"ვიცი, რომ ერთ დღეს ამ ჭიშკარს შევაღებ და ჩემს სახლში დავბრუნდები" - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ ერთ დღეს ამ ჭიშკარს შევაღებ და ჩემს სახლში დავბრუნდები"

ადამიანების ფუძიდან იძულებით აყრა და გადასახლება, ალბათ, კაცობრიობის ყველაზე დიდი დანაშაულია. იძულებით მიტოვებული ფუძე პატრონს გამუდმებით "ეძახის" და ესიზმრება. ეს ძახილი მანამდე გრძელდება, სანამ პატრონი არ დაბრუნდება, თავის მიწაზე ფეხს არ დადგამს, მიტოვებულ სახლის კარს არ შეაღებს,… სანამ თავს არ ეტყვის, რომ დაბრუნდა,… მაინც დაბრუნდა! ზოგჯერ ეს ლოდინი თაობიდან თაობამდე გრძელდება.ჩვენ უსათუოდ დავბრუნდებით იმ მიწაზე, რომელზეც ჩვენი უძველესი თუ არც ისე დიდი ხნის კვალია დამჩნეული, თავისი ლოდინად ქცეული სახლებიანად, რომლებიც თითქოსდა პატრონებს უხმობენ. ეს სამაჩაბლოს სახლებია, აფხაზეთის სახლები, სადაც მათი პატრონები ჯერჯერობით მხოლოდ სიზმრებში დადიან და სული ემღვრევათ, და არა მარტო მათ, მთელ საქართველოს. როდესაც სოციალურ ქსელში ჩვენს მიწაზე გადამთიელისაგან გადამწვარი ან მისაკუთრებული სახლები ჩანს, ტკივილი გულს კუმშავს, თუმცა გაძლიერებს კიდეც: ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ამ სახლებში დაბრუნების ენერგია ვიპოვოთ.

ვინ და რატომ იღებს სოხუმში ქარ­თველების მიტოვებული სახლების ფოტოებს და რატომ გზავნის მათ ძველ მეპატრონეებთან? - ამ კითხვით მივმართეთ სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორს, ჟურნალისტ კახა კვაშილავას. ადამიანს, რომელმაც აფხაზეთიდან გამოგზავნილ ფოტოზე 30 წლის შემდეგ პირველად ნახა მშობლიური სახლი და დაწერა:

"ეს ჩემი სახლია. ღვთისნიერმა ადამიანმა მისი ფოტო ჩემს ბიძაშვილს გამოუგზავნა.… 30 წლის შემდეგ მე ის ვნახე. "ვნახე" - ასე უფრო სწორია, თუმცა, თითქმის ასეთი დავტოვეთ, როგორიც ფოტოზეა. ერთადერთი "სიახლე" ჩემი საძინებლის ფანჯარაზე მიმაგრებული ჟალუზია... ყველაფერი მოძველებულია, რაც ჩემს მშობლებს­ გაუკეთებიათ...

ორიოდ წლის წინ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელსაც მხოლოდ "ფეისბუკით" ვიცნობ, რუსკა ციცქიშვილმა ისეთი ლექსი მომიძღვნა... არც ვიცი, როგორ შეძლო ასეთი გრძნობისა და მონატრების გადმოცემა. უღრმესი მადლობა ამ ლექსისათვის:

„"იქ, სადღაც შორს“ - რომ უწოდებ მეგობარო,/იქ სოხუმში, ჩემი სახლი დგას/... ის სამოთხე ქვეყანაზე ვერსად ნახო/, იქ ისეთი სიხარულია/... ახლა კიდევ ჩემს სახლს, კედლებს/… ვიღაც უცხო უღებს ფოტოს."

რა კარგია, როცა შეგიძლია ადგე, ჩაჯდე ავტომობილში, ავტობუსში, მატარებელში და საკუთარი სახლისაკენ გაემგზავრო, შეაღო კარი თუ ჭიშკარი და ბავშვობის სახლის სითბო და სურნელი იგრძნო. ვისაც ეს შესაძლებლობა გაქვთ, თქვენ არ იცით, რა ბედნიერები ხართ! 30 წელია, ამის შეგრძნება მინდა.

სახლიდან რომ გამოვდიოდი, არც დამიშვია, რომ ეს დამშვიდობება იყო. ერთ კვირაში დავბრუნდებით-მეთქი. ერთი კვირა 30 წელიწადად გაიწელა. მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღეს ამ ჭიშკარს მაინც შევაღებ და ჩემს სახლში დავბრუნდები".

422246297-2409283952589071-6705385065938258112-n-1707054731.jpg

- აფხაზეთი ყველას სადარდებელია, მაგრამ, ალბათ, ვერავინ განვიცდით თქვენნაირად, ვინც აფხაზეთში დატოვეთ სახლები, იმ სახლებში კი ბავშვობა. ვინ უღებს ფოტოებს ამ სახლებს და ვინ გიგზავნით?

- არის აფხაზეთში ისეთი ხალხი, რომელიც გრძნობს, როგორ ენატრებათ თავიანთი სახლები ქართველებს. ან იღებენ იმ შერეული ოჯახის წევრები, რომელთაც აფხაზეთში ნათესაობა ჰყავდათ. ასეთი ურთიერთობები ომიდან მალევე, 2-3 წელიწადში დაიწყო. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ფარულად იღებენ და ფარულადვე გზავნიან. ყველამ იცის, რომ მათ ვინაობას არ გავასაჯაროებთ.

- "ტკივილამდე მენატრები", "ღმერთო, როდის გნახავ", "აი, სწორედ მაგ კიბეზე ვიჯექი, სკოლაში წასასვლელად რომ გელოდებოდი. როგორ მინდა ახლაც მანდ ვიჯდე", - უსასრულო ბოღმა გახრჩობს, როდესაც ასეთ ფრაზებს კითხულობ. უცნაური ისიც არის, ქართველთა სახლების მიმტაცებლებს, ასე ვთქვათ, ამდენი წლის განმავლობაში ჩხირიც რომ არ შეუმატებიათ მათთვის.

- იმიტომ, რომ არავის აქვს იმის განცდა, რომ ეს სახლები მათი საკუთრებააა. ეს შეგრძნება ჭამთ და ამიტომაც არ მატებენ მათ არაფერს. მიწკრიალებული ეზო-კარი, ახლა ბარდად და ტალახადაა ქცეული. ჭიშკარიც კი არ შეუღებავთ. თანაც არ ასვენებთ იმის შიში, რომ ერთ დღეს დავბრუნდებით და ყველაფრის დაცლა მოუწევთ. ვიცი შემთხვევა, როდესაც ერთ მიტაცებულ სახლში მისი პატრონი მივიდა და ახლანდელმა "მესაკუთრეებმა" უთხრეს, თუ დაბრუნდებით, სახლს დაგიცლითო. თუმცა ასეთი მცირე ნაწილია. იყო შემთხვევებიც, როცა მიმტაცებელმა თავად მოძებნა სახლის პატრონი და შემოუთვალა, თუ სახლს გაყიდით, მე ვიყიდიო. რა თქმა უნდა, მცირე თანხა შესთავაზეს. მამაჩემსაც შემოუთვალა ჩვენს სახლში შეჭრილმა ოჯახმა, თუ გაყიდით, ვიყიდითო, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი უთხრა. ეს არასოდეს მოხდება, რადგან ჩვენი სახლი სოხუმში ჩვენი ფესვებია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ იქ დავიბადეთ, იქაურობა ჩვენია და უპირობოდ დავბრუნდებით, რაშიც ღვთისა და მსოფლიო წესრიგი დაგვეხმარება.

420203021-1435631037363825-7540617765070282979-n-1707054731.jpg

- თქვენ და კიდევ არაერთ ქართველს აფხაზეთში გიცნობენ და ჩაგესვლებათ, რატომ არ წახვედით?

- აფხაზეთში ტურისტად არასოდეს ჩავალ. როცა ჩავალ, მინდა როგორც ქართველი, ღირსებით ჩავიდე. ჩვენ ნებით არაფერი გაგვიცია, აფხაზეთი ჩვენი სახლია და ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ.

- "და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა/, გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან/, მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას/, რაც ჩემი ნებით არ გამიცია" - ოთარ ჭილაძის ეს ლექსი ყველა დევნილის ლოზუნგია. ზოგჯერ ჭირიც მარგებელია, უადამიანოდ ჩამოქცეულ ან გადამწვარ სახლს იქნებ იქ გადამთიელის ცხოვრება სჯობდეს ჩვენს დაბრუნებამდე.

- კარდაგმანულ სახლებს ნგრევა უფრო სწრაფად შთანთქავს. თუმცა ნამდვილი პატრონის დაბრუნებამდე სახლი მაინც ვერ ხარობს. რა გგონიათ, რატომ მიიტაცეს ჩვენი სახლები სოხუმსა და მის მიმდებარე ტრასებზე და არა აფხაზეთის სოფლებში? იმიტომ, რომ მიტაცებული სახლები ზღვასთან ახლოს არის და ეს მიმტაცებლებისთვის ხეირია. სხვა მხრივ, ეს ხალხი არაფერს აკეთებს, ხელის განძრევა არ უნდათ. ადრე კავკასიონამდე აყვავებული სოფლები უდაბურ ტყეებად იქცა.

- რა დასანანია, რომ ვერ ხედავენ, ქართველთა სახლების დაცლით თავადაც დაიცალნენ და ეთნოსი აფხაზი ქრება.

- ხედავენ, მაგრამ გვიან არის. არაოფიციალური სტატისტიკით, აფხაზეთში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი სომეხია, შემდეგ რუსები და ბოლოს აფხაზები. ვინც დარჩა, ისიც გარბის. რუსს რაც თვალში ხარბად ხვდება, აფხაზს იმასაც ართმევს. მაგალითად, ბიჭვინთის გამო აფხაზებმა გამოხატეს პროტესტი, მაგრამ რა გამოვიდა, რუსეთმა აფხაზეთს ფული შეუწყვიტა. ახლა იძულებული გახდებიან, ბიჭვინთა ხონჩით მიართვან. სხვათა შორის, სახლები სოხუმშიც ძვირი ღირს, ფასი 80000 დოლარამდე ადის. უძრავი ქონების შესყიდვა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინაში ზღვაზე გასვლის შესაძლებლობა შეეზღუდათ.

- გისურვებთ აფხაზეთში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას, თქვენ კი თქვენი ეზოს ჭიშკრის შეღებას.

- დავბრუნდებით. ვიცი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება.