"დანაღმული მარშრუტი": სუს-ის სენსაციური განცხადება და საერთაშორისო სკანდალი - მთავარი კითხვა:რატომ დატოვეს "ფეთქებადი" ტვირთი თბილისშიც?!
5 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სენსაციური განცხადება გააკეთა, რაც აუცილებლად გამოიწვევს საერთაშორისო სკანდალს, რადგან მას თავის სასარგებლოდ აიტაცებს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა. თუმცა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ქართულ სპეცსამსახურს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტად გამავალი და მით უმეტეს თბილისში დატოვებული შენიღბული და დისტანციურად ასამოქმედებელი ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა?
სუს-ის ოფიციალური განცხადების თანახმად-„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
„ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის. ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.
დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.
ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.
მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში.“
ეს ყველაფერი ძალიან წააგავს კიდევ ერთ სპეცოპერაციას, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი საავტომობილი ხიდი ააფეთქა პირველად, 2022 წლის 8 ოქტომბერს - რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-მ გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ შენიღბულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა „განვლეს“ გზა უკრაინიდან რუმინეთის,ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს და სომხეთის მიმართულებით, შემდეგ ისევ საქართველოს ტერიტორიაზე დააბრუნეს და შემდგომ ზემო ლარსიდან გადაიტანეს რუსეთში...
მოგვიანებით, 2023 წლის ზაფხულში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო ამასთან დაკავშირებით, რომელშიც ამ სამსახურის უფროსი ვასილი მალიუკი პირველად ღიად აცხდებდა, რომ ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია გახლდათ, როდესაც ცელოფანის დოლურებში ისე შენიღბეს ასეულობით კგ ასაფეთქებელი ნივთიერება,რომ ის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სპეციალურ სკანერებს არ აღმოეჩინათ...
ამჯერად პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების C-4-ის შენიღბვა ეტყობა უკვე ელექტრომანქანების აკუმულატორებში გაკეთდა და დიდი ოსტატობითაც, მაგრამ მისი გამოვლენა უფრო აგენტურული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა...
ამ ყველაფერში არანაკლებ სამი მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება...
პირველი - საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ ეხატება გულზე უკრაინელი კოლეგების ზედა შტო, რისი მიზეზით აქვს, თუნდაც კიევის მიერ საქართველოში სააკაშვილის ფარულად შემოგზავნის გამო, მაგრამ მიუხედვად ამისა, ოფიციალური თბილისი მაინც არ წავიდოდა უკრაინის სახელისუფლო სტრუქტურების ღიად დადანაშაულებაში, რომ არა...
მეორე - რომ არა იმის უდიდესი საფრთხე, რომ „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუს მესაზღვრეებს აღმოეჩინათ ეს „დანაღმული“ აკუმულატორები(მით უმეტეს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ერთხელ უკვე გაეპარათ ასეთი „ფეთქებადი“ ტვირთი სწორედ ამ გადასასვლელიდან და იქ გააძლიერეს შემოწმება), შესაბამისად რუსეთს გაუჩნდებოდა იმის რეალური საბაბი, რომ საქართველო დაედანაშაულებიანა საერთაშორისო ტერორიზმის მცდელობაში...
მესამე - ექვსი „დანაღმული“ აკუმულატორიდან სამის თბილისში დატოვება ძალაუნებურად აღუძრავდა ეჭვს ქართულ სპეცსამსახურებს, რომ ისინი შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყვნენ უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებასში მოსაყვანად, რაც აუცილებლად მოითხოვდა სასწრაფო რეაგირებას...
ჩნდება სხვა კითხვაც - ნუთუ ნატოს წევრი რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ისე „ღარიბულად“ არიან აღჭურვილნი თანამედროვე სკანერებით, რომ მანამდე არ შეეძლოთ „დანაღმული“ აკუმულატორების გამოვლენა...თუ სპეციალურად აუნთეს მწვანე შუქი რუსეთისკენ გაგზავნილ ამ ფეთქებადსაშიშ ტვირთს?
რუსეთის ვორონეჟი უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან სულ რაღაც 175 კმ-ითაა დაშორებული და სწორედ ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები უმოწყალოდ ბომბავენ უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს, ამიტომაც გასაგებია უკრაინული სპეცსამსახურების ჩანაფიქრი, რომ კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ ეს შემოვლითი მარშრუტი რუმინეთი-ბულგარეთი-თურქეთი-საქართველოს გავლით და იმავე ვორონეჟში ის რომელიმე რუსი მფრინავი აეფეთქებინათ, რომელმაც თავის ელექტრომობილისთვის ახალი აკუმულატორები შეუკვეთა...