"სხდომას მხოლოდ იმ მიზეზით დავესწრებით, რომ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით კონსტიტუციას პატივს ვცემთ - ჩვენთვის ეს ადამიანი პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არ არის" - კვირის პალიტრა

"სხდომას მხოლოდ იმ მიზეზით დავესწრებით, რომ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით კონსტიტუციას პატივს ვცემთ - ჩვენთვის ეს ადამიანი პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არ არის"

სხდომას მხოლოდ იმ მიზეზით დავესწრებით, რომ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით კონსტიტუციას პატივს ვცემთ - ჩვენთვის ეს ადამიანი პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არ არის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პრეზიდენტის დღევანდელ მოხსენებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოზიცია არ შეუცვლია.

“მმართველი გუნდი დაესწრება ამ სხდომას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით კონსტიტუციას პატივს ვცემთ. რაც შეეხება მოლოდინს, ვერანაირი მოლოდინი ვერ გვექნება იმ ადამიანისგან, რომელიც კონსტიტუციას უხეშად არღვევს და საჯაროდ აცხადებდა, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

სხდომაზე ჩვენი დასწრება განპირობებულია მხოლოდ ერთადერთი საფუძვლით - ჩვენი გუნდის მხრიდან ერთგულება და პატივისცემა უზენაესი კანონის, კონსტიტუციის მიმართ და შესაბამისად, ამ სხდომას დავესწრებით”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ერთი წელია, ზურაბიშვილი მთლიანად რადიკალური ოპოზიციის ნარატივის კონტექსტშია გადასული და აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ, ის გადადგება.

„სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. თითქმის ბოლო ერთი წელია, მთლიანად რადიკალური ოპოზიციის ნარატივის კონტექსტშია გადასული. გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ გადადგება თავისი პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, რითაც შეეცდება, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს, რომ თითქოს ეს არის რაღაც სხვა ძალა და არა „ნაცმოძრაობა”. ამ დროს ყველა ის ძალა, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილის შემდგომი კოალიცია შეიძლება განხილული იყოს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო”, გვარამია, გახარია არის შენაერთი, რომელიც ერთიანობაში „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

IPN