"კერძო მევახშემ კანონში ხვრელი იპოვა, რითაც თავის მიზანსაც აღწევს­ და თან უარეს მდგომარეობაში აგდებს ადამიანს" - კვირის პალიტრა

"კერძო მევახშემ კანონში ხვრელი იპოვა, რითაც თავის მიზანსაც აღწევს­ და თან უარეს მდგომარეობაში აგდებს ადამიანს"

ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღება სრულად იყო მიპყრობილი იმ გამოსახლებებისკენ, რაც თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაურით დაიწყო. ეს არც არის გასაკვირი, ისეთი კადრები ვნახეთ, თუ როგორ ყრიდნენ ნივთებს პირდაპირ ფანჯრებიდან, როგორ ამცირებდნენ ადამიანებს და პოლიციამ როგორ გამოიყენა ძალა სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ. მართალია, ეს კონკრეტული პრობლემაც, ასე თუ ისე, მოგვარდა და სხვა გამოსახლებებიც გადაიდო, მაგრამ ფაქტია, კერძო სესხების პრობლემა ქვეყანაში ძალიან მწვავეა და როგორც ჩანს, კიდევ უფრო გამწვავდება. როგორც ირკვევა, ქვეყნის მასშტაბით 1300-მდე ოჯახი ელოდება გამოსახლებას. ამ დღეებში არაერთი­ განცხადება გაკეთდა, სწორი იყო სასესხო რეგულაციების გამკაცრება თუ ამან უფრო გაამწვავა საკითხი, სად არის პრობლემის სათავე და რა შეიძლება გაკეთდეს, ამ საკითხებზე სამართალმცოდნე ვახუშტი მენაბდესა და "ბანკები და ფინანსების" ხელმძღვანელ გიორგი­ კეპულაძეს ვესაუბრეთ:

ვახუშტი მენაბდე:

- ამ პრობლემას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. 1990-იანი წლების გაჭირვების, ეკონომიკის გაპარტახებისა და ქონების ველური დატაცების შემდეგ, ხალხი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდა. 2003 წელს მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო რეფორმების გატარება და მათ შორის, დაისახა სახელმწიფოს განვითარების რაღაც გეგმა, რომელიც მოიცავდა ეკონომიკური განვითარების გეგმასაც, სრულად ნეოლიბერალურს, ანუ სრულად დერეგულაციებზე დაფუძნებულს. ეს კი კაპიტალის მფლობელებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევდა - იმ გათვლით, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა მდიდარი ფენის ხარჯზე და მერე ოდესმე ეს სიმდიდრე ხალხის ფართო ფენებში "ჩამოჟონავდა".­ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ ამ ხედვას საფუძველი არა აქვს, "ჩამოჟონვა" არასოდეს ხდება და უთანასწორობა უფრო და უფრო იზრდება, საქართველოში მაინც ეს გზა აირჩიეს.

საქართველოში არსებობდა "პირის გაკოტრების" ცნება, რაც გააუქმეს - ანუ დღეს ფიზიკური პირის გაკოტრების ცნება აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ იურიდიული პირის. ასევე გააუქმეს პროცენტების ზედა ჭერი, შეიზღუდა ეროვნული ბანკის როლი ამ პროცესებში და კიდევ სხვა მსგავსი რამ გაკეთდა. ამან საბოლოოდ დავალიანებების ძალიან დიდი ზრდა გამოიწვია, ანუ რასაც დავალიანებას ეძახიან, ის ძალზე მასშტაბური გახდა. მეტად გაადვილდა სესხის გაცემა, პროცენტი არ იყო დარეგულირებული, არ არსებობდა ზღვარი, რომლის იქით ფიზიკური პირისგან რესურსებს ვეღარ ამოქაჩავდი და ეს გრძელდებოდა დიდხანს, დაახლოებით 2005-07 წლებიდან 2018 წლამდე. ამის გამო ქვეყანა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ამოქმედდა კანონი, რომელმაც კერძო მევახშეობა აკრძალა. ეს იყო ნაბიჯი, რაც "ოცნებამ" გადადგა. თუმცა ეს უფრო თვალის ახვევა გახლდათ, რადგან რეალურად მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. კერძო მევახშემ კანონში სხვა ხვრელი იპოვა, რითაც თავის მიზანსაც აღწევს­ და თან უარეს მდგომარეობაში აგდებს ადამიანს. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ისევ თავისუფლად განაგრძობენ თავიანთ დაკრედიტების პოლიტიკას და დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, რომ მძაფრად გამოჩნდა მთელი რიგი პრობლემები. ევროპული სტანდარტიც კი, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულია, მხოლოდ მინიმალური მოთხოვნებით, არა გვაქვს. ამისგან ძალიან შორს ვართ.

- რა პრობლემები გამოიკვეთა ფულის გასესხების საკითხში?

- დღეს გვაქვს სამი სახის პრობლემა­ - გამოსახლების პროცედურები, ეროვნული ბანკის როლი და კერძოსამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება სახელმწიფოს მიერ. ყველაზე საბაზისო რაც არის ევროპულ სტანდარტში, გამოსახლების პროცედურაა და ჩვენ აქაც კი პრობლემები გვაქვს, მაგალითად, ზამთარში, ცუდ ამინდში, ღირსების შელახვით რომ არ შეიძლება გამოსახლება, რაც ამ დღეებში ვნახეთ, ფანჯრიდან რომ ყრიდნენ ნივთებს, რომელ ღირსებაზეა ლაპარაკი. ასევე, ევროპული სტანდარტით არ შეიძლება უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება და სასესხო ურთიერთობაში პრობლემა რომ წარმოიშობა, თავიდანვე უნდა რეაგირება. ჩვენთან მევახშეები თავიდანვე კი არ რეაგირებენ, არამედ ელოდებიან და როდესაც­ თანხა გროვდება, მერე იწყებენ მოქმედებას. გარდა ამისა, ევროპულ სტანდარტში არის ისიც, რომ ბინა მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გაიყიდოს და ა.შ. მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება.

- 2018 წელს დაწესებულმა შეზღუდვებმა, რაც თქვენც ახსენეთ, რა მოიტანა? გააუმჯობესა თუ გააუარესა მდგომარეობა?

- ეს იყო მოჩვენებითი ნაბიჯი. სანახევრო ზომები შედეგს ვერ მოიტანს. რეალურად აკრძალვა რომ უნდოდეთ, ხომ გამოჩნდა არსებული ხვრელები და ამოავსებდნენ. რაც მთავარია, ეს დღეს კი არ გახდა ცნობილი, არამედ მაშინვე­ და ამ ხვრელების ამოქოლა იმთავითვე შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შანსი, რომ რეფორმისას რამე ვერ გაითვალისწინო, მაგრამ როცა ხედავ, რომ პრობლემა გრძელდება, ხომ უნდა მოაგვარო? უნდა მოაგვარო, მაგრამ ამათ რეაგირება არ ჰქონიათ. ეს კი ნიშნავს, რომ რეალურად სახელმწიფოს არ სურს ამ პრობლემის გადაჭრა. მათთვის ეს იყო უფრო პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი, აი, ჩემი დაპირება, რომ გითხარით, დავალიანებების პრობლემას მივხედავო, შევასრულეო. თუმცა რა შესრულებაზეა ლაპარაკი, როცა ხალხი უარეს დღეში ჩავარდა. ეს რეგულაციის კი არა, მთავრობის პრობლემაა, რომელიც არ მიჰყვება საკითხს, ასევე არის სასამართლოს პრობლემაც, რომელიც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თორემ ბევრი რამის გაკეთება სასამართლოსაც შეუძლია.

- თუკი რეგულაციები გამკაცრდება და პირველ რიგში, საბანკო სისტემაში, რა ქნას იმ ადამიანმა, ვისაც ფული ნამდვილად სჭირდება და ბანკიდან ვერ იღებს? იძულებული ხომ გახდება კვლავ იატაკქვეშეთს მიმართოს, სადაც არანაირი დაცულობის გარანტია არ არის?

- ასე შეიძლება ადამიანს ფული სჭირდებოდეს და თავისი თავის მონად გაყიდვაზე თანახმა იყოს და სახელმწიფომ ეს ხომ არ უნდა დაუშვას?

- სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს? ერთია, უკვე გაპრობლემებული სესხები და მეორე, მომავალში რა იქნება. ეს საკითხები როგორ უნდა გადაიჭრას?

- მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად სისტემური რეფორმა უნდა გატარდეს.

- კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს?

- სამ მიმართულებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი: ეროვნული ბანკის როლის გაზრდაზე, გამოსახლების პროცედურების ევროპულ სტანდარტებში მოხვედრაზე, სასესხო ხელშეკრულებების ზედამხედველობასა და ამის უკეთესად რეგულირებაზე. რაც შეეხება არსებულ ხელშეკრულებებს, ისინი უნდა გადაიხედოს, ეს ვალები ახალ წესებს უნდა დაექვემდებაროს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სამართლებრივი რისკების გათვალისწინებით.

- ასე თუ ისე, მეორე მხრის ინტერესებიც ხომ არსებობს და ახალი წესების ძველზე გავრცელება შესაძლებელი იქნება?

- გარკვეულწილად შესაძლებელი იქნება. შეიძლება ყველაფერზე არა, მაგრამ შემსუბუქება შესაძლებელია.

"რეგულაციები მსესხებლების დასაცავად შემოიღეს, მაგრამ საწინააღმდეგო ეფექტი მოგვცა"

*რა უნდა გაითვალისწინონ სესხის აღებისას ჩვენმა მოქალაქეებმა, ამ საკითხებზე გიორგი კეპულაძე გვესაუბრება:

- დავიწყოთ იმით, რომ ამ პრობლემების მთავარი მიზეზი სიღარიბეა. ზუსტად არ ვიცით ფიზიკურ პირებს შორის სესხების მოცულობა, მაგრამ ვიცით, რომ ამით ბევრი ზარალდება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის არის, რომ ფულზე ხელი არ მიუწვდება მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც სტაბილური შემოსავალი არა აქვს. სამწუხაროდ, ღარიბი სახელმწიფო ვართ და ამას მოჰყვება ის პრობლემები, რაც განვითარებულ სახელმწიფოებს უკვე გავლილი აქვთ.

სტატია სრულად იხილეთ - საბანკო რეგულაციების გამკაცრებამ მევახშეები პირიქით ახეირა?!