"გადასახადებს 2 -ჯერ ზრდით, ფასები 2-ჯერ იზრდება, მოქალაქეების შემოსავალი კი არა" - ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს მიმართავს - კვირის პალიტრა

"გადასახადებს 2 -ჯერ ზრდით, ფასები 2-ჯერ იზრდება, მოქალაქეების შემოსავალი კი არა" - ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს მიმართავს

მოქალაქეებს რას ეუბნებით ყველაფერს რომ უძვირებთ? - 2-ჯერ რომ გაზარდეთ გადასახადები, სად მიგაქვთ ეს თანხები?, - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილს, რომელსაც ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება, ასევე, ძვირდება სახელმწიფო სერვისები.

ის დაინტერესდა თუ სად მიაქვს სახელმწიფოს 2-ჯერ გაზრდილი გადასახადებისგან მიღებული თანხები.

„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ავტომობილში 50-60 ლიტრ საწვავს ასხამდა, 90-110 ლარი სჭირდებოდა, თქვენი ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგად, ახლა იგივე ავზი რომ შეავსოს, 160-180 ლარი სჭირდება. რას ეუბნებით ათიათასობით მოქალაქეს, რომლებსაც გაძვირებული აქვთ საწვავი.

ელექტროენერგიის ქვითარი, რომელიც მოსდიოდათ ადამიანებს და საშუალოდ იხდიდნენ 35-42 ლარს, ახლა, როდესაც იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ტარიფების განახევრებას შეჰპირდა, 55-62 ლარს იხდიან. ესეც თქვენი პოლიტიკის შედეგია. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანებს უთხრათ, როგორ გაუუმჯობესებთ ცხოვრებას. ის, რომ გადასახადებს 2 -ჯერ ზრდით, ამასობაში ფასები 2-ჯერ იზრდება, ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი კი 2-ჯერ არ იზრდება.

გარდა იმისა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება, ასევე, სახელმწიფო სერვისები ძვირდება, მაგალითად, ID ბარათის აღება 25 ლარის ნაცვლად, 67 ლარი ღირს. ქონების რეგისტრაცია 50 ლარი ღირდა, 150 ლარი ღირს. ავტომობილის გაფორმება 70 ლარი ღირდა , 180-200 ლარი ღირს. ამასობაში ამ ადამიანებს რას ეუბნებით, ყველაფერს რომ უძვირებთ. იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის მაინც გაგეზარდათ 2-ჯერ ხელფასი. 2-ჯერ რომ გაზარდეთ გადასახადები, სად მიგაქვთ ეს თანხები?

ასევე აუხსენით მოქალაქეებს, ბიძინა ივანიშვილი როგორ იღებს ელექტროენერგიას 8 თეთრად? ადამიანებს უთხარით 8 თეთრად რატომ აძლევთ მილიარდერს ელექტროენერგიას და ისინი რატომ იხდიან 16-20-26 თეთრს? როგორ ააწყვეთ ისეთი საბანკო ოლიგარქია ქვეყანაში, რომ ბანკების წმინდა მოგება 2023 წელს არის 2,7 მილიარდი ლარი. მეორე ბიზნესი დაასახელეთ, სადაც საკუთარი კაპიტალის 30-33%-იან მოგებაზე გადიან. მოქალაქეებს კანონის სახელით რომ ძარცვავთ და ხარკს ადებთ კისერზე, როგორ ააწყვეთ ეს სისტემა?“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"