სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანრე იაშვილმა მიიღო.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ხოლო საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში მტკციებულებათა სტანდარტი საკმაოდ მაღალია.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.

ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"