ყველაფერი ერთი კოცნით დაიწყო - კვირის პალიტრა

ყველაფერი ერთი კოცნით დაიწყო

ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საყვარელ მსახიობს შეყვარებულმა ადამიანმა შეუქმნას მუზეუმი, რომელსაც დღეს ათიათასობით სტუმარი ჰყავს. ყველაფერი კი არტეფაქტების შეგროვებითა და მოხალისეების დაუღალავი შრომით დაიწყო, მათი მიზანი ლეგენდარული მსახიობის, ავა გარდნერის სახელის უკვდავყოფა და მისი შემოქმედების მსოფლიოსთვის გაზიარება იყო.

"გამარჯობა, გოგონა"

420197881-249129798136725-765089780139308549-n-1707059289.jpg

40 წელზე დიდხანს აგროვებდნენ ექიმი ტომასი და ლორეინ ბენკსი ავა გარდნერის მუზეუმისთვის ექსპონატებს, მსოფლიოში მრავალი მუზეუმია, მაგრამ კოცნით მხოლოდ ავა გარდნერის მუზეუმის ისტორია დაიწყო. 1941 წელს, როდესაც ავა გარდნერი ჩრდილოეთ კაროლინაში, ატლანტიკის ქრისტიანულ კოლეჯში (ამჟამად ბარტონ-კოლეჯი) პირველ კურსზე სწავლობდა, კოლეჯის კამპუსის გვერდით 12 წლის ბიჭი, სახელად ტომასი, ცხოვრობდა. შუადღეზე, როდესაც ავა და მისი თანაკურსელები სახლისკენ მიდიოდნენ, გზად მეზობელი ბიჭები ხვდებოდნენ, რომ გოგონებს გახუმრებოდნენ. ერთ დღესაც, როცა ბიჭები გოგოების შესახვედრად გამოვიდნენ, ტომასმა ავას გასძახა: "გამარჯობა, გოგონა". ავა ბიჭს დაედევნა და ყველას თვალწინ ლოყაზე აკოცა. ულამაზესი, თამამი­ და მომხიბლავი ავა გარდნერის კოცნა ტომასს არასდროს დავიწყებია. მომდევნო წელს, როცა სასწავლო სემესტრი დაიწყო, ტომასი მოუთმენლად ელოდა ავას გამოჩენას, თუმცა ის სასწავლებლის ნაცვლად გაზეთის ფურცლებზე გამოჩნდა. პრესა იუწყებოდა, რომ ახალბედა მსახიობ ავა გარდნერს ფილმში გადაიღებდნენ. ტომასმა გაზეთის ფურცელი რუდუნებით შეინახა. მას შემდეგ ყველა ჟურნალ-გაზეთი და რეკლამა ავას მონაწილეობით ტომასის სანუკვარი "ფონდის" ნაწილი გახდა. წლების შემდეგ, როდესაც ტომასმა უილიამსბურგში კოლეჯში ჩააბარა, ავა გარდნერს ჰოლივუდში წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვდა, გამხდარიყო კოლეჯის ძმათა გაერთიანების რჩეული მსახიობი. ავამ ყველა წევრს თავისი ფოტოსურათი გაუგზავნა ავტოგრაფით, ტომასთან კი მიმოწერა დაიწყო. კოლეჯის დასრულების შემდეგ ტომასი საზღვაო ფლოტში მსახურობდა, თუმცა გულმა ჰოლივუდისკენ გაუწია. შეყვარებულმა ბიჭმა იმდენი ქნა, რომ 1951 წელს იმუშავა ფილმზე, რომელშიც ავა გარდნერი მონაწილეობდა. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, ტომასი მალევე მიხვდა, რომ შოუბიზნესი არ იყო მისი საქმე, სწავლას მიუბრუნდა და ფსიქოლოგიის დოქტორის წოდება მიიღო. 1960 წელს ტომასმა ცოლად ლორეინი შეირთო და წყვილი ფლორიდაში დასახლდა. დროთა განმავლობაში ლორეინიც ავა გარდნერის თაყვანისმცემელი გახდა და დაიწყეს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო თავიანთი კოლექციის გამდიდრების მიზნით. ტომასი და ლორეინი 1978 წელს ლონდონში ავას სახლში ესტუმრნენ და მასთან ერთად განიხილეს უკვე მასშტაბური კოლექციის ბედი. ლორეინი და ტომასი ფიქრობდნენ, რომ კოლექცია საგანმანათლებლო ან რომელიმე ფონდისთვის გადაეცათ, მაგრამ ავამ უკეთესი იდეა შესთავაზა - მსახიობმა თავისი სახლი ჩრდილოეთ კაროლინაში ბენკსების კოლექციას გამოუყო. მას შემდეგ სწორედ იქ დაიდო ბინა ავა გარდნერის მუზეუმმა, იმ ქალაქში, სადაც პირველად ავამ ტომასს აკოცა.

ავა გარდნერი და ფრენკ სინატრა

422048694-1544642762994972-3129965207005589757-n-1707059289.jpg

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალის, ავა გარდნერის პირადი ცხოვრება არაერთი მედიაგამოცემის ინტერესის საგანი ყოფილა. თავნება ულამაზესი მსახიობი ყოველთვის მის მეორე ქმართან, ფრენკ სინატრასთან ასოცირდება. მის ბიოგრაფიაში, ისევე როგორც ფრენკ სინატრას ბიოგრაფიაში, მათი სიყვარულის ისტორიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მიკი რუნისთან, ჰოვარდ ჰიუზსა და არტი შოუსთან განშორების შემდეგ ავას ცხოვრებაში ფრენკ სინატრას გაცნობის დრო დადგა. ისინი ერთმანეთს 1950 წელს შეხვდნენ. პირველ პაემანს ფრენკი ასე იხსენებდა: "როგორც კი ერთად აღმოვჩნდით, თავი დავკარგე, თითქოს რაღაც ჩამიყარა ჭიქაში". მათი გაცნობიდან მალევე ავა გადაღებაზე მადრიდში გაემგზავრა, სადაც მის პარტნიორ ტორეადორ მარიო კაბრეს თავდავიწყებით შეუყვარდა, მთელი ღამე მის სახლთან იდგა და სერენადებს უმღეროდა. ეჭვიანობით გაცეცხლებულმა ფრენკ სინატრამ ყველაფერი მიატოვა ამერიკაში, მადრიდში ჩავიდა და შეყვარებულს სკანდალი მოუწყო. წყვილი მალევე შერიგდა, ამერიკაში დაბრუნების შემდეგ კი სინატრამ ოფიციალური განცხადება გააკეთა პირველ ცოლთან განქორწინების შესახებ, ასევე დასძინა, რომ ავა გარდნერის ცოლად შერთვას აპირებდა. ავამ და ფრენკმა ფილადელფიაში იქორწინეს, ქორწილამდე ორი დღით ადრე კი ისე იჩხუბეს, ქორწილი კინაღამ ჩაიშალა - ავამ რესტორანში ერთ გოგონაზე იეჭვიანა, ჩხუბი იქამდე მივიდა, რომ ფრენკს ნიშნობის ბეჭედი მიუგდო, თუმცა მეგობრების ძალისხმევით წყვილი მეორე დღეს შერიგდა და ქორწილიც გაიმართა. ბევრი სკანდალის, ღალატისა და ჩხუბის შემდეგ ავა გარდნერი და ფრენკ სინატრა 1957 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ. ავა ფილმში "ფეხშიშველი გრაფინია" გადასაღებად რომში მიიწვიეს, მსახიობი სიამოვნებით დათანხმდა, სინატრა კი თვითმკვლელობის ზღვარზე იყო მასთან განშორებით. ლეგენდარული სიმღერა I’m a Fool to Want You ფრენკ სინატრამ სწორედ ავა გარდნერს მიუძღვნა - პირველად 1951 წელს ავას გაცნობის დღეებში იმღერა, მეორედ კი 1957 წელს, მასთან განშორების შემდეგ. მუსიკალური სტუდიის თანამშრომელი იხსენებდა, როდესაც სიმღერას წერდა, ცრემლმორეული სტუდიიდან ისე გავარდა არავისთვის შეუხედავსო. განშორების შემდეგ ფრენკმა ავას ყველა ფოტო დახია, მაგრამ მალევე იატაკზე გართხმული ნაფლეთების შეგროვებას ცდილობდა და როცა მოსამსახურემ ერთი მთელი ფოტო იპოვა, იმდენად გაუხარდა, რომ ოქროს საათი აჩუქა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ფრენკმა კიდევ ორჯერ იქორწინა და ორივე კრახით დასრულდა. ის ყოველთვის ავასთან ეძებდა ნუგეშს. შემდეგ ბარბარა მარქსი შეირთო ცოლად და გაუმართლა, მაგრამ ბარბარამ ფრენკის სახლიდან ავას ყველა ფოტო გააქრო, ბაღიდან კი ავას ქანდაკება გაიტანა. მიუხედავად მშვიდი ოჯახური ცხოვრებისა, ფრენკს არ შეუწყვეტია ავასთან სტუმრობა ლონდონის სახლში.

1990 წელს ავა გარდნერი პნევმონიით გარდაიცვალა, ფრენკ სინატრას ქალიშვილი­ იხსენებდა, რომ მამამისმა ძლიერ განიცადა ავას სიკვდილი, დაკრძალვაზე მის გაგზავნილ თაიგულს კი ეწერა: "მთელი სიყვარულით".