„მთავარია ცვლილებები დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს“ - კვირის პალიტრა

„მთავარია ცვლილებები დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს“

ომის პარალელურად უკრაინაში შიდა დაპირისპირება უფრო მწვავდება. დასავლური მედია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბულობის შესახებ საუბრობს. ბრიტანული გამოცემები წერენ საკადრო ცვლილებების შესახებაც, რაც შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შეეხოს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის შესახებ გენერალ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ.

- პოლიტიკოსსა და სამხედრო პირს შორის დაძაბულობა ჩვეულებრივი ამბავია. ხშირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს უმაღლესი მთავარსარდალი, ხოლო სამხედრო გადაწვეტილებას - სარდალი. ამ დაპირისპირებაზე ძალიან დიდი ხანია საუბარია და თუკი ეს სიმართლეა, მთავარია, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე გადაწყდეს. მათი დაპირისპირება ნამდვილად კარგს არაფერს მოუტანს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან ბევრი ცვლილება, თუმცა მთავარია, ვინ მოდის შემდეგი, სირსკი იქნება თუ ვინ. ამაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. კარგი ნამდვილად არ არის, თუმცა ის, რომ ეს ყველაფერი ხდება გარკვეულწილად სტაგნაციის პროცესში, როცა ომში დიდი აქტიურობა ტაქტიკური დონის ზემოთ აღარ მიმდინარეობს, ეს უკრაინას საშუალებას აძლევს გაცილებით უმტკივნეულოდ მოახდინოს რამე ცვლილება ქვეყანაში. მთავარია, ეს ცვლილება არ გადაიზარდოს დიდ დაპირისპირებასა და პოლიტიკურ არეულობაში, რაც არასასურველია.

ზალუჟნი ისეთი სამხედრო პირი და ისეთი ადამიანია, იმედია, არ გაართულებს და არც მგონია, გაართულოს. ზალუჟნის დამსახურებაა ომის პირველ ეტაპზე უკრაინელთა წინსვლა. ის მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა სამხედროებში, მაგრამ კონტრშეტევის ფონზე მისი ჩანაცვლება უფრო ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს. შეუცვლელი არავინ არის, ხდება ასეთი შემთხვევები. მთავარია, ვინ მოვა, რა სტრატეგიული ხედვა ექნება, რა ცვლილებებს და რეფორმებს გაატარებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. რამდენად შეინარჩუნებს იმ სამებას უკრაინა, რომელიც ომის დასაწყისში ჰქონდა და მისი წარმატების საწინდარიც იყო. ეს არის ხალხი, ჯარი და მთავრობა. რამდენად იქნება ერთიანი, ესაა მნიშვნელოვანი.

- ვალერი ზალუჟნის ალექსანდრ სირსკით (სამხედრო ძალების სარდალი) ჩანაცვლება რამდენად რეალურია?

- სირსკი ახალი პირი არ არის, მასაც აქვს ავტორიტეტი შეიარაღებულ ძალებში. სირსკის და ზალუჟნის იდეები ხშირად დიამეტრულად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან. რაც საყურადღებოა, სირსკის ძალიან ენდობა ზელენსკი.

- თქვენი აზრით, ზელენსკიმ ზალუჟნის იმის თქმა არ აპატია, რომ "ომი ჩიხში შევიდა", თუ უკრაინის პრეზიდენტს არ მოსწონს მთავარსარდლის ძალიან დიდი გავლენა სამხედროებში? ბოლო გამოკითხვებით გამოჩნდა, რომ ზალუჟნის ზელენსკიზე მაღალი რეიტინგი აქვს.

- შიდა სამზარეულოს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა რაც ხელისგულზე ჩანდა, ის არის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ახლა მთავარია, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ჩემთვის გაუგებარი იყო ის სტატია, რატომ დასჭირდა ამის დაწერა ზალუჟნის. მე ეს უფრო მოსალოდნელი პოლიტიკური ნაბიჯისთვის გაკეთებული მეჩვენა. ნატოს არასწორ ტაქტიკაზე საუბარი, როცა შენ მთავარსარდალი ხარ, სხვებზე გადაბრალება, არასწორია. სტატია იყო არაფრისმომცემი. ან რა მიზეზით დაწერა? შესაძლოა ზალუჟნის ამისკენ მოსალოდნელმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა უბიძგა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით არ იყო სწორი საქციელი.

- ანუ შესაძლებელია ზალუჟნი ზელენსკის ოპონენტად ვიხილოთ?

- ზალუჟნი თავისი ქვეყნის პატრიოტი კაცია, კარგი სამხედრო, და არა მგონია, ხისტი ნაბიჯები გადადგას პრეზიდენტის წინააღმდეგ. მე და ზალუჟნის ერთი აკადემია გვაქვს დამთავრებული უკრაინაში. ის, რაც მან ომის პირველ ეტაპზე გააკეთა, ურთულესი ვითარებიდან შეძლო ქვეყნის სამხედრო რელსებზე გადაყვანა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა რუსეთის შემოტევების დროს - ეს ფაქტია. სამხედრო თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ჰქონდა შეცდომებიც, რაც, მგონია, პოლიტიკური ზეწოლით იყო გამოწვეული, ვიდრე თვითონ ზალუჟნის გადაწყვეტილება.

- საერთაშორისო ასპარეზზე როგორ შეიძლება აისახოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის დაპირისპირება?

- გააჩნია, რა ფორმას, მასშტაბს მიიღებს დაპირისპირება. როგორც წესი, ლიდერები მხარს უჭერენ პოლიტიკურ მოთამაშეს. მე ეჭვი მეპარება სამხედრო მოთამაშეს დაუჭირონ მხარი. არ ვიცი, რა და როგორ აირევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ ჩერჩილად რომ აცხადებ ზელენსკის, მასზე ფეხის შეწმენდა არ იქნება ლამაზი.

- ზელენსკი როგორ მოიქცევა, როგორ ფიქრობთ? პოლიტიკურ ინტერესს დააყენებს ქვეყნის ინტერესზე მაღლა?

- ჩემი აზრით, ამ ვითარებაში მათი დაშორება ჯობია. ზელენსკი გადაიყვანს სხვა თანამდებობაზე თუ ზალუჟნი დაწერს თავის გადადგომაზე პატაკს, სულერთია, ეს უმჯობესი იქნება უკრაინისთვის, ვიდრე ასე დაძაბული და ერთმანეთის ზურგს უკან ინტრიგების ხლართვა, მით უმეტეს, გაქანებული ომის დროს.

სოფო კაჭარავა