"ფოტოდან 3 საუკეთესო ბიჭი რიგრიგობით  გამოგვაკლდა, თანაც სამივე ტრაგიკულად..." - კვირის პალიტრა

"ფოტოდან 3 საუკეთესო ბიჭი რიგრიგობით  გამოგვაკლდა, თანაც სამივე ტრაგიკულად..."

ეს ფოტოც, ეს საყვარელი და ნიჭიერი ბიჭებიც ჩემი ზუგდიდელი მეგობრის, ნინო მამფორიას ანსამბლ „გინცის“ წევრები არიან და, ზოგადად, კონკრეტული ფოტოამბავიც ჩემთვის ძვირფასი მოსაგონარია - ჩემი რადიოისტორიის ნაწილი. ამ ფოტომ განსაკუთრებულად დამამეგობრა ზუგდიდთანაც, ამ ბიჭებთანაც და მათ ოჯახებთანაც.

გამოგიტყდებით და, ეს ისტორიული ფოტო ჩემი ფავორიტია, დაუვიწყარი და სიყვარულით სავსე.

რატომ გავიხსენე მაინცდამაინც დღეს?

დღეს მარად ახალგაზრდად დარჩენილი მომღერლისა და მსახიობის, გიო ფოჩხუას დაბადების დღეა. მისმა უფროსმა დამ, ელენე ფოჩხუამ თავის „ფეისბუქის“ გვერდზე პატარა პოსტიც დადო: „დღეს ამ მაგარი ბიჭის დღეა. სულ, როდესაც ფოტოს დადებას გადავწყვეტ, ვეძებ მუდმივად ახალ ფოტოს, ახალი ფოტო ხომ არ არსებობს! მინდა, ცხადში გილოცავდე შენს დღეს, მე სულ ასე ვამბობ და ასე ვიტყვი ყოველთვის - სანამ ცოცხალი ვარ, გიოს გაუმარჯოს!“

untitled-1707222833.jpg

მე კი გიოსთან და ამ ფოტოზე გამოსახულ ბიჭებთან საკუთარი დამოკიდებულება და მოგონებები მაქვს. ფოტოზე მარჯვნიდან, ჩემ გვერდით რომ დგას, მაღალი და ძალიან გამხდარი, სწორედ გიორგი ფოჩხუაა, საზოგადოების დიდ ნაწილს, უპირველესად, პროექტ „ჯეობარიდან“ რომ დაამახსოვრა თავი; ფოტოზე მარცხნიდან მესამე - ზვიად ლაგვილავაა, მეოთხე (ჩემ გვერდით) მიშიკო ბუაძე; მარჯვნიდან პირველი და ყველაზე პატარა - თორნიკე კვარაცხელიაა, მის გვერდით ჩემი მეგობარი რუსუდან ვარძიაშვილი და გიორგი კვარაცხელია დგანან.

გვიან აღმოვაჩინე, რომ ყველა ფოტოზე, რაც კი ერთად გადაგვიღია, ეს ბიჭები ყოველთვის ჩვენ გვერდით დგანან ან სხედან.

untitled2-1707223008.jpg

ჩვენი მეგობრობა კი სიმღერით დაიწყო: იმ წლებში „საზოგადოებრივი რადიოს“ პირველი არხისა და საყმაწვილო პროგრამა „აბლაბუდას“ სახელით მე და ჩემი მეგობარი რუსუდან ვარძიაშვილი და კომპოზიტორი მანანა მერაბიშვილი ბავშვთა ქართული სიმღერის ფესტივალს - „გაზაფხულის ზარებს“ ვატარებდით. იმ პერიოდში ქართველი ბავშვები, ძირითადად, ინგლისურ ენაზე ასრულებდნენ სიმღერებს, თითქოს, მოდასავით იყო. ფესტივალებიც შესაბამისი რეპერტუარით ეწყობოდა, ამიტომაც ჩვენ ალტერნატიული - მხოლოდ და მხოლოდ ქართული სიმღერის ფესტივალი წამოვიწყეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. წელიწადში ერთხელ, წინასაფესტივალოდ ვმოგზაურობდით მთელ საქართველოში და ადგილზევე ვარჩევდით ბავშვებს.

