს და მიმართულებას უცვლის, ხშირად უარს ამბობს იმაზე, რაც მის ბიოლოგიურ სიამოვნებას აძლიერებს. ცხოველი „აწარმოებს“ მხოლოდ თავისთვის. მისი პროდუქტი უშუალოდაა დაკავშირებული მის ფიზიკურ ორგანიზმთან, მის სიამოვნებასთან. ცხოველი იმ მიზნით აფორმებს მატერიას, რა მოთხოვნილებაც მოცემულ მომენტში გააჩნია. ადამიანს, შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ იმ მომენტში არსებული სურვილის მიხედვით, ასევე - დაუპირისპირდეს თავის პროდუქტს...
ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თუკი ეს ცოცხალი ორგანიზმი არის ადამიანი, მას გააჩნია აზროვნების საშუალება, მაშინ ის არ იკარგება ნივთობრივ და მატერიალურ სამყაროში, არამედ - პიროვნება შრომის ნაყოფში ხედავს თავის თავს. ნივთი კარგავს მთავრის მნიშვნელობას და ის არასოდეს ხდება გავლენის საგანი, სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებაში, აღარაა „ნივთი“, შუამავალი ინდივიდთა შორის...
აღარ გავაგრძელებ. ერთობ მარტივად ახსნილია და პირდაპირ გეტყვით - გაჭირვებულო ადამიანებო, არ დაიჯეროთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია ჩვენნაირებზე დარდობს. პირიქით, ჩვენ მათ ვჭირდებით, რომ წლიდან წლამდე ხელისუფლებას ევაჭროს. ვინაიდან ამათი პოლიტიკური ტვინების აზროვნება უფრო შორს ვერ მიდის.
დღეს უშუალოდ ოპოზიციაზე ვწერ! მათგან ითქმის არა ქვეყნისთვის საჭირო სიტყვა, არამედ - ვისმენთ ზედაპირულ, იდეებისგან დაცლილ ამბებს...
მაგალითად: გამოეფინება მთელი ოპოზიცია და დაგვყვირიან, არიქა, რომელიღაც კულტურულ ძეგლს აფუჭებენო, ტაძარს ანგრევენო. 2009 წელს იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვომ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა: „რაც დღეს ბაგრატის ტაძარზე ხდება უფრო კაშხლის გამაგრებას ჰგავს, ვიდრე - ტაძრისას. პირდაპირ ფიზიკური ქსოვილია დაზიანებული და ჩაწყობილია არმატურა"...
წერილი ვრცელია და აქ მხოლოდ ამაზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ, ვამბობ, რომ შენი მმართველობის პერიოდში უარესი რომ ხდებოდა, რატომ არ აღიარებ და ილანძღები დღეს?! ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მსგავსი თემები არ გაინტერესებს და, უბრალოდ, მანიპულირებ?სხედხართ გადაცემებში და გაჰყვირიხართ, ეს ხელისუფლება კორუმპირებულიაო. რატომ არ შეგიძლია მოიყვანო კონკრეტული მაგალითები ან უჩივლო კონკრეტულ პიროვნებას, ვინაიდან არავინ არის კორუმპირებული, კანონს მორჩილებს მთელი ქვეყანა და აი, იმან გაბედა? „იმ“ ხელისუფლების დროს, როდესაც სააკაშვილს პირადი მასაჟისტები ჩამოჰყავდა და სხვა მსგავსი მრავალი ფაქტი იყო, რატომ არ ამბობ,- არც ჩვენ ვიყავით მართლები და არც აი, ეს არის სწორი ქვეყნის წინაშეო. მოდი, დავინდოთ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყანა ვაშენოთ?!
როდესაც ამბობ, რომ ეს ხელისუფლება მიწებს ასხვისებს, ისიც თქვი, 1 ლარად გადაცემული რამდენი მიწა აქვთ სააკაშვილ-მერაბიშვილს?
თითქმის ყოველ დღე დაგვყვირით, რომ ესენი რუსეთუმეები არიან, მაგრამ თქვენს, უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებულ წევრებზე, არაფერს ამბობთ. ანაც, რატომ არიან რუსეთუმეები? ველოდები განმარტებას და არც არაფერს ვისმენთ მსგავსს.
შედარებისთვის ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო.
იყო „ოპოზიცია“, საერთოდ არ ნიშნავს, გამოიგონო ინფორმაცია, ცილი დასწამო, დეზინფორმაცია გაავრცელო, ოპონირების ნაცვლად შეურაცხყო...
წლების მანძილზე არ გაგიანალიზებიათ წარსული, ვერ გვეუბნებით, რა სიახლეს სთავაზობთ ხალხს. არასოდეს, ამ ხნის მანძილზე, არ ყოფილა ხელისუფლების ნამდვილი ოპონირება და ყველამ ვიცით თქვენი შიდადაპირისპირებების შესახებაც.
შეუძლებელია ასეთმა ჯგუფებმა დაძლიონ პოლიტიკური უკულტურობა, დაეუფლონ დიალოგის კულტურას, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას ან მოერგონ კანონს და ქვეყანას.
ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში იმისთვის მოდიან, რომ გავლენები გაიფართოვონ და საკუთარი ქონება დაიცვან, შეუძლებელია რაიმე ახალი შესთავაზონ ჩვენს ქვეყანას. ეს არის პირველი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ვერ განვითარებისა.
ბუდისტები ამბობენ, რომ ტვინი ჰგავს გაგიჟებულ მაიმუნებს, რომლებიც ტოტიდან ტოტზე დახტიან. ეს ტრიალი არის იმიტაცია აზროვნებისა. ნამდვილი აზროვნება კი გაწეული შრომითა და დაფიქრებით მიიღწევა.
ადამიანის ტვინზეა აქ საუბარი! როდესაც, მაიმუნისგან განსხვავებით, შეგიძლია აზროვნება და პროცესების ან საკუთარი თავის გვერდიდან შეხედვა.
მე ამას ოპოზიციაში ვერ ვხედავ! ის გაცილებით გვიან მიხვდა, რასაც ხალხი კარნახობდა. მაგალითად, იმას, რომ რევოლუციების დრო დასრულდა. განვითარებულ, თანამდროვე საქართველოში მიტინგების ენაც გაუგებარია...
წესით, ხალხი იმასაც გეუბნებათ, რომ ოპოზიცია დღეს იმიტირებულ აზროვნებას გვთავაზობს და ეს არ გვჭირდება! ძალა, რომელსაც ხალხი, მაპატიეთ და, დანაყრების იმედით სურს მიიყვანოს არჩევნებზე, წაგებულია!
იმის თქმა მინდა, - როდესაც არასწორი პოლიტიკოსები იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ეს არ ქმნის სამართლებრივ გარემოს, საზოგადოებას კი სწორი შეფასებები უჭირს. ეს, თავის მხრივ, წარმოშობს უნდობლობას, უნდობლობა კი - აგრესიას...
მოქალაქეებს მოგვენატრა, არჩევანი გავაკეთოთ არა პარტიული ნიშნით, არამედ - სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გამომდინარე.
სწორედ ხალხის დაკვეთაა: „გვეყო ტყუილი და იგნორი“. აღარ გვინდა ორი გაურკვეველი ძალის პამპულები ვიყოთ!
როდესაც ადამიანს აქვს სწრაფვა წარსულისკენ, როგორც ჩვენს ოპოზიციას, რომელიც მუდმივად ვადაგასულ საკუთარ ბელადს გვთავაზობს, ფაქტია, ის ვერ ხედავს რეალობას!
ერთხელ ნიკოლაი ბერდიაევი წერდა: „ბოროტების წინააღმდეგ შემართული ამბოხი უმალვე მონურ ბოროტებად გარდაისახება და მალავს სწორ გზას. ეს არის მონური მორჩილება ბუნებრივი ბოროტებისადმი. ეს უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კრიტიკაზე და ისტორიულ განვითარებაზე. როდესაც იწყება კრიტიკა - კრიტიკისთვის და ხედავ არანაირი არსებითი თემა არ არსებობს ან არსებობს და მალავ, განგებ ცრუობ, მაშინ მოქალაქეებში ყოველგვარი ორგანული იდეის კვდომა იწყება, მაშინ ხდება უმყოფობის დასადგურება და სიცარიელის უძირობა...“