"ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა სამაგალითოა რეგიონში" - კვირის პალიტრა

"ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა სამაგალითოა რეგიონში"

სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილ თუ მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, მშვიდობის აუცილებლობაზე და სხვა საკითხებზე ექსპერტ ბადრი ნაჭყებიას ვესაუბრებით.

- ბატონო ბადრი, რეგიონის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია "შუა დერეფნის" გახსნა...

- როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ვთქვათ, რომ პროექტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს და ყველასთვის სარგებელს მოიტანს. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიაშიც ყველა ქვეყანა ამ დერეფნის გახსნისთვის მზად უნდა იყოს. ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვწამს, რომ აღნიშნული პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება და სამშვიდობო შეთანხმება მიღებული იქნება. ბუნებრივია, მშვიდობის მოწინააღმდეგე ქვეყნებსაც ვხედავთ, ისინი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სომხური დიასპორის ზეგავლენა და ზეწოლაც ნათლად ჩანს. მათ, ასევე სომეხმა ხალხმა, უნდა გაიგონ, რომ მშვიდობა განვითარების საწინდარია და თუ გვინდა განვითარება, რეგიონში აუცილებელია მშვიდობის დამკვიდრება.

- თუ მშვიდობა დამყარდება, ზენგეზურის დერეფანიც გაიხსნება. ეს პროექტი რას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს?

- ზენგეზურის დერეფნის გახსნისთვის, პირველ რიგში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ამ დერეფნის გახსნა სომხეთის ეკონომიკას სარგებელს მოუტანს და ისინი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირდებიან.

- რასაკვირველია, ეს პროექტი მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება. თუ რეგიონის განვითარება გვინდა, აუცილებლად ყველა მოთამაშე ამ საკითხში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ვხედავთ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ამ მიმართულებით ერთად მუშაობენ...

- რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველასთვის სამაგალითო ურთიერთობები გვაქვს რეგიონში. გარდა იმისა, რომ ჩვენ მეგობარი და მეზობელი ქვეყნები ვართ, ასევე წლებია სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენი მეგობრული და ძმური ურთიერთობები ყოველთვის წინა პლანზე დგას.

- წინ ბევრი პროექტი გველის. მწვანე ენერგიის სფეროსთან დაკავშირებული სამუშაოები, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია...

- რაც შეეხება მწვანე ენერგიის საკითხს - კავკასიას ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ბუნებრივია, ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ - განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და საქართველოს ვგულისხმობ. ამ ენერგიის წარმოებისა და ექსპორტისთვის ყველა საჭირო პირობა გვაქვს. ეს უფრო განავითარებს ჩვენს ქვეყნებს. პროექტი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას დიდ ეკონომიკასთან დააკავშირებს და ამით არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოების, არამედ მთლიანად რეგიონის რეპუტაცია აიმაღლება. სუფთა ქალაქებისა და მწვანე ენერგიის სფეროში აზერბაიჯანის როლს დიდად ვაფასებ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტის როლი. არა მხოლოდ ამ მიმართულებით - რეგიონში მშვიდობისთვის და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის გადადგმული ნაბიჭები ილჰამ ალიევის რეპუტაციაზე მეტყველებს.

- აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება...

- იმის გათვალისწინებით, რაც ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნისთვის გააკეთა, შეიძლება ვთქვათ, რომ მას ალტერნატივა არ ჰყავს. განსაკუთრებით ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ყარაბაღის ომში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ვერავინ ვერ იქნება მისი კონკურენტი. ილჰამ ალიევი არაჩვეულებრივი დიპლომატი, ბრძენი პოლიტიკოსი და მშვიდობისთვის მებრძოლი სარდალია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაც გაფორმდება.