კავკასიური "ცეცხლის" წრე: დიდი ბრძოლა პატარა რეგიონისთვის - "საქართველომ საბედისწერო შეცდომა აღარ უნდა დაუშვას" - კვირის პალიტრა

კავკასიური "ცეცხლის" წრე: დიდი ბრძოლა პატარა რეგიონისთვის - "საქართველომ საბედისწერო შეცდომა აღარ უნდა დაუშვას"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 5 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

- მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის რეგიონში რა პერსპექტივა ჩნდება? თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ისე, როგორც მოგვარდა, რას ცვლის და როგორ შეიძლება აქ პროცესები განვითარდეს?

- დავიწყოთ იმით, რომ ყარაბაღში ჯერ არაფერი მოგვარებულა. აზერბაიჯანისთვის შეიძლება მოგვარდა, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო, და დღეს ალიევის განცხადებები ორიენტირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ ყარაბაღის მოვლენებამდე. გარდა ამისა, რუსეთის თემა ყარაბაღის საკითხში ბოლომდე არ არის გარკვეული. რუსეთმა დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, რადგან ფაშინიანს ვერ იტანდა, როგორც თავის დროზე საქართველოში შევარდნაძეს, და მიუშვა პროცესი. საბოლოოდ ეს დამთავრდა იმით, რომ ფაშინიანი არ გაიწირა, მაგრამ გაიწირა სომხეთი და მისი გავლენა ძალიან შემცირდა. ახლა კი ცდილობს ეს ყველაფერი უკან დაიბრუნოს. კავკასიის სივრცეში ძალიან ბევრი მსხვილი მოთამაშე ოპერირებს, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. ეს არის კოლექტიური დასავლეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი და ახალი მოთამაშე - ჩინეთი. ამდენი ხალხი რომ არის ჩართული ამ პატარა რეგიონში, წარმოიდგინეთ, როგორი ქაოსი იქმნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიტუაციის კარგად აღქმითა და მოქნილი პოლიტიკით ამ ვითარებაშიც შეიძლება სტაბილურობის შენარჩუნება. საქართველოს დღევანდელი მთავრობის პლუსიც ეს არის - ამ ვითარებას ალღო აუღო და ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, შემდგომში რა მოხდება. უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი მსხვილი მოთამაშე ამ პროცესს არ დატოვებს ისე, რომ თვითონ მისი გავლენა არ ჩანდეს. აუცილებლად მოინდომებენ გააქტიურებას, როგორც არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, ამიტომ ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ.

- ამ ვითარებაში ფაშინიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ იყო, რა მნიშვნელობა ჰქონდა?

- რადგან საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაინც დასავლეთის მოკავშირედ ითვლება და ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ურთიერთობები, როგორიც სააკაშვილის დროს იყო, ახლა აღარ არის, ვგულისხმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არ უნდა ეთქვათ, ყველაფერი რომ მისაღები იყო. ახლა ასეთი ურთიერთობები აღარ არის, კამათიც ბევრია, მაგრამ თავად გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს, რომ მხარეებმა გვერდით გადადონ კონფლიქტური თემები და თანამშრომლობის ფორმატი შექმნან. საქართველო პატარა, 3.5-მილიონიანი ქვეყანაა და მთელი მსოფლიო თბილისის გარშემო ვერ იტრიალებს, რაც არ უნდა გვეგონოს ასე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს ამ უზარმაზარ ინტერესს და ეს ინტერესი უნდა გავიაზროთ, გამოვიყენოთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.

რაც შეეხება ფაშინიანს, ის ძალიან კარგად ხვდება, თუ საქართველოს რა როლი აქვს რეგიონში. ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობს გადაიხაროს დასავლეთისკენ და მისი ბოლო განცხადებებიც, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აღარ არის საჭირო, ამას მოწმობს. დასავლეთთან მისი გამტარებელი, მისი ფლაგმანი საქართველოა და ამიტომაც მისთვის ამ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერა აუცილებელი იყო. ფაშინიანის ქმედებებში სწორედ ეს ლოგიკაა - დასავლეთისკენ საქართველოს გავლით.

- ნატოს განცხადება, რომ სომხეთი სულ უფრო უახლოვდება ნატოს, ნიშნავს, რომ ჩვენზე მეტი შანსი აქვს გაწევრებისთვის? ცხადია, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პერსპექტივის გათვალისწინებით.

- არავითარ შემთხვევაში და საერთოდ, დღეს ნატოში გაწევრების არავითარი შანსი არა აქვს არც საქართველოს, არც უკრაინას, არც მოლდოვას და მით უმეტეს, არც სომხეთს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი რეგიონისთვის ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. რაც შეეხება ნატოს განცხადებას, დიდ პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება განცხადებების გაკეთება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არა იმისთვის, რომ ამ ნაბიჯს ვიღაცის სადღაც გაწევრებისთვის კონკრეტული რეზულტატი ჰქონდეს, არამედ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის რეაქციას დაელოდონ და ეს რეაქცია შეფასდეს. ასე მგონია ამ შემთხვევაშიც - შეხედავენ, რას იზამს მოსკოვი და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

- დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა შემცირებულია?

- კავკასიის დაკარგვა რუსეთისთვის წარმოუდგენელია, ეს მისთვის დიდი კატასტროფის ტოლფასია. კრემლი ძალიან მარტივად წირავს შორეული აღმოსავლეთის უზარმაზარ ტერიტორიებს ჩინეთის სასარგებლოდ, მაგრამ კავკასიასთან დაკავშირებით ამას არასოდეს გააკეთებს. რუსეთის პოლიტიკურ ისტორიას თუ გადავხედავთ, მას იმდენი რესურსი და ენერგია აქვს დახარჯული კავკასიის შეერთებასა და შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვებაში, რომ ჩემი აზრით, გამორიცხულია, დათმოს. თვითონ არაფრის დამთმობი არ არის და უნდა დაათმობინო, შეუცვალო პოლიტიკა. თუნდაც ყარაბაღის საკითხი ავიღოთ - მიუხედავად იმისა, რომ იქ სერიოზული პოლიტიკური მარცხი იწვნია, მაინც ცდილობს შეცვალოს მდგომარეობა. აფხაზეთიც არ დაგვავიწყდეს - მიუხედავად იმისა, ამხელა რესურსს ხარჯავს უკრაინაში, მაინც გამონახა რესურსი იმისთვის, რომ აფხაზეთში მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. სხვათა შორის, იგივე ხდება სამხრეთ ოსეთშიც, თუმცა, ცხადია, მასშტაბი სხვა არის. აზერბაიჯანთანაც უკვე დაიწყო ბრჭყალების გამოჩენა, მაგრამ ჯერ კულუარულად - ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მცხოვრები ლეკების მეშვეობით შექმნა პრობლემა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენი რეგიონი ყოველთვის იქნება პოტენციური დაძაბულობის კერა და აქაურ პოლიტიკურ ელიტებზე დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებენ სიმშვიდის შენარჩუნებას. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში როდესაც ხარ პოლიტიკური ლიდერი, სიტუაცია კბილებით უნდა გეჭიროს - ეს აქსიომაა.

განაგრძე კითხვა:„ტრამპი უკრაინის ომს ერთ თვეში ვერ დაამთავრებს და არც დაამთავრებს...“