"გადატვირთვა აუცილებელია" - მასშტაბური ცვლილებების დასაწყისი უკრაინის ხელისუფლებასა და არმიაში - რა ბედი ელის "რკინის გენერალს"? (The New York Times) - კვირის პალიტრა

"გადატვირთვა აუცილებელია" - მასშტაბური ცვლილებების დასაწყისი უკრაინის ხელისუფლებასა და არმიაში - რა ბედი ელის "რკინის გენერალს"? (The New York Times)

ამერიკული გაზეთის - „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 6 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ზელენსკი მიანიშნებს, რომ უკრაინის მთავრობაში [და არმიაში] მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდება“ (ავტორები - მარკ სანტორა და ენდრიუ კრამერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იტალიური ტელეკომპანიის RAI-სათვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუთი ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტის გეგმები მხოლოდ გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებით არ შემოიფარგლება: ქვეყნის მეთაურს მასშტაბური საკადრო ცვლილებები აქვს დაგეგმილი, როგორც არმიაში, ისე - მთავრობის სტრუქტურებში.

რაც შეეხება კონკრეტულად შეიარაღებულ ძალებს: დაძაბულობა არმიის სარდლობასა და ქვეყნის სამოქალაქო ხელისუფლებას შორის ბოლო თვეების განმავლობაში პერმანენტულად ძლიერდებოდა, გასულ კვირაში კი გარდამტეხი მომენტი დადგა - გენერალი პრეზიდენტმა თავისთან გამოიძახა და უთხრა, რომ თადარიგში გზავნიდა.

მაგრამ რადგანაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა, ქვეყნისთვის მეტად სახიფათო დროს, ომის პირობებში, გაურკვევლობის შეგრძნება გაჩნდა.

„გადატვირთვა აუცილებელია, საჭიროა ცვლილებები“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი კვირა საღამოს იტალიურ ტელეეთერში გადაცემულ ინტერვიუში, - საკითხი მხოლოდ ერთ პიროვნებას არ ეხება. დღის წესრიგშია ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლა“.

კიევში კი ფრონტიდან ძალიან არასასიამოვნო ამბები მოდის. ორწლიანი ომით დაქანცული უკრაინის არმია ძლივძლივობით აჩერებს რუსეთის ჯარების შეტევებს. ამჟამად, მთავარი ბრძოლები ქალაქ ავდეევკასთან მიმდინარეობს, დონეცკის ოლქში - ეს ქალაქი უკვე რამდენიმე თვეა, თითქმის ალყაშია მოქცეული და იქ მყოფი უკრაინის ჯარების გარნიზონი სისხლისაგან იცლება.

რუსმა ჯარისკაცებმა, ისარგებლეს რა ნისლიანი დღეებით, როცა უკრაინის დრონების გამოყენება შეუძლებელი ხდება, ამ დღეებში ავდეევკის გარეუბანში შეიჭრნენ და ქალაქის რამდენიმე კვარტალი დაიკავეს. თუ ავდეევკა რუსებს მთლიანად ჩაუვარდებათ ხელში, ეს ფაქტი რუსეთის არმიის ყველაზე დიდი წარმატება იქნება, შარშანდელი მაისის შემდეგ, როცა მათ ბახმუტი (არტემოვსკი) აიღეს. ავდეევკის აღება კი მათ გზას უხსნის მიზნის მისაღწევად - დონეცკის ოლქის ტერიტორიის მთლიანად გასაკონტროლებლად. გარდა ამისა, რუსეთის არმიას ძალები გამოუთავისუფლდება, რომლებიც, ალბათ, ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში, ხარკოვისაკენ იქნება მიმართული.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსებს, როგორც ჩანს, იმ ტერიტორიის ხელახლა გაკონტროლება აქვთ დაგეგმილი, რომელიც მათ 2022 წლის სექტემბერში დატოვეს, უკრაინის არმიის შეტევის შედეგად.

უკრაინა გამალებით ცდილობს ფრონტზე თავდაცვის ზღუდეებისა და გამაგრებული ხაზების მშენებლობას, მაგრამ მას ხელს უშლის ამერიკული დახმარების შეწყვეტა. ამერიკის კონგრესში ჯერ კიდევ ჭიანურდება სამხედრო და ფინანსური პაკეტის მიღება. მართალია, 4 აპრილს კონგრესის ზედაპალატის სენატის დეპუტატებმა - დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც - კანონპროექტი ერთობლივად მოამზადეს, მაგრამ ქვედაპალატის - წარმომადგებლების, პალატის წევრი, რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელები თავიანთ სენატორ „ოპორტუნისტ“ თანაპარტიელებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ უკრაინის დახმარებას ისევ დაბლოკავენ: „ჩვენთან შეუთანხმებლად მომზადებულ კანონპროექტს ისევ დავმარხავთ. ჯერ ჩვენი საზღვარი უნდა იქნეს დაცული, შემდეგ კი - უკრაინა“, - ამბობს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი.

ფინანსებისა და სამხედრო მიწოდებების უქონლობამ უკრაინის არმია საარტილერიო საბრძოლო მასალების კრიტიკულ დეფიციტამდე მიიყვანა. შესაბამისად, ვითარდება „ჯაჭვური რეაქცია“: სამხედრო რეზერვების არარსებობა ხელს უშლის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვას, პარლამენტში კი გრძელდება დისკუსია, სჭირდება თუ არა უკრაინას ჯარში ნახევარი მილიონი ადამიანის გაწვევა, თუ მათთვის სამყოფი არ არის არც იარაღი, არც სამხედრო ფორმა და არც ფინანსები. სხვათა შორის, თუ დღევანდელ სიტუაციას შარშანდელ, ანალოგიური პერიოდის მდგომარეობას შევადარებთ, ამერიკული და ევროპული დახმარება დღეს თითქმის 90%-ით არის შემცირებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ამჟამად უკრაინის არმია 2022 წლის ზაფხულიდან ყველაზე სუსტ მდგომარეობაში იმყოფება.

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას უკრაინის დახმარების წინააღმდეგ მიმართავს და თავის მომხრეებს კონგრესში მისი დაბლოკვისაკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ჯო ბაიდენი ცდილობს კანონპროექტის გატანას, მაგრამ წარმატების იმედი მცირეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრთხილად ცდილობს მიზნის შესრულებას, მან მშვენივრად იცის ვალერი ზალუჟნის პოპულარობა და, შესაბამისად, აცნობიერებს, თუ რამდენად სარისკოა ჯარისკაცების მიერ „რკინის გენერლად“ შერაცხილი ვალერი ზალუჟნის გადაყენება.

თუ პრეზიდენტი თავის სურვილს რეალურად განახორციელებს, ვალერი ზალუჟნის ჩამოშორება უკრაინის არმიის სარდლობიდან ქვეყანაში არასტაბილურობის შთაბეჭდილებას შექმნის, რითაც აუცილებლად ისარგებლებს რუსეთი: კრემლი შეეცდება, ვოლოდიმირ ზელენსკი არადემოკრატიულ ტირანად წარმოაჩინოს.

წყარო