"ჯერ ადამიანებად უნდა შევდგეთ და შემდეგ ვიქცევით საზოგადოებად“
ის არავის ჰგავს. სადაც არ უნდა იყოს, თავისი სამყარო ყოველთვის თან დააქვს. მისთვის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა და არავის აძლევს საშუალებას შეუზღუდოს. ის ექსტრაორდინარული ხელოვანია. მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ჩვენი სტუმარი უნიჭიერესი მანანა მენაბდეა.
- გასული წელი ძალზე დატვირთული გქონდათ... რით იყო გამორჩეული 2023 წელი?
- ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ჩემთვის ყველა წელი თავისებურად გამორჩეულია. საერთოდ, როდესაც რაღაცას ვიწყებ, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს, მაგრამ გასული წელი სხვა წლებიდან სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ განუწყვეტლივ ვმუშაობდი, რაც არ დასრულებულა და წელსაც გრძელდება…- ვგულისხმობ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელზეც მუშაობას ვაგრძელებ და სულ ცოტა ხანში უნდა დავასრულო. რაც შეეხება 2023 წელს, წლის ბოლოსკენ ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა, გორის ქალთა გუნდის ლოტბარმა თეონა ცირამუამ თავის არაჩვეულებრივ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. ეს ჩემთვის სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო! ვფიქრობ, ჩვენი ტანდემი შედგა! განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი და პროფესიონალი კოლეგა შევიძინე და ამიტომაც მიმაჩნია, რომ გასული 2023 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნად დაგვირგვინდა! დარწმუნებული ვარ, ამ ურთიერთობას არა მარტო ადამიანური, არამედ პროფესიონალური გაგრძელებაც ექნება!
- როდის იხილავს დღის შუქს რომანი?
- გულწრფელად გითხრათ, მხოლოდ მხატვრული რომანი რომ ყოფილიყო, უკვე დასრულებული იქნებოდა. ავტობიოგრაფიული რომანი გაცილებით რთული გამოდგა, ალბათ იმიტომ გამიგრძელდა წერის პროცესი, რადგანაც ტექსტში მხატვრული ელემენტები შევიტანე, რამაც გაამდიდრა ჩემი ავტობიოგრაფიული პროზა და გაცილებით მეტი სირთულეც შესძინა. დიდი მოცულობის ტექსტი რთული დასაძლევია. ყველაფერს ისე უნდა მოუყარო თავი, რომ გასაგები იყოს და თან საინტერესო მკითხველისთვის.…
- ძირითადად, წერა ემიგრაციაში დაიწყეთ. ხომ არ გაიხსენებთ იმ დღეს, როდესაც საქართველოს დატოვებამ მოგიწიათ?
- ბერლინში 1991 წლის 15 მარტს ჩავედი. თბილისიდან გამგზავრება დაუვიწყარი იყო. ბარგი გაივსო ტყემლისა და აჯიკის ბოთლებით, სუნელებით, ჩურჩხელებით, ჩირებითა და ამ ყველაფერს კი ტორტი აგვირგვინებდა. რა თქმა უნდა, ეს დოვლათი ჩემი ნაცნობ-მეგობრების მშობლებმა გამატანეს თბილისიდან. ტორტს ისეთი სურნელი ასდიოდა, კინაღამ გზად შემომეჭამა. რამდენჯერმე ძლივს შევიკავე თავი, მაგრამ მთელი და უვნებელი ჩავაბარე ადრესატს! ძალიან კარგად მახსოვს გზა, რომელიც ბერლინის რკინიგზის სადგურიდან სახლამდე ჩემს მასპინძლებთან ერთად გავიარე. არ მეგონა, ცოცხლები თუ მივაღწევდით სახლამდე. ჩემი მასპინძლები ტყემლისა და აჯიკის ბოთლებით გატენილ უმძიმეს ჩანთებს მიათრევდნენ, მე კი უზარმაზარი ტორტით ხელში, არც კი ვირხეოდი, ვაი და, გერმანიამდე ჩატანილ ტორტს ძირს არ მოედინა ზღართანი. ჯერ ტრამვაით, შემდეგ უბანით (ასე ჰქვია მეტროს გერმანიაში), შემდეგ ფეხით, გულამოვარდნილები და ოფლად გახვითქულები მივიწევდით წინ, ზაარბრიუკენშტრასე 6-ისკენ, იმ სახლისაკენ, სადაც ბედმა მარგუნა ჩემი ცხოვრების 5 უმშვენიერესი და საოცარი, ისტორიებით სავსე წელი გამეტარებინა!
- რამდენად რთულია ისეთი ადამიანისათვის, როგორიც თქვენ ხართ, ემიგრაციაში ყოფნა?
- ვფიქრობ, ყველასთვის რთულია სამშობლოსა და მეგობრებისგან მოწყვეტა. მე პირადად უკვე მქონდა ოჯახსა და სამშობლოსთან დიდხნიანი განშორების გამოცდილება. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთული არ ყოფილა. თუმცა მთლად არც ია-ვარდით იყო მოფენილი ჩემი გზა. საერთოდ, ახალ ცხოვრებას ახლავს სირთულეები, მაგრამ, როგორც ვთქვი, ასეთი მდგომარეობა ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ჯერ კიდევ შორეული 70-იანებიდან 21 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, როდესაც მოსკოვში გადავედი უმაღლესში სასწავლებლად. ჩემს თავს და მას, ვინც 90-იანებში დატოვა სამშობლო, ემიგრანტებს ვერ დავარქმევ. ნამდვილი ემიგრანტები ისინი იყვნენ, ვინც სამშობლო 20-21 წლებში მოუბრუნებლად დატოვეს. მათ არ იცოდნენ, დაუბრუნდებოდნენ თუ არა ოდესმე მშობლიურ კერას. ჩვენგან, 1990-იანელებისაგან განსხვავებით, მათ არ დაუტოვეს სხვა არჩევანი. ეს იყო იძულებითი განშორება სამშობლოსთან. წარმომიდგენია რას განიცდიდნენ, როდესაც გაურკვეველი დროით ემშვიდობებოდნენ ყოველივე სანუკვარსა და საყვარელს. საშინელებაა, როდესაც მშობლიურ ადგილს სამუდამოდ ეთხოვები და წარმოდგენაც კი არა გაქვს, სად ამოყოფ თავს, ოდესმე იხილავ თუ არა შენს მიწა-წყალს. ეს მართლაც დამანგრეველი განცდაა. ბევრმა ძველმა ემიგრანტმა ამ საშინელ დარტყმას ვერ გაუძლო. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - მე ემიგრანტი არა ვარ, მე აუსლენდერი ვარ, როგორც გერმანელები ამბობენ, ანუ უცხოელი, რომელიც თავისი ნებით გაემგზავრა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, რათა საკუთარი თავი ეპოვა. 90-იანელებს შეგვეძლო ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნებულიყავით უკან და ეს დიდი პრივილეგიაა. ამ არჩევანის წინაშე ჩემი თავი თავად დავაყენე, რადგანაც სიახლე და ექსტრიმი მიყვარს, მიყვარს გამოწვევები. მომწონს, როდესაც საკუთარ თავს ახალ პირობებში ვაყენებ. როდესაც ახლობლები, ოჯახი გვერდით არ არის, შენი სასიცოცხლო იმუნიტეტი ეცემა. ეს იგივეა, ადამიანი, რომელმაც ცურვა არ იცის, შუა ზღვაში გადააგდო. მან ან უნდა გაცუროს, ან უეჭველად დაიღუპება. ასეთი გამოწვევა გაფხიზლებს, ახალ გამოცდილებას გძენს, ამჟღავნებს, რამდენად ძლიერი ხასიათი გაქვს, რომ წამოჭრილ პრობლემებს გაუძლო, გადალახო ახალი ბარიერები. ეს ყველაფერი გზრდის, გაძლიერებს და ადამიანად გაყალიბებს. როდესაც სხვა კულტურულ სივრცეში გიწევს ცხოვრება, თუ რაღაცის ნიჭი გაქვს, რომელიც მიძინებული იყო, ის შენში უეჭველად ამოხეთქს. მე, მაგალითად, კერამიკის მოხატვა დავიწყე, რაც სრულიად ახალი იყო ჩემთვის, ასევე აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ფერწერული ტილოების ხატვა შემიძლია, არამედ ქაღალდზე მუშაობა და აპლიკაციების კეთებაც. ასევე დავიწყე წერა და თარგმნა. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში რომ არ წავსულიყავი, არასდროს იქნებოდა არაკების წიგნი და დანიილ ხარმსის პროზა, რომელსაც ბერლინში ვთარგმნიდი. თითქოს გაუგებარი იყო, რატომ ან რისთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ფუჭი შრომა კი არ იყო, არამედ წინა პირობა, რომ შემდეგ "წიგნები ბათუმში" გამოეცა ჩემი თარგმანი!
