"დარბაზში სენსაციამ მაშინ იფეთქა, როცა შერვაშიძის ნახატი მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა“ - კვირის პალიტრა

"დარბაზში სენსაციამ მაშინ იფეთქა, როცა შერვაშიძის ნახატი მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა“

მხატვარ ალექსანდრე შერვაშიძის შესახებ უნიკალურ ცნობებს ცნობილი მკვლევარი ლაშა გასვიანი გვაწვდის:

- ახლახან სოხუმში სამხატვრო გალერეა დაიწვა, სადაც არაერთი სახელგანთქმული ფერწერული ტილო და ნამუშევარი­ ინახებოდა (4 000-ზე მეტი ეგზემპლარი!). მათ შორის იყო ალექსანდრე შერვაშიძის­ 300 ნამუშევარი, რომელიც მხცოვანმა მხატვარმა გასული საუკუნის 50-იანი წლების­ ბოლოს საფრანგეთიდან (ქ. ნიცა) საქართველოს უანდერძა და სამშობლოში გამოგზავნა... ალექსანდრე შერვაშიძე ჩემი მესამე სამეცნიერო კვლევის, ბალეტ "შოთა რუსთაველის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. სწორედ მან შექმნა სასცენო დეკორაციები და კოსტიუმები ამ ბალე­ტისათვის, რომელიც პარიზის გრანდ-ოპერის საბალეტო დასის დირექტორმა, უკრაინული წარმოშობის სერჟ ლიფარმა მონტე-კარლოს საოპერო თეატრში ("ოპერა გარნიე") 1946 წელს დადგა.

ალექსანდრე შერვაშიძემ პიკასოსა და მორის უტრილოს გენიალური ნახატები გრანდიოზულ ტილოებად აქცია... ითვლება, რომ მსოფლიოში პიკასოს ყველაზე დიდი ტილო ("ზღვის პირას მორბენალი ქალები", 1924წ.) ალექსანდრე შერვაშიძეს ეკუთვნის. ამას მუზეუმის ბრიტანელი ხელოვნებათმ­ცოდნეები ამბობენ, სადაც ეს უზარმაზარი ქმნილება (134კვმ) დღემდე ინახება. და სწორედ ამ დიდებული კაცის მთელი შემოქმედება, რომელიც სოხუმში ინახებოდა, საეჭვო­ ვითარებაში გაჩენილი ხანძრისგან განა­დგურდა! ვის აწყობს ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობებისა და იდენტობის უკვალოდ წაშლა? - ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს... დიახ, ეს რუსულ ხელწერას ჰგავს. ალექსანდრე შერვაშიძე, როგორც თეატრალური სამყა­როს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხატვარ-დეკორატორი აღარ არსებობს! საქართველოს უძველესი კულტურისათვის ეს ნამდვილი საქვეყნო ტრაგედიაა! უზარმაზარი ისტორია ფერფლად გვიქციეს, მაგრამ უგუნურ მტერს ავიწყდება, რომ მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში სწორედ ფერფლიდან ვახერხებდით აღდგომას!

ალექსანდრე შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილი იყო. მამამისი, კონსტანტინე, მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის დიდ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გადაასახლეს. 1866 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდეგ კი, სადაც ამბოხებულები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ აფხაზთა მთავარი არა რუსი ეროვნების ჩინოვნიკი, არამედ შერვაშიძე ყოფილიყო, მათ ოჯახს აეკრძალა სამშობლოში დაბრუნება. კონსტანტინე შერვაშიძე ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში დამკ­ვიდრდა და ალექსანდრეც იქ დაიბადა. მამას სურდა შვილი სამხედრო კარიერას გაჰყოლოდა და ამიტომ სასწავლებლად ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსში მიაბარა. თუმცა ალექსანდრე მამის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში ჩაირიცხა. სასწავლებლის დამთავრებისთანავე პარიზში გაემგზავრა და ფრანგი მხატვრების, ფერნან კორმონისა და ჟულიანის სახელოსნოებში განაგრძო სწავლა. ამ დროს პარიზში რუს მხატვართა პირველი გამოფენა გაიმართა, სადაც შერვაშიძის ავტოპორტრეტს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. 1906 წელს მხატვარი პეტროგრადში გაემგზავრა, სადაც 1917 წლამდე თეატრებში მხატვარ-დეკორატორად მოღვაწეობდა.

1918 წელს ალექსანდრე აფხაზეთში დაბრუნდა. მიზეზი, მისი ბიძაშვილის, აფხაზი მთავრის, გიორგის გარდაცვალება­ იყო და ამ მომენტიდან ის აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრის მე­ურვედ დაინიშნა. 1918-1920 წლებში შერვაშიძის თაოსნობით­ სოხუმში თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია დაარსდა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას იმხანად სოხუმში მყოფ ნიკოლაი ევრეინოვთან ერთად ეწეოდა. პარალელურად, სოხუმის საბავშვო სტუდიას აარსებს, ხელმძღვანელობს ხატვის წრეს, კითხულობს ლექციებს ხელოვნების შესახებ როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ქალაქში.

aleksandr-shervashidze-by-vladimir-rossinsky-1913-1707054980.jpg

პოლიტიკური ვითარების გამო, ალექ­სანდრე ყირიმში, თავის მეგობარ მაქსიმილიან ვოლოშინთან გაემგზავრა. სწორედ ამ დროს მიიღო დიაგილევის წინადადება­, შეერთებოდა მის დასს, რომელიც საბალეტო სეზონებს ლონდონის კოვენტ-გარდენის თეატრში მართავდა. წარმატებული ლონდონური სეზონის შემდეგ, დიაგილევთან ერთად ალექსანდრეც პარიზში დაბრუნდა, სადაც პიკასოს, დერენს, ბრაკს და რუოს უმეგობრდება. მეტიც, მათი ესკი­ზების სცენაზე ხორცშესხმა ალექსანდრეს უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ხდება.

- პაბლო პიკასოს ცნობილი ტილო მართლა მას ეკუთვნის?

- 1924 წელს ალექსანდრემ შანზ-ელიზეს თეატრში პაბლო პიკასოს ცნობილი ტილოს "ზღვის პირას მორბენალი ორი ქალი" ("რბოლა") მიხედვით, დიაგილევის ახალი საბალეტო სპექტაკლისთვის "ლურჯი ექსპრესი" რეკორდულად მცირე დროში სცენის წინა ფარდა მოხატა (134კვმ. ფარდა დღეს ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშია დაცული). ნაწარმოების ლიბრეტო ჟან კოკტოს, ქორეოგრაფია კი ბრონისლავა ნიჟინსკას ეკუთვნოდა. მუსიკის ავტორი დარიუს მიიო გახლდათ. ავანგარდულ, კუბისტურ სტილში გადაწყვეტილი სასცენო დეკორაციები ფრანგმა სკულპტორმა და ილუსტრატორმა ანრი ლორანსმა მოამზადა, ხოლო კოსტიუმების ესკიზები კოკო შანელმა შექმნა. ბალეტის პრემიერა 26 მაისს გაიმართა. დარბაზში სენსაციამ მაშინ იფეთქა, როცა მთავარი ფარდის ახდისთანავე დამსწრე საზოგადოების წინაშე შერვაშიძის ნახატი მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა. ხელოვნების ამ იშვიათმა ნიმუშმა პუბლიკა გააქვავა, ხოლო პიკასო ისე მონუსხა, რომ დაუფიქრებლად მივიდა ნამუშევართან, ზედ ავტოგრაფი წააწერა და ის დიაგილევს მიუძღვნა. გაოცებულ მაყურებელს ვერაფრით გაეგო, თუ როდის მოასწრო პაბლომ ასეთი მონუმენტური სურათის შექმნა მაშინ, როცა ჯერ კიდევ წინადღით გენერალურ რეპეტიციაზე­ მსგავსი რამ ჩანასახის დონეზეც კი არ არსებობდა. ერთი სიტყვით, ეს ამბავი ასე მოხდა: იდეა, რომ პიკასოს ტილო (იმპრესარიომ ის პირველად 1922 წელს, ლა-მანშის სანაპიროსთან მდებარე დაბა დინარში, მხატვრის სახელოსნოში იხილა), როგორც სპექტაკლის ვიზუალური უვერტიურა, სანახაობის მთავარ ფარდად გამოეყენებინა, დიაგილევს ბალეტის პრემიერამდე სულ რაღაც 24 საათით ადრე დაებადა. ჯერ თვითონ ავტორს შესთავაზა, მაგრამ პიკასომ ასეთ მოკლე დროში ამგვარი ძნელი დავალების შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ალექსანდრე შერვაშიძემ კი მიუხედავად გრანდიოზული მასშტაბისა, მას თავი ბრწყინვალედ გაართვა. ქართველი ხელოვანის უზადოდ შესრულებული ნამუშევრით მოიხიბლა შანელიც, რომელმაც სპექტაკლის პრემიერის დასასრულს მისთვის, როგორც სასცენო კოსტიუმების დიზაინერისთვის, მირთმეული ყველა ყვავილი ალექსანდრე შერვაშიძეს გაუგზავნა და მეორე დღეს თავის სახლში მიიწვია. ინგლისელი მოცეკვავის, ენტონ დოლინის მოგონების თანახმად, ვისთვისაც პერსონალურად ეს ბალეტი შეიქმნა, 1924 წლის 24 ნოემბერს, მაშინ, როცა ნაწარმოების პრემიერა ლონდონის კოლიზეუმში გაიმართა, გიგანტური ფერწერული ტილო ამ ბალეტს გადაეცა­. 1929 წელს შანელი და შერვაშიძე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა პარიზში სტრავინსკის განახლებული ბალეტი "პეტრუშკა" იდგმებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მათი გზები კვლავ გადაიკვეთა, როდესაც სტრავინსკის კიდევ ერთ განახლებულ ბალეტზე "გაზაფხულის რიტუალი" მოუწიათ თანამშრომლობამ.

- საინტერესოა შერვაშიძის შეხვედრა კოკო შანელთან.

- 1924 წლის 6 იანვარს მონტე-კარლოს გარნიეს თეატრში გაიმართა ბრონისლავა ნიჟინსკას ქორეოგრაფიით ფრანსის პულენკის მუსიკაზე დადგმული ერთმოქმედებიანი ბალეტის "ირმები" პრემიერა. სპექტაკლის სცენოგრაფიის, მთავარი ფარდისა და კოსტიუმების ავტორი "ოქროს კვეთის" სახელით ცნობილი კუბისტთა წრიდან პარიზის ავანგარდული ხელოვნების მნიშვნელოვანი ფიგურა, მხატვარი და გრავიორი მარი ლორანსანი იყო. მისი ესკიზები (ფარდა და სასცენო დეკორაციები) რეალობად სწორედ შერვაშიძემ აქცია, კოსტიუმები კი შეკერა ვერა დე ბოსე-სუდეიკინამ, რომელიც, თავის დროზე, მეუღლესთან ერთად ცოტა ხანს თბილისშიც ცხოვრობდა. ბალეტი მომდევნო წლის 25 მაისს ლონდონის კოლიზეუმში წარმოადგინეს. 1927 წელს მთავარი როლის შემსრულებელი ბალერინისათვის ახალი კოსტიუმი შანელმაც შექმნა. მისი უკანასკნელი ჩვენება 1928 წლის 25 ივლისს ამავე ქალაქის სამეფო თეატრში შედგა.

ცნობილი ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი მას "ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტ წარმომადგენელს" უწოდე­ბდა, ხოლო ბალეტ "შოთა რუსთაველის" ლიბრეტოს ავტორი ნიკოლაი ევრეინოვი ამბობდა: "თავადი ალექსანდრე შერვაშიძე­ გახლავთ აღმოსავლური რაინდული კეთი­ლშობილების განსახიერება, რაც ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს".

1958 წელს ღრმად მოხუცმა მხატვარმა­ საკუთარი ნამუშევრების დიდი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და სოხუმის სურათების გალერეას. თუმცა ასევე მიჩნეულია,­ რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბევრი ძვირფასი ნამუშევარი, სამწუხაროდ, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სოხუმში მცხოვრები ქალიშვილის, რუსუდან ზაიცევა-შერვაშიძისათვის მიწერილ წერილში ხელოვანი იმედს გამოთქვამდა, რომ თვითონაც მიეცემოდა სამშობლოში დაბრუნების უფლება,­ მაგრამ... ალექსანდრე შერვაშიძე 1968 წელს მონაკოში 101 წლის ასაკში მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. ის ნიცაში დაკრძალეს. ღვაწლმოსილი ქართველი მხატვრის ნეშტი საქართველოში, სოხუმში, 1985 წელს გადმოასვენეს და ამავე წელს თბილისში გაიმართა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენაც.