ოკუპირებულ ოჩამჩირესთან რუსულ ხომალდებზე უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმა რეალური გახდება
აი, ასეთი პატარა კამიკაძე-კატარღებით უკრაინელები რუსეთის ფლოტს მთელ შავ ზღვაში "ატერორებენ" და ეტყობა, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტთანაც გამოჩნდებიან, თუკი იქ პუტინი მართლაც "გადამალავს" თავის სამხედრო ხომალდებს...
1-ლ თებერვალს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაიმართა ნამდვილი საზღვაო ბრძოლა, რომელიც ომების ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერს. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დონუზლავთან, რუსულ დიდ სარაკეტო კატარღას "ივანოვეცს" თავს დაესხა რამდენიმე უკრაინული კამიკაძე-კატარღა, რომელთა ბორტზე დაყენებულმა სითბოვიზურმა კამერებმა ამ მართლაც შთამბეჭდავი საზღვაო ბრძოლის პერიპეტიები აღბეჭდეს - ექვსმა უკრაინულმა "მაგურას" ტიპის კამიკაძე-კატარღამ 500-ტონიან რუსულ სარაკეტო "ივანოვეცს" ექვსი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი თავის 40-კაციან ეკიპაჟთან ერთად შავი ზღვის ცივ ტალღებში გაუჩინარდა.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ორი წელი შესრულდება და ამ პერიოდში უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 21 სხვადასხვა კლასისა და ტიპის მცურავი საშუალება გამოიყვანეს მწყობრიდან, მათ შორის 14 გაანადგურეს/ჩაძირეს, ხოლო 7 მძიმედ დააზიანეს და ეს მაშინ, როცა უკრაინას სამხედრო ფლოტი ფაქტობრივად, არც ჰყავს და მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონებისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების იმედზეა.
დონუზლავი, სადაც საზღვაო ბრძოლა გაიმართა, ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლიდან ორასიოდე კმ-ითაა დაშორებული, რაც პრობლემას არ წარმოადგენს უკრაინული კამიკაძე-დრონების დისტანციურად სამართავად. შესაბამისად, ასევე არ იქნება პრობლემა, თუკი ამ კამიკაძე-კატარღების მართვა უკრაინელ ოპერატორებს უფრო შორ მანძილზე, მაგალითად, 900 კმ-ით დაშორებულ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთანაც დასჭირდებათ, თუნდაც ოჩამჩირის პორტის ტრავერსზე. ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების შეფარება-გადამალვა რეალური ხდება იმის ფონზე, თუ როგორ დარტყმებს აყენებენ უკრაინული კამიკაძე-დრონები და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები დონუზლავის, სევასტოპოლის, ფეოდოსიისა თუ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებს. ოკუპირებული ოჩამჩირის პორტი უკრაინელების კონტროლირებადი შავი ზღვის სანაპიროდან (იგივე ოდესიდან) არანაკლებ ათასი კმ-ითაა (ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უსაფრთხო მანძილზე შემოვლის გათვალისწინებით) დაშორებული, რაც რუს ადმირალებს შეიძლება უსაფრთხოების ილუზიას უქმნის - უკრაინული კამიკაძე-კატარღები ოდესიდან 300 კმ-ში სევასტოპოლამდე კი მიცურავენ, მაგრამ ათას კმ-ზე, ოჩამჩირესთან ნამდვილად ვერ ჩააღწევენო. ერთი შეხედვით, მართლაც უკრაინული კამიკაძე-კატარღის "მაგურას" ცურვის მაქსიმალური სიშორე 450 საზღვაო მილი ანუ 833 კმ-მდეა და ის ვერ მიაღწევს ოკუპირებულ ოჩამჩირემდე, მაგრამ... ვინ უშლის ხელს უკრაინელ მეზღვაურებს, რომ 5,5 მ სიგრძის კამიკაძე-კატარღები არა ოდესიდან გაუშვან, არამედ სავაჭრო გემით შავ ზღვაში ფარულად გაიტანონ და ღია ზღვაში ჩაუშვან რუსეთის კონტროლირებად პორტებთან რაც შეიძლება ახლოს?
რუსეთის შავი ზღვის ფლოტს არ გააჩნია იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი სრულად გააკონტროლოს და მით უმეტეს, აღმოაჩინოს ზღვის ზედაპირიდან მხოლოდ 50 სმ-ზე ამოწეული უკრაინული კამიკაძე-კატარღების მცირეგაბარიტიანი კორპუსები (თუ, რა თქმა უნდა, უკრაინული "მაგურები" სრული სვლით, 42 კვანძით (77,8 კმ/სთ) არ გაცურავენ და უკან კარგად შესამჩნევ კილვატერის თეთრ კვალს არ დატოვებენ).
ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე სამხედრო ხომალდის დასაყენებლად. შესაბამისად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ოკუპირებულ სანაპირო ზოლს რუსი ოკუპანტების ხომალდების კვალდაკვალ მათი "რისხვაც" - უკრაინული კამიკაძე-კატარღების "გუნდიც" ესტუმრება...
როგორ ჰბაძავს პუტინი სტალინს... ხომალდების ქართულ პორტებში "გადამალვაში"...
პუტინი ითვალისწინებს კრემლის ყოფილი ბინადრის, სტალინის გამოცდილებას და ოკუპირებული ყირიმიდან გამოქცეული რუსული ხომალდების ნაწილის გადამალვა ასევე ოკუპირებულ... საქართველოს ოჩამჩირის პორტში სურს, ანუ როგორც სტალინის ბრძანებით 82 წლის წინ ოჩამჩირეში, ფოთსა და ბათუმში გადამალეს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების ნაწილი.
გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისთვის საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტი ძალზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში იყო ერთი ლინკორი (სახაზო ხომალდი), 5 კრეისერი, 16 საესკადრო ნაღმოსანი, სადარაჯო და სატორპედო კატარღები, 47 წყალქვეშა ნავი და 639 თვითმფრინავი (მათ შორის 153 ბომბდამშენი და 314 გამანადგურებელი), ხოლო პირადი შემადგენლობის რიცხვი 64 205 კაცს შეადგენდა. გარდა ამისა, შავ ზღვაში ენ-კა-ვე-დეს საზღვაო-სასაზღვრო დაცვის განკარგულებაში 105 სასაზღვრო კატარღა იყო.
იმხანად შავ ზღვაში ყველაზე ძლიერ სამხედრო-საზღვაო დაჯგუფებასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა თურქეთის, ბულგარეთისა თუ რუმინეთის საზღვაო ფლოტების საბრძოლო შესაძლებლობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში სტალინს მაინც მოუწია ჩაძირვას გადარჩენილი საბჭოთა ხომალდების გადამალვამ ოჩამჩირისა და ბათუმის პორტებში, ხოლო ფოთი საერთოდ შავი ზღვის ფლოტის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზად გადაიქცა. რატომ?
ომის დაწყებისთანავე შავ ზღვაში საბჭოთა ფლოტს დაუპირისპირდა გერმანელების მხარეს მებრძოლი მხოლოდ რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, რომელთა განკარგულებაში იყო არაუმეტეს 2 დამხმარე კრეისერი, 4 საესკადრო ნაღმოსანი, ერთი წყალქვეშა ნავი და რამდენიმე კატარღა. ბულგარეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ომის დასაწყისში ჯერ გერმანიის მხარეზე იყო, შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
არც თურქეთი ჩართულა შავ ზღვაში ბრძოლებში და ამასთან, იცავდა 1936 წლის მონტრეს კონვენციას და ბოსფორის სრუტეში არ გამოატარა გერმანიისა და იტალიის ძლიერი ფლოტების კრეისერები, რაც ნამდვილ შვებად იქცა მოსკოვისთვის (დღესაც ისევ მონტრეს კონვენციაზე დაყრდნობით თურქეთი შავ ზღვაში არ ატარებს არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რაც დღევანდელი კრემლისთვისაც დიდი შეღავათია).
თუკი ასეთი დიდი უპირატესობა ჰქონდა შავ ზღვაში საბჭოთა კავშირს, მაშინ რატომ მოუწია სტალინს ხომალდების გადამალვამ ქართულ პორტებში, ფრონტის ხაზიდან რაც შეიძლება მოშორებით? უპირველესად ისევ გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების, ლიუფტვაფეს კარგად ორგანიზებული და ზუსტი საჰაერო დარტყმების გამო. გერმანული თვითმფრინავები გამუდმებით ბომბავდნენ სევასტოპოლის, ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის პორტებს, რასაც გერმანიის სახმელეთო ძალების ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრაც დაემატა.
1943 წლის დამდეგისთვის გერმანიამ და იტალიამ მდინარე დუნაის საშუალებით შავ ზღვაში შემოიყვანეს ორასამდე ერთეული მცირე გაბარიტებისა და წყალწყვის მცურავი საშუალებები, მათ შორის 6 მცირე წყალქვეშა ნავი, 16 სატორპედო კატარღა და სხვ. მიუხედავად ამისა, შავ ზღვაში საბჭოთა ხომალდების მთავარ საფრთხედ მაინც გერმანული ავიაცია რჩებოდა, რომელიც მათ საჰაერო დარტყმებს ქართულ პორტებშიც კი აყენებდა. მაგალითად, 1942 წლის 16 ივლისს ფოთის პორტში მდგარ საბჭოთა კრეისერ "კომინტერნს" გერმანულმა "იუნკერსმა" ორი საავიაციო ბომბი მოახვედრა - პირველი ხომალდის საკვამლე მილთან აფეთქდა, ხოლო მეორემ გახვრიტა ტრიუმი, მთლიანად კრეისერის კორპუსი და დაეშვა ფოთის პორტის ფსკერზე... ისე, რომ არ აფეთქებულა.