"იქნებ ეს ომებიც იმიტომ ხდება, რომ ხალხმა სიკეთის კეთება დაივიწყა" - კვირის პალიტრა

"იქნებ ეს ომებიც იმიტომ ხდება, რომ ხალხმა სიკეთის კეთება დაივიწყა"

"ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა... ისრაელის ყოველი კუთხიდან დაიძრა ქართველი ებრაელობა!.."

ომი, სისხლის ღვრა, სისასტიკე -  ქართველი ებრაელებისთვის ყველაზე ამაღელვებელი თემაა. მათ ნამდვილად არ ესწავლებათ ჭირის გაზიარება, თანაგრძნობა, მორალური მხარდაჭერა.

ქართველმა ებრაელმა, ხაიფას მერიის კულტურის განყოფილების  წარმომადგენელმა ანნა ბენ დავიდმა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილით ("თურმე, სიკვდილი არ ყოფილა  ყველაზე უარესი განაჩენი!") გამოწვეული ემოცია ვერ დამალა და ისრაელიდან შემოგვეხმიანა: - "ძალიან შემზარავი ისტორიაა, სიტყვები არ მყოფნის!"

აღნიშნული წერილი აფხაზეთის ომის დროს ტყვეობაგამოვლილი ქალის ტრაგედიას ასახავდა.

ისრაელის ქალაქ ნაარიადან მწერალმა თამი სეფიაშვილმა კი თავისი მოთხრობები გადმოგვიგზავნა... მათგან ერთი ისრაელის ომს ეხებოდა, მეორე - საქართველოს. ორივე ამბავი რეალური ცხოვრებიდან არის აღებული: "ალბათ, მალე დამთავრდება ეს აურზაური, ჩვენი ჯარი ძლიერია, - გავიფიქრე, ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ, რატომ ხდება, რომ ამდენი მტერი ჰყავს ისრაელს, არავის არ უყვარს ჩვენი ერი, ალბათ იმიტომ, რომ შურთ ებრაელების მიღწევები. ებრაელები ხომ ძალიან ჭკვიანი ხალხი არიან", - წერს  თამი სეფიაშვილი თავის მოთხრობაში "მოგონება" და ლამაზი, სევდიანი სიყვარულის ამბავს იხესენებს:

"...ზურგს უკან ჩურჩული მომესმა:

- მეშინია.

- რისი?

- შენც წაგიყვანენ.

- ეს ჩემი ვალია.

- მერე, ჩვენი სიყვარული?

- მე დავბრუნდები, პირობას გაძლევ. ჩვენი სიყვარული დამიფარავს.

ბიჭმა მიცემული პირობა ვერ შეასრულა, ვერ დაბრუნდა".

საქართველო-რუსეთის ომისადმი მიძღვნილი მოთხრობაც სიყვარულის ამბავს ასახავს, მისი მთავარი გმირი ქართველი ქალია, რომელმაც ყველაფერი გვერდზე გადადო, ცხინვალში წავიდა, ცალ ხელში ავტომატი ეჭირა, ცალით კი დაჭრილებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა. მომაკვდავი მოძმე საფრთხეში არ მიატოვა და როცა მის სამშვიდობოს გაყვანას შეეცადა, ამ დროს თვითონაც დაიჭრა... საავადმყოფოში გონს მოსულმა შეყვარებულს დაურეკა... ამონარიდი მოთხრობიდან "დუმილი":

"- ვაჟა , შენ ხარ, საყვარელო?

- მე ვარ, ჩემო მანანა, ამდენი  ხანი რად არ რეკავდი?

- დავიჭერი, ახლა თბილისის საავადმყოფოში ვწევარ.

- თუ მოვახერხე, მოგინახულებ. ჩემო კარგო, ხომ იცი, მეც დაკავებული ვარ მთავრობის სამსახურით, მაგრამ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს".

დაჭრილი ქართველი ქალი მთავრობის სამსახურში მყოფ შეყვარებულს აღარ უნახავს...

ისრაელიდან ზარის შემდეგ "კვირის პალიტრამ" მიაკვლია ქალს, რომელიც თამი სეფიაშვილის მოთხრობის გმირის პროტოტიპი გახლავთ. Qქართველი ომგამოვლილი და გულგატეხილი სამხედრო, სახელად ნანა აღმოჩნდა. გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან ბაჩო ახალაიას მინისტრობისას ისეთი არნახული "დისციპლინა" დამყარდა, რომ სამხედროებს მეთაურების ნებართვის გარეშე ჟურნალისტებთან საუბრის გამო ზედმეტი პრობლემები ექმნებათ. მას კომენტარი ვთხოვეთ: "იცი, ჩვენ სამხედროები ვართ, გვეკრძალება მეთაურის თანხმობის გარეშე ჟურნალისტთან საუბარი, თუმცა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ებრაელებს, ჩვენს მეგობრებს ისრაელში, ექიმებს, ყველას თანადგომის, ყურადღებისა და დახმარებისათვის".

ასე რომ, მისი სიყვარულის, ომისა და ტკივილის ამბავი ალბათ ყველაზე უკეთ ისრაელში თამი სეფიაშვილის გონებას შემორჩა, რადგან ის გახდა ნანას  მესაიდუმლე...

ბევრმა არც კი იცის, იმხანად ქართველი ებრაელები როგორ განიცდიდნენ რუსეთის  ავიაციის "ფრთებქვეშ" მოქცეული, სანახევროდ  ოკუპირებული საქართველოს ბედ-იღბალს, რა დახმარების ხელს უწვდიდნენ ქართველ თანამოძმეებს, როგორ  გახდნენ მათი ადამიანური ტკივილის გამზიარებლები. 2008 წლის აგვისტოში უამრავმა ჯარისკაცმა ხელი, ფეხი ან სულაც სიცოცხლე ისრაელის საავადმყოფოში შეინარჩუნა. მათი ჰოსპიტალიზაციისა და საჭირო სამედიცინო დახმარებისთვის  თანხები სავაჭრო პალატა "იციკ მოშემ" გაიღო.

ანნა ბენ დავიდი: "2008 წლის 12 აგვისტოს შევიტყვეთ, რომ დაჭრილი ჯარისკაცები ხაიფაში ჩამოჰყავდათ. მეორე დილითვე დავრეკე სამსახურში, - ვერ მოვალ-მეთქი. ხელმძღვანელობას  მიზეზიც ავუხსენი. დილიდანვე წავედი ქართველი დაჭრილების სანახავად. ზოგიერთს გადამტვრეული ჰქონდა ხელები, ფეხები დამსხვრეული... ომგამოვლილი ბიჭები უმწეო, სტრესულ, ეიფორიულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ სავსებით უცხო გარემოში, თავიანთ ენაზე არავინ ელაპარაკებოდა. ნანახმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ისრაელის რადიოს პირდაპირ ეთერში ქართულენოვანი ხალხისთვის გამოვაცხადე, - ქართველი დაჭრილები ხაიფას საავადმყოფოში არიან და ჩვენი ყურადღება სჭირდებათ! ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა... ისრაელის ყოველი კუთხიდან დაიძრა ქართველი ებრაელობა. ჩვენ თავად ვუკავშირდებოდით ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ვაწვდიდით ახალ ამბებს და ვაიმედებდით..."

თამი სეფიაშვილი: "საქართველოში  ვიყავი ნანასთან,  ირაკლისთან, გურამთან... მათ ძალიან შემაყვარეს თავი. ნანას  სიყვარულის ამბავმა შემძრა. ამ ახალგაზრდა მებრძოლ ქალზე ბიჭებმაც საოცარი ამბები მომიყვნენ. თურმე ცალი ხელით ავტომატი ეჭირა, ცალით კი დაჭრილ ჯარისკაცებს მიათრევდა. მგონი, ნანას ამისთვის ღირსების ორდენიც კი გადასცეს. აღტაცებული ვარ მისი სამშობლოსადმი თავდადებით. ამ ყველაფერთან ერთად კი ეს ადამიანი სიყვარულშიც ხელმოცარული და გულგატეხილი აღმოჩნდა. მან ხაიფას საავადმყოფოში ყოფნისას ტკივილი გამიზიარა... ნანას არასდროს უთქვამს შეყვარებულის სახელი ან გვარი, თუმცა ვიცი, რომ ის კაცი საქართველოს მთავრობაში მუშაობს, ქალს ოთხი წლის განმავლობაში სიყვარულს ეფიცებოდა, შემდეგ კი გასაჭირში  მიატოვა, უღალატა... სხვათა შორის, ისრაელში ყოფნისას არც ნანამ იცოდა ამის შესახებ, როცა საქართველოში დაბრუნდა, მერე შეიტყო, რომ შეყვარებულმა მისგან მალულად ცოლად  სხვა მოიყვანა. ეს ამბავი ამ ზაფხულში ნანასთან სტუმრობისას შევიტყვე და ამიტომ მოთხრობას "დუმილი" დავარქვი. ის რეალურ ისტორიას ასახავს.

ისრაელში კიდევ ერთი ძალიან კარგი ბიჭი, ირაკლი გავიცანი. არცთუ დიდი ხნის წინ, მე და დედამ შევაგროვეთ მეორადი ტანისამოსი და გავუგზავნეთ. საქართველოს საზღვარზე ფუთა დააკავეს და ირაკლის ოჯახს მისი წაღების სანაცვლოდ 400 დოლარი მოსთხოვეს(!). აბა,  საწყლებს ამდენი ფული საიდან ექნებოდათ და შეწუხებულებმა ვუთხარით, - რა გაეწყობა, ფუთა მანდვე დატოვეთ-მეთქი... ვერ გამიგია, რატომ ხდება ასე... ქართველი მეგობრებისთვის დახმარების გაწევის საშუალება რად არ გვეძლევა?!"

"კვირის პალიტრა" შეეცადა იმ ჯარისკაცებთან დაკავშირებას, რომელთაც ისრაელში უმკურნალეს.

"კარგის მეტი რა გვეთქმის, თავდაცვის სამინისტროს მიმართეთ და მისი თანხმობის შემთხვევაში, სიამოვნებით დაგელაპარაკებით. დიდად მადლობელი ვართ იმ ადამიანებისა, რომლებიც გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგნენ", - გვითხრა ირაკლიმ.

წელიწად-ნახევრით შვებულებაში გაშვებული გურამ ჯარიაშვილი კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გვესაუბრა: "ისრაელში ძალიან დიდი პატივი გვცეს, იმდენი ადამიანური სითბო და ყურადღება მივიღეთ, რაც ცხოვრებაში იშვიათია. დიდი მადლობა მინდა  გადავუხადო ისრაელის საელჩოს, რომელმაც თავის დროზე ასეთი დახმარება შემოგვთავაზა; ექიმებს, რომელთა წყალობითაც ფეხზე გავიარე; ქართველ ებრაელებს, რომლებსაც ჩვენთვის საჭმელი, ტანისამოსი მოჰქონდათ და თავზე დაგვფოფინებდნენ. 8 აგვისტოს ყუმბარმტყორცნის სროლის შედეგად დავიჭერი, ფეხები დამსხვრეული მქონდა და თითქოს აღარც არსებობდა შანსი, რომ გამევლო. მათ კი სასწაულის მოხდენა შეძლეს. ახლა ჯერჯერობით ნელა, მაგრამ მაინც დავდივარ".

დაბოლოს, ომებსა და სისხლის ღვრას თამი სეფიაშვილმა სწორედ ამ სიკეთის კვალის ძიებით უპასუხა: "ყველა ადამიანის ვალია სიკეთე თესოს, მაშინ ღმერთი აღარ დაგვსჯის, მე მგონი ეს საშინელება (ომი) იმიტომ ხდება, რომ ხალხმა სიკეთის კეთება დაივიწყა".

p.s. იქნებ ქართველი ჯარისკაცების რეაბილიტაციის პროცესზეც ვინმე კეთილისმყოფელმა იზრუნოს და თანხები გაიღოსო, - დღესაც წუხან ქართველი ებრაელები...