ტრაგედია სროლის გარეშე - კვირის პალიტრა

ტრაგედია სროლის გარეშე

აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. მართალია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემები, მაგრამ 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52.647 მლრდ ლარი შეადგინა, ეს კი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 4.709 მლრდ ლარით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 20.556 მლრდ ლარით მეტია. 2018 წლამდე­ ამ სექ­ტორის ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა ჩარიცხული­ თანხის მოცულობა, ხოლო ახალი­ მეთოდოლოგიით,­ რომლითაც "საქსტატი" უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამიც. 2022 წლის 1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აკრძალ­ული აქვთ 25 წლამდე ახალგაზრდებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს,­ პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდება­ ამ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. მართალია, აკრძალულ პირთა სიაში­ დღეს დაახლოებით მილიონ ნახევარი პირია, მაგრამ სიაში შეყვანილი პირები მაინც ახერხებენ თამაშს. შედეგი უმძიმესია, აზარტული თამაშების გამო არაერთმა მოქალაქემ დაკარგა ქონება. ბევრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ბევრი წაგებული ფულის გამო დანაშაულს სჩადის და ციხეში ხვდება. "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე წლებია ამ პრობლემას ებრძვის, მან კარგად იცის ის ხარვეზები, რაც კანონის ამოქმედების შემდეგ გამოჩნდა. ამბობს, რომ პრობლემა ისევ მწვავეა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს­ მის მოსაგვარებლად.

aritamasho.jpg

- ამ რეგულაციებით, რასაც ველოდით არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება და განსაკუთრებით ის პირები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ საკითხის მოგვარება, არაფერი შეცვლილა. პირიქით, სათამაშო ბიზნესის მოგება ყოველწლიურად იზრდება. იყო 42 მილიარდი ლარი და 52 მილიარდს მიაღწია. როცა გამოქვეყნდება გასული წლის მონაცემები, უთუოდ უფრო მეტად იქნება გაზრდილი. მადლობა თქვენს ჰოლდინგს, რომ ამ ბიზნესის რეკლამირების სურვილი არასოდეს გქონიათ. მართალია, სხვა მედიასაშუალებებს შეეზღუდათ რეკლამირება, სამაგიეროდ, ონლაინსივრცეში გამოჩნდა სათამაშო ბიზნესის რეკლამები. წარმოიდგინეთ, 52 მილიარდ ლარზეა ლაპარაკი. ეს ციფრი რომ გავყოთ ჩვენს მოსახლეობაზე, 3 მლნ 700 000-ზე, გამოდის, თითო კაცს მილიონზე მეტი აქვს დადებული ფსონი. ყველა თამაშობს? - ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა. მაშინ ჩავატაროთ ძირფესვიანი­ კვლევა, დავადგინოთ, რეალურად რამდენი მოქალაქე თამაშობს, რამდენია ფსონი დადებული, რამდენი თანხა გაიცა, რამდენი იყო საქართველოს მოქალაქე, რამდენია ვიზიტიორების დადებული ფსონი. საერთოდ, როგორ ითვლიან ამ თანხებს? ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ასოცირდება სოციალური პრობლემების წარმომქმნელად, სახელმწიფო ვალდებულია ის რეგულირების ჩარჩოში მოაქციოს. რეგულაციები მორგებული უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობაზე ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს. თუ გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მოგიწოდებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ საფინანსო რეგულაციები და გამჭვირვალე გახადეთ სათამაშო მრავალმილიარდიანი ბიზნესიო, იყო ასეთი მოთხოვნა. დაფაცურდა ფინანსთა სამინისტრო, შეიკრიბა პარლამენტში კომიტეტები, რათა მაქსიმალური ფინანსური გამჭვირვალობა იყოს ქვეყანაში, მაგრამ ამაოდ. ესეც მოსახლეობისთვის მორიგი თვალში ნაცრის შეყრაა. მორიგი სატყუარა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინა თვეებში იქნება და წარმოაჩენენ, ვითომ სახელმწიფომ ზრუნვა დაიწყო ამ პრობლემაზე.

როგორც ამბობენ, უნდა ჩატარდეს თემატური მოკვლევები, რათა გავიგოთ, თამაშების გამო რამდენია ფსიქიკური პრობლემების მქონე დაზარალებული პირი. მე კომიტეტის სხდომებზე აღარ მიწვევენ, არ მოსწონთ ჩემი მწვავე გამოსვლები. ამის მიუხედავად, პირადად დავდივარ, ვამოწმებ, ვინიშნავ დარღვევებს. მაგალითად, გასულ კვირას ფოტოკოლაჟიც გავაკეთეთ - სამგორით დაწყებული, გლდანით დამთავრებული, მთელ ქალაქში ბდღვრიალებს კაზინოები, სლოტ-კლუბები და ტოტალიზატორები. არც ერთს არა აქვს რეგულაცია გათვალისწინებული, პირიქით, სათამაშო დაწესებულებებს თავზე აწერიათ გასართობი ცენტრი.სძინავს ქალაქის მერიას? მუნიციპალურ სამსახურს? თბილისის მერსაც მოვთხოვე რეაგირება, გადავუგზავნე განცხადება მუნიციპალური განვითარების ინსპექციას, სადაც მეუბნებიან, თქვენი წერილი განიხილებაო. მათგან რომ პასუხი ვერ მივიღე, კახი კახიშვილთან, რომელსაც პარლამენტში აბარია ეს საკითხები, განცხადება შევიტანე, შედეგი მაინც არ არის. გამოდის, მთავრობა, პარლამენტი ატყუებს მოსახლეობას, რომელიც შველას ითხოვს. ე.წ. კომიტეტის სხდომებზე, რომლებსაც გივი მიქანაძე უძღვებოდა, ამბობდნენ, თურმე თემატური მოკვლევით უნდა დადგინდეს, რამდენი პირია მოთამაშე, რამდენს სჭირდება დახმარება და მერე უნდა მოიძებნოს კერძო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი პირების რეაბილიტაციაზე მუშაობენ, სახელმწიფო მათ გადაურიცხავს თანხებს, რათა იმუშაონ ლუდომანიით დაავადებულ პირებთანო.

- ანუ იგეგმება პროგრამის ამოქმედება?

- ასე ამბობენ, მაგრამ როდესაც იმ არასამთავრობოების თანამშრომლებს ვკითხე, რამდენ ხანში მიაღწევენ შედეგს, რამდენ ხანს უნდა იმუშაონ ლუდომანებთან, მათ მიპასუხეს, დაახლოებით 6 თვე, კვირაში ორი შეხვედრაო. როცა ვუთხარი, მერე ხართ პასუხისმგებელი როგორც ორგანიზაცია, რომ 6 თვეში სრულად გამოაჯანმრთელებთ ლუდომანს და სახელმწიფოსგან მიღებული თანხა წყალში გადაყრილი არ იქნება-მეთქი, მითხრეს, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. მაშინ "დედების ორგანიზაციამ" ვუთხარით ხელისუფლებას, თქვენ შედიხართ კორუფციულ გარიგებაში, იმიტომ, რომ ყველამ იცის, 6 თვის განმავლობაში კვირაში ორდღიანი შეხვედრით ლუდომანი ვერ გამოჯანმრთელდება!ჯანდაცვის კომიტეტს ოფიციალური წერილი გავუგზავნე, სათამაშო ბიზნესიდან გაზრდილი საბიუჯეტო შენატანიდან თუნდაც 2 ან 5% რომ მოვახმაროთ ამ პრობლემას, შედეგი იქნება. მთელ ქვეყანას ხომ ვერ შემოვარტყამთ გალავანს, მაგრამ უნდა შევქმნათ ონლაინჩატები, სადაც 24-საათიან რეჟიმში კვალიფიციური ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იმუშავებენ ლუდომანებთან. როგორ წარმოგიდგენიათ, კახეთიდან, რაჭიდან ან სვანეთიდან ლუდომანი კვირაში ორჯერ ჩამოვიდეს თბილისში? რეგიონული ცენტრები უნდა არსებობდეს, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პირთა თავმოყრა და, მინიმუმ, ერთი წლით უნდა იმუშაოს მათთან კვალიფიციურმა კადრმა.18 დეკემბერს შალვა პაპუაშვილის სახელზეც შევიტანეთ წერილი, სადაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ორგანიზაციის გულისტკივილი კანონს მიღმა მდგომი ბიზნესის აღვირახსნილ მუშაობაზე,­ მის ლობისტებზე, გავაცანით ჩვენი ხედვა, რომ გვინდა სათამაშო დაწესებულებებს მივცეთ გონივრული ვადა, 2 წელი. ამ 2 წლის განმავლობაში მოემზადონ ქალაქგარეთ პერიმეტრებზე გადასასვლელად. სათამაშო ბიზნესი არღვევს რეგულაციებს, განრიდების სიაში მყოფ პირებს ისევ უშვებს კლუბებში. იქ ისევ დადიან საჯარო მოხელეები. ისევ შეუძლიათ ექაუნთების გახსნა სხვისი პირადობით. არასრულწლოვნები იყენებენ ახლობლების ექაუნთებს, რომელთაც 50 ლარად ყიდიან. ასეთი ფაქტი უამრავია. ყოველივე ამის მონიტორინგის უფლება სამოქალაქო სექტორს უნდა მიეცეს. ვითხოვთ, მოგვცენ მონიტორინგის უფლება სახელმწიფოს ჩართულობით. პაპუაშვილთან მიწერილი ჩვენი წერილი წერილად დარჩა.

ჯანმოს გენერალურ წარმომადგენელს შევხვდით, რომელთანაც განვიხილეთ ყველა საჭირბოროტო საკითხი, სტრატეგიაც, დამოკიდებულებთან ურთიერთობაც და მან ჩვენთან თანამშრომლობის უდიდესი სურვილი გამოთქვა. მალე გავგზავნით მასთან მასალას, რომელიც მოვიპოვეთ მონიტორინგის საფუძველზე და ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩვენი თანამშრომლობა. ასევე "დედების ორგანიზაციამ" ამ პრობლემაზე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზეც, სადაც წარმოდგენილი იყო 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია.

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, ეროვნული ბანკით დაწყებული, დამთავრებული კახა ბექაურის უწყებით. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამბობს, კანონში კი არის ჩაწერილი ეს ყველაფერი, მაგრამ კონკრეტული ვალდებულება არა გვაქვს ჩაწერილიო. ფაქტობრივად, კანონი თაროზე შემოვდეთ. ასობით ჩვენი ბენეფიციარია გამოსახლებული სახლებიდან, ვალების გამო დაკარგეს ბინები. 100 გამოსახლებულიდან ყოველი მეოთხე ლუდომანიამ მიიყვანა უსახლკარობამდე. ბევრმა აიღო კერძო მევახშისგან ვალი, ვერ გაისტუმრა და დარჩა ქუჩაში. ბევრი თამაშებმა განსასჯელის სკამამდე მიიყვანა. ნებისმიერი ძალადობა, ნებისმიერი კანონდარღვევა, სისხლის სამართლის დანაშაული მომდინარეობს დამოკიდებულებისგან. დამოკიდებულება უმძიმესი ადიქციური ფორმაა, რომელსაც ვერ აკონტროლებს ადამიანი. ის იძულებულია ჩაიდინოს მძიმე დანაშაული ფულის საშოვნელად. თუ გვინდა გვქონდეს ევროპული სასამართლო, მაშინ დანაშაული კი არ უნდა განვსაზღვროთ იმით, რაც მან ჩაიდინა, დანაშაულში უნდა ვეძებოთ მიზეზი, რამ გახადა იძულებული, რომ დანაშაული ჩაედინა. ამის შესწავლით დავადგენთ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულამდე ბევრი ლუდომანიამ მიიყვანა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ დაისაჯოს დამნაშავე, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიგოთ, რა იყო მოტივი. ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება თემაზე "სათამაშო ბიზნესი და მისი მფლობელები", რაშიც ჩვენც ვიყავით ჩართული. მაგალითად, ისკო დასენი ზის პარლამენტში, რომელიც "კრისტალბეთში" 8-პროცენტიანი წილის მფლობელია, ეს მისი ოჯახის წევრების ბიზნესია. წლებია გადადის ყველა მოწვევის პარლამენტში, არადა, მისი ორატორობა, ქვეყნის პრობლემებზე მსჯელობა არავის მოუსმენია. სასაცილოა ისიც, რომ მას პარლამენტში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფში ვხედავთ. სამორინე "შანგრილას" ხელისუფლებაში რომ არ ჰყავდეს ძლიერი ლობი, მერწმუნეთ, რეგულაციები აღსრულდებოდა. წლებია ვითხოვთ მოსპონ ქუჩაში ყოველ ნაბიჯზე მდგარი გადასარიცხი აპარატებიდან ტოტალიზატორები, სლოტ-კლუბები, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეეძლოთ ფულის შეატანა სათამაშო ბიზნესის სხვადასხვა ანგარიშზე. სძინავს ეროვნულ ბანკს? საჯარო რეესტრში იოლად შეგიძლია დაარეგისტრირო სათამაშო ბიზნესი, თუ 5 მილიონ ლარს გადაიხდი. რამდენიმე თვის წინ რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქემ, რომელსაც აქვს ორივე ქვეყნის მოქალაქეობა, სასტუმრო და კაზინო გახსნა. ბევრი შენობის პირველ სართულებზე განთავსებულია კაზინოები და სხვა სათამაშო დაწესებულებები. მაგალითად, ახლახან პეკინზე გაიხსნა სასტუმრო, რომელსაც პირველ სართულზე კაზინო აქვს. სოციალურად დაუცველები ისევ შედიან ტოტალიზატორებსა და სლოტ-კლუბებში, მხოლოდ დიდ კაზინოებში ვერ თამაშობენ, ონლაინთამაშებიც ისევ ხელმისაწვდომია ყველასთვის. გამოდის, კანონის მიღება მხოლოდ ფასადურად სჭირდებოდათ, თორემ გავიდა 2 წელი და დავიჯერო აღსრულების მექანიზმი ვერ გამოინახა? შემოსავლების სამსახურს თუ მივაწვდით ფაქტებს, მხოლოდ მაშინ მიდიან და აჯარიმებენ ობიექტებს. სათამაშოO ბიზნესის მოვალეობაა მასთან შესული პირი პირადობის მოწმობით გადაამოწმოს შემოსავლების სამსახურის ბაზაში, ნახოს, ხომ არა აქვს აკრძალული თამაში, არადა არც კი სთხოვენ მათ პირადობის მოწმობებს. ჯარიმა პირველ დარღვევაზე 15.000 ლარია, მეორეზე - 30.000. ჩვენი მოთხოვნაა, მეორე და მესამე დარღვევაზე ლიცენზია შეუჩერდეს სათამაშო ბიზნესს. ერთი ორგანიზაცია ვერ მოაგვარებს ამ მწვავე პრობლემას, საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები.