მივიწყებული ლეგენდარული კაპიტანი - კვირის პალიტრა

მივიწყებული ლეგენდარული კაპიტანი

ამქვეყნად ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად შეერთო ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. მან ორივე ოცნება აისრულა, უფრო მეტიც, თავადაც ლეგენდად იქცა!

მას დღემდე ლეგენდარულ კაპიტანს უწოდებენ. მახსოვს, მისმა ქალიშვილმა დოდო კაჭარავამ მამის ფოტოები რომ მაჩვენა, მონუსხულივით ვუყურებდი. კინოგმირივით იყო, თითქოს რომელიღაც "ოსკაროსანი" ფილმიდან გადმოსული. სამწუხაროდ, მისი სიმამაცისა და გმირობის ამბები ჩვენთან ბევრმა არც იცის, ვიკიპედიაში მხოლოდ რამდენიმე წინადადებით არის გადმოცემული მისი ვრცელი და დრამატული ბიოგრაფია, არადა, წარმოვიდგინე, გმირი კაპიტნის თავგადასავალზე რა დიდებული მხატვრული ფილმის ან სერიალის გადაღება შეიძლება, მაგრამ... ფილმს ვინ დაეძებს, დღევანდელ საქართველოში დიდი ადამიანების გახსენებაც კი უძნელდებათ, თუნდაც ამ სტატიის გმირის - ანატოლი კაჭარავასი.

untitled2-1707909561.jpg

იალქნიანი ხომალდიდან ყინულმჭრელ "ალექსანდრ სიბირიაკოვამდე"

ანატოლი კაჭარავა 1910 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დაიბადა, იქვე გაიზარდა. ზღვა იყო მისი ბედნიერებაც და ტრაგედიაც, სიცოცხლეც და სასიკვდილო ბედისწერაც. ამქვეყნად ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად შეერთო ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. მან ორივე ოცნება აისრულა, უფრო მეტიც, თავადაც ლეგენდად იქცა!

16 წლის იყო, იალქნიანი ხომალდით შავი ზღვის სანაპიროზე რომ დაცურავდა, 19 წლისა უკვე კაპიტანი გახდა. მერე ვლადივოსტოკის ტექნიკუმი დაამთავრა და არქტიკისკენ გაემგზავრა, წლების შემდეგ კი შორეული ნაოსნობის კაპიტნებისთვის საოცნებო "საპატიო პოლარელის” წოდებაც" მიიღო. 1940 წელს ანატოლი კაჭარავა კაპიტნის მოვალეობას ყინულმჭრელ „"სადკოზე" ასრულებდა, ბევრჯერ დალაშქრა არქტიკა, მაგრამ ერთი ავარიაც არ მოსვლია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უკვე სახელგანთქმულმა კაპიტანმა იმჟამინდელი ლენინგრადის მაკაროვის სახ. უმაღლესი საზღვაო სკოლაც დაამთავრა. მშობლიური ქართულის გარდა, შესანიშნავად იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.

kacharava-1707909066.jpg

"ალექსანდრ სიბირიაკოვის" გმირი ეკიპაჟი

1942 წლის 25 აგვისტოს ყინულმჭრელი "ალექსანდრ სიბირიაკოვი", რომელსაც კარის ზღვაში დიქსონიდან ჩრდილოეთის მიწაზე ახალი პოლარული სადგურისთვის აღჭურვილობა და პერსონალი გადაჰყავდა, კუნძულ ბელუხასთან გერმანელების კრეისერ "ადმირალ შეერს" შეეჩეხა. გერმანელებმა კაპიტანს დროშის დაშვება და დანებება მოსთხოვეს, კაპიტანი ანატოლი კაჭარავა არ დაემორჩილა და მტერს ცეცხლი გაუხსნა. პატარა გემმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, თვითონ შეებრძოლა უზარმაზარ, შესანიშნავად აღჭურვილ მრისხანე კრეისერს და, ფაქტობრივად, მტერს თავი შეაკლა. ამით "სიბირიაკოვმა" უკან მომავალი 25 საბჭოთა გემისგან შემდგარი ქარავანი განადგურებას გადაარჩინა - გემები სამშვიდობოს გავიდნენ, გემი "ალექსანდრ სიბირიაკოვი" კი ჩაიძირა, მის გემბანზე მყოფი ასობით ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა. კაპიტანი კაჭარავა ფეხსა და მუცელში მძიმედ დაიჭრა და გონება დაკარგა. ეკიპაჟის წევრებმა რომ ნახეს, კაპიტანი ცოცხალი იყო, სასწრაფოდ კაპიტნის ფორმა გახადეს და რიგითი მეზღვაურის ფორმა ჩააცვეს, რათა გერმანელებს არ ამოეცნოთ. "ადმირალ შეერის" ეკიპაჟმა გადარჩენილი "სიბირიაკოველები" ტყვედ აიყვანა. მეზღვაურებიდან ერთმაც არ გასცა კაპიტანი, რომელიც ფაშისტებისთვის დიდებული ნადავლი იქნებოდა.

419740369-761662282483641-8285656292680434995-n-1707059980.jpg

გერმანელების ტყვეობიდან სტალინის ტყვეობაში

ტყვეებმა საკონცენტრაციო ბანაკებში სასტიკი დღეები გაიარეს, ბოლოს ყველაზე საშინელ - პოლონეთის ბანაკში აღმოჩნდნენ, სადაც ანატოლი კაჭარავამ 2 წელზე მეტი გაატარა. ბოლოს სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას და მონაწილეობდა ამბოხებაში. ის სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას - 1945 წლის 10 მარტს სხვა ტყვეებთან ერთად დასახვრეტად გაჰყავდათ, როდესაც მე-10 სატანკო დივიზიამ მიუსწრო და გაათავისუფლა, თუმცა... ტყვეობა მაინც გაგრძელდა, ამჯერად სტალინურად - უფის სპეციალურ ბანაკში. როდესაც იოსებ სტალინი გამარჯვებათა ქრონიკას ათვალიერებდა, ანატოლი კაჭარავასთან შეხვედრა მოითხოვა. კაჭარავა კრემლში უფიდან მიიყვანეს. სტალინი მას შეეგება სიტყვებით, გამარჯობა, თანამემამულევ, გამარჯობა, გმიროო, და ორდენიც კაბინეტშივე გადასცა, ოღონდ ნამდვილი გმირი "საბჭოთა კავშირის გმირობის" გარეშე დარჩა - მაშინ გერმანელების ტყვეობაგამოვლილებს საბჭოთა კავშირის გმირობას არ აძლევდნენ, ასე რომ, "სიბირიაკოვის" უმამაცესი კაპიტანი მხოლოდ წითელი დროშისა და სხვა ორდენებს დააჯერეს. ანატოლი კაჭარავას რეაბილიტაცია 1961 წელს მოხდა, ორი ტყვეობის შემდეგ ანატოლი კაჭარავა კვლავ დაუბრუნდა ზღვას და კიდევ 30 წელიწადს დაცურავდა, 1967 წელს კი ბათუმში დაფუძნდა და საქართველოს საზღვაო-სანაოსნო დააარსა. პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. საბოლოოდ, პორტი "ბათუმი" მისი ცხოვრების შემოდგომად იქცა, კუნძული ბელუხა კი - მუდმივ თანამდევად. კარის ზღვაში, ბელუხასთან, გემები დღემდე აძლევენ სიგნალს მამაცი კაპიტნის, ეკიპაჟისა და ჩაძირული "სიბირიაკოვის" პატივსაცემად.

ნატო ვაჩნაძე - ახდენილი ოცნება

1948 წელს ქართული და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, ულამაზესი ნატო ვაჩნაძე შემოქმედებითი ცხოვრების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა. მისი მეუღლის, დიდი სიყვარულის, "ცხოვრების რეჟისორის", ნიკოლოზ შენგელაიას ტრაგიკული დაღუპვიდან 5 წელიწადი იყო გასული. ერთხელაც მას თავისი მეგობარი, რეჟისორი ესფირ შუბი ახალგაზრდა ლამაზ მეზღვაურ მამაკაცთან ერთად ეწვია სიტყვებით, ძვირფასო ნატო, ვერაფრით შევეწინააღმდეგე ამ მომხიბვლელი კაპიტნის დაჟინებულ სურვილს, შენთან შემეხვედრებინაო. მამაკაციც წარუდგა: არქტიკის ფლოტის კაპიტანი ანატოლი კაჭარავა გახლავართო. ნატო წამით შეყოვნდა და, თქვენ ხომ "სიბირიაკოვის" კაპიტანი ხართ, ამას წინათ ვკითხულობდი თქვენი ეკიპაჟის გმირობაზეო. ანატოლი კაჭარავა გამოუტყდა ნატო ვაჩნაძეს, როგორ დაიფიცა სიყმაწვილეში, რომ ცოლად სწორედ მას მოიყვანდა და დააყოლა, რომ ერთი ოცნება - კაპიტნობა უკვე აისრულა, ახლა კი მის ცოლად შერთვის დრო იყო. "მეტისმეტად თამამი განცხადება ხომ არ არის, ანატოლი?" - ჰკითხა ნატომ კაპიტანს, მან კი მოკლედ მოუჭრა: "ეს განცხადება არ არის, ეს საკუთარ თავთან დადებული პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულო"...

ნატო ვაჩნაძემ და ანატოლი კაჭარავამ ხელი თბილისში მოაწერეს და დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყვნენ ერთად. ანატოლი კაჭარავა იმხანად ჩრდილოეთის წყლებში დაცურავდა. ნატო ვაჩნაძის დაბადების დღე ახლოვდებოდა და, სანამ მორიგ ნაოსნობაში წავიდოდა, ერთმანეთი რომ ენახათ, კაპიტანი მურმანსკიდან ჩაფრინდა მოსკოვში, ნატო - თბილისიდან. იქ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს... მომდევნო შეხვედრამდე და ნატო თბილისში გამოფრინდა. თვითმფრინავის ტრაგედიაც სწორედ მაშინ მოხდა. ნატოს დამწვარი ცხედარი ბეჭდით ამოიცნეს.

shvili-1707909015.jpg

მეორე ოჯახი და კვლავ ასრულებული ოცნებები

ანატოლი კაჭარავამ ხუთ წელიწადს იგლოვა ნატო ვაჩნაძე, ამის შემდეგ კი 15 წლით უმცროსი ნაზო შეირთო ცოლად. მისი ქალიშვილის მონათხრობით ვიცი, რომ ქალბატონი ნაზო კაპიტანმა სოხუმში გაიცნო: "დედა ბალერინა და მოხდენილი ქალი იყო და ძალიან შეუყვარდა მამა. დედას არ ჰქონდა იოლი ცხოვრება, რადგან მამა ხშირად თვეობით ტოვებდა ოჯახს და ზღვაში გადიოდა, თუმცა ეს მათ ურთიერთობას არ ცვლიდა. უფრო მეტიც, დედამ ყველაფერი გააკეთა, რათა მამისთვის ბოლო ოცნება აესრულებინა. მამას უნდოდა ქართული სანაოსნოსთვის ორი გემი ჩამოეყვანა, ერთისთვის ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქმია, მეორით წლების წინ ჩაძირული „"სიბირიაკოვი" ჩაენაცვლებინა. გამგზავრებამდე დედას უთხრა, პირველ გემს "ნატო ვაჩნაძე" მინდა ვუწოდო და გთხოვ, ეს ცუდად არ მიიღოო. დედამ დაამშვიდა, არაფერზე ინერვიულოო.

nazo-1707909183.jpg

ორ გემს დაჰპირდნენ, მაგრამ დანაპირები არ შეუსრულეს. ამაზე ბევრი ინერვიულა და ინსულტი დაემართა. რამდენიმე წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. სწორედ მაშინ შეძლო დედამ მამის ოცნებების ასრულება - წავიდა კარის ზღვაში და გადაყარა ყვავილები იქ, სადაც 1942 წელს "სიბირიაკოვი" ჩაიძირა, მომაკვდავ მამას კი სასთუმალთან დაუდო მისი პირველი და დიდი სიყვარულის, ნატო ვაჩნაძის ჭედური გამოსახულება. მამა ხელზე კოცნიდა დედას და ცრემლი სდიოდა. ინსულტის შემდეგ მხოლოდ ის ახსოვდა, რაც მეტისმეტად ძალიან უყვარდა, დედას ბოლომდე ნაზოს ნაცვლად ნატოს ეძახდა. მამა 1982 წელს გარდაიცვალა, მის უსაყვარლეს დღეს - 9 მაისს".

kapitan-1707909158.jpg

საქართველოს საზღვაო-სანაოსნო

საქართველოს საზღვაო-სანაოსნო რომ შეექმნა, ანატოლი კაჭარავამ რუსებს ორ წელიწადში 64 გემი ააგებინა და 1967 წლიდან, 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ სანაოსნოს. ის ღირსეული და პატივსაცემი ადამიანი იყო და ბათუმში მის ოჯახს დიდებული ხალხი სტუმრობდა - ქართველი თუ უცხოელი მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები, თანამდებობის პირები... მათი ოჯახის უახლოესი ადამიანები იყვნენ რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეები, ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი. ანატოლი კაჭარავას ქალიშვილს, დოდოს, მამის განუყრელი ნივთები: კაპიტნის ქუდი, ჩიბუხი, გემის მაკეტი, ფოტოები, წერილები, სტუმრების ჩანაწერების წიგნი დღემდე აქვს შენახული.

geemiii-1707909122.jpg

ანატოლი კაჭარავას გარდაცვალების შემდეგ, 1983 წელს, იმჟამინდელ იუგოსლავიაში რუსების დაფინანსებით აშენდა გემი "კაპიტანი კაჭარავა". დღეს, ფაქტობრივად, აღარც საქართველოს საზღვაო-სანაოსნოა, აღარც გემები და აღარც გემი "კაპიტანი კაჭარავა". გმირ კაპიტანზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული, "სიბირიაკოვის" ტრაგედიასა და კაპიტნის გმირობაზე დოკუმენტური მოთხრობაც დაწერეს რუსებმა - "პოლარული ვარიაგი", რომელიც ქართულადაცაა ნათარგმნი. 1988 წელს კი მსახიობმა და რეჟისორმა ოთარ კობერიძემ გადაიღო ქართული მხატვრული ფილმი "ოპერაცია "ვუნდერლანდი", სადაც ანატოლი კაჭარავას როლს მსახიობი გია ბურჯანაძე ასრულებს. რეჟისორი ნანა ჯორჯაძე აპირებდა კაპიტანზე მხატვრული ფილმის გადაღებას და მუშაობაც დაიწყო, მაგრამ... რამდენიმე წლის წინ ბათუმში ვეტერანმა მეზღვაურებმა ანატოლი კაჭარავას ყოფილი სახლის (კაპიტნის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ სახლი სახელმწიფოს ჩააბარა) კედელზე აბრა გააკეთეს წარწერით. მისი საფლავი საზღვაო აკადემიის ეზოს ტერიტორიაზეა. ერთხელ კაპიტნის ქალიშვილს აკადემიის სტუდენტებისთვის უკითხავს, ბიჭებო, იცით, აქ ვინ არის დასაფლავებულიო? არაო, უპასუხიათ. მომავალმა მეზღვაურებმა არ იცოდნენ, რომ იქ ბათუმის საზღვაო-სანაოსნოს დამაარსებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო დასაფლავებული. ახალგაზრდებს თავი უმართლებიათ, ჩვენ პირველკურსელები ვართო. სასაფლაოც რუსებს გაუკეთებიათ და არა ქართველებს და ბიუსტიც მათვე დაუდგამთ. დოდო კაჭარავა წუხს, რომ ბიუსტი შესაცვლელია, რადგან ძალიან ცუდი ნამუშევარია. სკვერი კი გაკეთდა, მაგრამ, ფაქტობრივად, საფლავი თითქოს გარეთ მოექცა და წლის განმავლობაში იქაურობას არავინ ალაგებს. კაპიტნის მეუღლე გარდაცვლილია, ქალიშვილი და შვილიშვილი თბილისში ცხოვრობენ, თუმცა ოჯახს მისი მემორიალური ნივთები შენახული აქვს, მაგრამ ამ ნივთებით არავინ დაინტერესებულა. გამიკვირდა, რომ ბათუმში, რომელიც წლის განმავლობაში უამრავ ტურისტს იღებს და ისტუმრებს, ისტორიული კაპიტნის, სანაოსნოს დამფუძნებლისა და პირველი ხელმძღვანელის სახლ-მუზეუმი არ მოუწყვია. მის საფლავზე, ცხადია, ოჯახის წევრები ჩადიან, ვეტერანი მეზღვაურებიც აკითხავენ, 9 მაისს კი შიგადაშიგ აჭარის ოფიციალური პირები და აკადემიის კურსანტები სტუმრობენ - ეს არის და ეს. ალბათ, ანატოლი კაჭარავას რატომღაც გერმანელებთან გმირულად მებრძოლ კაპიტნად აღიქვამენ და არა საქართველოს და ბათუმის საზღვაო-სანაოსნოს დამაარსებლად და ხელმძღვანელად!