"პატარკაციშვილი საქართველოშიც კულისებიდან აპირებდა მოქმედებას..." - "მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც უცბად ადგა და დაუპირისპირდა მიშას" - რა "სასწაულებრივი გამართლება" უბოძა განგებამ ექსპრეზიდენტს?
ალბათ, ყველას გსმენიათ გამოთქმები: „ძლიერს უმართლებს“ და „გამარჯვებულებს არ სჯიანო“. როგორ ფიქრობთ, ამ ფრაზებით შეიძლება შევაფასოთ ის, მართლაც რომ „სასწაულებრივი გამართლება“, რაც 2005 წლის 3 თებერვალს და 2008 წლის 12 თებერვალს მ. სააკაშვილს განგებამ უწყალობა? სწორედ რომ მისი პოლიტიკურად დასუსტების პიკზე, მოულოდნელად გარდაიცვალნენ სააკაშვილის ყველაზე ძლიერი ოპონენტები - ზ. ჟვანია და ბ. პატარკაციშვილი. რა თქმა უნდა, შორს მიმავალი დასკვნებისგან ჯერ თავი უნდა შევიკავოთ და მხოლოდ ფაქტების ანალიზს დავეყრდნოთ.
1993 წელს ერთ-ერთ ტელეგადაცემაში („60 კითხვა“ - ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პარლამენტის დეპუტატი და პარტია „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე ზ. ჟვანია თავისი პროფესიის შესახებ დასმულ კითხვაზე ამგვარად პასუხობს: „ოდესღაც ბიოლოგმა, დღეს, ალბათ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესია პოლიტიკა არის, თუმცა ესეც დაზუსტებას საჭიროებს: პროფესიით ვარ „ქართველი პოლიტიკოსი“, იმიტომ, რომ ქართველი პოლიტიკოსები განსხვავდებიან პოლიტიკოსებისგან სხვა ქვეყნებში. აქ უნდა შეგეძლოს მიტინგზე გამოსვლაც, ზოგჯერ უნდა შეგეძლოს ხელის შებრუნებაც. მოკლედ ეს ძალიან რთული საქმე არის საქართველოში“). ამ, ძალზე საინტერესო ინტერვიუს შემდეგაც დავუბრუნდები. „ქართული პოლიტიკა“ შესაძლოა, ბევრით განსხვავდება კლასიკური პოლიტიკური კულტურისაგან, თუმცა ერთი და უმთავრესი მაინც საერთო აქვთ: პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები.
ზ. ჟვანიასა და ბ. პატარკაციშვილის პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულებაც ხშირად, ზოგჯერ დროის მოკლე მონაკვეთშიც კი, დიამეტრულად იცვლებოდა: 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ ისინი მოკავშირეები იყვნენ, 2000 წლის მეორე ნახევრიდან უკვე აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იმ პერიოდს ერ. კიწმარიშვილი ასე იხსენებს: „პატარკაციშვილი სახელმწიფოში უკვე ძალიან სერიოზულ ბერკეტებს ფლობდა, ფლობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას, აკონტროლებდა ძალოვნებს, უზარმაზარ ფულს. ამ ჯგუფის ხელისუფლების სათავეში მოსვლის საფრთხე ძალიან რეალური იყო. ხალხი, რომელიც ბადრის ორგანიზებულად დაუპირისპირდებოდა, არ ჩანდა... ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ბადრი და მისი ჯგუფი, რომელიც მრავალ მეტასტაზს მოიცავდა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ასლან აბაშიძესთანაც და შევარდნაძესთან; მეორე მხრივ - საჯაიას ჯგუფი; და, იყო ზურა ჟვანია, კვლავ შევარდნაძის მხარდამჭერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ჯგუფის რამდენიმე მოთამაშე მინისტრები: სააკაშვილი იუსტიციის მინისტრია, მიშა მაჭავარიანი - შემოსავლების მინისტრი... ჩავთვალოთ, რომ სამი დაჯგუფებაა. ალბათ, მეტიც იყო, მაგრამ სამი - მკვეთრად გამოკვეთილი. ამ დაჯგუფებებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა: მედიას მიმართავდნენ, ერთმანეთს ასუსტებდნენ, უპირატესობების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე სუსტი ჯგუფი საჯაიას ჰყავდა, ყველაზე ძლიერი და გამოცდილი კი - ჟვანიას. ბადრის ჯგუფი წინ სწრაფად მიიწევდა, თანდათან შევარდნაძეზე დაწოლა გააძლიერა და მასზე გავლენაც მოიპოვა“ (ციტატის დასასრული). ამ ვრცელი ამონარიდიდან, რომელიც იმ დროის საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ბალანსის ძირითადად ობიექტური შეფასებაა, კარგად ჩანს, რომ რუსეთიდან გადმოხვეწილი ბ. პატარკაციშვილი საქართველოშიც კულისებიდან აპირებდა მოქმედებას.
2001 წლის შემოდგომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზ. ჟვანიას გადადგომის შემდეგ, მისი პოლიტიკური მდგომარეობა ძალზე მყიფე გახდა, ის იძულებილი იყო, „მოქალაქეთა კავშირი“ დაეტოვებინა და ახალი პოლიტიკური მოკავშირეები ეძებნა. 2002 წლის ზაფხულიდან, ერ. კიწმარიშვილის მოგონებებს თუ დავეყრდნობით, ბ. პატარკაციშვილის თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდა პროექტი - „ზურაბ ჟვანია საქართველოს პრეზიდენტად“: 2003 წლის საპარლამენტო და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზ. ჟვანიას ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ ერ. კიწმარიშვილი ბადრის მინიმალურ ფასად „რუსთავი 2-ს“ მიჰყიდიდა, გასაყიდ ფასს 2002 წელსვე დააფიქსირებდნენ და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ანუ მას შემდეგ, რაც ჟვანია პრეზიდენტი გახდებოდა, „რუსთავი 2-ის" მართვას პატარკაციშვილს ჩააბარებდნენ.
არსებობდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დათქმაც: პრემიერ-მინისტრის პოსტი უნდა აღდგენილიყო და ამ პოსტზე „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი უნდა დანიშნულიყო.
ამგვარი რთული „პოლიტიკური კომბინაციები“ იმიტომ ყოფილა საჭირო, რომ კიწმარიშვილის სიტყვებით: „საპრეზიდენტო კანდიდატად სულ ორ ადამიანს განვიხილავდით - მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ჟვანიას. სააკაშვილი თითქმის კამათის გარეშე გამოვრიცხეთ, ვინაიდან ორივეს მიგვაჩნდა, რომ აბსოლუტურად განუჭვრეტადი, პიარზე ორიენტირებული პოპულისტი კაცი იყო და მისი პრეზიდენტად გახდომა ქვეყნისთვის საფრთხილო იყო. ჩვენი აზრით, მასთან ერთად რაიმე სერიოზული პროექტის რეალიზება შეუძლებელი იყო და სერიოზულად დავფიქრდით - ზურაბ ჟვანიას კანდიდატურაზე... ხელისუფლების დანებება არც ბადრისთვის შეიძლებოდა. მაშინვე ვფიქრობდი, რომ საქართველოში ბადრის გამარჯვება რუსეთის გამარჯვების ტოლფასი იყო“. რა არგუმენტებზე დაყრდნობით აკეთებდა ერ. კიწმარიშვილი ამგვარ დასკვნას, უცნობია.
პირდაპირ ვიტყვი: ასეთი „ჯენტლმენური შეთანხმებები“ თვით უძველესი დემოკრატიის ქვეყნებშიც ურთულესი შესასრულებელია და მით უფრო - საქართველოში იყო თავიდანვე ილუზორული. პირველი ვინ დაარღვია ეს შეთანხმება, ახლა ძნელი გასარკვევია: სამივე მთავარი მოქმედი გმირი (ჟვანია, პატარკაციშვილი და კიწმარიშვილი) ტრაგიკული სიკვდილით წავიდნენ ამქვეყნიდან. ფაქტი ისაა, რომ პატარკაციშვილმა „რუსთავი-2-ის“ ყიდვას საკუთარი ტელევიზიის შექმნა ამჯობინა და 2003 წლის 15 მარტიდან მაუწყებლობა დაიწყო „იმედმა“. არ შესრულდა მეორე პირობაც: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბადრი ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას ( ედ. შევარდნაძის „ახალ საქართველოს“, ზ. ჟვანია+ნ. ბურჯანაძეს და „ახალ მემარჯვენეებს“) აფინანსებდა, სხვა პარტიებში კი თავისი ახლო ნათესავებისთვის პარლამენტში გამსვლელ ადგილებს „ჯავშნიდა“. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ პატარკაციშვილს მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეც უკვე შერჩეული ჰყავდა. აფინანსებდა თუ არა პატარკაციშვილი 2003 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“? : ეს საკითხი დღესაც კამათის საგანია და ასევე დავტოვოთ.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თემა იმდენად კარგადაა ცნობილი, რომ აღარ შევჩერდები, მხოლოდ ერთ ნაწყვეტს მოვიტან ზ. ჟვანიას იმდროინდელი ინტერვიუდან: „შსს-ს დათვლით, 2002 წლიდან დღემდე ამომრჩევლის რაოდენობა 500 ათასით გაზრდილა. ეს იმას ნიშნავს, რომ 1985 წელს (18 წლის წინ) საქართველოში 800 ათასი ადამიანი დაბადებულა ანუ ისეთი დემოგრაფიული აფეთქება ყოფილა, რომ ლამის ყველა ოჯახში ტყუპი იბადებოდა”.
„რევოლუციონერებმა“ თუ როგორ გადაინაწილეს თანამდებობები, ამის შესახებ ერ. კიწმარიშვილს მოვუსმინოთ: „შევარდნაძის გადადგომიდან მეორე დღეს პარლამენტში, გიგი წერეთლის კაბინეტში, მე, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე შევიკრიბეთ. ბურჯანაძეს თან ახლდა მეუღლე - ბადრი ბიწაძე. შეხვედრის ინიციატორი ზურაბ ჟვანია გახლდათ. მას სურდა, რაც შეიძლება მალე გაერკვია თავისი სტატუსი. პრეზიდენტი სააკაშვილი ხდებოდა, ჟვანია - პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მას არ სურდა, შევარდნაძის პერიოდის სახელმწიფო მინისტრის მსგავსი უფლებები ჰქონოდა. ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდა“ (ციტატის დასასრული) . 2003 წლის 23 ნოემბერი პატარკაციშვილისთვის დიდი იმედგაცრუება იყო: მან „რუხი კარდინალის“ მანტია ვერ მოირგო, თუმცა მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნა ჟვანიასთანაც და სააკაშვილთანაც.
სამაგიეროდ, კიწმარიშვილი ცდილობდა სამაგიეროს გადახდას და უკვე პრეზიდენტ სააკაშვილს ურჩევდა, ტელევიზია „იმედი“ რევანშიზმის ბუდეა და ბადრისთვის ამ ტელევიზიის, თავის შენობიან-აპარატურიანად, "საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის" გადაცემა მოეთხოვათ. თუმცა, ასევე კიწმარიშვილის სიტყვებით, ჟვანიამ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ მათთვის მე ბადრიზე საშიში ვიყავი და „რუსთავი 2-ის" საპირწონედ “იმედი” დატოვესო.
ჩემი აზრით, კარგი მონოგრაფია დაიწერებოდა ტელევიზიების როლზე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მომხდარ ძველ თუ ახლა მიმდინარე პროცესებზე. თუმცა მთავარი პრობლემა ობიექტურობის და ზომიერების დაცვა იქნება: უყურებ ორ ტელეარხს და გგონია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობ. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, თუნდაც იგივე ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ გავიხსენოთ.
როდის დაიწყო დაპირისპირება პრეზიდენტ სააკაშვილსა და პატარკაციშვილს შორის? პასუხი ცალსახაა: მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ჟვანია-პატარკაციშვილის მოსალოდნელი პოლიტიკური ალიანსის შესახებ შეიტყო. ბ. პატარკაციშვილის გუნდის ყოფილი წევრი იხსენებს: „გავიგე ხმები ჟვანიას ოპოზიციაში შესაძლო გადასვლის შესახებ... ბადრი დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში, მხარს ვის დაუჭერდნენ მაჟორიტარები - ჟვანიას თუ - დარჩებოდნენ ნეიტრალურები?"
ნათქვამია: „რაც ორმა იცის, ის... ყველამ იცისო“. ამიტომაც 2004 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ზ. ჟვანიას „გუნდელებიდან“ მნიშვნელოვან პოსტებზე უკვე აღარავინ იყო. ჩვენი საუბრის მთავარი თემა ზ. ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალებაა, თუმცა არანაკლები იდუმალებითაა მოცული ბ. პატარკაციშვილის ცხოვრების და გადაწყვეტილების მიღების დეტალები 2005 წლის 3 თებერვლიდან 2008 წლის 12 თებერვლამდე. განსაკუთრებით საინტერესოა ერთი ფრაზა - პატარკაციშვილი-კოდუას „ლონდონური საუბრის“ ფარული ჩანაწერიდან, როდესაც ბადრი თანამოსაუბრეს ეუბნება: “მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც, უცბად ადგა და დაუპირისპირდა ახლა მიშას”.
(მეთექვსმეტე ნაწილის დასასრული)