სამთავრობო ცვლილებები, პრეზიდენტის დუმილი და „ყოფილების“ პოლიტიკური კომბინაციები
გასულ კვირას უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ თითოეული ასეთი ფაქტი ყველა ქართველის ტრაგედიაა. ყველა ქართველი, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, იბრძვის საქართველოსთვისაც, რადგან მტერი ერთია - პუტინის რუსეთი. გამარჯვებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას.
საქართველოში მთავარი პოლიტიკური თემა, რა თქმა უნდა, სამთავრობო ცვლილებებია. ალბათ, მოისმინეთ ხელისუფლების პოზიციაც და ოპოზიციის განცხადებებიც იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო გადაადგილებები და ამიტომ ამ თემაზე ზედმეტი მსჯელობით არ დაგღლით. ასევე, არასერიოზულია ზოგიერთი ექსპერტის მსჯელობა იმაზე, რომ ახალი მთავრობა კარგია თუ ცუდი, შეცვლის თუ არა რაიმეს დასავლეთთან დამოკიდებულებაში და ა.შ. დაველოდოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველ ნაბიჯებს და შემდეგ უკვე შესაძლებელია დასკვნების გაკეთება. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობის შემადგენლობაზე ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსია, რომელთა შორის ძირითადი იყო: თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანი ინიშნებოდა, ჯანდაცვაში მიდიოდა არჩილ თალაკვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ნიკოლოზ სამხარაძეს ილია დარჩიაშვილი უნდა ჩაენაცვლებინა. ეს ვერსია ვრცელდებოდა სერიოზული წყაროებიდან და არა სახელმწიფო კანცელარიის დამლაგებლის ბიძაშვილის ქვისლისგან. თუმცა ახდა მხოლოდ ერთი - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს (რომელიც, სავარაუდოდ, ნატოში საქართველოს ელჩად დაინიშნება) შეცვლის ირაკლი ჩიქოვანი. დანარჩენები ინარჩუნებენ თანამდებობებს. უცნობია, ზემოხსენებული კონფიგურაცია მართლაც განიხილებოდა და ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ მინისტრთა 90 პროცენტს შეენარჩუნებინა თანამდებობა თუ ირაკლი კობახიძე ნელ-ნელა განახორციელებს ცვლილებებს. ერთი რამ კი ნამდვილად შეიძლება ითქვას - პოლიტიკური გინესის რეკორდების წიგნი რომ არსებობდეს, საქართველოს მასშტაბით თეა წულუკიანი მასში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. აგერ უკვე მეთორმეტე წელი დაიწყო, რაც წულუკიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაშია. ჯერ იუსტიციის მინისტრი იყო, შემდეგ მცირე "წუთშესვენება"“ჰქონდა პარლამენტში, მერე კი ისევ დაუბრუნდა მთავრობას უკვე კულტურის მინისტრის რანგში. საქმეში ჩახედულმა ხალხმა იცის, რომ ამ თორმეტი წლის განმავლობაში ორჯერ სცადეს წულუკიანის თანამდებობიდან გათავისუფლება: ჯერ 2018 წელს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, მეორედ კი 2019 წელს, როდესაც მთავრობას მამუკა ბახტაძე უძღვებოდა, მაგრამ წულუკიანმა გარკვეული მანქანებით მოახერხა თანამდებობის შენარჩუნება. თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა...
მოკლედ, სამთავრობო ცვლილებებზე გასულ კვირას ყველამ ისაუბრა, ვისაც არ ეზარებოდა, მათ შორის, ასტროლოგებმაც - ვარსკვლავების განლაგებით შეეცადნენ დაედგინათ ახალი პრემიერის პოლიტიკური ბედი. თუმცა არის ერთი ადამიანი, ვისი აზრიც დიდ პოლიტიკურ როქზე ყველას აინტერესებდა, მაგრამ ის დუმდა (ყოველ შემთხვევაში, ამ სტატიის დაწერის მომენტამდე). ამ ადამიანის გვარ-სახელია სალომე ზურაბიშვილი, სტატუსი კი - საქართველოს პრეზიდენტი. მართლაც უცნაურია პრეზიდენტის დუმილი სამთავრობო ცვლილებებზე. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთმა ამ დუმილშიც შეიძლება დაინახოს პოლიტიკური პოზიცია - არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად, შოკშია ან პროტესტს აცხადებს (მისი იმპიჩმენტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ირაკლი კობახიძე იყო). მოკლედ, ყველამ თავისებურად შეიძლება გაიგოს პრეზიდენტის დუმილი. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც დუმილი თანხმობის ნიშანია. თუმცა ზურაბიშვილს 6 თებერვალს მოუწევს დუმილის დარღვევა - ის ამ დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს.
ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა
დიახ, პრეზიდენტის რანგში ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო ანგარიში იქნება პარლამენტში. მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ურთიერთდამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გამოსვლაც წინამორბედის მსგავსი იქნება - კრიტიკა კრიტიკის წილ. საინტერესოა ორი საკითხი - რას იტყვის ზურაბიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე და მიანიშნებს თუ არა რაიმეს თავის პოლიტიკურ გეგმებზე. მაგალითად, "ოცნების" ვერსიით, ის არჩევნებამდე დატოვებს თანამდებობას და შეუერთდება ოპოზიციას. კულუარებში ერთმანეთს უკავშირებენ "ლელოსა" და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბედს. ვნახოთ... აქვე ინფორმაციისთვის აღვნიშნავთ, რომ პრეზიდენტს არანაირი ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია პრემიერ-მინისტრის დამტკიცება-არდამტკიცებაზე. დიახ, ფორმალობები დაცულია. მას შემდეგ, რაც პარლამენტი პრემიერს დაამტკიცებს, პრეზიდენტს დოკუმენტი ხელმოსაწერად ეგზავნება, თუმცა მან ორი დღის განმავლობაში თუ ხელი არ მოაწერა, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება ავტომატურად შედის ძალაში.
სხვათა შორის, სააკაშვილიც თავისებურად გამოეხმაურა სამთავრობო ცვლილებებს. იმუქრება, რომ უახლოეს მომავალში გამოკვეთს თავის როლს ქართულ პოლიტიკაში. საინტერესოა, აქამდე გამოუკვეთელი იყო?! სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, ის არის ქართული პოლიტიკის ცენტრი და მის გარშემო უნდა იტრიალოს ყველამ და ყველაფერმა, უნდა აღიარონ უპირობო ლიდერად ყოველგვარი ზედმეტი განხილვების გარეშე. მეტი რაღა უნდა გამოიკვეთოს?
სამაგიეროდ, ლევან ხაბეიშვილმა გამოკვეთა - სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარეც არის, ლიდერიც და დამფუძნებელიც, მაგრამ არის "ტექნიკური პრობლემებიო". თურმე "ტექნიკური პრობლემა" ის ყოფილა, რომ სააკაშვილი არის პატიმარი და "ტექნიკურად" ვერ ასრულებს ლიდერის ფუნქციას. ყველა გზა ზურაბიშვილამდე მიდის. შესაბამისად, გაძლიერდება კამპანია, რომ ჯერ პრეზიდენტმა მოქალაქეობა აღუდგინოს (რომ მიშა "ტექნიკურადაც" გაფორმდეს როგორც ქართველი პოლიტიკოსი), შემდეგ კი შეიწყალოს. ალბათ, სააკაშვილის მომხრეებს გათვლა აქვთ იმაზე, რომ ეს ნაბიჯი სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა "ოცნების" ჯიბრით გადადგას. ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტმა ეს გააკეთოს, თუმცა... ქართული პოლიტიკა მოულოდნელობებით არის სავსე.
ცვლის თუ არა ახალი მთავრობა რაიმეს ოპოზიციისთვის?!
ოპოზიციისთვის პრემიერ-მინისტრის შეცვლა არაფერს ცვლის. მათთვის სიტუაცია გართულდა 30 დეკემბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. კერძოდ, თუ ის აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში, "ოცნების" ელექტორატისთვის სამობილიზაციო ფუნქციას შეასრულებს. მმართველი პარტიის ელექტორატი ერთგვაროვანი არ არის - ზოგს უფრო ირაკლი ღარიბაშვილი მოსწონს, ზოგს ირაკლი კობახიძე, ზოგსაც გიორგი გახარია მოსწონდა, თუმცა მათ ყველას ერთად მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი.
წინა სტატიაში თქვენი მონა-მორჩილი წერდა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიცია შეეშვა მითური ერთობის იდეას. თუმცა გასულ კვირას ტერმინი "ერთობა" კვლავ ამოტივტივდა მედიასივრცეში. კატალიზატორი, რა თქმა უნდა, სამთავრობო ცვლილებები გახდა. ჯერ„"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ჩვენი ერთობით გავიმარჯვებთო (საინტერესოა, ერთობა ვისთან? "ნაცმოძრაობასთან"? აბა, სხვა პარტიებთან ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით გამორიცხულია), შემდეგ კი ჯერ ჩამოუყალიბებელი პარტიის ჯერ არარჩეულმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის ყოველთვის "იყო და არის ერთობის მომხრე და „საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი". არ ვიცით, შესაძლოა ერთობაში მელია გულისხმობს იმას, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები შემდეგნაირი პოლიტიკური კომბინაციის ჩამოყალიბებაზე: ნიკა მელია-"ნაცმოძრაობის" საპარლამენტო ჯგუფის ყოფილი წევრები (ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე), ნიკა გვარამიას ასევე ჯერ არჩამოყალიბებული პლატფორმა-ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე-ელენე ხოშტარია. რა თქმა უნდა, საკამათოა, ეს ოპოზიციური ერთობა იქნება თუ "ნაცმოძრაობა-2". თავის დროზე ყველანი ერთი დედაპარტიის (რომლის ლიდერი დღეს ხაბეიშვილია) წევრები და მთავარი პროპაგანდისტები იყვნენ. თუმცა შესაძლოა სულ სხვა კომბინაციაც ვიხილოთ - მელია ისევ "მოტეხონ". უფრო ზუსტად, "მოტეხოს" იმან, ვინც ერთხელ უკვე მოაწყო შიდაგადატრიალება "ნაცმოძრაობაში" - დავით კეზერაშვილმა. არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილი დაინტერესებულია ალტერნატიული "ნაცმოძრაობის" შექმნით შემდეგი შემადგენლობით: ნიკა გვარამია, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. საარჩევნო ფულს "კეზერა" გაიღებს (ეს არ ნიშნავს, რომ კეზერაშვილი დედაპარტიას ჩამოეხსნება. უბრალოდ, გუგულივით ორივე ბუდეში დადებს კვერცხებს).
თუმცა „ყოფილების“ გაერთიანება მხოლოდ სააკაშვილის პარტიიდან წამოსული პოლიტიკოსების ნოუ-ჰაუ არ არის. მაგალითად, "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს ეკა ბესელიას აქვს იდეა, რომ მმართველი პარტიის ყოფილმა წევრებმა გარკვეული ერთობა შექმნან. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ "ოცნების" ყოფილი წევრები შეიძლება მივიდნენ ყოფილ პრემიერ გახარიასთან. ასე რომ, შეიძლება კიდევ ერთი საინტერესო პოლიტიკური კომბინაცია ვიხილოთ.
მოულოდნელი არ ყოფილა...
გთვაზობთ ეპიზოდს თქვენი მონა-მორჩილის სტატიიდან, რომელიც 2023 წლის 27 მარტს გამოქვეყნდა: "პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. მაღალ ხელფასს შეჩვეული ათეულობით ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი უმუშევარი რჩება. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ".
ეს სტატია "ფორმულაში" განვითარებულმა მოვლენებმა გამახსენა, სადაც გარდა პოლიტიკური ტოქშოუებისა, თითქმის ყველა გადაცემა დაიხურა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა. ეს ძალზე სამწუხაროა. უფრო სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, სანამ მედია პოლიტიკურ ფულზე იქნება დამოკიდებული და არა ბიზნესზე.
გიორგი კვიტაშვილი