"რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა" - კვირის პალიტრა

"რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა"

ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. პირველ რიგში, უსაფრთხოების გამყარების შესაძლებლობას: ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა. კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების დაწყება კი, ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა; აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

IPN