ზელენსკის ინტერვიუ: ზალუჟნის შეცვლაზე, ტრამპზე, პუტინზე და ფრონტზე შექმნილ ჩიხზე - "ომი თქვენთანაც შეიძლება მოვიდეს..." - კვირის პალიტრა

ზელენსკის ინტერვიუ: ზალუჟნის შეცვლაზე, ტრამპზე, პუტინზე და ფრონტზე შექმნილ ჩიხზე - "ომი თქვენთანაც შეიძლება მოვიდეს..."

იტალიის საზოგადოებრივი ტელეკომპანიის - Radiotelevisione italiana-ს (RAI) ახალი ამბების პროგრამის (TG1 - Telegiornale-1) ეთერში 4 თებერვალს, საღამოს, გადაიცა ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის ვიდეოვერსია გამოქვეყნებულია ტელეკომპანიის ვებგვერდზე სათაურით - „ჩვენ არ მივცემთ რუსეთს წინსვლის შესაძლებლობას“ (ესაუბრება ჟურნალისტი ჯან-მარკო ჩიოკი, პროგრამის მთავარი რედაქტორი).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„უკრაინა შეიცვალა... მე უკრაინელი ვარ. ჩვენ გავიმარჯვებთ!“

„უკრაინა დღეს სრულიად სხვა სახელმწიფოა იმასთან შედარებით [რაც ომამდე იყო]. ჩვენ ევროკავშირში გაწევრების პროცესში ვართ; ჩვენ გვყავს ძლიერი არმია, რომელიც დასავლური ტექნიკით არის აღჭურვილი; ჩვენ უფრო მეტად გამოცდილები ვართ. შესაძლოა, ზოგჯერ დაღლილები გამოვიყურებით, ზოგჯერ კი - ქედმაღლურად ვიქცევით, მაგრამ რუსეთს გამარჯვების შანსს მაინც არ მივცემთ.

ომის ორი წლის განმავლობაში დამარცხებასა და კაპიტულაციაზე არასოდეს მიფიქრია. მე უკრაინელი ვარ, მიყვარს და ვიცავ უკრაინას. ეს ჩემი მოვალეობაა. არასოდეს დაიჯეროთ, რომ ბოროტება გაიმარჯვებს [რუსეთის სახით]. ვიცი, რომ მას აუცილებლად დავამარცხებთ. უნდა გავაცნობიეროთ ის ჭეშმარიტება, რომ რუსეთს მშვიდობა არ სჭირდება, მოსკოვისათვის მშვიდობა დამარცხებას ნიშნავს. მათ საჯაროდ უკვე განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან, სანამ თავიანთ მიზანს არ მიაღწევენ. ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი კი უკრაინისთვის დამოუკიდებლობის წართმევაა. მას უნდა, რომ უკრაინა ისევ იმპერიის ნაწილი გახდეს. სამწუხაროდ, უკრაინელთა ნაწილი უკვე მიეჩვია ომს და ეს დიდი შეცდომაა. შესაძლოა, მეც ვერ გავაკეთე რაღაც ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მეც ადამიანი ვარ... თუმცა ვფიქრობ, რომ წინ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგით...“.

„დიახ, ჩიხში ვართ ხმელეთზე, მაგრამ წარმატებები გვაქვს ზღვაზე...“

„რაც შეეხება სახმელეთო ბრძოლას... დიახ, ჩვენ ჩიხში ვართ, ეს უკვე ფაქტია... იმიტომ, რომ დაგვიანდა იარაღის მოწოდება, რამაც, თავის მხრივ, ჩვენი შეცდომები გამოიწვია. ჩვენ ტერორისტ სახელმწიფოს ვებრძვით, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. გვჭირდება მეტი საბრძოლო მასალა, მეტი თანამედროვე ტექნიკური საშუალება, მაგალითად, [იტალიური] „მოდერნა“. ქვეყნის ტერიტორიის 26% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მაგრამ კრემლის ჯარი ჩვენ უკვე შევაჩერეთ - მართალია, დიდი მხვერპლის ფასად, მაგრამ - მაინც.

შედარებით კარგი სიტუაცია გვაქვს საზღვაო ბრძოლებში, საზღვაო ოპერაციებში მეტი წარმატება მოვიპოვეთ - რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ბევრი გემი დაკარგა. ჩვენ შევქმენით და ვიცავთ საზღვაო დერეფანს მარცვლეულის ექსპორტისათვის, რასაც ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.

„ომი თქვენთანაც შეიძლება მოვიდეს...

„ომი თქვენთანაც შეიძლება მოვიდეს - იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ვლადიმერ პუტინთან... და როცა ფრონტი კარს მოგადგებათ, მზად არავინ იქნებით. ევროპული არმიები ომს მოუმზადებლები შეხვდებიან. ეს თქვენთვის შოკი იქნება. სად არის იმის გარანტია, რომ ნატო დროულ რეაგირებას მოახდენს? ვინმე ლაპარაკობს ამაზე? - არავინ“.

თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება...“

„თუ პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ... მე მინდა მჯეროდეს და იმედი მაქვს, რომ თუ აშშ-ის ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდება, პოლიტიკური ხაზი იგივე დარჩება. რესპუბლიკურ პარტიაში არიან რადიკალები, მაგრამ არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. რა თქმა უნდა, ყველაფერს ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს და თუ მათ განზრახული აქვთ დახმარების შემცირება, ამ შემთხვევაში, ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნება: ვლადიმერ პუტინი ჩვენს თავდაცვის ხაზს გაარღვევს, წინ წამოვა და მისი შეჩერება იოლი არ იქნება“.

„ზალუჟნი? - დიახ, ცვლილება და გადატვირთვა საჭიროა...“

„ვალერი ზალუჟნი? - დიახ, ჩვენ ახლა საკადრო გადატვირთვა გვჭირდება, სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლა და - არა მხოლოდ სამხედროსი... ეს ისეთი საკითხია, რომელიც უკრაინის მომავალ ხელმძღვანელობას ეხება... როცა ცვლილებებზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს მთელი რიგი სახელმწიფო ლიდერების როტაცია და არა მხოლოდ სამხედრო სფეროში. ამიტომაც, როცა გადატვირთვასა და ცვლილებებზე ვსაუბრობ, უფრო მეტს ვგულისხმობ, ვიდრე ერთი ადამიანის შეცვლას - განზრახული მაქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის რეორგანიზაცია“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო