როგორ გახდა გერმანელი არისტოკრატი გამორჩეული საბჭოთა აგენტი - კვირის პალიტრა

როგორ გახდა გერმანელი არისტოკრატი გამორჩეული საბჭოთა აგენტი

"კროტი" (თხუნელა) - ასე უწოდებენ ჩეკისტურ ჟარგონზე ჯაშუშს, რომელიც მტრის ტერიტორიაზე მოქმედებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ტერიტორიაზე არაერთი ასეთი კროტი მოქმედებდა. ბევრ მათგანს მაღალი თანამდებობაც ეჭირა. კროტების რიცხვს განეკუთვნება ჰარო შულცე-ბოიზენიც.

ჰარო შულცე-ბოიზენი 1919 წელს გერმანულ არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. ბაბუამისი კაიზერ ვილჰელმის პირადი მეგობარი იყო. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში განაგრძო. პოლიტიკით ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაინტერესდა.

პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად გერმანიას ტერიტორიები ჩამოაჭრეს და კონტრიბუციებიც დააკისრეს. ბევრი გერმანელი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. უმუშევრობამ და ინფლაციამ კატასტროფულ დონეს მიაღწია. მუშა დილას ხელფასს რომ აიღებდა, საღამოსთვის ფული უკვე გაუფასურებული იყო. მრეწველობა განადგურებული იყო, ამიტომ ყოველი მეხუთე გერმანელი უმუშევარი გახლდათ. ჰარო შულცე-ბოიზენიც პოლიტიკაში ამგვარ პირობებში მოვიდა.

"ის თავდაპირველად მემარცხენე-ლიბერალების გავლენას განიცდიდა", - წერენ თანამედროვე რუსი პუბლიცისტები ალექსანდრ კოლპაკიდი და დმიტრი პროხოროვი.

ბუნებით მაქსიმალისტ ჰაროს მალე აუცრუვდა გული ლიბერალიზმზე. ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ დამაარსებელ გრეგორ შტრასერს დაუახლოვდა და შავი ფრონტის აქტივისტი გახდა. შავი ფრონტი ნაცისტური პარტიის მემარცხენე ფლანგი იყო. შტრასერს მიაჩნდა, რომ კაპიტალიზმმა თავი მოჭამა და კაცობრიობის გადარჩენა ნაციზმისა და კომუნიზმის სინთეზშია. საბჭოთა სპეცსამსახურებიც შტრასერითა და მისი გარემოცვით დაინტერესდნენ. რუსებმა ოსტატურად ითამაშეს მის მემარცხენე შეხედულებებსა და ამბიციებზე. შულცე-ბოიზენი საბჭოთა აგენტი გახდა.

მემარცხენე-ნაცისტი და კომუნისტების მეგობარი

ჰიტლერისა და ძმების, გრეგორ და ოტო შტრასერების კონფლიქტი გარდაუვალი იყო. ასეც მოხდა. ჰარო შულცე-ბოიზენმაც გაწყვიტა ნაციონალ-სოციალისტებთან ყოველგვარი ურთიერთობა და კომუნისტებს დაუახლოვდა. გამოსცემდა ჟურნალს "მეტოქე" (Dერ Gეგნერ), სადაც საბჭოთა პროპაგანდას ეწეოდა. "ჰიტლერის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ კინოშია! მას წარმატებით შეეძლო ჩარლი ჩაპლინისთვის კონკურენციის გაწევა!" - წერდა თავის ჟურნალში შულცე-ბოიზენი.

1933 წელს ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა. ნაცისტთა მოიერიშე რაზმებმა ჟურნალ "მეტოქის" რედაქცია დაარბიეს. მოიერიშენი რედაქციაში შეიჭრნენ, მისი თანამშრომლები გარეთ გამოიყვანეს და რეზინის ხელკეტებით სცემეს. "რედაქციის წინ ორ რიგად დააყენეს მოიერიშეები და რედაქციის თანამშრომლებს აიძულებდნენ ამ რიგებს შორის გაევლოთ. მოიერიშენი კი მათ ურტყამდნენ", - წერს ცნობილი გერმანელი მწერალი ჰაინრიხ ბიოლი.

მხეცურმა ანგარიშსწორებამ "მეტოქის" ბევრი თანამშრომელი შეაშინა. ბევრი მათგანი მუხლებზე დავარდა და შებრალება ითხოვა. მხოლოდ შულცე-ბოიზენი იდგა მშვიდად. მოიერიშეთა შორის ისე ჩაიარა, არც დაუკვნესია, თუმცა რეზინის ხელკეტებს გამეტებით ურტყამდნენ. ჩაიარა თუ არა მწკრივი, შეჩერდა და გაიღიმა:

- აი, საპატიო წრეც დავარტყი!

ასეთმა ვაჟკაცობამ ნაცისტებიც კი მოხიბლა. ერთ-ერთმა მოიერიშემ შულცე-ბოიზენს შესთავაზა:

- შემოგვიერთდი! რა გინდა ამ კომუნისტებთან! ისინი ხომ რუსებზე მუშაობენ!

შულცე-ბოიზენმა არაფერი უპასუხა, ის მხოლოდ იღიმებოდა.

გერინგის გარემოცვაში

ნაცისტებს შულცე-ბოიზენი ოდნავ მოგვიანებით 1934 წელს შეუერთდა. გაიარა პილოტების მოსამზადებელი კურსები. მიუხედავად ამისა, ნაცისტები მას კარგა ხანს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ყველას კარგად ახსოვდა მისი კომუნისტური წარსული.

იღბლიანი ქორწინება ხშირად თამაშობს გადამწყვეტ როლს ადამიანის ბედში. ასე მოხდა შულცე-ბოიზენის შემთხვევაშიც. მისმა ქორწინებამ ლიბერტას ჰაას-ჰაიეზე კარიერული აღმავლობა განაპირობა. ლიბერტასი ხომ თავად ჰერმან გერინგის ახლო ნათესავი იყო. გერინგი შულცე-ბოიზენისა და ლიბერტასის ქორწილს პირადად ესწრებოდა. მალე გერინგმა შულცე-ბოიზენი ავიაციის სამინისტროში მიიწვია.

ავიაციის სამინისტროში მოსახვედრად კანდიდატებს გესტაპო გულდასმით ამოწმებდა. ჰაროს ეს ასცდა, ის ხომ გერინგის ნათესავი იყო. ჰარო ავიაციის სამინისტროში მიიღეს. მისი კარიერა ზემოთ-ზემოთ მიემართებოდა. პარალელურად, მოსკოვში სისტემატურად გზავნიდა საიდუმლო პატაკებს.

ცოლი და ქმარი

ლიბერტასსა და შულცე-ბოიზენს შორის უდავოდ მამაკაცი მბრძანებლობდა. ლიბერტასმა იცოდა, რომ მისი მეუღლე რუსეთის აგენტი იყო. ქმრის კომუნისტური შეხედულებების შესახებაც შესანიშნავად მოეხსენებოდა. ლიბერტასს ჰარო ძალიან უყვარდა, ამიტომ ყველაფერში კვერს უკრავდა და ჯაშუშურ საქმიანობაშიც მხარში ედგა. ამავე დროს, ლიბერტასი გულწრფელი გერმანელი პატრიოტი იყო. ამიტომ უნებლიეთ გააჟრჟოლებდა, როცა ჰარო ამბობდა, რომ გერმანელი ერი არასრულფასოვანია და უნდა გადაშენდეს.

haro-da-libertasi-3-1707072267.jpg

- აბა მითხარი, განა ნორმალური ადამიანი ჰიტლერს აირჩევს?! განა ჰაილ ჰიტლერის ყვირილს, წიგნების დაწვას ან ებრაელების ხოცვას შეეგუება? ეს მხოლოდ ავადმყოფებს შეუძლიათ!

პასუხად ლიბერტასი ყურებს დაიცობდა ხოლმე.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჰარი კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ის ხმამაღლა იცინოდა, როცა შეიტყობდა, რომ ფრონტზე მეზობლის ვაჟი დაიღუპა. მას შეცვლილი ხმით დაურეკავდა და ვაჟის სიკვდილს მიულოცავდა ხოლმე. გაოგნებული ლიბერტასი ჩუმად იდგა. ჰარო კი განაგრძობდა:

- კარგი იქნება, რომ ბერლინი დაბომბონ! ოჰ, რა სეირი იქნება!

სასოწარკვეთილი ქალი მეძავურად გამოეწყობოდა და ქუჩაში გავარდებოდა. იქ უცნობ მამაკაცს გააჩერებდა და შესთავაზებდა: - თუ ფული არა გაქვს, უფასოდაც მოგცემ!

საღამოს შინ დალილავებული და ტალახში ამოლუმპული ბრუნდებოდა. ქმრის შეკითხვაზე, რა დაგემართაო, პასუხობდა: ეს სტრესიდან გამოსვლაში მშველისო.

ამის შემდეგ აბაზანაში შედიოდა და თბილი წყლით დიდხანს იბანდა ტანს.

ურწმუნო სტალინი

1934 წელს ლენინგრადში სერგეი კიროვი მოკლეს. სტალინმა ეს ოსტატურად გამოიყენა და დიდი ტერორის მეორე ტალღა გააჩაღა. დაიწყო არმიის, პარტაპარატისა და უშიშროების ორგანოების "წმენდა". ამ დროს ბევრი ჩეკისტი დაიღუპა და საბჭოთა დაზვერვასთან შულცე-ბოიზენის კავშირებიც გაწყდა.

მასობრივი რეპრესიები 1938 წელს ჩაცხრა. მალე შინსახკომის შეფის პოსტზე ნიკალაი ეჟოვი ლავრენტი ბერიამ შეცვალა. მან ოფიციალურად დააყენა სტალინის წინაშე იმ აგენტებთან კავშირის აღდგენის საკითხი, რომლებიც ჰიტლერული გერმანიის ტერიტორიაზე მუშაობდნენ. ბერლინში საბჭოთა აგენტი ალექსანდრ კოროტკოვი ჩავიდა და შულცე-ბოიზენთან კავშირი აღადგინა. საიდუმლო ინფორმაციამ გერინგის შტაბიდან მოსკოვში კვლავ ინტენსიურად დაიწყო დენა.

"როგორც ცნობილია, სტალინი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ჰიტლერი სსრკ-ზე თავდასხმას აპირებდა. ასეთ აგენტებს შორის იყო შულცე-ბოიზენიც", - წერს საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.

სტალინს არ სჯეროდა, რომ ჰიტლერი სსრკ-ზე თავდასხმას აპირებდა. ის ფრიად აგრესიულად რეაგირებდა ასეთ შეტყობინებებზე. ბერიაც მსგავს ინფორმაციებს სხვისი ხელით აწვდიდა. ჰარო შულცე-ბოიზენის პატაკის თაობაზე სტალინს მოლოტოვმა მოახსენა. სტალინს თვალები აენთო:

- ეს ნაბოზარი გერმანელი პროვოკატორია და მის დედასთან გაგზავნეთ!

ამრიგად, შულცე-ბოიზენის პატაკმა სხვა აგენტების პატაკების ბედი გაიზიარა. 1941 წლის 22 ივნისს კი გერმანია სსრკ-ს თავს დაესხა.

მასთან მუშაობა ძნელი იყო...

1938 წელს ბრიუსელში გამოჩნდა კანადელი კომერსანტი მილერი. ეს კაცი სინამდვილეში გრუ-ს რეზიდენტი იყო. მისი ნამდვილი სახელია ლევ (ლეოპოლდ) ტრეპერი. მან უმალ დაამყარა კონტაქტი ბელგიისა და საფრანგეთის კომპარტიებთან, საბჭოთა აგენტებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში მუშაობდნენ. შემდეგ გერმანიაში მოქმედ მსტოვრებზეც გავიდა. შეიქმნა ჯაშუშური ორგანიზაცია, რომლის საცეცებიც მოედო საფრანგეთს, ბელგიასა და გერმანიას. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ამ ორგანიზაციის სახელწოდება იყო "წითელი კაპელა".

"სინამდვილეში "წითელი კაპელა" ერქვა ზონდერკომანდას, რომელიც რუს მსტოვრებზე ნადირობდა", - წერს ტეოდორ გლადკოვი.

სწორედ ტრეპერის ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი გახდა ჰარო შულცე-ბოიზენი. თუმცა, სუპერჯაშუშის როლი მას არ აკმაყოფილებდა.

- მე პოლიტიკოსი ვარ და არა შპიონი! - გაჰკიოდა იგი.

შულცე-ბოიზენი აიძულებდა თავის აგენტებს, გაევრცელებინათ ანტინაცისტური სააგიტაციო ფურცლები, კარიკატურები ჰიტლერზე, ჰიმლერზე, გერინგზე თუ სხვა ბელადებზე. ურჩობის შემთხვევაში კი რევოლვერს დააძრობდა.

- გააკეთე, თორემ შუბლს გაგიხვრეტ!

ტრეპერი ამაოდ ცდილობდა მის შეკავებას. შულცე-ბოიზენი მას არ ემორჩილებოდა.

- მასთან მუშაობა ძალზე ძნელი იყო! - იტყვის ომის შემდეგ ტრეპერი.

marcxnidan-arvid-harnaki-da-haro-sulce-boizeni-1707072266.jpg
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1964 წელს გამოუშვეს მარკა შულცე-ბოიზენის გამოსახულებით

აღსასრული

შულცე-ბოიზენის გაუფრთხილებელმა საქციელმა გესტაპოს ყურადღება მიიქცია. რაც მთავარია, გერმანელმა კონტრმზვერავებმა გაშიფრეს მოსკოვიდან ბერლინში გაგზავნილი საიდუმლო შეტყობინებები. მათში დასახელებული იყო შულცე-ბოიზენის გვარი, სახელი და მისამართი. შულცე-ბოიზენი და ლიბერტასი დააპატიმრეს. გესტაპოში ორივე სასტიკად აწამეს. ცოლ-ქმარმაც დაფქვა ყველაფერი, რაც იცოდა. რაკი შულცე-ბოიზენი გერმანიაში მოქმედ ჯაშუშურ ორგანიზაციაში წამყვან როლს თამაშობდა, მისმა ჩავარდნამ მთელი ქსელი გადაიყოლა. ამან ორივეზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. ჰარო სულიერად მთლიანად დაეცა. ლიბერტასი კი ჭკუიდან შეიშალა.

1942 წლის 22 დეკემბერს შულცე-ბოიზენი ჩამოახრჩვეს. ლიბერტასი კი გილიოტინაზე გაგზავნეს. სიკვდილის წინ ორივე შებრალებას ითხოვდა. ლიბერტასი, რომელიც ჭკუაზე აღარ იყო, ემუდარებოდა:

- ჯარისკაცებო! ოღონდაც არ მომ­კლათ და ჯგუფურად ...!

ხვეწნა-მუდარა "ამაო" გამოდგა. ორივენი სიკვდილით დასაჯეს.

ეპილოგი

სტალინმა უარი განაცხადა, ომის შემდეგ შულცე-ბოიზენისთვის საბჭოთა კავშირის გმირობა მიენიჭებინათ. მიზეზი შემდეგი იყო: - ცისფერსისხლიანი არისტოკრატი! კაცმა არ იცის, ვისთვის მუშაობდა!

სსრ კავშირში ჰარო შულცე-ბოიზენი მხოლოდ ხრუშჩოვის ხანაში გაიხსენეს. თითქმის გადაწყვეტილი იყო მისთვის სიკვდილის შემდეგ სსრ კავშირის გმირობის მინიჭება. ხრუშჩოვი დაამხვეს და შულცე-ბოიზენსაც მხოლოდ წითელი დროშის ორდენი აკმარეს. იდგა 1968 წელი.

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1964 წელს შულცე-ბოიზენის გამოსახულებიანი მარკა გამოუშვეს. ბერლინში გაჩნდა მისი სახელობის ქუჩა, რომელიც დღესაც არსებობს.ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი