ქართული ძალა - რას ვიზამთ, თუ "დღე X" დადგა და გვეყოფა თუ არა 37 ათასი ჯარისკაცი მტრის მოსაგერიებლად?! - კვირის პალიტრა

ქართული ძალა - რას ვიზამთ, თუ "დღე X" დადგა და გვეყოფა თუ არა 37 ათასი ჯარისკაცი მტრის მოსაგერიებლად?!

ნებისმიერი ქვეყნის და, მათ შორის, ჩვენი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უნარი, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გარდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმ პირადი შემადგენლობის რაოდენობაზეც და საბრძოლო მომზადების დონეზეც, რომელიც ქვეყანას შეუძლია, დაუპირისპიროს მომხვდურ მტერს...

ეს პირადი შემადგენლობა კი ფორმირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საკონტრაქტო სამსახურში და რეზერვში, ხოლო უკიდურესად გაჭირვების შემთხვევაში, ქვეყანაში ცხადდება ჯერ - ნაწილობრივი, შემდეგ კი - სრული მობილიზაცია...

იმას, რასაც დღეს ვხედავთ რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებულ, თითქმის ორწლიან ომში, ნათლად გვაჩვენებს ამ ყველაფერთან დაკავშირებულ რთულ პერიპეტიებს - თუკი ომის დასაწყისში ათი ათასობით უკრაინელი მამაკაცი და ქალიც მოხალისედ მიდიოდნენ ფრონტზე, რუსი ოკუპანტებისგან სამშობლოს დასაცავად, დღეს უკრაინის სამხედრო კომისარიატებს ქალაქის ქუჩებში უწევთ მათი „დაჭერა“ და ძალით სამხედრო ფორმის ჩაცმა...

უკრაინას დიდი ტერიტორია აქვს და მისი მოსახლეობის რიცხოვნობაც, ომის დაწყების წინ, 48 მლნ ადამიანს აღემატება, შესაბამისად, იქ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი სამობილიზაციო რესურსი, რომელიც შეიძლება მოიძიონ ფრონტის ხაზის გასამაგრებლად.

1-r-1707129056.png
საქართველოს თავდაცვის ძალების საშტატო რიცხოვნობა 37 ათასი კაცითაა განსაზღვრული, თუმცა რეალურად უფრო ნაკლები მსახურობს, რაც არაადეკვატური რიცხვია იმ სერიოზულ საფრთხეებთან მიმართებაში, რაც ჩვენს ქვეყანას რეალურად ემუქრება...

საქართველოს თავისი, შედარებით მცირე ტერიტორიითა და მწირი სამობილიზაციო რესურსით, მოწინააღმდეგე არ მისცემს იმის დროსა და საშუალებას, რომ უკვე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ წამოვიწყოთ მობილიზირებულების მომზადება - ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი ჯერ კიდევ მშვიდობიან პერიოდში უნდა მიმდინარეობდეს...

რეზერვისტების მომზადება-გადამზადების პროგრამა, საბედნიეროდ, შედგენილია ახალი „თავდაცვის კოდექსის“ ფარგლებში და პროცესიც დაძრულია, მაგრამ... არასაკმარისი ტემპებით და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თვით სრული მობილიზაციაც კი ვერაფერს მოგვცემს, რადგან მობილიზირებულთა უდიდეს ნაწილს ელემენტარული სამხედრო ცოდნაც არ ექნება, ხოლო ქვეყანას მათი სწრაფი მომზადების დრო უბრალოდ არ დარჩება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა 37 ათასი კაცითაა განსაზღვრული (რაც, სამწუხაროდ, ბოლომდე არც კი არის შევსებული), ის, ძირითადად, კონტრაქტით მომსახურე სამხედროებით არის დაკომპლექტებული, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები საკონტრაქტო არმიის რაოდენობის გაზრდის საშუალებას არ იძლევა, არადა, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ორ საბრძოლო არენაზე (მაგალითად, როგორც ეს იყო აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში) ძალები არ გვეყოფა, მით უმეტეს - ბრძოლაში უეჭველი დანაკარგის (დაღუპულებისა და დაჭრილების სახით) გათვალისწინებით.

ასეთ დროს თავისი სიტყვა სწორედ კარგად მომზადებულმა რეზერვმა უნდა თქვას, მაგრამ მისი მომზადება მშვიდობიანობის დროს უნდა დაიწყოს, რადგან ომში ამისთვის არავის ეცლება.

აქტიური რეზერვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - შეიარაღებული ძალების რეზერვი, კომპლექტდება იმ პირებით, ვისაც საკონტრაქტო ან სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს გავლილი. მათი საშუალებით დაკომპლექტებული სარეზერვო ბატალიონები მიმაგრებული იქნება კონკრეტულ ბრიგადებზე, რაც დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელს გახდის განსაზღვრული მიმართულებით საბრძოლო დანაყოფების რიცხვის გაორმაგებას.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ ადგილობრივ მკვიდრთ შეუძლიათ მათ სოფელში გადასროლილი საარმიო დანაყოფის დახმარება, მაგალითად, შემოვლითი ბილიკებით მოწინააღმდეგის პოზიციის ზურგიდან მოსავლელად გამყოლის მოვალეობის შესრულება.

2-r-1707129113.png
რეზერვისტების დიდი რაოდენობით მომზადებაზე თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ მშვიდობიან პერიოდში უნდა იზრუნოს...

სპეციალისტთა რეზერვი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გამოიყენონ. მაგალითად, საავტომობილო და სარკინიგზო გზების სპეციალისტი სამხედროებს სასწრაფო კონსულტაციას გაუწევს აფეთქებული გზისა თუ რკინიგზის ხაზის დროულად მწყობრში ჩასაყენებლად ან პირიქით, დაეხმარება ხიდისა თუ გვირაბის ზუსტად აფეთქებაში, რათა მოწინააღმდეგის შემოტევა შეფერხდეს.

გამოცდილი "ჰაკერი", რომელსაც ჯარში სამსახურის გაგონებაც არ სურს, შეიძლება გამოიყენონ „ინტერნეტდაბომბვების“ მოსაგერიებლად და სულაც - "ჰაკერული" კონტრშეტევების განსახორციელებლად.

რეზერვის მომზადება და სწორი სამობილიზაციო გეგმის ამუშავება საშური საქმეა. ეს უწყვეტი პროცესი უნდა იყოს და თანდათან იხვეწებოდეს, რადგან მომზადებული რეზერვისტები, ომის გარდა, საქართველოს ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ტექნოგენური კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციოდაც დასჭირდება.

ამ თემის ხელახლა წამოწევა სწორედ დღეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა 5 თებერვალს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვას. გარდავქმენით და თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგეთ წვევამდელთა ეროვნული სამსახური; შევქმენით ეფექტიანი რეზერვის წინაპირობა და გავაძლიერეთ ჩვენი სამხედროების სოციალური გარანტიები. ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, ისინი სიამაყით იმსახურებენ რეზერვში, ისარგებლებენ მათზე მორგებული სხვადასხვა პროგრამით და შეუერთდებიან თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს. ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტიანი რეზერვის არსებობა. მნიშვნელოვანი მიზანია ახალგაზრდებისთვის წვევამდელთა თუ სარეზერვო სამსახური გახდეს უფრო ნაყოფიერი. მივცეთ მათ ისეთი გამოცდილებისა და უნარის შეძენის შესაძლებლობა, რაც შემდგომში სამოქალაქო ცხოვრებაშიც გამოადგებათ. ეს უზრუნველყოფს უფრო მიმზიდველ სისტემას და საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში“.

ახალგაზრდა ირაკლი ჩიქოვანი მახსოვს ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ, როდესაც 2001-2004 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ კი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში გადავიდა - ზოგიერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან (არადა ჩემი 32-წლიანი სამხედრო ჟურნალისტობის პერიოდში 17 თავდაცვის მინისტრი „გამოვიცვალე“) განსხვავებით, მას მანამდეც ჰქონდა მჭიდრო სამსახურებრივი შეხება ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან და „ჰაერიდან“ მოსულად არ ჩაითვლება.

მისასალმებელი იქნება, თუკი ახალი თავდაცვის მინისტრი (პარლამენტის უმრავლესობა ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას თავდაცვის მინისტრის პოსტზე უცილობლად მხარს დაუჭერს) თავის დაპირებას - საქართველოს სამხედრო რეზერვის გაძლიერების თაობაზე, რეალურად ხორცს შეასხამს...