საკრედიტო ლაბირინთი - ვის შეეხება სესხის პროცენტის შემცირება?! - კვირის პალიტრა

საკრედიტო ლაბირინთი - ვის შეეხება სესხის პროცენტის შემცირება?!

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით - 9%-მდე შეამცირა, რაც ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების მომსახურება ანუ თვიურად გადასახდელი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება. რეფინანსირების განაკვეთი ეხება მხოლოდ ლარში აღებულ სესხებს, თუმცა ამ სესხებიდანაც ყველა არ არის რეფინანსირებაზე მიბმული და ნაწილი ფიქსირებულია. რა გავლენა ექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პოლიტიკის გაგრძელებას სესხებზე, გაუიაფდება თუ არა სესხები მოსახლეობას და რამდენით, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აღებული აქვს ან აქვს ფიქსირებული, რისი გაკეთება შეუძლიათ, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ "ბანკები და ფინანსების" ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძეს, რომლის თქმითაც, დღეს ქვეყანაში 185 ათასამდე სესხია მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე და ეს ნიშნავს, რომ მათ პროცენტი ავტომატურად შეუმცირდებათ.

- ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი განმსაზღვრელია სწორედ ეს რეფინანსირების ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. მას ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საერთოეკონომიკური მდგომარეობიდან და მოლოდინებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საშუალო საპროცენტო განაკვეთი მათთვის, ვინც ამის შემდეგ აიღებს სესხს ლარში, შემცირებული იქნება. რაც მთავარია, წლეულს სავარაუდოდ გაგრძელდება შემცირების ტენდენცია. თუმცა, ვისაც შემცირება პირდაპირ შეეხება, ასეთი დაახლოებით 185 ათასამდე მსესხებელია, რომელთა სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მათ სესხებზე მყისიერად აისახება რეფინანსირების განაკვეთის კლება, რადგან ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ თუ იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, მათ სესხზე პროცენტი იზრდება და პირიქით, თუ იკლებს, მცირდება. სხვა ტიპის სესხებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მათთვის არაფერი იცვლება.

- ახლა ვისაც აქვს სესხი აღებული და მიბმულია რეფინანსირებაზე, მათი პროცენტი ავტომატურად შემცირდება 0,5%-ით? ხშირად მსმენია მომხმარებლებისგან, რომ თუ არ მიმართეს ბანკს, ავტომატურად შემცირება არ ხდება, სამაგიეროდ, გაზრდის შემთხვევაში იმატებს ყოველგვარი მიმართვის გარეშე. ეს პრეტენზია რამდენად შეესაბამება სიმართლეს და სჭირდებათ თუ არა მომხმარებლებს ბანკებისთვის მიმართვა, რათა პროცენტი შეუმცირდეთ?

- იმ სესხების ხელშეკრულებებში, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, ეს ყველგან დაფიქსირებულია. შესაბამისად, გაზრდა-შემცირება ავტომატურად ხდება - რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად. ამიტომ დამატებით მისვლა და შეხსენება არ არის საჭირო. ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების პირობა შეასრულოს. მომხმარებელს ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვს, თითქოს ბანკი ჩასაფრებულია და ყველაფერს მათ საზიანოდ აკეთებს. თავისთავად რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით შემცირება იმდენად მცირეა, რომ შესაძლოა თვიური გადახდისას ვერც იგრძნოს მომხმარებელმა და ამიტომ ჰგონია, რომ ბანკები არ უმცირებენ. რაც შეეხება გრძელვადიან იპოთეკურ სესხებს, თუ საშუალო საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, შესაძლებელია მივმართოთ ბანკს, რათა გადახედონ. თუმცა მოკლევადიან სესხებზე ამას აზრიც არა აქვს, რადგან მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის. აი, გრძელვადიანი იპოთეკური სესხის შემთხვევაში კი 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირებით დაზოგილი თანხა მნიშვნელოვანი გამოდის და ამიტომ გავიმეორებ, რომ ასეთ შემთხვევაში ბანკთან დალაპარაკებას აზრი აქვს. შეიძლება ისიც კი უთხრან, რომ თქვენ თუ არ შემიმცირებთ, სხვა ბანკმა უკეთესი პირობები შემომთავაზა და იქ გადავალო და ა.შ.

არ არის გამორიცხული, რეფინანსირების განაკვეთი წლეულს კიდევ შემცირდეს, რაც უფრო დასწევს ლარში საშუალო საპროცენტო განაკვეთს. შესაბამისად, ვინც სესხი კიდევ წლების განმავლობაში უნდა იხადოს, იმისთვის მნიშვნელობა ექნება, რომ ბანკს ცოტა მაინც დააწევინოს ფიქსირებული განაკვეთი. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, დასჭირდებათ ბანკისთვის მიმართვა.

- რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ 185 ათას სესხში იპოთეკური სესხების წილი როგორია?

- ეს 185 ათასამდე ხელშეკრულება, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, სხვადასხვა პორტფელს მოიცავს. მასში არის იპოთეკურიც, სამომხმარებლოც და ბიზნესსესხებიც. რეფინანსირების განაკვეთზე, როგორც წესი, მიბმულია უფრო გრძელვადიანი სესხები, რადგან ერთ- და ორწლიანი სესხების რეფინანსირების განაკვეთზე მიბმა იშვიათად ხდება.

- რეფინანსირების განაკვეთზე სესხის პროცენტის რა წილი მოდის? და საერთოდ, სესხების გაიაფება, რის შესახებაც ბოლო დღეებში კეთდებოდა განცხადებები, მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული თუ სხვა ღონისძიებებიც იგეგმება?

- ჩვენ ამასთან დაკავშირებით ყოველწლიურად ვაქვეყნებთ კვლევას, თუ რეფინანსირების განაკვეთს რომელ სესხში რა წილი უკავია. 2014 წელს, როდესაც ჩვენ მიმოხილვების გამოქვეყნება დავიწყეთ, დაახლოებით 5 000 სესხი იყო მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე, დღეს კი უკვე 185 ათასამდეა ანუ ზრდა მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს, რომ ეს ინსტრუმენტი მუშაობს - ანუ იზრდება ლარიზაციაც და თუკი თუნდაც ათი წლის წინ იპოთეკური სესხები ძალიან იშვიათად იყო ლარში, დღეს ეს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების წილი საკმაოდ დიდია.

- რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება მხოლოდ ლარში აღებულ სესხებს შეეხება. როდესაც ლარზე სესხების პროცენტის შემცირება ხდება, თუ ღირს სხვა ვალუტაში აღებული სესხების ლარში გადატანა და ეს როგორ უნდა გაკეთდეს?

- ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეზე და თუკი მოინდომებენ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა აქ მთავარია ბანკისა და კლიენტის მოლაპარაკება, აგრეთვე ვის რამდენი დარჩა გადასახდელი, უღირს თუ არა გადატანა, რა პირობებს შესთავაზებენ და სხვ.

როდესაც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანუ რეფინანსირების განაკვეთს განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რა ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორია ინფლაცია და ა.შ. შარშან ჩვენ გვქონდა 0%-იანი წლიური ინფლაცია და ამან მისცა ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება, რადგან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. ინფლაცია და ფინანსური სტაბილურობა არის ის უმთავრესი რამ, რითაც ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის დროს.

- ერთი მხრივ, კარგია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა 0%-იანი ინფლაციის გამო, მაგრამ ის, რომ ინფლაცია 0% იყო, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად არ აისახება?

- რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის დეფლაცია არ ვარგა და უმჯობესია დაბალი და სტაბილური ინფლაცია გვქონდეს. თუმცა იმ ფონზე, როცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ინფლაცია გვქონდა, 0%-იანი ინფლაცია საგანგაშო აღარ არის. ეს ნიშნავს, რომ გასაშუალოვდა ფასები, რაღაცაზე გაიზარდა, რაღაცაზე შემცირდა და ამან დააბალანსა, მით უმეტეს, საბაზისო ანუ 2022 წელს ძალიან მაღალი ინფლაცია იყო. ცხადია, 0%-იანი ინფლაცია არ ნიშნავს, რომ ფასები არაფერზე გაზრდილა, რა თქმა უნდა, გაიზარდა და პირველ რიგში, სურსათზე, რაც ჩვენს ჯიბეზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას, რა თქმა უნდა, ჯობს, არ იყოს არც მაღალი ინფლაცია და არც დეფლაცია, რაც ბიზნესს მოტივაციას უსპობს, აწარმოოს დამატებითი ეკონომიკური საქმიანობა.

- ანუ ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ დაემუქრება?

- იმის გათვალისწინებით, რომ 0%-იანი ინფლაცია არის საშუალო მაჩვენებელი. და თან იმის გამოც, რომ საბაზისო წელს ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო, ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ. პრინციპში, რეფინანსირების განაკვეთის დაწევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია ეკონომიკური ზრდისთვის - დაბალი საპროცენტო განაკვეთი ახდენს ბიზნესის მოტივაციას, რათა დამატებითი სესხი აიღოს და ეკონომიკური საქმიანობა გაააქტიუროს ანუ არამკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება, ოღონდ ამისთვის დაბალი ინფლაცია უნდა გაგრძელდეს. ეროვნული ბანკის პირველი მიზანია ფასების ზრდის შემცირება, რაც მან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით გააკეთა.

- სადამდე შეიძლება სესხების საშუალო პროცენტის შემცირება? ანუ რა შეიძლება იყოს სესხის მინიმალური პროცენტი? თუ დღეს 16%-ია, რამდენი შეიძლება გახდეს?

- კონკრეტულად თქმა ძნელია, რადგან საერთო პროცენტი, გარდა რეფინანსირების განაკვეთისა, კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა რეფინანსირების განაკვეთი ნამდვილად არის ერთ-ერთი მოტივატორი ბანკებისთვისაც, რაკი მოზიდული სახსრები მათაც უიაფდებათ. ჩვენს საშუალო საპროცენტო განაკვეთებს თუ გადავხედავთ, 0,6%-ია წლიურ ჭრილში შემცირება. რეფინანსირების განაკვეთის ბოლოს შემცირებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება წლიურად 1%-იანი შემცირებაც მივიღოთ. შესაძლოა ეს ნაკლებად აისახოს მოკლევადიან სესხებზე, მაგრამ იპოთეკურ გრძელვადიან სესხებზე ნამდვილად საგრძნობლად აისახება.

რუსა მაჩაიძე