„ხაზარაძე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს. საერთოდაც, რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები...“ - ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

„ხაზარაძე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს. საერთოდაც, რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები...“ - ალეკო ელისაშვილი

"ბიძინა ივანიშვილი წკეპლით გამოვარდა და დაერია თავის პრემიერ-მინისტრებს. ახლა "ქართული ოცნების" ოფისში წესრიგს ამყარებს", - ამბობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი­ სამთავრობო ცვლილებების შესახებ. მისი აზრით, მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, კობახიძე გააანალიზებს, რით აბრაზებდნენ წინამორბედები ივანიშვილს. "მოქალაქეების" ლიდერი ოპოზიციურ ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც საუბრობს და მოვლენების შესაძლო განვითარებას განიხილავს.

- ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში წესრიგის დამყარება დაიწყო, ისევ თავის გემოზე ცვლის ვიღაცებს და პარტიაში უშვებს. კობახიძე კარგად გააანალიზებს, რით და რატომ გაანაწყენეს ივანიშვილი წინა პრემიერებმა, მათ შორის, ღარიბაშვილმა ორჯერ, რა იყო მიზეზი და ეცდება ამ მიზეზების პრევენციას საკუთარ თავში. ფაქტია, რაღაც აბრაზებს ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა თავის პრემიერ-მინისტრებს. ღარიბაშვილს ეს პატივი ორჯერ ხვდა წილად. კობახიძე ისე მოიქცევა, რომ ისიც თავჩაღუნული არ გამოვიდეს და არ გვითხრას ასეთი პარადოქსი, თითქოს ძალიან წარმატებულია და ამ წარმატების პიკზე უშვებენ.

- "ქართული ოცნების" წევრებმა თქვეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ოპოზიციაც დაუჭერს მხარს.

- გამორიცხულია, მე არ ვაპირებ და ოპოზიციაში არც სხვა რომელიმე ძალა მეგულება, რომელიც ირაკლი კობახიძის კაბინეტს მხარს დაუჭერს. ერთადერთი, ვისაც მხარს დავუჭერდი, ეს იქნებოდა პროდასავლური კოალიციური მთავრობა.

- კითხვები თუ გაქვთ კობახიძესთან?

- კი მაქვს, მაგრამ სწორ პასუხებს მივიღებ?! არა მგონია! მართლა მაინტერესებს­, რატომ გაუშვეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ბურჭულაძე, ხოლო პრემიერის პოსტიდან ღარიბაშვილი. კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკურად შეფუთულ, წინასწარ დალაგებულ პასუხს მივიღებ, მე კი გულწრფელი პასუხები მჭირდება.

- თქვით, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილმა­ დასაჯა, თუმცა მას ახლა საპატიო პოზიცია აქვს - მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.

- მხოლოდ ცოტა ხნით დაამშვიდეს. აგერ ნახავთ, ძალიან მალე გაუშვებენ სახლში. თანდათან ყველაფერი გაირკვევა. თქვენ შემთხვევითი ამბავი გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ანტიკორუფციულმა სამსახურმა დეპუტატებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეების მოკვლევა დაიწყო?

- მათ შორის, თქვენიც.

- მე არანაირი პრობლემა არა მაქვს,­ გამოიკვლიონ, სიამოვნებით ვითანამშრო­მლებ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჩემი ანგარიშიდან მთელი ერთი თვის გადარიცხვები მიმატანინეს. მივიტანე, მაგრამ ახლა ისიც მაინტერესებს, კალაძეზე რა ქნეს. სხვებზეც მაინტერესებს, კორუფციულ სქემებში რომ არიან. არა მგონია, რომ ღარიბაშვილის დანიშნული კაცი რამეს გამოიძიებს, მაგრამ მე აუცილებლად მივადევნებ თვალყურს და დავსამ კითხვებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რა იცვლება­ ამ ახალი მოცემულობით ოპოზიციისთვის?

- არაფერი, იმიტომ, რომ ამ საკადრო ცვლილებებით არაფერი შეცვლილა. ოპოზიციას ისევ აქვს ძალიან ბევრი პრობლემა­ და ისევ დაქსაქსულია. ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება ბევრად ყოჩაღად არის, ვიდრე ოპოზიცია, ისევ ერთმანეთის ლანძღვაში არიან. "ნაცმოძრაობა" ხომ ამდენი ხანი ამრევი იყო და მთავარ დესტრუქციულ ძალად რჩება. ისევ რევოლუცია უნდათ და ისევ დანარჩენების მოხრჩობას ცდილობენ,­ ისევე, როგორც "ოცნება". კიდევ ჰგონიათ, რომ ოპოზიციაზე შეტევა კარგი რამეა.

- პარტია "ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიულ ძალას შექმნიან. თქვენ თუ განიხილავთ ამ პარტიასთან თანამშრომლობას?

- ძალიან არ მინდა ოპოზიციონერი კოლეგები გავაკრიტიკო, მაგრამ საშველი არ არის. მე მგონია, "ლელოს" ლიდერები­ არასერიოზულად ლაპარაკობენ. მამუკა ხაზარაძემ რომ თქვა, მთელ საქა­რთველოს საკუთარი მანქანით შემოვივლი და ამომრჩეველს შევხვდებიო. ჯერ ერთი, იმ "ფორდ მუსტანგით" მთელ საქართველოს ვერ შემოივლის, ზოგან ისეთი გზებია.­ ხაზარაძე აშკარად ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს­. კეთილი რჩევაა ჩემი, რომ პიარის ხალხი შეცვალოს. ისეთ ფოტოებს და ვიდეოებს დებს, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ არა ქართველი პოლიტიკოსისთვის. საერთოდაც, რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები. ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესახებ პარლამენტში შეხვედრას არ დაესწრნენ. ნუთუ ჰგონიათ, რომ "ოცნება" თავისით დათმობს ყველაფერს? არაფერსაც არ დათმობს, თუ ოპოზიცია ბრძოლაში არ შეჰყვა.

- "ლელოს" აზრით, ამ შეხვედრაზე დასწრებას აზრი არ ჰქონდა.

- სინამდვილეში ძალიანაც კარგი შეხვედრა იყო. კი, აბსურდული რაღაცებიც ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ არგუმენტირებული რაღაცებიც თქვეს. ძალიან წყნარი და საქმიანი დისკუსია იყო. აი, ტელეკამერები­ არ იყო, ქულების დაწერის შესაძლებლობა არავის ჰქონდა და ცოტა მოსაწყენიც კი იყო, მაგრამ სამუშაო გარემო ნამდვილად იყო, პირველი მოთელვისთვის კარგი. მალე ისევ შევიკრიბებით. ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პარალელურად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტი ის რეკომენდაციებია, რომლებიც მანამდე გაწერილი 12 რეკომენდაციიდან ხელისუფლებამ არ შეასრულა. ახლა საჭიროა განისაზღვროს, რა როლი აქვს პარლამენტს, რომ დეკემბრამდე ვალდებულებები შესრულდეს და ქვეყანა მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს. რატომ არ უნდა მიიღო პოლიტიკურმა პარტიამ ამაში მონაწილეობა, არ მესმის.

ხათუნა ბახტურიძე