ამერიკა-ირანის დიდი ომი ისევ „გადაიდო“?! - კვირის პალიტრა

ამერიკა-ირანის დიდი ომი ისევ „გადაიდო“?!

პრეზიდენტმა ბაიდენმა სიტყვა შეასრულა - 3 თებერვლის გამთენიისას ოფიციალურმა ვაშინგტონმა შური იძია 28 იანვრის თავდასხმისთვის - სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე 125-ზე მეტი მართვადი რაკეტითა და ბომბით ზუსტი დარტყმა მიაყენა 85-ზე მეტ პროირანული ძალების ობიექტს. თუ რა შედეგით დამთავრდა საჰაერო დარტყმები, რაშიც ამერიკულ მხარეს, სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებიც ეხმარებოდნენ, მალე გაირკვევა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი სამიზნე-ობიექტი პროირანულ დანაყოფებს უკვე დატოვებული ჰქონდათ.

28 იანვარს იორდანიაში ამერიკულ მინი-სამხედრო ბაზაზე ირანული კამიკაძე-დრონ "შაჰიდით""თავდასხმის შედეგად 3 მოკლული და 40-მდე დაჭრილი ამერიკელი სამხედროსთვის თეთრი სახლი აუცილებლად იძიებდა შურს, მაგრამ არაფრისდიდებით ირანზე, არამედ პროირანულ დაჯგუფებებზე სირიასა და ერაყის ტერიტორიებზე.

28 იანვრის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე დემოკრატებისა და განსაკუთრებით რესპუბლიკელების უდიდესი პოლიტიკური ზეწოლა იყო, ყველანი შურისძიებას ითხოვდნენ თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო, მაგრამ პრეზიდენტი დილემის წინაშე იდგა - მიუხედავად თეირანის მტკიცებისა, რომ ირანი არავითარ კავშირში არ იყო 28 იანვრის თავდასხმასთან იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ნათელი გახლდათ, რომ თავდასხმა ირანული კამიკაძე-დრონით პროირანულმა ძალებმა მოაწყვეს ანუ ამ ყველაფრის უკან შეიძლება ირიბად, მაგრამ მაინც ირანის ხელისუფლება, კონკრეტულად კი ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სარდლობა მოიაზრებოდა.

შესაბამისად, ამერიკული სარაკეტო შურისძიების სამიზნეები სწორედ ირანის ტერიტორიაზე უნდა გამოძებნილიყო, მაგრამ ეს უკვე დიდი ომის დაწყების წინა პირობა გახდებოდა, რაც არც ვაშინგტონში სურთ და არც თეირანში. ამიტომაც თეთრმა სახლმა შუალედური გამოსავალი გამონახა, - ოპოზიციაც დააწყნარა იმით, რომ სარაკეტო დარტყმებით შური იძია და ამით აშშ-ის საერთაშორისო იმიჯი გაამყარა, მაგრამ ამასთანავე თავს არ დაესხა უშუალოდ ირანის ტერიტორიას, რაც აუცილებლად გამოიწვევდა თეირანის საპასუხო მოქმედებებს - ირანის შეიარაღებული ძალების არსენალში უკვე არის იმ რადიუსის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან გაშვების შემდეგ სწვდებიან ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ თითქმის ყველა ამერიკულ სამხედრო ბაზას და თვით ისრაელის ტერიტორიასაც ფარავენ.

დიდი ომი აშშ-სა და ირანს შორის, საბედნიეროდ, არ დაწყებულა და იმედია, არც დაიწყება, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები მაინც მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ.

დღეს ომების ესკალაცია არ შედის დასავლეთის, უპირველესად კი ამერიკელების ინტერესში, სამაგიეროდ, იდეალურად ჯდება პუტინის გათვლებში, რათა დასავლეთის რესურსები გადავიდეს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე და დააკლდეს უკრაინას.ირანის აიათოლების სტრატეგიული გეგმებიც ითვალისწინებს სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას, ოღონდ პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებით სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან ისრაელისა და ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, ასევე, იემენელი ჰუსიტების საშუალებით, ევროპა-აზიის მთავარი საზღვაო-სავაჭრო გზის ბლოკირებასაც ისე, რომ თავად ირანი ამ ყველაფერში ოფიციალურად მონაწილედ არ დაფიქსირდეს. თეირანს, ისევე როგორც მოსკოვს, სურს ასეთი ტაქტიკით, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სისტემატური საჰაერო დარტყმებით, აიძულოს თეთრი სახლი, რომ მან დაიწყოს სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან მათი გაყვანა, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვება ამერიკული სამხედრო ხომალდების ადენის ყურესა და ორმუზის სრუტეში ცურვის შეზღუდვაც, რათა საბოლოოდ აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან სრულად გააძევონ.