"სისულელე იქნებოდა, რადიკალურად სხვა სფეროში წავსულიყავი, როცა ხელოვნება მაინტერესებს“ - კვირის პალიტრა

"სისულელე იქნებოდა, რადიკალურად სხვა სფეროში წავსულიყავი, როცა ხელოვნება მაინტერესებს“

მათი ურთიერთობა ჩემთვის მაგალითი იყო. ცხადია, იდეალური ურთიერთობა არ არსებობს და პრობლემები მათაც ჰქონიათ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, მაგრამ ზუსტად ისაა მთავარი, ამის მიღმა რა არის - რამდენ რამეს გადაგატანინებს დიდი სიყვარული, როცა ეს გრძნობა გულწრფელია და როცა სწორ ადამიანთან ხარ, ორივეს სწორი ღირებულებები აქვს, ეს ნამდვილად დიდი მაგალითია ჩემთვის

"მამა ჩემთვის მენტორივითაა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ისევე, როგორც დედისგან, ყველაფერში მეხმარება. დიდი მეგობრები ვართ. რაც შეეხება დედობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია და მიხარია, რომ ასეთი შვილი მყავს - კეთილი და საყვარელი", - ამბობს ქორეოგრაფი თინათინ წულაძე, რეჟისორ ლევან წულაძის და მანანა კოზაკოვას ქალიშვილი, რომელიც თავის საქმიანობაზე, რეჟისორ მამასა და მსახიობ დედაზე, პატარა ანდროსა და თეატრთან დაკავშირებულ თემებზე გვესაუბრება:

- თინათინ, მოგვიყევით, ამჟამად რომელ თეატრებში მუშაობთ და რომელ სპექტაკლებში ხართ დაკავებული?

- ამჟამად სამ თეატრში ვმუშაობ - "თეატრი სახელოსნო 42", "თეატრი", სადაც ვმონაწილეობ სპექტაკლში "ჩიკაგო" და "ქალაქის თეატრი", რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა ავაშენეთ ჩვენივე ხელით. "თეატრი სახელოსნო 42-ში" ახალ ამპლუაშიც მომიწია ყოფნამ - მსახიობს ვერ ვიტყვი ჩემს თავზე, მაგრამ შესაძლებლობა მომეცა ეპიზოდური როლი შემესრულებინა "საშობაო ზღაპარში" და ეს კიდევ ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, სადაც ასევე ქორეოგრაფი ვიყავი.

- რთულია ასეთი რეჟიმით ცხოვრება?

- რთულია, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დატვირთული ვარ. სხვაგვა­რად არ შემიძლია, პატარაობიდანვე მიჩვეული ვარ ამ რეჟიმს და თუ დაღლილი არა ვარ, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. სპექტაკლსა და კონცერტზე მეტად, სწორედ რეპეტიციების პერიოდი მიყვარს, შექმნის პროცესი, აქ ხდება მთელი ის მისტიკა, რატომაც გინდა საერთოდ ამ პროფესიაში ყოფნა. მერე კი უკვე პრემიერა, მაყურებლის რეაქცია... სხვათა შორის, ადრე უფრო ვნერვიულობდი, განვიცდიდი, ვინ რას იტყოდა, როგორ მოეწონებოდა, ახლა უკვე იმდენნაირი თეატრი არსებობს, ბევრი რეჟისორი, მსახიობია და მაყურებელს მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, ამიტომ ვინც მოსწონს და სადაც მოსწონს, იქ წავა. ბუნებრივია, ყველას ვერ მოეწონები და დროთა განმავლობაში შენი მაყურებელი გიჩნდება. ახლა ის უფრო მაინტერესებს, რა არ მოეწონათ, რომ გავითვალისწინო.

- მშობლების პროფესიებიდან გამომდინარე, ეს გარემო თქვენთვის ბავშვობიდან ახლობელია და თუ გახსოვთ, თქვენს ცნობიერებაში რამ მოახდინა გარდამტეხი შთაბეჭდილება, რის შემდეგაც სხვაგვარად აღიქვით თეატრი?

- ბევრი სპექტაკლი მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ "ფიგაროს ქორწინება" დამამახსოვრდა, რუსთაველის სარდაფში, ეს სპექტაკლი ძალიან მიყვარდა. სულ იქ ვიყავი მშობლებთან ერთად, იქ მეძინა, ვმეცადინეობდი და ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი.

- ამის მიუხედავად, პროფესიად ქორეოგრაფია აირჩიეთ.

- ცეკვა ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ძალიან მაინტერესებს. ქორეოგრა­ფიას ბოლომდე მივყვები და მიმაჩნია, რომ საჭირო პროფესიაა, რადგან სპექტაკლში დიდი ფუნქცია აქვს ცეკვას.

რაც შეეხება მსახიობობას, მიფიქრია, მაგრამ ვერ გავბედე და ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ სულ ვინანებდი ამას... თუმცა­ მაინც მივიღე მცირედი გამოცდილება. მერე რა იქნება, არ ვიცი, ახლა კი ეს ჩემი პატარა "სინანული" დავიკმაყოფილე. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, რადგან ძალიან საინტერესო გზაზე დავდექი, მინდოდა რაღაც ჩემი მქონოდა და სწორედ ამას ვაკეთებ, იგივე სფეროა და ოჯახი მაინც ერთად ვმუშაობთ. სისულელე იქნებოდა, რადიკალურად სხვა სფეროში წავსულიყავი, როცა ხელოვნება მაინტერესებს. მე ჩემი ნიშა მაქვს და სამივე ერთმანეთს ვაბალანსებთ.

სუხიშვილებში მოხვედრა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. 8 წლის ვიყავი, როცა მათ სტუდიაში მივედი, იქ ვისწავლე ცეკვა და როცა სტუდია დავასრულე,­ ერთხანს ბავშვთა ანსამბლში ვცეკვავდი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მერე კი სასწავლებლად წავედი - ერთი წელი პრაღაში­ ვიყავი, ერთიც - ნიუ-იორკში. ჩამოსვლის შემდეგ სუხიშვილების ანსამბლში დავიწყე მუშაობა და საუკეთესო გამოცდილება მივიღე.

- ნიუ-იორკში ბროდვეის აკადემიაში სწავლა, ალბათ, ძალიან საინტერესო იყო, რა შეგძინათ იქაურმა გარემომ, პედაგოგებმა?

- მართლაც ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე მეტად მომწონდა ის, რომ სწავლის პროცესი ძალიან გამარტივებული და შენზე მორგებულია. კონკრეტული გრაფიკი არ გვქონდა,­ თვითონ­ ვირჩევდით. მაგალი­თად, დღეს მინდა ამ პედაგოგთან შევიდე ბალეტზე, ან სულაც ჯაზის­ ლექცი­ის განწყობაზე ვარ და ა.შ. დავუ­შვათ, ბალეტის ათი პედა­გოგი იყო, შეგეძლო ყველა­ მათგანთან შესულიყავი­, დასწრებოდი და რომელიც უფრო მოგეწონებოდა, იმასთან გააგრძელებდი მეცადინეობას. თუკი რაიმე ჟანრი არსებობს ქორეოგრაფიაში, აბსოლუტურად ყველა პედაგოგი გვყავდა. პედაგოგებთან ცალკე კომუნიკაციის შესაძლებლობაც გვქონდა. შეგვეძლო გაკვეთილის შემდეგ ყავაზე დაგვეპატიჟებინა, თუ ეცალათ, და ვუყვებოდი, რისი გაკეთება მინდოდა, ისინი კი კარგ რჩევებს მაძლევდნენ, რაც მერე ძალიან დამეხმარა.

- ასეთი დატვირთული ხართ და შვილს რა დროს უთმობთ?

- ორი წლის შვილი მყავს და ყველგან ჩემთან ერთად დადის. თეატრი უკვე მასაც ძალიან უყვარს. მოსწონს, რეპეტიციებს რომ უყურებს, სცენაზე დარბის ხოლმე. მიხარია, რომ დროს თეატრში­ ატარებს, რადგან მსახიობებთან, რეჟისორებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. სულ რომ არ გამეგრძელებინა ამ სფეროში საქმიანობა, იმდენად ზღაპრულად მახსენდება ის დღეები და წლები, რაც ბავშვობიდან თეატრებში მაქვს გატარებული, რომ მინდა ჩემმა შვილმაც გამოცადოს და მერე თვითონ აირჩევს, საით წავიდეს.

- დედობა რა განცდაა თქვენთვის?

- დედობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან შვილი გააზრებულად გავაჩინე, მინდოდა და ვგრძნობდი, რომ ამისათვის მზად ვარ. ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მაგრამ იმის 30%-იც კი არ გამოდის, რაც გგონია, რომ იქნება, თუმცა ჩემი მიმართულებები მაქვს, რაც მინდა ჩემს შვილს მივცე. პირველ რიგში, არჩევანის თავისუფლება, მისთვის სასურველი განათლების მიღება და ა.შ. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ვცდილობ სხვაგანაც წავიყვანო, გაერთოს და ნახოს, რომ თეატრის გარდა, სხვა რამეებიც არსებობს.

- დედა თუ გეხმარებათ?

- ძალიან, დედაჩემიც ხომ თეატრშია ხოლმე და პატარა ხან ჩემთანაა, ხან მასთან. ანდროს მეორე ბებია და მამაც ძალიან მეხმარებიან.

- როგორია ბატონ ლევანთან ერთად მუშაობა?

- ძალიან რთულია. ბოლო წლების განმავლობაში, ბევრ სპექტაკლზე ვიმუშავეთ ერთად და ახლა უკვე მეც ვისწავლე მისი ენა. ყოველთვის ძალიან მკაცრი და მომთხოვნია, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. მეც, დედაც და მამაც ამ პროფესიით ვართ მოცული, სახლშიც ამ თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე. რაღაცას რომ ვუყურებთ ან მუსიკას ვუსმენთ, ვმსჯელობთ, სად და რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ. მამა ჩემთვის მენტორივითაა. სახლში, თეატრისგან განსხვავებით, მკაცრი არ არის, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ, მერე კი ეს ყველაფერი საქმეში გადაგვაქვს.

- როგორი ბაბუაა?

- ბაბუას და შვილიშვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ანდრომ თეატრში მის რეპეტიციებს რომ უყურა, რაღაც სხვანაირად დააფიქსირა ბაბუა... როცა მიხვდა, რომ იქ ის ყურადღების ცენტრშია, ეს მოეწონა. დედაჩემი კი, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს, მანანა ისე ეთამაშება და ართობს, გიჟდება მასზე.

420319459-1106247743711953-4787075765216902888-n-1707053748.jpg

- როგორია შვილის თვალით დანახული მშობლების ურთიერთობა?

- მათი ურთიერთობა ჩემთვის მაგალითი იყო. ცხადია, იდეალური ურთიერთობა არ არსებობს და პრობლემები მათაც ჰქონიათ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, მაგრამ ზუსტად ისაა მთავარი, ამის მიღმა რა არის - რამდენ რამეს გადაგატანინებს დიდი სიყვარული, როცა ეს გრძნობა გულწრფელია და როცა სასურველ ადამიანთან ხარ, ორივეს სწორი ღირებულებები აქვს, ეს ნამდვილად დიდი მაგალითია ჩემთვის.

- ვინ უფრო დამთმობია - ლევანი თუ მანანა?

- ორივე, ურთიერთობაშიც და საქმეშიც. მამაჩემს მოთმინების საოცარი უნარი აქვს. მას რომ ვუყურებდი, მერე ვხვდ­ებოდი, რამდენად სწორია, რომ რაღაცებს მშვიდად მიიღებ. მერე ეს ისევ შენ გიბრუნდება დადებითად. ეს, ალბათ, დროთა განმავლობაში მეც გამოვიმუშავე და ახლა კარგი მოთმინების უნარი მაქვს, თითქმის არასდროს მაქვს კონფლიქტი.

- რა რჩევები მიგიღიათ მშობლებისგან, რაც ყველაზე მეტად გადგებათ ცხოვრებაში?

- მამისგან უფრო პროფესიულ საკითხებში მომისმენია დარიგებები და დედი­სგან, რა თქმა უნდა, უფრო მეტ საკითხზე, მათ შორის, ქალურ თემებზე და ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მარიგებდა, გარეგნობაზე ბევრი ფიქრი სისულელეა, ტყუილად დროის ხარჯვაა, ეს ყველაფერი წარმავალია და მთავარია, კარგი ადამიანი იყო, იშრომო, წარმატებას მიაღწიოო. ამ დარიგების წყალობით გარეგნობაზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ, რადგან დედაჩემმა თავის დროზე სწორად დამარიგა.

- დედა-შვილის ვიზუალური მსგავსება­ იმდენად დიდია, ფოტოების კომენტარებში ამას ბევრი აღნიშნავს ხოლმე...

- ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ.

- ბატონი ლევანის გარდა, რომელ რეჟისორებთან გიწევთ ხოლმე მუშაობა?

- ყველაზე ხშირად კოკო როინიშვილთან, რომელიც ძალიან მიყვარს. მასთან საინტერესოა მუშაობა, რადგან შეთანხმებულად ვაკეთებთ ყველაფერს. მიხარია, როცა მირეკავს და მეუბნება, რაღაც ახალს ვიწყებო. ბევრი სპექტაკლი გავაკეთეთ ერთად. ასევე მიმუშავია ქეთევან ხარშილაძესთან, სანდრო ელოშვილთან, ანუკი ხიდაშელთან. მარჯანიშვილის თეატრშიც ვიმუშავე რამდენიმე სპექტაკლზე.

სხვათა შორის, "თეატრ სახელოსნო 42"-თან ერთად პირველად ვიყავი გასტროლზე იტალიაში, სადაც "ოტელოს" პრემიერა გაიმართა. გეგმაც ბევრი გვაქვს.