„უკრაინაში საომრად მიმავალს დედამისმა თავისი ხელით ჩაულაგა ტანსაცმელი“
ბრძოლის ველიდან ორი დაჭრილი გამოიყვანა, მესამედაც შებრუნდა, მაგრამ რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა. დავით რატიანი 2022 წლის 17 მარტს ქალაქ ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა. ქართველი მოხალისეების დანაყოფმა უკრაინელ მებრძოლებთან ერთად რუსების 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურა, მაგრამ ოპერაციიდან გამოსვლისას რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს... იმ დღეს კიდევ ერთი ქართველი, გია ბერიაშვილი დაიღუპა, მის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ.
ქართველი მეომრის უკანასკნელი ბრძოლა უკრაინელმა ჟურნალისტმა ალექსეი ბობროვნიკოვმა ასე აღწერა: "სიკვდილამდე რამდენიმე ოკუპანტი გაიყოლა თან. ის მეტყვიამფრქვევე იყო. გმირულად იცხოვრა და გმირულად დაიღუპა. დილის ხუთ საათზე უკანასკნელად გავიდა საბრძოლველად. უკანასკნელ წუთამდე ერთად ვიყავით. ნაღმმა, რომელმაც იმსხვერპლა, როდესაც მტერი ჩვენს აყვანას ცდილობდა, მსუბუქად შეარყია მებრძოლი, რომელიც დათოს ზურგით მიჰყავდა. ნაღმების წვიმაში იმ საზარელ ღამით, როდესაც დაღუპულები გამოგვყავდა, ყველას განადგურება სცადეს, მაგრამ ბედისწერამ დათო გამოგვაცალა. იმ ღამით მე დათოს სათვალის საკიდმა გადამარჩინა, წვრილმა შავმა საკიდმა. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა გამოვიყვანეთ ის ტყიდან, სადაც დაეცა".
52 წლის აფხაზეთიდან დევნილი დავით რატიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო იყო. აფხაზეთის, აგვისტოს ომისა და ავღანეთის მისიაგამოვლილს, ოთხი შვილი დარჩა, რომლებიც ვარკეთილში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობენ. თადარიგის ოფიცერი დაჯილდოებული იყო მედლებით: "უმწიკვლო სამსახურისათვის", "სიცოცხლის გადარჩენისათვის" და "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის".
ია შაშვიაშვილი, დავით რატიანის მეუღლე:
- დათო გულრიფშის რაიონიდან იყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ იარები განუახლა. ძალიან განიცდიდა სახლის დატოვების ამბავსაც და ომის წაგებასაც. გამოვლილ ომებზე რომ არაფერი ვთქვა, მისი კეთილი საქმეები ეყოფათ მის შვილებს საამაყოდ. გამორიცხული იყო, ადამიანი გაჭირვებაში მიეტოვებინა - ნაცნობი იყო თუ უცნობი. ქუჩაშიც კი რომ დავდიოდით, სულ ყურადღებით იყო, ვინმეს რამე ხომ არ უჭირდა. ეზოში პატარას რომ დაინახავდა, მივიდოდა, ხელს ჩამოართმევდა, მოიკითხავდა, დაელაპარაკებოდა და მერე მის ლაპარაკზე იცინოდა.
- თქვენმა ქალიშვილმა მითხრა, მამა კონცერტის შემდეგ ყვავილების თაიგულით მხვდებოდა. ვარდები მიყვარდა და სულ ვარდები მოჰქონდაო.
- კი, თუ ომში, დავალებაზე ან მისიაში არ იყო, თავისი ქალიშვილის კონცერტს არ გამოტოვებდა. სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და კონცერტებში მონაწილეობდა, მაგრამ დათო ისე იქცეოდა, თითქოს მისი ქალიშვილი "მეტროპოლიტენის" სცენაზე გამოდიოდა.
ჩვენ ორი ვაჟი გვყავს, 17 წლის რატი და 9 წლის ლუკა. ბიჭები თავიდანვე არ იყვნენ ენაწყლიანი მოსაუბრეები, მარიამი უფრო ჭიკჭიკა იყო, მაგრამ ახლა ისიც სევდიანი გახდა. დათოს უფროსი გოგონაც ჰყავს, პირველი ქორწინებიდან. არც დათო არჩევდა დანარჩენი შვილებისგან და მეც საკუთარი შვილივით მიყვარს. მამას ძალიან ჰგავს.
- აფხაზეთის ომზე გიამბობდათ?
- აფხაზეთის ომის დროს ძალიან ბევრი ცუდი რამ ნახა. მშვიდობიანი მოსახლეობა ცხელი წერტილებიდან გამოჰყავდა და მიცვალებულიც არაერთხელ უთრევია ზურგით. აგვისტოს ომის შედეგებიც ძალიან განიცადა, მერე ეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა... რომ გაიგებდა, რუსებმა კიდევ გადმოსწიეს საზღვარიო, ადგილს ვეღარ პოულობდა. ამბობდა, პატარავდება საქართველო და შემწინააღმდეგებელი კი არა, ხმის ამომღებიც არავინ არისო.
აგვისტოს ომის დროს სენაკის ბაზაზე იყო. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ გიჟივით დარბოდა ოთახში და ნივთებს ალაგებდა ჩანთაში (ის ჩანთა დღემდე შენახული მაქვს - რატიანი აწერია). სამსახურიდან რომ დაურეკეს, ის უკვე სახლიდან გადიოდა. გავიდა და სამი დღე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ზუსტად იმ დღეებში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ვნატრობდი, იმის შესაძლებლობა მომცემოდა, რომ ეს ამბავი დათოსთვის მეხარებინა. მეშინოდა, ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ ვერ გაეგო, კიდევ ერთხელ რომ ხდებოდა მამა.
27 წელი იმსახურა ქართულ არმიაში, საპენსიო ასაკში დიდი პატივითა და მადლობებით გამოუშვეს. მას მხოლოდ უკრაინაში და საქართველოში კი არა, ავღანეთშიც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული. ერთ-ერთი ტერაქტის დროს ამერიკელი ჯარისკაცი გადაარჩინა. ამის გამო წმინდა გიორგის სახელობის ჯილდოც მისცეს.
სულ მქონდა განცდა, რომ დათო მეტყოდა, უკრაინაში მივდივარო. ომის დაწყების პირველი შოკი ჯერ კიდევ არ იყო გადავლილი, რომ მითხრა, წასვლა მინდა და გთხოვ, ცრემლებით არ დამთრგუნოო. ამ ოთახიდან რომ გავალ, დეიდაჩემს და ბავშვებს დაველაპარაკები, შენს მხარდაჭერას უნდა ვგრძნობდეო. დედამისმა თავისი ხელით ჩაულაგა ტანსაცმელი, ისე იქცეოდა, როგორც გმირი შვილის გამზრდელ დედას შეეფერება... ბოლოს 16 მარტს ვესაუბრეთ. ღამე იყო, თოვდა... ბავშვები მამას ვიდეოზარის საშუალებით თოვლიან ეზოს ათვალიერებინებდნენ. ტელეფონი უნდა გაეთიშა, მაგრამ ვეღარ გვშორდებოდა, ხან რაზე გვითხრა, დამანახეთო, ხან რაზე. მარიამს სთხოვა, საკონცერტო კაბა ჩაიცვიო. მარიამმაც ჩაიცვა. ის იქიდან, სიცილით ეუბნებოდა, მამი, წითელი შენი ფერია, როგორ გიხდებაო... დამშვიდობებისას ბავშვებს სთხოვა, მამი, ძალიან გთხოვთ, კარგად ისწავლეთ, დედას დაუჯერეთო.
ჩემს შვილებს ისედაც არ უყვარდათ რუსები და ახლა სულ ვეღარ იტანენ, ამ ბოროტების იმპერიასთან ბრძოლას შეალია მათმა ძალიან კარგმა მამამ სიცოცხლე. ჩემი გოგონა პროტესტის ნიშნად რუსულს აღარ სწავლობს, ლუკა კი ამბობს, რომ ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს და შური იძიოს.
ხათუნა ბახტურიძე