„კოკერილს ინგლისური სიამაყე არ აკლია, მაგრამ სამართლიანი კაცია“
4 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის" გათამაშების ახალი სეზონი დაიწყო. გერმანიასთან მატჩი სადებიუტო იყო "ბორჯღალოსნების" ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილისთვის. რაგბის კავშირმა 53 წლის ინგლისელთან 1+3 სისტემით გააფორმა კონტრაქტი, რაც ნიშნავს, რომ წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, კოკერილი ნაკრების სათავეში 2027 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე დარჩება. რაგბის კავშირის გამგეობის წევრს, ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილი მწვრთნელის (2017 წელს "ტულონში" ერთად მუშაობდნენ) საქართველოში ჩამოყვანაში. ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკასგან ბევრი საინტერესო დეტალი შევიტყვეთ:
- მართალია, რომ კოკერილის საქართველოში ჩამოსვლაში მამუკა გორგოძეს მნიშვნელოვანი როლი აქვს?
- დიახ, ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი. შეთანხმების პროცესში ჩართული იყო ლევან ღვაბერიძეც. რაგბის კავშირს ინგლისელი მწვრთნელის კანდიდატურა შევთავაზე, მოლაპარაკებაში მონაწილეობა აღარ მიმიღია, მაგრამ ვადასტურებ - ძალიან ვიყავი მონდომებული, რომ ეროვნულ ნაკრებში სწორედ კოკერილს ემუშავა!
- რაც ნიშნავს, რომ გქონდა საფუძველი, მონდომებული ყოფილიყავი! "ტულონში" ერთად მხოლოდ ნახევარი წელი იმუშავეთ, მაგრამ ადამიანის სამწვრთნელო და პიროვნული თვისებების გასაგებად ეს დროც საკმარისია.
- როცა კოკერილი "ტულონში" მოვიდა, მცირე ტრავმა მაწუხებდა. ინგლისელ მწვრთნელთან ახლო ურთიერთობა ნამდვილად არ მქონია, გუნდში მისი ყოფნისას არც ბევრი თამაში მიწევდა, მაგრამ აქ ხომ პირად მოწონება-ანტიპათიაზე არაა ლაპარაკი?! მთავარი ის არის, გამოადგება თუ არა რიჩარდ კოკერილი ჩვენს ეროვნულ გუნდს. ყველაზე მნიშვნელოვნად საქმისადმი სწორედ ასეთი მიდგომა მიმაჩნია. ამიტომაც საქართველოს ნაკრებში "მე" არასდროს მითქვამს! ეროვნულ გუნდში თამაშისას შენს სამშობლოს წარმოადგენ და პირადი ეგო უნდა დაივიწყო. შესაძლოა ფიქრობდე, რომ სხვაზე ნაკლებად გაფასებენ, შეიძლება რაღაცაზე გულნატკენიც იყო, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს - ნაკრებში სიტყვა "მე" არ არსებობს!
- ქართული რაგბის წარმატების საქმეში ასეთი მიდგომა უმნიშვნელოვანესია. თუმცა მთავარი მწვრთნელის საკითხს დავუბრუნდეთ...
- სიმართლე გითხრათ, მაოცებენ ადამიანები, რომლებსაც კოკერილის კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებთ - როგორც ჩანს, მისი "სივი" არ უნახავთ! სხვათა შორის, ედი ჯონსთანაც იყო აქტიური მოლაპარაკება, მისთვის ავიაბილეთიც ნაყიდი გვქონდა, მაგრამ შეთანხმებულ სტუმრობამდე ორი დღით ადრე გვითხრა, აღარ მოვდივარო. როგორც ჩანს, სხვებთან "სავაჭროდ" გამოგვიყენა... რამდენიმე წლის წინ მოლაპარაკება გვქონდა უორენ გეთლენდთანაც, მაგრამ ისეთი ხელფასი მოითხოვა, საქართველოს რაგბის კავშირი ვერაფრით გადაიხდიდა. მესმის, რომ გულშემატკივარს უნდა ედი ჯონსთან, უორენ გეთლენდთან, ჯოშ სმიტთან თანამშრომლობა, მაგრამ სანამ რაგბის კავშირს გავაკრიტიკებთ, იმაზეც ხომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ ჩამოვა საქართველოში მსოფლიოს ტოპ-3, თუნდაც ტოპ-5 მწვრთნელიდან რომელიმე? სხვა ქვეყნებზე მდიდარი ვართ თუ ძლიერი?! ისიც საკითხავია, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიჩნეული სპეციალისტი უფრო მეტს მიაღწევს "ბორჯღალოსნებთან" ერთად თუ კოკერილის მსგავსი არანაკლებ გამოცდილი, მაგრამ ნაკლებად პოპულარული მწვრთნელი? რიჩარდი წლების განმავლობაში იყო "ლესტერ ტაიგერსის" თავკაცი, უმუშავია "ედინბურგში", "ტულონში", ინგლისის ნაკრებში, უამრავი წარმატება აქვს პრო-14-ში, "ჰეინეკენის თასზე". ზოგიერთს მაინც არ აკმაყოფილებს კოკერილის კვალიფიკაცია...
- კვალიფიკაციაზე მეტად, ამის მიზეზი "მონპელიეს" პრეზიდენტის ინტერვიუ მგონია.მოედ ალტრადმა თქვა, რომ მოთამაშეებისა და "სტაფისგან" მხოლოდ მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ შეიტყო, რომ კოკერილი მეტისმეტად მკაცრი იყო, რომ ყველას ატერორებდა და ამცირებდა...
- რაგბის ან ფეხბურთის ერთ მწვრთნელს მაინც დამისახელებთ, ვინც გუნდიდან არ გაუშვიათ? ჟოზე მოურინიო "რომადან" ახლახან გაათავისუფლეს, გალტიე არ გაუგდიათ თუ სხვა სახელგანთქმული მწვრთნელები? კოკერილი რამდენიმე თვის მისული იყო "მონპელიეში" და ზედიზედ 5 თუ 6 წაგებისთვის გამოუშვეს (სხვათა შორის, "მონპელიე" დღესაც აგებს)... როგორც ჩანს, ალტრადს სხვისი მიყვანა სურდა და წაგებები მიზეზად გამოიყენა. რაც შეეხება "მონპელიეს" მოთამაშეებისა და თანამშრომლების "დატერორებას", სანამ კოკერილზე ამას დაწერდნენ, საქართველოში რიჩარდს მანამდეც იწუნებდნენ - მაინცდამაინც ედი ჯონსი გვინდაო! ამბიცია კარგია, მაგრამ რეალობას მოკლებული არ უნდა იყოს.
- კოკერილის გაწვრთნილ გუნდში შენც ხომ გითამაშია - ჰგავს სიმართლეს ალტრადის ნათქვამი?
- როგორც მწვრთნელი, მცირე დეტალებსა და დისციპლინას აქცევს ყურადღებას, ისე კი, მარტივი რაგბი უყვარს. რაც შეეხება ხასიათს, ინგლისელებისთვის დამახასიათებელი სიამაყე არც მას აკლია, თუმცა სამართლიანი კაცია, "ქიციც იცის და ქიცმაცურიც": კარგად მოიქცევი, შეგაქებს, არა და - არც ხმამაღალი სიტყვა უნდა გაგიკვირდეს. არა მგონია, ქართველ მორაგბეებთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლოს. კი, ბიჭებსაც მოუწევთ დისციპლინის დაცვა, მაგრამ ზედმეტის უფლებას თავს არც მწვრთნელი მისცემს... ყველამ იცის, რომ ფრანგებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ დიდია ალბათობა, რიჩარდი სულაც არ იყოს დამნაშავე "მონპელიეს" წევრებთან ურთიერთობაში... ფრანგული გუნდების უმეტესობა "დაჯგუფებებად" არის დაყოფილი, როგორც კი რაღაც წინააღმდეგობა შეხვდებათ, კლუბის სტაჟიანი წევრები ყველაფერს აკეთებენ მწვრთნელის თავიდან მოსაშორებლად. უმეტესწილად ის არაპროფესიონალები, ვისაც ვარჯიში ეზარება. დიდი შანსია, "მონპელიეშიც" ასეთი რამ მომხდარიყო. კოკერილს სულ "მონპელიედან" გაშვებას რომ აძახებენ და მხოლოდ ცუდს ხედავენ, "ლესტერთან" ერთად მე გავხდი მრავალგზის ჩემპიონი? დაშლილი "ტულონი" მე გავიყვანე ფინალში, პრო-14-ის გამორჩეულ მწვრთნელად მე დამასახელეს?!
- უკვე ცნობილია ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეების ვინაობაც - კოკერილს შონ სოვერბი და კონორ მაკფილიპსი დაეხმარებიან. მათზე რის თქმა შეგიძლია?
- სამხრეთაფრიკელი შონ სოვერბი ჩემზე უფროსია და ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირად არ გვითამაშია, მაგრამ მახსოვს, რომ ჭკვიანი მორაგბე იყო, საფრანგეთის ტოპ-14-ის გამორჩეული 8 ნომერი. რაც შეეხება შონის სამწვრთნელო საქმიანობის დახასიათებას, ამისთვის ჩემი მეგობრების, უმაღლესი დონის პროფესიონალების, დუდუ ქუბრიაშვილისა და მიშა ნარიაშვილის სიტყვებიც მყოფნის. ორივე სიტყვაძუნწი ბიჭია, მაგრამ ისეთი კმაყოფილები იყვნენ სოვერბისთან მუშაობით, კომპლიმენტები არ დაიშურეს - რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებს, მოლსა და დერეფანში საუკეთესო შედეგები გვქონდაო... მაკფილიპსსაც ძალიან კარგი დახასიათება აქვს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- როგორც გვითხრეს, შონ სოვერბი დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი იქნება. იმედია, მისი ხელი "ბორჯღალოსნების" დერეფანსაც მალე დაეტყობა...
- ვერ ვიტყვი, რომ ნაკრების დერეფანში არსებული პრობლემები მხოლოდ მწვრთნელის ბრალი იყო. შესაძლოა საერთოდ სხვა სისტემაა გამოსაყენებელი... სოვერბი აუტის მოთამაშე იყო - მაღალი, ხმელი აღნაგობის, ტექნიკური და ჭკვიანი მორაგბე. თვითონ კოკერილიც ჰუკერი გახლდათ და აუტის ამბები მანაც კარგად იცის.
- საინტერესოა, შენი მწვრთნელებიდან ვინ იყო ყველაზე უხეში?
- ძალიან ხისტი და მკაცრია ბერნარ ლაპორტი - უნდა გენახათ, რა დღეში აგდებდა მოთამაშეებს. ვინც ასეთი არ იყო, ისინი პირში მიღიმოდნენ, ზურგიდან კი "დანას მირტყამდნენ"... ცხადია, პირდაპირი ადამიანი მირჩევნია ორპირს, რომელიც მოედანზე გიღიმის, მოედანს მიღმა კი ყველაფერს აკეთებს, საქმე რომ გაგიფუჭოს. სამწუხაროდ, ან ერთი კატეგორიის მწვრთნელები მხვდებოდნენ, ან მეორე, ძალიან იშვიათად, რომელიმე მათგანი შუალედური ყოფილიყო. ისე კი, მოთამაშე იქნება თუ თანამშრომელი, მთავარი მწვრთნელის დავალება ყველამ უნდა შეასრულოს. საქმეს ნუ გააფუჭებ, ბევრ ჯარიმას ნუ დაიმსახურებ და საყვედურს არავინ გეტყვის. რაც ვნახე, კოკერილი საკმაოდ მეგობრული კაცია. დაუმსახურებელ შენიშვნას არავის მისცემს. მასთან ურთიერთობის 6-თვიანმა გამოცდილებამ ეს მაჩვენა და თუ მას შემდეგ შეიცვალა, არ ვიცი...
- მილტონ ჰეიგს დიდ პატივს იმის გამოც ვცემდით, ოჯახთან ერთად საქართველოში რომ ცხოვრობდა. გასაგებია, რომ შორეულ ზელანდიაში ხშირად წასვლა-წამოსვლა რთულია, მაგრამ ფაქტია, მილტონი პატივისცემით ეკიდებოდა თავის საქმესაც და ჩვენს ქვეყანასაც. კოკერილს რა გეგმები აქვს?
- ნაკრების ახალ მწვრთნელთან ახლო ურთიერთობა არა მაქვს, არც ამ საკითხზე გვილაპარაკია, მაგრამ შეთანხმების პირობებით საქართველოში მინიმუმ რვა თვე უნდა იმუშაოს. როცა ნაკრებისა და "დიდი ათიანის" მატჩები არ იქნება, აუცილებელი არც არის სულ აქ იყოს, მთავარია, შედეგი მოგვიტანოს. კოკერილი ძალიან მაღალი დონის სახელიანი სპეციალისტია. ბიუჯეტურადაც მისაღები იყო ჩვენთვის და რაც მთავარია, არ არის გაზულუქებული, ვარსკვლავური კატეგორიის მწვრთნელი, ანაზღაურებად მილიონებს რომ ითხოვენ და ერთი იმდენი მათ სხვადასხვა ახირებაში უნდა იხადო.
- რამდენიმე წელიწადია, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი აღარაფრის მომცემია საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ სანამ ახალ გარემოს ალღოს აუღებენ, კარგია, რომ ახალ სამწვრთნელო შტაბს თებერვლის მატჩები (გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი) სუსტ მეტოქეებთან უწევს.
- დიახ, კოკერილი და მისი თანაშემწეები უახლოეს მატჩებში გაიცნობენ გუნდს, აქაურ გარემოს და მერე ძლიერ მეტოქეებთან თამაშების დროც მოვა. ადაპტაციისთვის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ზედგამოჭრილი იქნება, თორემ სხვა მხრივ უკვე ვერანაირი სარგებელი ვერ მოაქვს. ცოტათი უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს ახალ მწვრთნელებთან - არ იფიქრონ, რადგან ასეთ მეტოქეებთან გვიწევს თამაში, ჩვენც მათი დონის გუნდი გვყავს...
- რამდენიმე სიტყვა 2023 წლის მსოფლიო თასზე და იქ საქართველოს ნაკრების გამოსვლაზეც ვთქვათ.
- რაც არ უნდა კარგად გვეთამაშა, შედეგს ვერ მივაღწიეთ და შეფასებაც შესაბამისია - საფრანგეთში ჩვენი გუნდის თამაში წარუმატებელი იყო. გვქონდა კარგი მატჩები, გუნდი ლამაზად თამაშობდა, მაგრამ... მე მირჩევნია, ცუდად ვითამაშოთ და წარმატებული მსოფლიო გვქონდეს! პორტუგალიას პირველ ტაიმში არაფრის შანსი არ მივეცით, მაგრამ როცა ზედიზედ გავანიავეთ ლელოს გატანის რამდენიმე შანსი, მოწინააღმდეგეც გათამამდა, ჩვენ შეცდომები დავუშვით და საბოლოოდ, კინაღამ წავაგეთ... ამ წარუმატებლობას მხოლოდ მწვრთნელს, მოთამაშეებს ან მსაჯის შეცდომებს ვერ დავაბრალებ - ცოტა-ცოტა ყველაფერი იყო. დასანანი ის არის, რომ მაინცდამაინც მსოფლიო თასზე მოხდა ასე, თორემ პორტუგალია რამდენით ჩამოგვრჩება, ამას მათთან უახლოეს მატჩში ვნახავთ!
- ლევან მაისაშვილის მუშაობით კმაყოფილი ხარ?
- ლევანმა დიდი შრომა გასწია. თუნდაც უელსთან სტუმრად გამარჯვება, იტალიასთან მოგება და ჩელენჯ ქაფზე კარგი თამაში რად ღირს? გულდასაწყვეტია, რომ სადაც მისი შრომა უნდა დაფასებულიყო, მაინცდამაინც იქ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვაჩვენეთ სათანადო შედეგი...
- ჩელენჯ თასი ახსენე და, საუბრის ბოლოს "შავ ლომსა" და მის მნიშვნელობაზეც გვითხარი შენი აზრი.
- წლებია, ფრენჩაიზის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ვლაპარაკობთ. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სოსო ტყემალაძეს, რომელმაც ბევრი იშრომა საჭირო თანხის მოსაძიებლად. ბევრმა იმუშავა, მაგრამ ფინანსების მოზიდვის საკითხი სწორედ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მოაგვარა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი გუნდების არსებობისთვის ძალიან დიდი ბიუჯეტია საჭირო! სამწუხაროდ, გულშემატკივრის ერთ ნაწილს არ ესმის არც ფრენჩაიზ-გუნდის მნიშვნელობა და არც ის, რა დონის ტურნირია ჩელენჯ ქაფი. არადა, რამდენი დრო და შრომა დაგვჭირდა, ამ ტურნირში მონაწილეობის უფლება რომ მიგვეღო. პირველი სეზონისთვის ძალიან მაგარი შედეგი გვქონდა და "გლოსტერთან" უსაფუძვლოდ ჩაუთვლელი ლელო რომ არა, ორ თამაშს მოვიგებდით! ფრანგული გუნდების უმეტესობა ჩელენჯის მატჩებში მეორე შემადგენლობას ათამაშებს ხოლმე, "კლერმონი" კი თბილისში ძირითადი გუნდით გვესტუმრა, რაც წინა მატჩებში ქართველების კარგი თამაშის დამსახურებაა.