- ბევრი წელი გაატარეთ ევროპის შუაგულში. როგორია ის ევროპა, სადაც თქვენ იყავით?
- ევროპა დღევანდელი ახალგაზრდისთვის უკვე ისე რთული აღარ არის აღსაქმელად და შესაგუებლად, როგორც ჩემი თაობისთვის იყო, თან ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თავისუფალი მიმოსვლაა, საზღვრები გახსნილია, სადაც გსურს იქ დასახლდები და იცხოვრებ. ჩემი თაობისთვის უფრო რთული მისაღები იყო სხვისი ცხოვრების წესი, სხვა მენტალიტეტი. ევროპაში სულ სხვა დამოკიდებულებებია ოჯახში და გარეთ, სახელმწიფო ბერკეტი სხვაგვარად მუშაობს. აი, თუნდაც, მეზობლობა ავიღოთ: თბილისში კარს არ ვკეტავდით და როდესაც გვსურდა, ერთმანეთს ვსტუმრობდით - მეზობელი ხან პურზე შემოვიდოდა, ხან ხახვზე. ევროპაში კი ყველა თავისთვისაა გამოკეტილი. ხშირად არც იცი, ვინ ცხოვრობს შენ გვერდით. ერთი მხრივ, ეს თითქოს კარგია, არავინ ერევა შენს ცხოვრებაში, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდია, რადგან არავის აინტერესებს შენი ბედი და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ისე მოკვდე, ვერავინ გაიგოს.
- დღეს, როცა მთელი ქვეყანა კანდიდატობის სტატუსს ზეიმობს, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის?
- ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი ევროპა ის ევროპა აღარ არის, რაც გუშინ იყო. გარდა ამისა, ევროპელობა პირველ რიგში ნიშნავს ტოლერანტობას ყველა ასპექტში. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ყურის გდება და პატივისცემა. ჩვენთან მუდამ ასეა - თუ ვინმე სხვა აზრისაა, ის უცილოდ მტრად უნდა გამოვაცხადოთ. ამ ნიშნით არ უნდა იხურებოდეს გადაცემები, გამომცემლობები და იკრძალებოდეს წიგნები, არ უნდა იხურებოდეს სპექტაკლები და იკრძალებოდეს ფილმები. კულტურა იმისთვისაა, რომ მან ყველაფერზე ილაპარაკოს. თუ ასე არ იქნა, მაშინ სახელმწიფოში დიალოგი აღარ შედგება, ერთმმართველობა იქნება. მოხდება ის, რაც დღეს პუტინის რეჟიმის დროს ხდება, კულტურა და სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. რა თქმა უნდა, წესრიგისათვის ძლიერი ხელი საჭიროა, მაგრამ ამან აბსურდამდე არ უნდა მიგვიყვანოს. ჩვენ გვგონია, თუკი ევროპის ნაწილი გავხდებით, ყველაფერი იმ დღესვე დალაგდება. ცვლილებებს ჯერ სირთულე მოჰყვება და მხოლოდ შემდეგ მოვიმკით ჩვენსავე ნამოქმედარს. უნდა შევიგნოთ, რომ სიტყვები კი არ წყვეტს ჩვენს ბედს, არამედ ჩვენი საქციელი. ჩვენ ერთი აუცილებელი რამ გვაკლია - ჯერ ადამიანებად უნდა შევდგეთ და შემდეგ ვიქცევით საზოგადოებად. ერი იმ საზოგადოების ნაკრებია, რომელიც პატივს სცემს ენას, მამულსა და სარწმუნოებას და თუკი ეს სამი წესრიგშია, იქ არის პასუხისმგებლობა, სიყვარული და პატიოსნება. ახალგაზრდებმა ეს, ალბათ, არ იციან. ძველად კაცი სიტყვას რომ გაძლევდა, რაღაცას დაგპირდებოდა, ულვაშიდან ღერს ამოიძრობდა და ეს იყო მისი ადამიანობისა და პატიოსანი სიტყვის დასტური. სკოტ ფიცჯერალდის "დიდი გეტსბი" მახსენდება. იქ წერია, რომ თუ რომელიმე შტატში ადამიანი თავის სიტყვას არ შეასრულებდა, დანარჩენ შტატებში მას უპირო კაცის სახელი გაუვარდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე აღარავინ სცემდა პატივს, არავინ არაფრად ჩააგდებდა, კაპიკი იყო მისი ადამიანობისა და სიტყვის ფასიც. ამიტომ ევროპელობა მთელი რიგი ქცევების ჯამია და არა ცარიელი სიტყვები... ჩემს თავს ვეკითხები, ნუთუ ევროპელი უნდა გავხდე, რომ ჩამოვყალიბდე თავისუფალ ადამიანად, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს-მეთქი? ნუთუ მხოლოდ ევროპაში შესვლა გაგვხდის და ჩამოგვაყალიბებს პატიოსან, მშრომელ, პასუხისმგებლიან და თავისუფალ ადამიანად?! მე თუ მკითხავთ, თავისუფალ ადამიანად ყოფნას ევროპელობა არ სჭირდება! თუმცა, თუკი ვფიქრობთ, რომ მაინცდამაინც ეგ "გვიშველის", "გადაგვარჩენს" და "გამოგვაღვიძებს", მაშინ გავხდეთ ევროპელები. მე კი მგონია, რომ ყველაფერი მაინც ჩვენი საკუთარი თავისგან იწყება!
- ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებთ აქედან დანახულ ევროპას?
- რამდენიმე წელია ბერლინში არ ვყოფილვარ და რომ ჩავედი, სახტად დავრჩი, რადგან ბერლინი ბევრად ქაოსური, აღელვებული და სახეშეცვლილი მეჩვენა. მეჩვენა-მეთქი, ვამბობ, მაგრამ დანამდვილებით ასეა. ბევრი რამ გაუქმდა არა მარტო ბერლინში. ცვლილებებმა მოიცვა სამყარო. მსოფლიო ახლა დიდ ქაოსშია, იმიტომ, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება, სამყარო სრულიად ახალ ფაზაში გადადის. ჩვენ კიდევ ბევრი გლობალური მოვლენების მოწმენი გავხდებით. გლობალიზაციამ მოიცვა სამყარო და ეს გუშინ არ დაწყებულა. უქმდება პიროვნება და ეს ძალიან საშიშია. კოლექტიურად არ შექმნილა "ვეფხისტყაოსანი", "სტუმარ-მასპინძელი", ლეონარდოს "საიდუმლო სერობა" და ფიროსმანის "ჟირაფი"... პიროვნებები და ინდივიდები ქმნიდნენ და ერი ყოველ ჯერზე აჰყავდათ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა. თუკი თითოეული ჩვენგანი არ დაივიწყებს, რისთვის მოვიდა, რა აქვს მას პირადად ღვთისგან ნაბოძები და მიწიერ ცხოვრებაში გასაკეთებელი, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, სხვაგვარად სასიკეთო არაფერი გველის.- როგორ წარმოგიდგენიათ უახლოეს პერიოდში ჩვენი ქვეყანა?- ამბობენ, თუ წარმოიდგენ რაღაც მოვლენას და თან ამას დაიჯერებ, უეჭველად ასრულდებაო. ამიტომ მე არ წარმოვიდგენ, არამედ სამყაროსათვის ასეთი გზავნილი მაქვს - საქართველო იქნება გამორჩეული ქვეყანა, სადაც იცხოვრებს ახალი, ლამაზი თაობა. ისინი იქნებიან გამორჩეული ნიჭით, ტოლერანტობით, კულტურით, ცხოვრების ნირით, ერთმანეთთან დამოკიდებულებით, პასუხისმგებლობით, შრომითა და განათლების წყურვილით! არ დაგვავიწყდეს, ვისი კალთის ქვეშ ვართ. გვფარავდეს დედა ღვთისმშობელი.
რუსუდან შაიშმელაშვილი