მახსოვს, 1998 წელი იყო და ფესტივალი თბილისში უკვე მესამედ ჩავატარეთ.

311-1707223082.jpg
გიორგი ფოჩხუა

იმ წელს ბიჭების ანსამბლი ნინომ პირველად ჩამოგვიყვანა და გრიბოედოვის თეატრის ფოიესა და კულისებში ძალიან დავმეგობრდით - მართალია, ყველაზე მეტად ხმაურობდნენ და გვაბრაზებდნენ კიდეც, მით უფრო, რომ აბჯარი ჰქონდათ ასხმული - ხალხურ „ცხენოსნურს“ მღეროდნენ და კულისებისკენ ყოველი გავლა-გამოვლისას ხანჯლებით გადმოგვიხტებოდნენ ხოლმე, მაინც ძლიერ შეგვიყვარდა ერთმანეთი. სხვათა შორის, იმ ფესტივალზე, ხალხურის სიმღერის ნომინაციაში, პირველი ადგილიც დაიმსახურეს. ერთ თვეში ნინო მამფორიამ ზუგდიდში მიგვიწვია, თავისი სტუდია „რიბი-რაბოს“ იუბილეზე. უარს ვერ ვიტყოდით, რადგან ჩვენი ფესტივალის იდეაც და სახელწოდებაც სწორედ ზუგდიდში დაიბადა, ჰოდა, „დედაადგილს“ ვერაფრით ვუღალატებდით. ასე აღმოვჩნდით იმხანად ზუგდიდის კომბინატად წოდებული შენობის ფოიეში (დღეს ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი).

ეს ფოტო ექსპრომტადაა გადაღებული და სწორედ იმ ფოიეს უკავშირდება. ყველაზე მოუსვენრებმა, აუტანლებმა და თანაც - ძალიან საყვარლებმა და ნიჭიერებმა არც ზუგდიდის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაგვახარეს. ყველაფერი თვალისდახამხამებაში მოხდა და მართლაც მოულოდნელი იყო, ოღონდ ჩემთვის და რუსიკოსთვის, თორემ ამ ბიჭებს ყველაფერი წინასწარ ჰქონიათ დადგმული - დაგვინახეს დარბაზიდან გამოსულები, უცებ მოგვვარდნენ, აქეთ-იქით ამოგვიდგნენ ფიალებით და... ფოტოაპარატმომარჯვებულმა „გინცელმა“ ნათია ზარანდიამ წამში აღბეჭდა ეს წუთი...

წლებთან ერთად ამ ფოტოს უდიდესი სევდა დაჰყვება ჩემთვისაც და მათთვისაც - ფოტოდან 3 საუკეთესო ბიჭი რიგრიგობით გამოგვაკლდა, თანაც სამივე ტრაგიკულად - გიორგი ფოჩხუა გაურკვეველ ვითარებაში, ზღვაში დაიხრჩო, ზვიად ლაგვილავა ააფეთქეს, 2023 წელს კი... მათზე უმცროსი, თორნიკე კვარაცხელია ამერიკაში, საავტომობილო ავარიით დაიღუპა.

სამივე ძალიან ნიჭიერი იყო, სამივე შესანიშნავად მღეროდა და სითბო-სიყვარულით გამოირჩეოდა. „გინცელი“ ბიჭებიდან და გოგონებიდან გამორჩეული ურთიერთობაც სწორედ ზვიად ლაგვილავასთან, გიორგი და ელენე ფოჩხუებთან, გიორგი და თორნიკე კვარაცხელიებთან, ნათია ზარანდიასა და მიშიკო ბუაძის ოჯახებთან მაკავშირებდა და დღემდე მაკავშირებს. მათ ოჯახებში არათუ სტუმრად ვყოფილვარ, სუფრასთანაც მოგვილხენია და სიმღერასა და საუბარში ღამეებიც გაგვითენებია...

ამჯერად, გიო ფოჩხუას დაბადების დღეს, მეც ელენეს მსგავსად ვიტყვი: გაუმარჯოს გიოს, გაუმარჯოს ზვიადს და გაუმარჯოს თორნიკეს! უფალმა გაუნათოს სამივე მათგანს გზა და დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)